ბს-531-509(გ-08) 10 ივნისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
ზეპირი განხილვის გარეშე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პალატებს შორის დავა განსჯადობის თაობაზე /საქმეზე მ. ქ.-ის სარჩელის გამო, მოპასუხის - სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...-ის საჯარო სკოლის მიმართ, მესამე პირების: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ე. გ.-ს მონაწილეობით, საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმისა და დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ/.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
მ. ქ.-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...-ის საჯარო სკოლის მიმართ, მესამე პირების: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ე. გ.-ს მონაწილეობით, რომლითაც მოითხოვა ...-ის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2007 წლის 7 ივლისის ¹10 სხდომის ოქმისა და ...-ის საჯარო სკოლის დირექტორის არჩევნების თაობაზე, ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოს 2007 წლის 7 ივლისის დადგენილების ბათილად ცნობა, შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელე სკოლის დირექტორის კანდიდატის სტატუსით მონაწილეობას იღებდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ...-ის საჯარო სკოლის დირექტორის არჩევნებში. 2007 წლის 7 ივლისს ...-ის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ ჩატარდა კენჭისყრა, რომლის საფუძველზეც ...-ის საჯარო სკოლის დირექტორად არჩეულ იქნა ე. გ.-ა. მოსარჩელის აზრით, ...-ის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2007 წლის 7 ივლისის დადგენილება გამოცემული იყო არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ, ვინაიდან “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, სკოლის სამეურვეო საბჭო უნდა შემდგარიყო არანაკლებ 7 წევრისაგან. ...-ის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო კი შედგებოდა 6 წევრისაგან. ასევე, გაურკვეველი იყო ...-ის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველი, კერძოდ, რა ნიშნით აირჩია სამეურვეო საბჭომ სკოლის დირექტორად ე. გ.-ა, მაშინ, როცა მას არასოდეს უმუშავია ხელმძღვანელ თანამდებობაზე და არ ჰქონია შეხება სკოლასთან. მოსარჩელის განმარტებით, იგი 2006 წლის დეკემბრიდან ასრულებდა სკოლის დირექტორის მოვალეობას. ამდენად, მისთვის გაურკვეველი იყო, რით იხელმძღვანელა სამეურვეო საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამეურვეო საბჭოს მიერ დარღვეულ იქნა ადმინისტრაციული აქტის გამოცემის წესი, რამდენადაც გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი არ შეიცავდა მისი გასაჩივრების წესს, ვადასა და ადგილს, ასევე იმ ორგანოს დასახელებას, სადაც უნდა გასაჩივრებულიყო იგი. ამდენად, სადავო აქტები - ...-ის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2007 წლის 7 ივლისის ¹10 სხდომის ოქმი და ...-ის საჯარო სკოლის დირექტორის არჩევნების თაობაზე ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოს 2007 წლის 7 ივლისის დადგენილება გამოცემული იყო არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ, რის გამოც აღნიშნული აქტები ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას /იხ.ს.ფ. 4-6/.
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ქ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო /იხ.ს.ფ. 107-110/.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ქ.-მ, რომლითაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ. 35-37/.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 იანვრის განჩინებით მ. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რაც სააპელაციო პალატამ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლი და განმარტა, რომ მითითებული ნორმის თანახმად, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ამავე კოდექსის 2.2. მუხლი აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, დავას არ განაკუთვნებს ადმინისტრაციულ კატეგორიას, რამდენადაც დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის განმსაზღვრელია სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
სასამართლოს დასკვნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო არ წარმოადგენდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.”ა” მუხლით რეგლამენტირებულ ადმინისტრაციულ ორგანოს ან პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებდა საჯარო უფლებამოსილებას. ამასთან, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული იყო სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულების ცნება და მოცემული იყო იმ დაწესებულებათა ჩამონათვალი, რომლებშიც საქმიანობაც ითვლებოდა საჯარო სამსახურად. აღნიშნულ ჩამონათვალში მოხსენიებული არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო.
