Facebook Twitter

¹ბს-559-533(გ-07) 18 ივლისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის შესახებ დავა თ. ლ-ის სარჩელთან დაკავშირებით, ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 27 დეკემბერს თ. მ-ი-ლ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე თბილისის შს მთავარი სამმართველოსა და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოს მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 დეკემბრის განჩინებით თ. მ-ი-ლ-ის სასარჩელო განცხადება გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას იმ მოტივით, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლებულ იქნა შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რის გამოც განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობა, რაც არ გამომდინარეობს საჯარო კანონმდებლობიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 მაისის სხდომაზე მოსარჩელე თ. ლ-მ შეამცირა სასარჩელი მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში და საბოლოოდ მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 5742 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2007 წლის 25 მაისის განჩინებით თ. ლ-ის სარჩელი შსს თბილისის მთავარი სამმართველოს მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ, განსჯადობის დავის გადასაწყვეტად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქალაქო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. მოცემულ შემთხვევეაში მოპასუხეა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველო, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულებას და არის ადმინისტრაციული ორგანო.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრციული ორგანოს ვალდებულება, აანაზღაუროს ზიანი, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიების მოსაზრებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ლ-ის სარჩელი წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავას, რის გამოც საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო სასამართლოთა ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის დებულებებს, რომლის შესაბამისადაც, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან წარმოშობილ დავებს. ამდენად, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. ადმინისტრაციული კოდექსის 2.2. მუხლი აკონკრეტებს თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს, კერძოდ, მითითებული ნორმის შესაბამისად განისაზღვრა, რომ სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ადმინისტრაციული ხელშეკ-რულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ მოცემული დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას განეკუთვნება, რადგან დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს – შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დავალდე-ბულება ზიანის ანაზღაურების შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით, ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას დავის სამოქალაქოდ მიჩნევის შესახებ იმ მოტივით, რომ დავა გამომდინარეობს სამოქალაქო კანონმდებლობიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით, იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კანონმდებლობაზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული /ასე, მაგალითად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 47-ე მუხლი/.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავი ადგენს განსაკუთრებულ წესს მმართველობის სფეროში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე და მხოლოდ ის გარემოება, რომ ზიანის ანაზღაურების მარეგულირებელი ცალკეული ნორმები სამოქალაქო კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, არ წარმოადგენს დავის სამოქალაქო კატეგორიისათვის მიკუთვნების განმსაზღვრელ კრიტერიუმს.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ზიანის ანაზღაურების საფუძვლად შრომის კანონთა კოდექსზე მითითება არ წარმოადგენს დავის სამოქალაქო კატეგორიად მიჩნევის საფუძველს, რადგან თ. ლ-ე სასარჩელო განცხადებით ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულებას, მისთვის ზიანის სახით იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2 მუხლის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დავა _ ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება ზიანის ანაზღაურების შესახებ და იგი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მართებულად მიაკუთვნა ადმინისტრაციულ კატეგორიას, რისი გათვალისწინებითაც საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ლ-ის სარჩელი მოპასუხის – შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.