ბს-43-41(გ-07) 22 მარტი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
ზეპირი განხილვის გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა გ. ც-ის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
27.12.06წ. გ. ც-მა ნოტარიუსის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელის განმარტებით, 27.10.04წ. გარდაიცვალა მისი მშობელი მ. ა-ი, რომელსაც დარჩა ... ქ. ¹43-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ლიტ. “ბ”. აღნიშნული უძრავი ქონება მ. ა-ს 1985წ. მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული მამის, ვ. ა-საგან. სამკვიდრო იმჟამად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იყო რეგისტრირებული ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში. მოსარჩელის განცხადებით, იგი მ. ა-ის ერთადერთი მემკვიდრეა, ფლობს მის დანატოვარ ქონებას და სურს დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში სამკვიდროს მესაკუთრედ, რისთვისაც აუცილებელია ქონების პირველად რეგისტრაციაში გატარება საჯარო რეესტრში. მოსარჩელის განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა ... ქ. ¹43-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ლიტ. “ბ” პირველადი რეგისტრაცია ვერ განახორციელა იმ მიზეზით, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის საარქივო მონაცემებსა და მ. ა-ის სახელზე 1985წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობის მონაცემებს შორის არსებობს სხვაობა, კერძოდ, სამკვიდრო მოწმობაში მითითებულია, რომ მ. ა-მა მემკვიდრეობით მიიღო ბინის არა ლიტ. “ბ”, არამედ _ ლიტ. “ა”. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სამკვიდრო მოწმობაში არსებული შეცდომა გამოწვეულია თვით ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 10.12.85წ. გაცემულ ცნობაში მისამართის არასწორი მითითებით. ის გარემოება, რომ ვ. ა-ს ეკუთვნოდა ბინის ლიტ. “ბ”, მოსარჩელის მითითებით, დასტურდებოდა მიწის ნაკვეთისა და მასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების საინვენტარიზაციო გეგმით. ასევე იმ გარემოებით, რომ იმ დროისათვის ლიტ. “ბ” იყო კერძო საკუთრება, ხოლო ლიტ. “ა” _ ეკუთვნოდა კომუნალურ ფონდს. საჯარო რეესტრის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში მ. ა-ის სახელზე სწორედ ლიტ. “ბ” იყო აღრიცხული. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ნოტარიუსი, რომელმაც 1985 წელს გასცა სამკვიდრო მოწმობა, თავის უფლებამოსილებებს აღარ ახორციელებდა, რის გამოც ქვემდებარეობის წესის დაცვით მიმართა ქ. თბილისში, ... გამზირის ¹24-ში მოქმედ სანოტარო ბიუროს და სამკვიდრო მოწმობაში დაშვებული უზუსტობის გასწორება მოითხოვა, რაზეც უარი განუცხადეს. მოსარჩელემ ნოტარიუსის 16.12.06წ. დადგენილების ბათილად ცნობა და ნოტარიუსისათვის სამკვიდრო მოწმობაში არსებული უზუსტო ჩანაწერის გასწორების დავალდებულება, კერძოდ, ლიტ. “ა”-ს ნაცვლად “ბ”-ს მითითება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.12.06წ. განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეცა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო: ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ დავის საგანია სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმა და შესწორების შეტანა სამკვიდრო მოწმობაში, აღნიშნული წესრიგდება სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით და დავის საგანი ვერ განიხილება ზაკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით დეფინირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად. ნოტარიუსის მიერ მის უფლებამოსილებაში შემავალი საკითხის გადაწყვეტაზე უარი და სამკვიდრო მოწმობაში შესწორების შეტანა არ ქმნის მოცემული დავის ადმინისტრაციული კატეგორიის დავად მიჩნევის საფუძველს.
ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ არ გაიზიარა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრება გ. ც-ის სასარჩელო განცხადების განსჯადობასთან დაკავშირებით და 09.01.07წ. განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად საკასაციო პალატას დაუქვემდებარა შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით, დავა არ გამომდინარეობს სამოქალაქო კანონმდებლობიდან. კოლეგიამ აღნიშნა, რომ “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიატი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა პირებს შორის სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში სამართლებრივ ურთიერთობათა და იურიდიული ფაქტების დადასტურება. იმავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო პალატის აზრით, ნოტარიუსის საქმიანობა სახელმწიფოებრივ ანუ საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებად მიიჩნევა და მისი საქმიანობა ადმინისტრაციული კანონმდებლობით რეგულირებას ექვემდებარება. სამოქალაქო კოლეგიის აზრით, “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ნოტარიუსის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონიერება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში სანოტარო ბიუროს ადგილსამყოფელის მიხედვით ადმინისტრაციულ-საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. სამოქალაქო კოლეგიამ აღნიშნა, რომ სამკვიდრო მოწმობის უზუსტო ჩანაწერის გასწორების დავალდებულებას მოსარჩელე “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ითხოვს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ გ. ც-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია სამკვიდრო მოწმობაში უზუსტო ჩანაწერის გასწორება. მოსარჩელის განმარტებით, მ. ა-ს, რომლის ერთადერთი მემკვიდრე მოსარჩელე იყო, ვ. ა-ისაგან მემკვიდრეობით მიღებული ჰქონდა ქ. თბილისში, ... ქ. ¹43-ში მდებარე სახლის ლიტ. “ბ” და არა ლიტ. “ა”. ნოტარიუსის მიერ 1985წ. გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში შეცდომით მითითებული იქნა ლიტ. “ა”, რომელიც ვ. ა-ის საკუთრებას და შესაბამისად სამკვიდრო ქონებას არ შეადგენდა. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს სამემკვიდრეო სამართლიდან, მოსარჩელე ითხოვს სამკვიდრო ქონებად იმ უძრავი ნივთის მითითებას, რომელიც, მისი განცხადებით, მემკვიდრეობით ჰქონდა მ. ა-ს გადაცემული. მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო სამართლის კოდექსის შესაბამისი ნორმები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება, თუ სადავო სამართალურთიერთობის სამართლებრივი საფუძველია ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა. ,,ნოტარიატის შესახებ” კანონის 54-ე მუხლის საფუძველზე ნოტარიუსი უფლებამოსილია უარი თქვას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, თუ სანოტარო მოქმედების შესრულება ეწინააღმდეგება კანონს ან სხვა სამართლებრივ აქტებს. ნოტარიუსის მიერ მის უფლებამოსილებაში შემავალი საკითხის გადაწყვეტაზე უარი არ განაპირობებს განსახილველი დავის ადმინისტრაციულ საქმედ მიჩნევას. ნოტარიუსის უარი ემყარება სამოქალაქო სამართლის ნორმებს. საქმის განმხილველმა სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის ნორმათა საფუძველზე უნდა დაადგინოს გ. ც-ის მოთხოვნის კანონიერება, სამკვიდროს მასა და აღნიშნულის გათვალისწინებით შეამოწმოს ნოტარიუსის სადავო დადგენილების მართებულობა.
ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემის ან სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის გზით ნოტარიუსის მიერ სრულდება სანოტარო მოქმედება, რომლის მატერიალურსამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის ნორმები, თუმცა, ფორმალური თვალსაზრისით, სანოტარო მოქმედების მეშვეობით ნოტარიუსი ყოველთვის ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.
საკასაციო პალატა არ იზიარებს სამოქალაქო კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ნოტარიუსის სადავო დადგენილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს. ის გარემოება, რომ “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ნოტარიუსის დადგენილებას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ განიხილავს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რომლის კანონიერება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ განაპირობებს მოცემული დავის ადმინისტრაციულ კატეგორიისადმი კუთვნილებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აუცილებელია ზემოაღნიშნული ნორმის სწორი ინტერპრეტაცია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტთან ერთობლიობაში, რომელიც იძლევა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნებას. აღნიშნული მუხლის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტი. ამდენად, “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუსის მხოლოდ ის დადგენილება ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. განსახილველ შემთხვევაში სამკვიდრო მოწმობაში შესწორების შეტანაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუსის დადგენილების გამოტანას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი საბუთებით ვერ იქნა დადასტურებული სადავო გარემოება, კერძოდ, ის ფაქტი, რომ მამკვიდრებელ ვ. ა-ს ეკუთვნოდა სახლის არა ლიტ. “ა”, არამედ _ ლიტ. “ბ”. ამდენად, ნოტარიუსის უარი გამომდინარეობს სამოქალაქო კანონმდებლობიდან და მისი კანონიერების შემოწმება უნდა მოხდეს სამოქალაქო სამართალწარმოების საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. ც-ის სასარჩელო განცხადება განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საქროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ც-ის სარჩელი ნოტარიუს თ. ჯ-ის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.