ბს-51-49(გ-07) 5 ივლისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 26 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ე. კ-მ მოპასუხე ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მისი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის 2006 წლის 1/Iც-¹48-პ-პ4 ბრძანებისა და ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2006 წლის 18 ოქტომბრისა და 30 ნოემბრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის საკონკურსო კომისიის შემადგენლობის განახლებისა და ხელახალი კონკურსის ჩატარების დავალება და საკონკურსო კომისიის გასაჩივრებული გადაწყვეტილებებისა და მათ საფუძველზე დანიშნულ პირთა უფლებამოსილების შეჩერება.
მოსარჩელის მითითებით, იგი ინსტიტუტში 1974 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, 1995 წლიდან _ წამყვან მეცნიერ თანამშრომლად, არის აფხაზეთის ომის მონაწილე და დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 1 აგვისტოს ¹23 ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელმაც 2006 წლის 26 აგვისტოს მოიწვია პირველი სხდომა, “სსიპ ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დროებითი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ¹978 ბრძანების 8.5 მუხლის საფუძველზე შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას. კომისიამ დაადგინა, რომ საკონკურსო თანამდებობაზე კანდიდატთა შერჩევისას დაფიქსირებული პოზიცია კონფიდენციალური იქნებოდა და მისი სხვა პირზე, მათ შორის, კონკურსანტზე გაცემა დაუშვებელი იყო. გამოცხადდა კონკურსი ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე, რომელშიც მონაწილეობა მოსარჩელემაც მიიღო. კონკურსში მონაწილეობდა 25 კონკურსანტი, კონკურსის შედეგად გამარჯვებულად გამოცხადდა 10 კონკურსანტი, დანარჩენი ადგილები დაუკომპლექტებელი დარჩა. 30 ნოემბერს ჩატარებული განმეორებითი კონკურსის შედეგად გამარჯვებულად გამოცხადდა ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი ლ. მ-ი, რომელსაც, მოსარჩელის მითითებით, ახალი და უახლესი ისტორიის პერიოდის სამეცნიერო-კვლევით მუშაობასთან არაფერი აკავშირებდა. ამასთან, პირველ კონკურსში იგი შუა საუკუნეების ისტორიის განყოფილებაში მონაწილეობდა და არასაკმარისი გამოქვეყნებული ნაშრომების გამო დაიწუნეს. თავად მოსარჩელე, მართალია, კონკურსში ვერ გავიდა, თუმცა, მისი აზრით, კომისიის მიერ მისი მონაცემებისა და კანონის მოთხოვნათა გათვალისწინების შემთხვევაში, აუცილებლად გაიმარჯვებდა.
მოსარჩელის მითითებით, იგი საკონკურსო კომისიის შედეგებამდე 2006 წლის 1 სექტემბერს უკანონოდ დაითხოვეს თანამდებობიდან, თუმცა მისთვის უცნობია, რის საფუძველზე, რადგან აღნიშნული შრომის წიგნაკის მიღების შემდეგ შეიტყო, ბრძანება კი არ ჩაბარებია.
