ბს-442-420(გ-07) 11 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განიხილა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ კოლეგებს შორის ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სასარჩელო განცხადების განსჯადობის შესახებ წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ შპს «....» მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 13.02.97წ. გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით 80 კვ.მ. ფართზე, საპრივატიზებო ღირებულებით 3940.78 აშშ დოლარი. ხელშეკრულების 2.5 მუხლის თანახმად, მოიჯარე ვალდებული იყო ქონების გამოსასყიდი თანხა დაეფარა ყოველწლიურად ქონების ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობით, ხოლო 2.2 მუხლის შესაბამისად საიჯარო ქირა გადაეხადა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში ერთხელ თანაბარწილად. საიჯარო ქირის ოდენობა შეადგენდა 394.08 აშშ დოლარს. მოსარჩელის განცხადებით, მოიჯარე არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. მოსარჩელემ 13.02.97წ. საიჯარო ხელშეკრულების მოშლა, მოპასუხისათვის 152 აშშ დოლარის ოდენობით საიჯარო ქირის გადახდის დაკისრება და იჯარის საგნის მისი მფლობელობიდან გამოთხოვა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.07.05წ. განჩინებით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემული დავის საგანი არ გამომდინარეობდა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და მისი განხილვისათვის უფლებამოსილ სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია წარმოადგენდა.
მოპასუხემ სარჩელი არ სცნო და 16.03.07წ. წარდგენილ შესაგებელში აღნიშნა, რომ საიჯარო დავალიანება არ გააჩნდა, ჰქონდა მხოლოდ საპრივატიზებო თანხის დავალიანება, არ ჰქონდა ინფორმაცია წინამდებარე სარჩელის შესახებ, 13.07.05წ. აღძრული სარჩელი მხოლოდ 2007წ. გადაეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში 2005 წელსვე დაფარავდა საპრივატიზებო თანხას. მოპასუხემ წარმოადგინა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 12.03.07წ. ¹2-20/363 ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზაციო ღირებულება და საიჯარო ქირა დაფარული იყო სრულად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.05.07წ. განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა საკასაციო პალატას შემდგომ გარემოებათა გამო:
სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავდა იმ საქმეთა კატეგორიას, რომელიც შეიძლება განხილულიყო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილებოდა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული დავები, რომლებიც გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განმარტა, რომ ხელშეკრულება, როგორც სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტი, იყო ორმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართული იყო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულება იდებოდა ხელშეკრულების მხარეების ურთიერთთანმხვედრი, საერთო მიზნისაკენ მიმართული ნების გამოხატვის შედეგად და თუ სახეზე არ იყო ორმხრივი ნება, შესაბამისად არ იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულებაც. ამასთანავე ადმინისტარციული ორგანო უფლებამოსილი იყო დაედო როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის «ზ» ქვეპუნქტის თანახმად, «ადმინისტრაციული ხელშეკრულება განსაზღვრული იყო, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე აუცილებელი იყო: ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე ყოფილიყო ადმინისტრაციული ორგანო; ხელშეკრულება დადებული უნდა ყოფილიყო საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით და ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. კოლეგიამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში 13.02.97წ. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და შპს «....» შორის ადმინისტრაციული კანონმდებლობის: «სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის წესის შესახებ» კანონის, საქართველოს პარლამენტის 23.09.94წ. ¹555-1 დადგენილების და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის 12.12.96წ. ¹1-4/951 ბრძანების საფუძველზე დაიდო სადავო ხელშეკრულება. კოლეგიამ მიიჩნია რომ სადავო ხელშეკრულება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სასარჩელო განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციულ კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და შპს «....» შორის დადებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ერთ მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სახით და ხელშეკრულების საგანია სახელმწიფო ქონება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იჯარა-გამოსყიდვა წარმოადგენს სახელმწიფო ქონების პრივატიზების სახეობას, სახელმწიფო ქონების გასხვისების ძირითადი პირობები რეგულირდება საჯარო კანონმდებლობით. სადავო ხელშეკრულება გაფორმებულია «სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის დებულების დამტკიცების შესახებ» საქართველოს პარლამენტის 23.09.94წ. ¹555-1 დადგენილების, «საქართველოს სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის საიჯარო ქირის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ», ქ. თბილისის სახელმწოფო ქონების მართვის დეპარტამენტის 12.12.96წ. ¹1-4/951 ბრძანების, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის სახელმწიფო ქონების იჯარით გამცემი საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე (ს.ფ. 3-4). საიჯარო ქირა განსაზღვრულია არა მხარეთა თავისუფალი ნების, არამედ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 08.01.95წ. ¹20 დადგენილების და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის 12.12.96წ. ¹1-4/951 ბრძანების შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ დავის საგანი გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმეობის წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელი განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.