Facebook Twitter

ბს-358-339(გ-07) 26 ივლისი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა დავა განსჯადობის თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 7 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა რ. ჭ-მ მოპასუხე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის შავი ზღვის ფილიალის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 680 ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 35 წლის განმავლობაში მუშაობდა ბათუმის ...ში სხვადასხვა თანამდებობებზე, სამუშაოდან გათავისუფლებამდე ასრულებდა ტექნიკური მუშაკის სამუშაოს. 2006 წლის 6 სექტემბერს .... სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბუღალტერმა გადასცა ინსტიტუტის დირექტორის ბრძანება, რომლის თანახმად, 2006 წლის 3 იანვრიდან გათავისუფლებული იყო სამსახურიდან. გათავისუფლების დღიდან ამდენი ხნის განმავლობაში ჩვეულებრივ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და არ აუღია ხელფასი. ხელფასი ეძლეოდა გამომუშავებით, ანუ ...ის შემოსავლის მიხედვით, რაც ზამთრის თვეებში საშუალოდ შეადგენდა 40 ლარს, ხოლო ზაფხულში _ 160 ლარს.

მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხემ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის ნორმები. სამსახურიდან გათავისუფლდა 3 იანვარს, ხოლო ბრძანება სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ჩააბარეს 6 სექტემბერს. სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა დაწესებულების დირექტორს და ბუღალტერს, მაგრამ უშედეგოდ. თუკი ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 3 იანვარს, გამოდის, რომ მოპასუხესთან იმყოფებოდა ზეპირ სახელშეკრულებო ურთიერთობაში.

მოსარჩელის მითითებით, შრომის კანონთა კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივი დაწყების მომენტიდან. ვინაიდან, ბრძანების თანახმად, ხელშეკრულების ვადა ამოეწურა 3 იანვარს და იგი აგრძელებდა საქმიანობას, ამდენად, ახალი ზეპირი ხელშეკრულებით გაგრძელდა შრომითი ურთიერთობა. ამავე კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ვადა გავიდა, მაგრამ სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე მუშაობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს, დასაქმებული ვალდებულია გააგრძელოს მუშაობა, სანამ ასეთი ვითარება არ დასრულდება, ხოლო დამქირავებელი ვალდებულია უზრუნველყოს მისი შრომითი ანაზღაურება (ს.ფ. 2).

საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 დეკემბრის სხდომაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის შავი ზღვის ფილიალის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის განსჯად _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გადაგზავნის შესახებ, რამდენადაც თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლებას და მათზე ხელფასის გამოწერას აწარმოებდა არა ფილიალი, არამედ საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი, რომლის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, ... ქ. ¹150 (ს.ფ. 17).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, იმ საფუძვლით, რომ ვინაიდან სასამართლოსათვის ამ ეტაპზე გახდა ცნობილი მოპასუხის სწორი იურიდიული მისამართი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, რ. ჭ-ის სარჩელი ექვემდებარებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ განხილვას (ს.ფ. 18).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 მარტის განჩინებით საქმე განსჯადობის დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინების მოტივები შემდეგში მდგომარეობს:

რ. ჭ-ის საქმესთან მიმართებაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს დამოკიდებულება საქმეზე გამოსაყენებელი საპროცესო-სამართლებრივი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ წინააღმდეგობრივია და ერთმანეთის გამომრიცხავი, კერძოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ რ. ჭ-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, დაინიშნა და ჩატარდა განმწესრიგებელი სხდომა და სარჩელი ცნობილ იქნა დასაშვებად. განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლი, თუმცა საქმე განსჯადობით გადააგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

ადმინისტრაციული კოლეგიის აზრით, თუკი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმე ადმინისტრაციული წარმოების წესით იყო განსახილველი, მას განსჯადობის საკითხის ნაცვლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლისა უნდა გამოეყენებინა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი. ასეთ შემთხვევაში იგი აღარ იქნებოდა უფლებამოსილი 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტად მიეთითებინა, რომ დავა სასამართლოებს შორის განსჯადობის შესახებ არ დაიშვება. თუკი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიაჩნდა, რომ განსახილველი დავა წარმოადგენდა სამოქალაქო დავას და სწორედ ამიტომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, მაშინ მას რ. ჭ-ის სარჩელი განსჯადობის წესის დაცვით უნდა გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

აღსანიშნავია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის იურიდიული მისამართის გათვალისწინებით ისე იქნა გადაწყვეტილი ტერიტორიული ნიშნით განსჯადობის საკითხი, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს არ განუხორციელებია არასათანადო მოპასუხის _ შავი ზღვის ფილიალის სათანადო მოპასუხით _ მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრით შეცვლის სამართლებრივი გაფორმება ისე, როგორც ეს დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით.

