Facebook Twitter

¹ბს-522-498(გ-07) 27 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე. მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის შესახებ დავა მ. ღ.-ის სარჩელთან დაკავშირებით, ქ. თბილისის მერიის მიმართ, კორპუსის ავარიულობით ბინაში წარმოშობილი დეფექტების აღმოფხვრის ან ბინის გასარემონტებლად თანხის დაკისრების, პროექტის მიხედვით სარემონტო სამუშაოების დასრულებისა და ამ სამუშაოთა შესრულების ვადების განსაზღვრის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 3 ოქტომბერს მ. ღ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ კორპუსის ავარიულობის მიზეზით ბინაში წარმოქმნილი დეფექტების აღმოსაფხვრელად სარემონტო სამუშაოების ჩატარების ან რემონტისთვის აუცილებელი თანხის მოპასუხისათვის გადახდევინების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ 2003 წლის 11 დეკემბერს ¹3/1021-03 ადმინისტრაციულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ. თბილისის მერიას დაევალა, გამოეყო სახსრები ქ. თბილისში, ...-ის ¹25 საცხოვრებელი სახლის სარემონტო-გამაგრებითი სამუშაოების ჩასატარებლად, საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი ცენტრის ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. ქ. თბილისის მერიის საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობ ცენტრს დაევალა ქ. თბილისში, ...-ის ¹25-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარემონტო-გამაგრებითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის და გეგმის შედგენა, ასევე შესაბამისი სამუშაოების ჩატარებაც. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, 2005 წლის იანვარში დაიწყო კორპუსის საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოები. როდესაც მოსარჩელე დაინტერესდა, იგეგმებოდა თუ არა სამუშაოების ჩატარება მის ბინაში, მიიღო კატეგორიული უარი, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად იყო განმარტებული კორპუსის გამაგრებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, თუმცა არაფერი იყო აღნიშნული კონკრეტული ბინის რემონტზე, რაც, მოსარჩელის აზრით, გამოწვეულია საქმის განხილვის დროს მისი ადვოკატის მიერ დაშვებული შეცდომით.

მოსარჩელის განმარტებით, მის ბინაში კორპუსის ავარიულობით წარმოიქმნა ისეთი დეფექტები, როგორიცაა: ჩარჩოების დეფორმაციის მიზეზით გაჭედილი კარები და ფანჯრები; ჭერში დაწეული სინკარი და სინკარების დაშორებით წარმოქმნილი ბზარები; მნიშვნელოვანი ბზარები როგორც მზიდი, ასევე ტიხრების კედლებში; აივნის იატაკის დახრა ვერტიკალში; აცვენილი ბათქაში და სხვ. ყოველივე ამით კი მის საკუთრებას მიადგა ზიანი. აშენებიდან დღემდე კორპუსის ავარიულობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ქ. თბილისის მთავრობას, რომელმაც ააშენა იგი ტექნიკური ნორმების დარღვევით, ხოლო შემდეგ თავისი უმოქმედობით მიიყვანა ავარიულობის უკიდურეს, მესამე კატეგორიამდე. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი, აღიარეს პასუხისმგებლობა და, თუმცა დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაიწყეს კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები, საჭირო დოკუმენტაციის შედგენასა და სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელი მერიის საბინაო ფონდის რეაბილიტაციისა და განითარების ცენტრი კატეგორიულ უარს აცხადებდა მოსარჩელის ბინაში კორპუსის ავარიულობით წარმოქმნილი დეფექტების სათანადო ფორმით დაფიქსირებასა და რემონტზე, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა, ქ. თბილისის მერიას დავალებოდა მის ბინაში კორპუსის ავარიულობით წარმოშობილი დეფექტების აღმოსაფხვრელად, სარემონტო სამუშაოების ჩატარება ან აღნიშნული ღირებულების გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით მ. ღ.-ის სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, იმ მოტივით, რომ სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით რეგულირებულ სამართლებრივ ურთიერთობას, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვდა ქ. თბილისის მერიისათვის თანხის დაკისრებას.