მოსარჩელის აზრით, კონკურსი დარღვევებით ჩატარდა, ვინაიდან საკონკურსო კომისიამ ყურადღება არ მიაქცია ბოლო 5 წლის მანძილზე ჩატარებულ სამუშაოთა შედეგებს, კერძოდ: მან გამოაქვეყნა 4 მონოგრაფია, 10 სამეცნიერო სტატია სოლიდურ სამეცნიერო ჟურნალებში, მისი ხელმძღვანელობით დაცულია სამეცნიერო ხარისხები, მონაწილეობდა ერთ საერთაშორისო და 9 საუნივერსიტეტო კონფერენციაში, საკანდიდატო და სადოქტორო დესერტაციების ოპონირებაში, მუშაობდა სამხედრო ისტორიის კვლევის მიმართულებით, ამ დარგის მეცნიერები კი საქართველოს არც ერთ უმაღლეს სასწავლებელს არ ჰყავს, რაც კომისიამ არ გაითვალისწინა. მოსარჩელის მითითებით, კომისია დაკომპლექტდა არაკვალიფიციური სპეციალისტებით: კომისიაში იყო სამეცნიერო ხარისხის არმქონე პირი, ერთ-ერთი გამარჯვებული კონკურსანტის შვილი, კომისიის შემადგენლობაში იყო არქეოლოგი, ფილოლოგი, ასევე სამი წევრი, რომელთაც ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უნდობლობა გამოუცხადა და დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დაუფ-დ ავლენდა თავის სიმპათიებს და უთანასწორო პირობებში აყენებდა კანდიდატებს, მაშინ როდესაც, კანონის თანახმად, ნეიტრალური უნდა ყოფილიყო. კომისიამ არ გამოაქვეყნა კრიტერიუმები, რომლითაც იხელმძღვანელა კანდიდატთა შეფასებისას, კენჭისყრის დროს არ იქნა გათვალისწინებული კანდიდატთა და მაძიებელთა ხელმძღვანელობა და კადრების მომზადება, სადისერტაციო ნაშრომების ოპონირება და რეცენზირება, სესიებში, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა, რითაც დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 31-36-ე მუხლების მოთხოვნები, რის გამოც კომისიის გადაწყვეტილება, როგორც კანონდარღვევით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მის კანონიერ უფლებებს (ს.ფ. 1-4).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 დეკემბრის განჩინებით საქმე განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მითითებით, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის ¹578 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დროებითი წესდება. ინსტიტუტის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი საკონსულტაციო-საექსპერტო საქმიანობის განხორციელება და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამეცნიერო კადრების მომზადებაში მონაწილეობა. სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, სსიპ ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი ადმინისტრაციული ორგანოა, მაგრამ ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა საქმის განხილვაში არ განაპირობებს დავის ადმინისტრაციული წესით განსჯადობას. ინსტიტუტი მმართველობით ფუნქციას არ ახორციელებს, კონკურსი გამოცხადდა საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის ¹578 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დროებითი წესდების შესაბამისად, არა საჯარო სამსახურში ვაკანტური თანამდებობის, არამედ სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად, რომელიც არ არის საჯარო მოხელის თანამდებობა. ამასთან, მოპასუხე სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებით და ჩატარებით, კონკურსში გამარჯვებული პირების დანიშვნით, არ ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას. ამავე დროს, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება არ წესრიგდებოდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით და მისი გათავისუფლების ბრძანება ვერ ჩაითვლებოდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად (ს.ფ. 37-40).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 იანვრის განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სსიპ ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საჯარო (საგანმანათლებლო) საქმიანობას. მისი საქმიანობა წესრიგდება ადმინისტრაციული აქტით _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ¹578 ბრძანებით დამტკიცებული დროებითი წესდებით, რომლის შესაბამისად ინსტიტუტის დირექტორმა გამოსცა ადმინისტრაციული აქტი _ ბრძანება სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების თაობაზე. საკონკურსო კომისია შეიქმნა ინსტიტუტის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, საკონკურსო კომისია მუშაობას წარმართავს და შესაბამისად გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტით დამტკიცებული წესდებისა და “განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ანუ ადმინისტრაციული კანონმდებლობის შემადგენელი აქტებით, დავის საგანი კი სწორედ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტით დამტკიცებული წესდებისა და “განათლების შესახებ” საქართველოს კანონის ანუ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე სსიპ ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. შესაბამისად, სასამართლომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას უნდა იხელმძღვანელოს დასახელებული ადმინისტრაციული აქტებით. ამასთან, ვინაიდან დავის საგანია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი კონკურსის ჩატარება, რისთვისაც ახალი ადმინისტრაციული აქტი _ დირექტორის ბრძანება უნდა გამოიცეს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავა ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება.
სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული წესით განსახილველია მოთხოვნა სამუშაოდან დათხოვნის შესახებ დირექტორის ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილშიც. მართალია, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ¹285 ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის ჩამონათვალში საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა მოსამსახურეები არ არიან მითითებულნი, მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს გასაჩივრებული ბრძანების ბათილობის შესახებ მოთხოვნის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვის საფუძველს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ე. კ-ის თანამდებობიდან დათხოვნისა და დანიშვნის ბრძანებები განხილულ უნდა იქნას, როგორც ადმინისტრაციული აქტები. სასამართლოს განმარტებით, დანიშვნის ბრძანება თავისი ბუნებით აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტია, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის, კერძოდ, “განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე გამოიცემა, სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანებაც ადმინისტრაციული აქტია, რომელიც მიიღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტით დამტკიცებული წესდების შესაბამისად შექმნილი საკონკურსო კომისიის წარდგინების საფუძველზე “განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა კი, სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წესით განსჯად საკითხს მიეკუთვნება (ს.ფ. 45-47).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის, განსჯადობის საკითხის გამორკვევის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. კ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
სარჩელის დავის საგანია საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ სამეცნიერო თანამდებობათა დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის კანონიერება და ახალი კონკურსის ჩატარება, ასევე მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერება.