სასამართლოს დასკვნით, განსახილველი დავა სამართლებრივად არ წარმოადგენდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას და იგი სსსკ-ის 11.1.”ა” მუხლის თანახმად, განხილული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით /იხ.ს.ფ. 125-127/.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 მარტის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის შესაბამისად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის შესაბამისად, საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამდენად, ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ კატეგორიად მიჩნევისათვის და მისი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვისათვის განმსაზღვრელია დავის საგანი და ურთიერთობის შინაარსი, რომელიც წარმოშობილია საჯარო, ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.
კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგარეჯოს რაიონის სოფელ ...-ის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2007 წლის 7 ივლისის ¹10 სხდომის ოქმისა და 2007 წლის 7 ივლისის დადგენილების ბათილად ცნობა, რომლითაც საგარეჯოს რაიონის სოფელ ...-ის საჯარო სკოლის დირექტორად არჩეულ იქნა ე. გ.-ა.
“ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 42.1. მუხლის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორის კანდიდატურას შეარჩევს სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შერჩეული დირექტორის კანდიდატურას წარუდგენს სამეურვეო საბჭოს, რომელიც ირჩევს დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე /იხ.ს.ფ. 130-135/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პალატების მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ მ. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს, შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მართებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასკვნა დავის ადმინისტრაციულად მიჩნევის თაობაზე და გაზიარებულ უნდა იქნეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის მიხედვით სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე კოდექსის 2.3 მუხლის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ამდენად, მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1, 2.2 მუხლებში დაკონკრეტებული დავები, აგრეთვე სხვა დავები, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე, სამართლებრივი ურთიერთობიდან არის წარმოშობილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისათვის აუცილებელ ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1, 2.2 და 2.3 მუხლებში, ამასთან აღნიშნული დავები წარმოშობილი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობებიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებას, რომ მოცემული დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას განეკუთვნება, რამდენადაც დავის საგანს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგარეჯოს რაიონის სოფელ ...-ის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2007 წლის 7 ივლისის ¹10 სხდომის ოქმისა და 2007 წლის 7 ივლისის დადგენილების ბათილად ცნობა, რომლითაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...-ის საჯარო სკოლის დირექტორად არჩეულ იქნა ე. გ.-ა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული სასამართლოს მსჯელობას, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.”ა” მუხლით რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს დეფინიცია, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური ან რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას.
საკასაციო სასამართლოს განმარტავს, რომ საჯარო სკოლებში კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს არეგულირებს “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის 42.1. მუხლის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორის კანდიდატურას არჩევს სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შერჩეული დირექტორის კანდიდატურას წარუდგენს სამეურვეო საბჭოს, რომელიც ირჩევს დირექტორს სიითი შემადგენლობის უმარვლესობით, ფარული კენჭისყრით, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამეურნეო საბჭო დირექტორის არჩევნების ოქმებსა და სამეურვეო საბჭოს დადგენილების დამოწმებულ ასლებს წარადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სარეგისტრაციოდ. არჩევნების შედეგები ძალაში შედის აღნიშნული დოკუმენტების სამინისტროში რეგისტრაციის მომენტიდან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო კანონმდებლობის შემადგენელი ნაწილით _ “ზოგადი განათლების შესახებ” კანონითაა განსაზღვრული სკოლის დირექტორის კონკურსის წესით არჩევის პროცედურა, სწორედ მითითებული კანონმდებლობით რეგულირდება დირექტორის არჩევის წესი და პირობები, ხოლო სამეურვეო საბჭო, რომელიც კონკურსის წესით ირჩევს სკოლის დირექტორს სიითი შემადგენლობის უმარავლესობით, ფარული კენჭისყრით, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას, რაც მას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2 “ა” მუხლის ბოლო წინადადების თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს სტატუსს ანიჭებს, რამდენადაც ეს უკანასკნელი არის პირი, რომელიც საჯარო კანონმდებლობის “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას, ანუ სახეზეა კანონის საფუძველზე საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების დელეგირება სამეურვეო საბჭოსათვის, რაც ემსახურება განათლების სისტემაში მმართველობის კანონიერებისა მიუკერძოებლობის პრინციპის რეალიზაციას.