რაც შეეხება რ. ჭ-ის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ ბუნებას და მისი განხილვის წესს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სარჩელი განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლაწარმოების წესით, ვინაიდან დავა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობიდან. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ საქმის მომზადების ეტაპზე მოძიებულ იქნა ... სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და რ. ჭ-ს შორის 2002 წლის 2 იანვარს დადებული შრომის კონტრაქტი, რომლის საფუძველზე მოსარჩელე დაქირავებული იყო სადემონსტრაციო ...ის ტექნიკური სამსახურის უფროსად 2002 წლის 2 იანვრიდან 2002 წლის 31 დეკემბრამდე ვადით. საქმეში არსებული ... სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის 2003 წლის 2 იანვრის ¹1, 2004 წლის 2 იანვრის ¹1 და 2005 წლის 2 იანვრის ¹1 ბრძანებებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე რ. ჭ-სთან დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა გრძელდებოდა ყოველწლიურად, ერთი წლის ვადით.

ადმინისტრაციული კოლეგიის მოსაზრებით, განსჯადობის შესახებ საკითხის გადასაწყვეტად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული იმ სამართლებრივი ნორმების ბუნება და შინაარსი, რომლებიც აწესრიგებს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შრომითსამართლებრივ ურთიერთობას და რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს სასამართლოში რ. ჭ-ის დავის განხილვა-გადაწყვეტას. უდავოა, რომ მოპასუხე მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და, იმავდროულად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე _ ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის პირველი მუხლიდან გამომდინარე მასში საქმიანობა არ წარმოადგენს საჯარო სამსახურში საქმიანობას. კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით კი დადგენილია, რომ სახაზინო დაწესებულება არის სახელმწიფო ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებზე შექმნილი და ბიუჯეტის დაფინასებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილია ის სახელმწიფო დაწესებულებები, რომლებშიც საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად, ამ ჩამონათვალში საჯარო სამართლის იურიდიული პირი არ ფიგურირებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით, ცალსახაა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის შავი ზღვის ფილიალში შრომითი საქმიანობა არ წარმოადგენს საჯარო სამსახურს, შესაბამისად, ...ის განყოფილების ტექნიკოსი არ წარმოადგენს საჯარო მოხელეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მოსარჩელე რ. ჭ-სა და მოპასუხეს შორის არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოადგენდა ადმინისტრაციული კანონმდებლობის აქტით _ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით რეგულირებულ ურთიერთობას, პირიქით, ასეთი შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა, გრძელდება და წყდება კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტის _ შრომის კანონთა კოდექსის ნორმების საფუძველზე. რ. ჭ-ის სარჩელის მოთხოვნა ეფუძნება იმის მტკიცებას, რომ მისთვის ცნობილი არ იყო 2006 წლის 3 იანვრის ¹1 ბრძანების შესახებ. მოსარჩელემ ჩათვალა, რომ მასა და ადმინისტრაციას შორის 2002 წლის 2 იანვარს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა, იგი თვეების განმავლობაში (2006 წლის 3 იანვრიდან 2006 წლის 7 სექტემბრამდე) მაინც ასრულებდა შრომით მოვალეობას და დღემდე არ მიუღია მოპასუხისაგან ამ თვეების კუთვნილი შრომითი ანაზღაურება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ რ. ჭ-ის სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს შრომითი ხელშეკრულებიდან. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის დებულებათა საწინააღმდეგოდ იგი არ არის დადებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. 2005 წლის 25 იანვრის ხელშეკრულება წარმოადგენს კერძოსამართლებრივი ხასიათის შეთანხმებას ორ სუბიექტს შორის, რომლის სამართლებრივი საფუძველია შრომის კანონთა კოდექსის ნორმები (ს.ფ. 72-74).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის, განსჯადობის საკითხის გამორკვევის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ჭ-ის სარჩელი უნდა გადაეცეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობას იმის შესახებ, რომ დარგობრივი განსჯადობის გათვალისწინებით მოცემული საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსჯადია.

სარჩელის დავის საგანია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის თანამშრომლის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, დავას არ განაკუთვნებს ადმინისტრაციულ კატეგორიას, რამდენადაც დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის განმსაზღვრელია სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

“საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას. იმავდროულად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ ყველა სამართალურთიერთობა, სადაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი მონაწილეობს, ადმინისტრაციულ შინაარსის მქონეა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ყველა ბრძანება, მათ შორის, ბრძანება მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. ამდენად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მხოლოდ ის ბრძანება, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და იწვევს სამართლებრივ შედეგს. ამ შემთხვევაში რ. ჭ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ არის გამოცემული ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და არც სადავო ურთიერთობა წარმოადგენს თავისი შინაარსით ადმინისტრაციულსამართლებრივს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობას, რომ რ. ჭ-სა და მის დამქირავებელ ... სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს (“საქზღვაეკსს”), ამჟამად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრს შორის შრომითი ურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, ამ შემთხვევაში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონიდან და ამ ურთიერთობიდან გამომდინარე დავაც ვერ გადაწყდება აღნიშნული კანონის საფუძველზე.

