ბს-558-532(გ-07) 18 ოქტომბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
Nნუგზარ სხირტლაძე(თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
ზეპირი განხილვის გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა გ. ნ-ის, თ. ქ-ის, ე. მ-ის, ც. დ-ის, რ. ჩ-ის და სხვების, სულ 28 პირის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
22.11.06წ. გ. ნ-მა, თ. ქ-ემ, ე. მ-ემ, ც. დ-ემ, რ. ჩ-ემ და სხვებმა, სულ 28 პირმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და აღნიშნეს, რომ მოპასუხის 27.10.06წ. ¹1034-კ ბრძანებით გ. ნ-ი, ¹1026-კ ბრძანებით თ. ქ-ე, ¹1041-გ ბრძანებით ე. მ-ე, ¹1058-კ ბრძანებით ც. დ-ე, ¹1073-კ ბრძანებით რ. ჩ-ე, ¹1046-კ ბრძანებით თ. ბ-ი, ¹1072-კ ბრძანებით ნ. მ-ი, ¹1076-კ ბრძანებით ი. გ-ა, ¹1024-კ ბრძანებით გ. ბ-ე, ¹10590-კ ბრძანებით ლ. ა-ი, ¹1036-კ ბრძანებით გ. ა-ი, ¹1020-კ ბრძანებით ლ. დ-ე, ¹1063-კ ბრძანებით გ. გ-ი, ¹1056-კ ბრძანებით ე. ტ-ე, ¹1075-კ ბრძანებით ხ. ლ-ე, ¹1074-კ ბრძანებით მ. ს-ი, ¹1031-კ ბრძანებით თ. ა-ე, ¹1029-კ ბრძანებით ნ. მ-ი, ¹1050-კ ბრძანებით მ. უ-ე, ¹1079-კ ბრძანებით მ. ს-ი, ¹1070-კ ბრჟანებით გ. გ-ი, ¹1066-კ ბრძანებით ნ. ბ-ე, ¹1064-კ ბრძანებით ე. დ-ე, ¹1049-კ ბრძანებით თ. ქ-ი, ¹1049-კ ბრძანებით ე. მ-ი, ¹1022-კ ბრძანებით ს. ე-ე, ¹1030-კ ბრძანებით ე. შ-ი, ¹1071-კ ბრძანებით თ. ა-ე განთავისუფლდა სამსახურიდან.
მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებები უკანონო იყო. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 02.10.06წ. მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის, მოპასუხის 2 ოქტომბრის ბრძანებების საფუძველზე, გაფორმდა ტიპური შრომითი ხელშეკრულებები მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობით განსაზღვრული შრომითი საქმიანობის შესახებ. რიგი ხელშეკრულება ძალაში იყო მომავალ კონკურსამდე ვადით, რიგი განუსაზღვრელი ვადით. ტიპური ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, აღნიშნული ხელშეკრულება არეგულირებდა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს. ამავე ხელშეკრულებების 3.2.3 მუხლის თანახად, დამსაქმებელს უფლება ჰქონდა დასაქმებულთან ხელშეკრულება მოეშალა მხოლოდ დასაქმებულის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებობის ან/და დარღვევის შემთხვევაში. სადავო 27.10.06წ. ბრძანებების გამოცემის საფუძვლად მითითებული იქნა მხოლოდ საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 19.07.04წ ¹835 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების" მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ" და «მ" ქვეპუნქტები. მოსარჩელეთა განცხადებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობა არ ითვლებოდა საჯარო სამსახურად. შესაბამისად, მოსარჩელეთა აზრით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შრომით ურთიერთობებს აწესრიგებდა შრომის კოდექსის საფუძველზე, ამასთანავე ზაკ-ის მე-2 მუხლის თანახმად, სსიპ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოს და მის მიერ გამოცემული აქტი წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც არ წესრიგდებოდა ამ კოდექსით ან სხვა სპეციალური კანონით, რეგულირდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. შრომითი ურთიერთობები საქართველოში წარმოიშობოდა მხარეთა თანასწორობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. შრომითი ურთიერთობების მონაწილეები ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. აღნიშნული უზრუნველყოფილი იყო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. მოსარჩელეთა განმარტებით, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოიცავდა ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და მოსარჩელეებს შორის დადებული იქნა შრომითი ხელშეკრულება. მხარეებმა ურთიერთთანასწორობისა და ურთიერთშეთანხმების შედეგად ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, განსაზღვრეს თავიანთი უფლებები და ვალდებულებები, თავიანთი ნებით უარი თქვეს გარკვეულ უფლებებზე და თავიანთი შრომითი ურთიერთობები შებოჭეს შრომითი ხელშეკრულებით. სახელშეკრულებო შებოჭვა წარმოშობდა მეორე მხარის უფლებას ვალდებულების შესრულების მოთხოვნისა და ზიანის ანაზღაურებაზე. მოსარჩელეთა განცხადებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თავისი ნებით უარი თქვა გარკვეულ უფლებებზე და თავი შეიბოჭა ხელშეკრულებით. ხელშეკრულების 3.2.3 მუხლით გათვალისწინებული იქნა დამსაქმებლის უფლება-ხელშეკრუკლება მოშლილიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დასაქმებული ხელშეკრულების პირობებს არ შეასრულებდა ან/და დაარღვევდა. აღნიშნული პირობა წარმოადგენდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგეტოს მიერ დადებული ხელშეკრულებების სტანდარტულ, არსებით პირობას. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თავისი ნებით ხელშეკრულების მოშლა დაუკავშირა მხოლოდ დასაქმებულის მიერ ხელშეკრულების პირობის შეუსრულებლობას ან/და დარღვევას. მოპასუხეს უფლება ჰქონდა ხელშეკრულება მოეშალა, თუ ადგილი ექნებოდა ზემოხსენებულ გარემოებებს. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მოცემულ შემთვევაში სამსახურიდან განთავისუფლდნენ არა ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების საფუძველზე, არამედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანებით. ბრძანების საფუძვლად მითითებული იქნა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც ითვალისწინებდა არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურების მიცემას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას, ხელშეკრულების მოშლისას არ ვრცელდებოდა 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები. მოსარჩელეთა განცხადებით, მათ არ დაურღვევიათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, დამსაქმებელს უფლება არ ჰქონდა გაეთავისუფლებინა ისინი სამსახურიდან. აღნიშნული ქმედებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მოთხოვნები. ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. მოსარჩელეებმა მიუთითეს, თუ შრომითი ურთიერთობები დარეგულირებული იყო ხელშეკრულებით, უპირატესობა ენიჭებოდა ხელშეკრულების პირობებს და მხარეები ვალდებულნი იყვნენ ზუსტად და განუხრელად დაეცვათ ხელშეკრულება. მოსარჩელეთა აზრით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანებით უხეშად იქნა დარღვეული როგორც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების, ისე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. მის მიერ გამოცემული ბრძანება წარმოადგენდა ცალმხრივი ნების გამოვლენას, რომლის საფუძველზე მოპასუხის მიერ ცალმხრივად მოშლილ იქნა შრომითი ხელშეკრულება. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ როგორც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება, ისე საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამომწურავად განსაზღვრავდა ხელშეკრულების მოშლის საფუძველსა და წესს. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, მხარეს ხელშეკრულების მოშლა (ხელშეკრულებაზე უარის თქმა) შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე არღვევდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. აღნიშნული ასევე ცალსახად იყო მითითებული მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებაშიც. ამასთანავე, მხარეს ყოველთვის არ ჰქონდა უფლება უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-3 ნაწილი დეტალურად განსაზღვრავს უარის თქმის დაუშვებლობის შემთხვევებს. მოსარჩელეთა განმარტებით, შრომის კოდექსის 38-ე მუხლი თავისი შინაარსით არ იყო იმპერატიული ნორმა და მხარეებს შეეძლოთ ხელშეკრულების დადებისას გაეთვალისწინებინათ ან არ გაეთვალისწინებინათ აღნიშნული ნორმით მინიჭებული უფლება, რაც ასევე განმარტებული იყო შრომის კოდექსის 46-ე მუხლით. როცა შრომითი ურთიერთობები დარეგულირებული იყო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, უპირატესობა უნდა მინიჭებოდა ხელშეკრულების დებულებებს. თუ რომელიმე შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა არ იქნებოდა დარეგულირებული ხელშეკრულებით, მხოლოდ მაშინ იყო შესაძლებელი კანონის, ამ შემთხვევაში შრომის კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმის გამოყენება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და მოსარჩელეთა შორის დადებული ხელშეკრულებები დეტალურად აწესრიგებდა ხელშეკრულების შეწყვეტის, მათ შორის მოშლის საფუძვლებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო მოცემულ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოეყენებინა ის სამართლებრივი ფორმა, რომელიც მის მიერ იქნა განსაზღვრული მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანებები ეწინააღმდეგებოდა საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მოთხოვნებს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, წარმოადგენდნენ უკანონო ინდივიდულურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნული აქტები, ზაკ-ის 601 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის საფუძველზე ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან. ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა მისი ძალაში შესვლის დღიდან იწვევდა იმ სამართლებრივი ურთიერთობის აღდგენას, რომელსაც ადგილი ჰქონდა მის გამოცემამდე. მოსარჩელეები თვლიდნენ, რომ აღდგენილები უნდა ყოფილიყვნენ მათ მიერ გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობებზე.
მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ სკ-ის 361-ე , 411-ე, შკ-ის 44-ე მუხლების საფუძველზე უნდა ანაზღაურებოდათ იძულებით განაცდური ხელფასი. მოსარჩელეებმა სსიპ ,,საჯარო რეესტრის" ეროვნული სააგენტოს 27.10.06წ. ¹1034-კ, ¹1026-კ, ¹1041-კ, ¹1058-კ, ¹1073-კ, ¹1046-კ, ¹1072-კ, ¹1067-კ, ¹1024-კ, ¹1059-კ, ¹1036-კ, ¹1020-კ, ¹1063-კ, ¹1056-კ, ¹1075-კ, ¹1074-კ, 1¹1031-კ, ¹1029-კ, ¹1050-კ, ¹1079-კ, ¹1070-კ, ¹1066-კ, ¹1064-კ, ¹1049-კ, ¹1042-კ, ¹1022-კ, ¹1030-კ, ¹1071-კ ბრძანებების ბათილად ცნობა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.02.07წ. განჩინებით სარჩელი განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. კოლეგიამ აღნიშნა, რომ ასკ-ის მე-2 მუხლის შესაბამისად, დავის ადმინისტრაცილ-სამართლებრივად მიჩნევისათვის სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე შემთხვევა. ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ" კანონის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 19.07.04წ. ¹835 ბრძანების თანხმად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს იმ სახელმწიფოს დაწესებულებებს, რომელთა საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად. ამავე კანონის მე-4 მუხლი შეიცავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომელთა სამსახურიც ჩაითვლება საჯარო სამსახურად. აღნიშნულ ჩამონათვალში საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოხსენიებული არ არის. კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეები სამსახურში მიღებულნი და გათავისუფლებულნი იყვნენ შრომის კოდექსის მიხედვით შრომის ხელშეკრულების საფუძველზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები არ წარმოადგენდნენ საჯარო მოსამსახურეებს, ვინაიდან მათ სამუშაოზე მიღება მოხდა არა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის, არამედ შრომის კოდექსის საფუძველზე, გასაჩივრებული ბრძანებები მიღებული იყო არა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის, არამედ შრომის კოდექსის საფუძველზე, რის გამოც სადავო აქტები არ წარმოადგენდნენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. სასამართლო კოლეგიამ მიჩნია, რომ განსახილველი დავა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა" ქვეპუნქტის თანახმად უნდა განხილულიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამეთა კოლეგიის 08.01.07წ. განჩინებით საქმე განსჯადობის დავის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეები მუშაობდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში" სხვადასხვა თანამდებობაზე. 27.10.06წ. ბრძანებებით გათავისუფლდნენ თანამდებობებიდან. კოლეგიამ მიუთითა, რომ ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ" კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სახელმწიფო რეესტრს, გარდა კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეესტრისა, აწარმოებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს და მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით, რომელსაც წარმოადგენდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. საქართველოს მთავრობის 30.08.04წ. ¹70 დადგენილებით დამტკიცებული «იუსტიციის სამინისტროს დებულების» თანახმად, სამინისტროს მმართველობის სფეროს ერთ-ერთ ძირითად ამოცანას და კომპეტენციას განეკუთვნებოდა საჯარო რეესტრისა და მიწის ერთიანი კადასტრის უზრუნველყოფა. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო" იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილი იყო ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ" კანონით. ეროვნული სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს კონსტიტუციით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" კანონებით, ასევე სხვა ნორმატიული აქტებით. სამოქალაქო კოლეგიის განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულებიდან გამომდინარეობდა, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს «საჯარო რეესტრის ეროვნული საანგენტოს» საქართველოს იუსტიციის სამინისტროსაგან დელეგირებული ჰქონდა მისი უფლებამოსილებანი საჯარო რეესტრის წარმოების სფეროში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოდ ჩაითვებოდა ყველა სახელწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე სსიპ «საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო» ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენდა.
სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ განსახილველი დავა გამომდინარეობდა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და ექვემდებარებოდა ადმინისტრაციულ სამართალწარმოების წესით განხილვას. ამასთანავე, სასამართლო კოლეგიის განცხადებით, საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობა რეგულირდებოდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონით, რომელიც განეკუთვნებოდა ადმინისტრაციულ კანონმდებლობას და აღნიშული კანონიდან წარმოშობილი დავა უნდა გადაწყვეტილიყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს.
განსახილველი დავის საგანს შეადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.10.06წ. ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო ბრძანებები არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და არც მოცემული დავა არ არის თავისი შინაარსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხასიათის.
განსახილველ სადავო სამართალურთიერთობაში მოპასუხე მხარედ მოსარჩელეებმა საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაასახელეს. «საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ» კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას. იმავდროულად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ მისი ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ყველა ბრძანება, მათ შორის, ბრძანება მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი. განსახილველ შემთხვევაში სსიპ «საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს» თავმჯდომარის 27.10.06წ. ¹1034-კ, ¹1026-კ, ¹1041-კ, ¹1058-კ, ¹1073-კ, ¹1046-კ, ¹1072-კ, ¹1067-კ, ¹1024-კ, ¹1059-კ, ¹1036-კ, ¹1020-კ, ¹1063-კ, ¹1056-კ, ¹1075-კ, ¹1074-კ, 1¹1031-კ, ¹1029-კ, ¹1050-კ, ¹1079-კ, ¹1070-კ, ¹1066-კ, ¹1064-კ, ¹1049-კ, ¹1042-კ, ¹1022-კ, ¹1030-კ, ¹1071-კ ბრძანებები არ არის გამოცემული ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და არც სადავო ურთიერთობა წარმოადგენს თავისი შინაარსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივს. სადავო აქტი შრომის კანონთა კოდექსის საფუძველზეა გამოცემული.
მართალია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, «საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ» კანონის შესაბამისად, საჯაროსამართლებრივი ინსტიტუტია და, იმავდროულად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე ადმინისტრაციულ ორგანოთა რიცხვს განეკუთვნება, მაგრამ მისი თანამშრომლის მიმართ ყოველთვის ვერ გავრცელდება «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის ნორმები. მითითებული კანონის პრეამბულაში განსაზღვრულია კანონის რეგულირების სფერო, კერძოდ, აღნიშნული კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია იმ სახელმწიფო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელშიც სამსახური ითვლება საჯარო სამსახურად. ამ ჩამონათვალში საჯარო სამართლის იურიდიული პირი გათვალისწინებული არ არის, მოსარჩელეების თანამდებობა არ არის მითითებული არც საქართველოს პრეზიდენტის 21.07.01წ. ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში. ამასთან, მოსარჩელეთა თანამდებობა, რომელიც არ განეკუთვნება უშუალოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელ თანამდებობას, არც ფუნქციურად შეიძლება გაუთანაბრდეს საჯარო მოსამსახურეს. ამდენად, მოსარჩელეები ვერ ჩაითვლებიან საჯარო მოსამსახურეებად და, შესაბამისად, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის სუბიექტებად, მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებები არ მიიჩნევა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლში მითითებულ ადმინისტრაციულ აქტად(იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 10.07.07წ. განჩინება).
სადავო 25.01.05წ. შრომის ხელშეკრულებები არ წარმოადგენენ აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაფორმებულ ხელშეკრულებებს.
საკასაციო სასამართლო შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე თვლის, რომ მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერების შეფასებისას გამოყენებულ უნდა იქნეს კერძო სამართლის კანონმდებლობა _ შრომის კოდექსი, რომელიც არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ წესრიგდება სხვა სპეციალური კანონით. სადავო ბრძანებებისა და ხელშეკრულებების სამართლებრივი საფუძველიც სწორედ შრომის კოდექსის ნორმებია. სადავო აქტებით შეწყვეტილია კერძოსამართლებრივი შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობა, ერთის მხრივ, ადმინისტრაციულ ორგანოსა და, მეორეს მხრივ, ფიზიკურ პირს შორის და ამ ურთიერთობაში, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ნ-ის, თ. ქ-ის, ე. მ-ის, ც. დ-ის, რ. ჩ-ის და სხვების, სულ 28 პირის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.