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგარეჯოს რაიონის სოფელ ...-ის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2007 წლის 7 ივლისის ¹10 სხდომის ოქმი და 2007 წლის 7 ივლისის დადგენილება წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის “ზოგადი განათლების შესახებ” კანონით რეგულირებული კონკურსის შედეგს, სწორედ აღნიშნული კონკურსის საფუძველზე ხდება სკოლის დირექტორის თანამდებობაზე გამარჯვებული კანდიდატის არჩევა. შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტი არის ადმინისტრაციული ორგანო, სამართალურთიერთობა ემყარება საჯარო, ადმინისტრაციულ კანონმდებლობას, რის გამოც მოცემული საქმე განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საკასაციო სასამართლო, ეყრდნობა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2005 წლის 7 ოქტომბრის განჩინებას (ადმინისტრაციულ საქმეზე ¹ბს-713-300(კ-05), ნ. ხ.-ის საკასაციო საჩივრის გამო, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 მარტის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარე თელავის რაიონის გამგეობის მიმართ, განკარგულების გაუქმების, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ) განმარტავს შემდეგს, რომ:
“ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების ადმინისტრაციულ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, ის ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. მუხლის “დ” პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, კერძოდ:
1. სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო _ ადმინისტრაციული აქტის ავტორი;
2. სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული /საჯარო/ სამართლის კანონმდებლობიდან;
3. ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართულია კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისაკენ.
4. ადმინისტრაციული ორგანოს ეს ღონისძიება /იგულისხმება შემდეგი ელემენტი: “აწესებს, წყვეტს ან ადასტურებს” / მიმართულია სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ე.ი. ის აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი პრინციპის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს საქმიანობის სამართლებრივი ფორმის არჩევანის თავისუფლება. ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია კონკრეტული სამართალურთიერთობა მოაწესრიგოს იმ სამართლებრივი ფორმის გამოყენების გზით, რომელიც, მისივე აზრით, უფრო ეფექტურია კონკრეტულ შემთხვევაში. ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის თავისუფლების ფარგლები მთავრდება იქ და მხოლოდ მაშინ, როდესაც კანონი ზუსტად უთითებს მოცემული ურთიერთობისათვის ამა თუ იმ სამართლებრივი ფორმის გამოყენების აუცილებლობას ან ეს გამომდინარეობს კანონით მოწესრიგებული ურთიერთობის თავისებურებიდან.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამეურვეო საბჭოს კონკურსის შედეგად სკოლის დირექტორის კანდიდატის შერჩევა მინიჭებული აქვს “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონით, რაც ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნაწილს წარმოადგენს, ხოლო საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2007 წლის 7 ივლისის ¹10 სხდომის ოქმის და 2007 წლის 7 ივლისის დადგენილება შეიცავს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, შესაბამისად, მისი კანონიერების თაობაზე აღძრული სარჩელი სწორედ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით ექვემდებარება განხილვას.
ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ფორმის სწორი კვალიფიკაციის საპროცესო სამართლებრივი მნიშვნელობა ვლინდება იმაში, რომ იგი წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას სარჩელის სწორი ფორმის განსაზღვრისათვის, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სარჩელი დამოკიდებულია და განპირობებულია ადმინისტრაციული აქტის არსებობით.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავა სწორედ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავაა, რამდენადაც ერთ-ერთ განმსაზღვრელ ელემენტს დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობა წარმოადგენს. შესაბამისად, განსახილველი დავა წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ ადმინისტრაციულ დავას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სამართალურთიერთობას გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი ყველა ელემენტი _ დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო სარჩელი აღძრულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, რის გამოც სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან, რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.
ამდენად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის დასკვნა მოცემული დავის სამოქალაქო კატეგორიად მიჩნევის შესახებ, შესაბამისად, მ. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს, რის გამოც საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.