ბს-463-442(გ-08) 1 ივლისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შორის განსჯადობის შესახებ დავა მ. ბ-ის სარჩელთან დაკავშირებით, ილია ჭავაჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ხაშურის ფილიალის დირექტორის ბრძანების ბათილად ცნობის, სასწავლებელში აღდგენისა და ხელშეკრულების ძალაში დატოვების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 9 ივნისს თ. ა-ის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს ,,....” მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ 2005 წლის 24 აპრილს გამოცემული ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხესა და თ. ა-ეს შორის 2004 წლის 30 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების ძალაში დატოვება და 2005 წლის მე-2 სემესტრში – 18 მარტიდან 30 მაისამდე, სწავლების აკადემიური საათების გამო გაცდენის საპატიოდ ჩათვლა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით მანანა ბლიაძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; უკანონოდ იქნა ცნობილი შპს ,,.....” დირექტორის 2005 წლის 22 აპრილის ბრძანება; თ. ა-ეს უფლება მიეცა მე-2 სემესტრის გაცდენილი დისციპლინების გადაბარებისა და სწავლის გაგრძელებისა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,......” დირექტორმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,.....” სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” პუნქტის თანახმად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 აპრილის განჩინებით შპს ,,.....” სააპელაციო საჩივარი განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის საფუძველზე, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე დავებს, რომლის 2.2 მუხლი განსაზღვრავს თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის ,,ა” პუნქტით განისაზღვრა, რომ სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ,,ბ” პუნქტით კი განისაზღვრა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა, ხოლო ,,გ” პუნქტით – ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამართალურთიერთობის სუბიექტად გვევლინება კერძო სამართლის იურიდიული პირის ფილიალი და ფიზიკური პირი და არა ადმინისტრაციული ორგანო, შესაბამისად, სახეზე არ არის არც ადმინისტრაციული სამართალურთიერთობის მეორე ძირითადი ელემენტი – საჯარო, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით მოწესრიგებული დავის საგანი, რაც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ცალსახად გამორიცხავს დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის შესაძლებლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ა-ის სარჩელი განეკუთვნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავის კატეგორიას და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად უნდა გადაეცეს საკასაციო სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატასა და იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შორის წარმოშობილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,....." სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის ..... ფილიალის დირექტორის ბრძანება ¹95 უცხო ენების ფაკულტეტის პირველი კურსის დასწრებული სწავლების სტუდენტის - თ. ა-ის უნივერსიტეტიდან გარიცხვის თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ბრძანება არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და არც მოცემული დავა არ არის თავისი შინაარსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხასიათის.
განსახილველი სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე აპელანტი ,,....." წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს და შექმნილია "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.
შპს-ის დირექტორის, მით უფრო მისი ფილიალის ხელმძღვანელის მიერ გამოცემული აქტი არ წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა შორის ურთიერთობა დარეგულირებულია კერძო სამართლის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ადასტურებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მსჯელობის მართებულობას და აღნიშნავს, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის არც ერთი მახასიათებელი ელემენტი: სამართალურთიერთობაში არ მონაწილეობს ადმინისტრაციული ორგანო და დავა არ გამომდინარეობს საჯარო, ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, რაც ცალსახად გამორიცხავს წინამდებარე დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განსახილველ საქმეთა კატეგორიაში მოქცევის შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,...." სააპელაციო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის შესაბამისად, განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,....." სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.