Facebook Twitter

ბს-526-502(გ-07) 27 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე. მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის შესახებ დავა მ. შ.-ის სარჩელთან დაკავშირებით, სამკვიდროს ვადის აღდგენის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 18 აპრილს მ. შ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის ნოტარიუს ნ. ჭ.-ის მიმართ სამკვიდროს ვადის აღდგენის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 6 ივნისის განჩინებით მ. შ.-ის სასარჩელო განცხადება გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას იმ მოტივით, რომ ქ. თბილისის ნოტარიუსი ნ. ჭ.-ე, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას წარმოადგენს, ადმინისტრაციულ ორგანოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და 2007 წლის 8 მაისის განჩინებით მ. შ.-ის სარჩელი ქ. თბილისის ნოტარიუს ნ. ჭ.-ის მიმართ გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსჯადობის დავის გადასაწყვეტად.

საქალაქო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ, მართალია, ნოტარიუსი წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ორგანოს, რომელსაც დელეგირებული აქვს საჯარო უფლებამოსილება, მაგრამ მხოლოდ მისი მონაწილეობა არ ქმნის დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის საფუძველს, ვინაიდან დავა არ გამომდინარეობს საჯარო, ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.

სასამართლოს განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა სამკივდრო ვადის აღდგენის თაობაზე არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით დარეგულირებული სამართლებრივი ურთიერთობა და მიუხედავად იმისა, რომ დავაში მონაწილეობს ადმინისტრაციული ორგანო, აღნიშნული გარემოება არ ცვლის დავის სამართლებრივ საკითხს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამკვიდროს ვადის აღდგენა გამომდინარეობდა სამოქალაქო კანონმდებლობიდან და შესაბამისად, სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას განეკუთვნება, რის გამოც დავა განსჯადობის თაობაზე უნდა გადაეწყვიტა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. შ.-ის სარჩელი წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯად სამოქალაქო დავას, რის გამოც, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა სასამართლოთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც გამომდინარეობს საჯარო, კონკრეტულად კი ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

განსახილველ შემთხვავაში სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო ვადის აღდგენა. საკასაციო სასამართლო განმარტავს: სამემკვიდრეო სამართალი წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტს, რომელიც მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით, რის გამოც, საკასაციო სასამართლო უდავოდ მიიჩნევს, რომ სარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობიდან, რასაც ასევე ადასტურებს თავად გასაჩივრებულ დადგენილებაში მითითებული სამართლებრივი საფუძველი.

ნოტარიუსის მიერ, მის უფლებამოსილებში შემავალი საკითხის გადაწყვეტაზე უარი, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ განაპირობებს განსახილველი დავის ავტომატურ რეჟიმში ადმინისტრაციული სამართალწარმოების პრინციპებისათვის დაქვემდებარების საფუძველს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დავის საგანი _ ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარი _ ემყარება სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებს და იგი ვერ განიხილება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “დ” პუნქტით დეფინირებულ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნოტარიუსის დადგენილება, სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ, არ შეიცავს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ზემომითითებულ ელემენტს, რის გამოც, დავა ფიზიკურ პირსა და ნოტარიუსს შორის, როგორც სამოქალაქო, კერძოდ, სამემკვიდრეო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე, არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მიხედვით განსახილველ დავათა კატეგორიას.

ყოველი აღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დავა განსჯადობით განსახილველად ექვემდაბარება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. შ.-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.