ბს-443-421 (გ-07) 27 ივნისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე. მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და გარდაბნის რაიონულ სასამართლოს შორის განსჯადობის შესახებ დავა მ. გ.-ის სარჩელთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის შს სამხარეო მთავარი სამმართველოს მიმართ სახელფასო დავალიანებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 8 თებერვალს მ. გ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ სახელფასო დავალიანებისა და მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
2007 წლის 5 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საქმიდან, მ. გ.-ის სარჩელის გამო, ამორიცხულ იქნა მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სათანადო მოპასუხედ ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის შს სამხარეო მთავარი სამმართველო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე მ. გ.-ის სარჩელის გამო ქვემო ქართლის შს სამხარეო მათავარი სამმართველოს მიმართ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე განსჯადობით გადაეგზავნა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს, იმ მოტივით, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის შესაბამისად, სარჩელი სასამართლოს წარედგინება მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არაუფლებამოსილ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გაუგზავნის უფლებამოსილ სასამართლოს
გარდაბანის რაიონულმა სასამართლომ 2007 წლის 3 მაისის განჩინებით მიიჩნია, რომ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქმის გარადაბნის რაიონულ სასამართლოში გადაგზავნისას არასწორად განსაზღვრა ტერიტორიულად უფლებამოსილი სასამართლო, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის შს მთავარი სამმართველოს იურიდიული მისამართია ქ. რუსთავი, ...-ის ქ. ¹15, შესაბამისად, საქმეზე უფლებამოსილ სასამართლოდ ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლო უნდა მიჩნეულიყო და საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას გადაეგზავნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და განსჯადობის თაობაზე სასამართლოთა მოსაზრებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ.-ის სარჩელი მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის შს სამხარეო მთავარი სამმართველოს მიმართ განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 აპრილის განჩინებით, იმ მოტივით, რომ მოპასუხეს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის შს სამხარეო მთავარი სამმართველო, სარჩელი გადაეგზავნა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს. რომელმაც, თავის მხრივ, იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის ადგილსამყოფელი იყო ქ. რუსთავი და არა გარდაბანი, მიიჩნია, რომ სარჩელი წარდგენილი უნდა ყოფილიყო რუსთავის საქლაქო სასამართლოში, რის გამოც სარჩელი განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ წინამდებარე შემთხვევაში დავა არის არა საგნობრივი განსჯადობის თაობაზე, არამედ დავას იწვევს ის საკითხი, ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით, გარდაბნის რაიონული სასამართლო წარმოადგენს თუ არა უფლებამოსილ სასამართლოს, განიხილოს მოცემული სარჩელი.
როგორც საქმეში დაცული მასალებიდან იკვეთება, მოსარჩელე მ. გ.-ი სარჩელის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის შს სამხარეო მთავარი სამმართველოსაგან ითხოვს სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საკითხი გადაწყვეტილი უნდა იქნას საერთო განსჯადობის პრინციპების მხედველობაში მიღებით.
საერთო განსჯადობის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი, რომლის შესაბამისადაც, სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.
დადგენილია, რომ მოპასუხის _ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის შს სამხარეო მთავარი სამმართველოს იურიდიული მისამართია ქ. რუსთავი, ...-ის ქ. ¹15. რაც, საკასაციო სასამართლოს, ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, აძლევს საფუძველს, მ. გ.-ის სარჩელი დაუქვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. გ.-ის სარჩელი მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის შს სამხარეო მთავარი სამმართველოს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს;
2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.