Facebook Twitter
ბს-531-507(გ-07) 27 ივნისი, 2007 წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის შესახებ დავა თ. ჯ.-ს სარჩელთან დაკავშირებით, უძრავი ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 23 იანვარს თ. ჯ.-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა საცხოვრებელი ბინის, მდებარე თბილისში, მეტრომშენის დასახლება ...-ის ქ. ¹22-ში საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2006 წლის 27 იანვრის განჩინებით თ. ჯ.-ს სარჩელი გადაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, იმ მოტივით, რომ თ. ჯ.-ს სარჩელით განსაზღვრული დავა არ განეკუთვნება იმ დავათა კატეგორიას, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით, რის გამოც იგი არ უნდა ყოფილიყო განხილული ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2007 წლის 23 მაისის განჩინებით თ. ჯ.-ს სარჩელი გადმოუგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას განსჯადობის დავის გადასაწყვეტად და მიუთითა, რომ მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ, თ. ჯ.-ს სახელზე უძრავი ქონების სამართლებრივი რეგისტრაციის დავალება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის საგანი ატარებდა საჯარო-სამართლებრივ ხასიათს და იგი წარმოადგენს ადმინისტრაციული კატეგორიის დავას, რის გამოც განსჯადობაზე დავა უნდა გადაეწყვიტა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ჯ.-ს სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის დეფინიციიდან გამომდინარე, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რამდენადაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹835 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების” პირველი მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სახლის სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარება, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2 მუხლის ,,გ” პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს მოთხოვნას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განხორციელების თაობაზე.
აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დავაში იმ მეორე ელემენტის არსებობას, რომელსაც კანონმდებელმა გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების პრინციპებისადმი დაქვემდებარებისათვის, კერძოდ, წინამდებარე დავის საგანი წარმოშობილია საჯარო სამართლის კანონმდებლობიდან, კონკრეტულად ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონიდან, რომელიც არეგულირებს უძრავი ნივთების რეგისტრაციის წესსა და პროცედურას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ყველა ის ელემენტი, რომელიც დავას მოაქცევს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში, რისი გათვალისწინებითაც თ. ჯ.-ს სარჩელი განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ჯ.-ს სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.