მართალია, მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირია, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის შესაბამისად, საჯაროსამართლებრივი ინსტიტუტია და, იმავდროულად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე, მაგრამ მისი თანამშრომლის მიმართ ყოველთვის ვერ გავრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ნორმები. მითითებული კანონის პრეამბულაში განსაზღვრულია კანონის რეგულირების სფერო, კერძოდ, აღნიშნული კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია სახელმწიფო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელში სამსახურიც ითვლება საჯარო სამსახურად. ამ ჩამონათვალში საჯარო სამართლის იურიდიული პირი გათვალისწინებული არ არის. მოსარჩელის თანამდებობა, როგორც საჯარო მოხელისა, არ არის მითითებული არც საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში. ამასთან, მოსარჩელის თანამდებობა, რომელიც არ განეკუთვნება უშუალოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელ თანამდებობას, არც ფუნქციურად შეიძლება გაუთანაბრდეს საჯარო მოსამსახურეს. ამდენად, მოსარჩელე ვერ ჩაითვლება საჯარო მოსამსახურედ და, შესაბამისად, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის სუბიექტად, რის გამოც რ. ჭ-სა და მოპასუხეს შორის არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობით, კერძოდ, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით რეგულირებულ ურთიერთობას. მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების სამართლებრივი საფუძველია შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა, აღნიშნულ აქტში საუბარია კერძოსამართლებრივ შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, ერთი მხრივ, ადმინისტრაციულ ორგანოსა და, მეორე მხრივ, ფიზიკურ პირს შორის და ამ ურთიერთობაში, ადმინისტრაციული კოდექსის 651 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი.

რ. ჭ-ე სარჩელით ითხოვს სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, როგორც მასა და მოპასუხეს შორის არსებული კერძოსამართლებრივი შრომითი ურთიერთობის გაგრძელების სამართლებრივ შედეგს. მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველია ის გარემოება, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი არ ყოფილა სამუშაოდან მისი გათავისუფლების შესახებ 2006 წლის 3 იანვრის ¹1 ბრძანების შესახებ, მასა და ადმინისტრაციას შორის შრომითი ურთიერთობა ფაქტობრივად გრძელდებოდა, იგი თვეების განმავლობაში ასრულებდა თავის მოვალეობას, თუმცა აღნიშნული პერიოდის კუთვნილი გასამრჯელო არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დავის გადასაწყვეტად გამორკვეული უნდა იქნეს მოსარჩელესა და დამქირავებელს შორის შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების საკითხი და მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის შესამოწმებლად გამოყენებულ უნდა იქნეს კერძო სამართლის კანონმდებლობა _ შრომის კანონთა კოდექსი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას.

ამასთან, მოცემულ შემთხვევაში გარდა დარგობრივი განსჯადობისა, დგას ტერიტორიული განსჯადობის საკითხიც. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე მოპასუხეა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი, რომლის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი და ამიტომ ტერიტორიული განსჯადობის თვალსაზრისით საქმის განმხილველი სასამართლოა თბილისის საქალაქო სასამართლო. იმავდროულად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს არასათანადო მოპასუხედ მიჩნეული _ მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის შავი ზღვის ფილიალი არ შეუცვლია სათანადო მოპასუხით _ სსიპ მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრით. საქმეზე დღესაც მოპასუხედ რჩება მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის შავი ზღვის ფილიალი, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით საქმის განმხილველ სასამართლოს ბათუმის საქალაქო სასამართლო წარმოადგენს.

მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს წარედგინება ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით. აღნიშნული ნორმა იძლევა შესაძლებლობას, როდესაც, მართალია, საქმეზე სათანადო მოპასუხეა სათაო საწარმო და არა მისი ფილიალი, მიუხედავად ამისა, სარჩელი აღიძრას ფილიალის ადგილსამყოფლის მიხედვით სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე რ. ჭ-ე წარმოადგენდა ... სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (საზღვაეკსის) თანამშრომელს _ სადემონსტრაციო ...ის განყოფილების ტექნიკოსს. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის ¹1061 ბრძანებულებით ... სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი რეორგანიზებულ იქნა და მის ბაზაზე შეიქმნა სსიპ მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 14 თებერვლის ¹91 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის დებულება და განისაზღვრა მისი ფილიალები, მათ შორის, შავი ზღვის ფილიალი. მოსარჩელე ითხოვს სწორედ იმ შესრულებული სამუშაოს გასამრჯელოს, რომელიც მან გასწია ახლადშექმნილ სსიპ მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის შავი ზღვის ფილიალში მუშაობისას 2006 წლის 3 იანვრიდან 2006 წლის სექტემბრამდე. ამდენად, სარჩელი ფილიალის შრომითსამართლებრივი საქმიანობიდან გამომდინარებს, რის გამოც აღნიშნული სარჩელის წარდგენა ფილიალის ადგილსამყოფლის მიხედვით არსებულ _ ბათუმის საქალაქო სასამართლოში არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს.

ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლო წარმოადგენს მოცემულ საქმეზე როგორც დარგობრივად, ისე ტერიტორიულად განსჯად სასამართლოს და მოცემული საქმე მას უნდა დაუბრუნდეს განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ჭ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეცეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.