რაც შეეხება კონკურსის ჩატარების კანონიერების შემოწმებისა და ახალი კონკურსის ჩატარების მოთხოვნებს, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული მოთხოვნების ნაწილში საქმე მიეკუთვნება ადმინისტრაციული კატეგორიის დავას.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2 მუხლი აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, დავას არ განაკუთვნებს ადმინისტრაციულ კატეგორიას, რამდენადაც დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის განმსაზღვრელია სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
სადავო კონკურსის ჩატარების საფუძველია “მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ” კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის ¹578 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დროებითი წესდების” მე-4 მუხლის “გ” ქვეპუნქტი, 8-11-ე მუხლები. “მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ” კანონით ერთმანეთისაგან გამიჯნულია სამეცნიერო თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარება (107-ე მუხლი) და შემდგომ კონკურსში გამარჯვებულ სამეცნიერო პერსონალთან შრომითი ხელშეკრულების დადება შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით (106.7-ე, 11.1-ე მუხლები). პირველი შემთხვევა ადმინისტრაციული შინაარსს ატარებს და შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების რეგულირების სფეროა, ხოლო მეორე _ სამოქალაქო კანონმდებლობის და სამართალწარმოების.
“მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ” კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ღია კონკურსის ჩატარების შედეგად საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სამეცნიერო კადრების შერჩევა, აღნიშნული გზით სამეცნიერო თანამდებობების დაკავება მეცნიერების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სამეცნიერო თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი და პირობები რეგულირდება ადმინისტრაციული კანონმდებლობით _ კანონით “მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ” და შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდებით. აღნიშნულზე მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის ¹578 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დროებითი წესდების” მე-8 მუხლის მე-2 პუნქტიც, რომლის თანახმად, საკონკურსო კომისიის შემადგენლობა მტკიცდება ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. რაც შეეხება კონკურსში გამარჯვებულ პირთან დაწესებულების შემდგომ შრომით ურთიერთობას, აღნიშნული წესრიგდება შრომის კანონმდებლობით, კერძოდ, ხელშეკრულება ფორმდება შრომის კანონმდებლობის საფუძველზე, რაც უკვე კერძოსამართლებრივი ურთიერთობაა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის კანონიერების შემოწმებისა და ახალი კონკურსის ჩატარების შესახებ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განსახილველ დავას.
მოსარჩელე ასევე ითხოვს მისი სამუშაოდან დათხოვნის თაობაზე ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის 2006 წლის 1/Iც-¹48-პ-პ4 ბრძანების ბათილად ცნობას. აღნიშნული ბრძანება საქმეში არ მოიპოვება. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ისე მიიჩნია მითითებული მოთხოვნა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავად, რომ არ გამოითხოვა სადავო ბრძანება და არ გაარკვია მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი _ ადმინისტრაციული თუ შრომის კანონმდებლობა, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოკლებულია აღნიშნული მოთხოვნის განსჯადობის გადაწყვეტის შესაძლებლობას. როგორც სასარჩელო განცხადებიდან ირკვევა, მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა სადავო კონკურსის გამოცხადების შემდეგ, მაგრამ კონკურსის შედეგების დამტკიცებამდე. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ უნდა გამოარკვიოს მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი და თუკი აღნიშნული საფუძველი უშუალოდ უკავშირდება სადავო კონკურსის ჩატარებას და სხვა მოთხოვნებიდან გამომდინარეობს, მოცემული მოთხოვნაც შესაძლებელია განხილულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, დანარჩენ მოთხოვნებთან ერთობლიობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საქმეს განსჯადობით განსახილველად გადასცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. კ-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მიმართ განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.