2006 წლის 4 მაისს მ. ღ.-მა დაზუსტებული სარჩელით მიმართა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოითხოვა წყალსადენის კანალიზაციის ქსელის რემონტისა და კორპუსის გამაგრების პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაოს შესრულება, სამუშაოთა შესრულების ვადების განსაზღვრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 ივნისის სხდომაზე მოსარჩელემ კიდევ ერთხელ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა მის ბინაში ავარიული დეფექტების აღმოფხვრა ან კომპენსაცია, სარემონტო სამუშაოების დასრულება პროექტის მიხედვით და სამუშაოთა შესრულების ვადების განსაზღვრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 აპრილის განჩინებით მ. ღ.-ის სარჩელი ქ. თბილისის მერიის მიმართ გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსჯადობის დავის გადასაწყვეტად.

საქალაქო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრციული ორგანოს დავალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომლებიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებენ საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას.

სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ქ. თბილისის მერია, ,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს თვითმმართველობის ორგანოთა სისტემას, ე.ი. ატარებს ადმინისტრაციული ორგანოს სტატუსს. სასარჩელო მოთხოვნა კი წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც გამომდინარეობს საჯარო, კონკრეტულად კი, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ვინაიდან გულისხმობს ადმინისტრაციული ორაგნოს დავალდებულებას, შეარულოს საჯარო კანონმდებლობითა და ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაკისრი ვალდებულებები ან აანაზღაუროს ამ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი.

ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, დავა არის საჯარო სამართლებრივი ხასიათის და შესაბამისად, სარჩელი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას განეკუთვნება, რის გამოც დავა განსჯადობის თაობაზე უნდა გადაწყვიტოს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ღ.-ის სარჩელი წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავას, რის გამოც, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 დეკემბრის ¹3/1021-03 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ღ.-ის სარჩელი. ამავე გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიას დაევალა, ქ. თბილისში, ...-ის ¹25 საცხოვრებელ სახლზე სარემონტო-გამაგრებითი სამუშაოების ჩასატარებლად სახსრების გამოყოფა, საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი ცენტრის ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად; ხოლო, ქ. თბილისის მერიის საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობ ცენტრს დაევალა ქ. თბილისში, ...-ის ¹25-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარემონტო-გამაგრებითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის, გეგმის შედგენა, ასევე და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება.

წინამდებარე სარჩელით მ. ღ.-ი, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით წარმოშობილი ვალდებულებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მერიისაგან ითხოვს, კორპუსის ავარიულობით გამოწვეული დეფექტების აღმოსაფხვრელად მის ბინაში სარემონტო სამუშაოების ჩატარებას ან აღნიშნული სამუშაოების ღირებულების გადახდას, სარემონტო სამუშაოების პროექტის შესაბამისად დასრულებას და სამუშაოთა შესრულების ვადების განსაზღვრას.

ქ. თბილისის მერია ,,საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულების” მე-2 მუხლის თანახმად, მიეკუთვნება სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ქ. თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას. ამდენად, ქ. თბილისის მერია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის დეფინიციიდან გამომდინარე, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს.

როგორც საქმეში წარმოდგენილი სარჩელის ანალიზი ცხადყოფს, მოთხოვნა ამ შემთხვევაში მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოს _ ქ. თბილისის მერიის მიმართ, გარკვეული ქმედების განხორციელების მოთხოვნით, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს მოთხოვნას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განხორციელების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქმედების განხორციელება მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს ისეთ საჯარო-სამართლებრივ ღონისძიებას, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ, რა სახის სარჩელის აღძვრის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა სწორედ მითითებული მუხლით აღძრული სარჩელი, რაც იძლევა დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების პრინციპებისადმი დაქვემდებარებისა და საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გადაგზავნის საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ღ.-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.