ბს-523-499(გ-07) 19 ივნისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის დავა განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 28 ნოემბერს ლ. ი.-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, მესამე პირად მიუთითა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და მოითხოვა სამოქალაქო კოდექსის 408.4 მუხლის საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ერთობლივი კომპენსაციის 85400 ლარის გადახდის დაკისრება შემდეგი საფუძვლით:
2005 წლის 12 სექტემბერს მოსარჩელე ლ. ი.-ე იმყოფებოდა “...-ის” ტერიტორიაზე, რომელზედაც განლაგებული იყო რუსული სამხედრო ნაწილი “...-ი”, ხოლო რუსული ჯარის გასვლის შემდეგ, აღნიშნული ტერიტორია ეკუთვნის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. მითითებულ ტერიტორიაზე მოძრაობის დროს, ნაღმის აფეთქების შედეგად, მოსარჩელემ მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება, რის შედეგადაც გაუკეთდა ფეხის ამპუტაცია. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული დაზიანებები გამოწვეულია ფეთქებადი, ნაღმის საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს.
მოსარჩელის მითითებით, თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო სამხედრო ნაწილების გაყვანისა და თავისუფალი ტერიტორიის ჩაბარების შემდეგ ტერიტორია გაენაღმა, ან დაედგა გამაფრთხილებელი ნიშნები.
ამდენად, მოსარჩელემ სამოქალაქო კოდექსის 408.4 მუხლის საფუძველზე მოითხოვა ყოველთვიური სარჩოს ნაცვლად კომპენსაციის გადახდა (იხ. ს.ფ. 3-5).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის შესაბამისად, საქმე განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემული დავა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის შესაბამისად, არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და იგი განსახილველად ექვემდებარება სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რადგან დავის საგანს წარმოადგენს ზიანის ანაზღაურება, ადგილი აქვს დელიქტურ ვალდებულებას, რომელსაც აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსის ნორმები და მასზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები (იხ. ს.ფ. 1-2).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმერთა კოლეგიის სხდომაზე მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად საქმის საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადასაგზავნად, იმ მოტივით, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ დავა განიხილება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით (იხ. ს.ფ. 42-43).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 იანვრის განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის _ თავდაცვის სამინისტროს დავალდებულება ზიანის ანაზღაურების შესახებ.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინსიტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ხოლო ამავე კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი ქმედების განხორციელების მოთოხვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის შესაბამისად, თუ ამავე კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი, მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესახებ არსებული ნორმებით დადგენილი წესი.
ამდენად, საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემული საქმე განეკუთვნება ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას, რადგან დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე (იხ. ს.ფ. 45-48).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ ლ. ი.-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს, შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მართებულიაYთბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დასკვნა დავის ადმინისტრაციულად მიჩნევის თაობაზე და გაზიარებულ უნდა იქნას.
საქართველოს კონსტიტუციის 42.9. მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურების უფლება სახელმწიფო სახსრებიდან ყველასათვის გარანტირებულია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. ადმინისტრაციული კოდექსის 2.2. მუხლი აკონკრეტებს თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს, კერძოდ, მითითებული ნორმის შესაბამისად განისაზღვრა, რომ სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ მოცემული დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას განეკუთვნება, რადგან დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს – თავდაცვის სამინისტროს დავლადებულება ზიანის ანაზღაურების შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით, ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას დავის სამოქალაქოდ მიჩნევის შესახებ მხოლოდ დელიქტური ვალდებულების არსებობის გამო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ვალდებულებითი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობაა, ამასთან, იგი განსხვავდება საჯარო სამართალში არსებული ვალდებულებისაგან, სამოქალაქო კოდექსის 317.1 მუხლი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს. დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. დელიქტის დროს თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით, იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული /ასე, მაგალითად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 47-ე მუხლი/.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავი ადგენს განსაკუთრებულ წესს მმართველობის სფეროში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე და მხოლოდ ის გარემოება, რომ ზიანის ანაზღაურების მარეგულირებელი ცალკეული ნორმები სამოქალაქო კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, არ წარმოადგენს დავის სამოქალაქო კატეგორიას მიკუთვნების განმსაზღვრელ კრიტერიუმს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მართებულად მიაკუთვნა მოცემული დავა ადმინისტრაციულ კატეგორიას, რადგან სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2 მუხლის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი – ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება ზიანის ანაზღაურების შესახებ.
შესაბამისად, სამოქალაქო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას, მართებულად იმსჯელა, რომ მოცემული დავა დაკავშირებულია იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ი.-ის სარჩელი მოპასუხის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.