Facebook Twitter

ბს-560-534(გ-07) 24 ივლისი, 2007 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ, შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოსა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შორის დავა განსჯადობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მ. ბ-მ სარჩელი აღძრა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ზესტაფონის სამმართველოსა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა შრომის წიგნაკში შესრულებული ჩანაწერის გაუქმება და ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსის ბრძანების საფუძველზე შრომის წიგნაკში შესწორების შეტანა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 12 აგვისტოს ბრძანებების გაუქმება, ზესტაფონის სამმართველოში საქართველოს ეკონომკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 12 აგვისტოს ბრძანებების გამოცემამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა, ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსათვის 2004 წლის ივლისსა და აგვისტოში მიუღებელი ხელფასისა და იძულებითი განაცდურის დაკისრება და (იხ.ს.ფ. 1-6).

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით მ. ბ-ს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე და განემარტა, რომ შეუძლია მიმართოს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს (იხ.ს.ფ. 7-8.)

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 თებერვლის განჩინებით მ. ბ-ის სარჩელი ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ გამოყოფილ იქნა ცალკე წარმოებად და განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს (იხ.ს.ფ. 45-46).

საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 3 ივნისის განჩინებით გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 თებერვლის განჩინება და საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას (იხ.ს.ფ. 48-52.)

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 27 სექტემბრის განჩინებით მ. ბ-ის სარჩელი ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას (იხ.ს.ფ. 56-57).

საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 17 ნოემბრის განჩინებით მ. ბ-ის სარჩელი ზესტაფონის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ მოთხოვნის ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეცა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს (იხ.ს.ფ. 62-65).

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის განჩინებით არასათანადო მოპასუხე _ ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო შეიცვალა სათანადო მოპასუხით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოთი, მდებარე ქ. ქუთაისი, .... ქ. ¹9 და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 12 იანვრის ბრძანებით, ფაქტობრივად, ლიკვიდირებულ იქნა ზესტაფონის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო და მის ნაცვლად ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველო, რომლის იურიდიული მისამართია ქ. ქუთაისი, ... ქ. ¹9, რომელიც მოცემულ საქმეზე სათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა.

რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.1, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი და განმარტა, რომ, ვინაიდან სათანადო მოპასუხის _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს ადგილსამყოფელია ქ. ქუთაისი ... ქ. ¹9, მოცემულ შემთხვევაში მ. ბ-ის სარჩელის განსჯად სასამართლოს ქუთაისის საქალაქო სასამართლო წარმოადგენდა (იხ.ს.ფ. 101-102).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 1 ივნისის განჩინებით მ. ბ-ის სარჩელი მოპასუხის _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს მიმართ განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლები და განმარტა, რომ სარჩელის განსჯადობის შესაბამისად წარმოების მიღების შემდეგ, შეიძლება შეიცვალოს პირობები და იგი სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს. იმის მიხედვით, თუ რამდენჯერ შეიცვლება ტერიტორიული განსჯადობის პირობები და საჭირო გახდება საქმის სხვადასხვა სასამართლოში გადაცემა, ეს შეიძლება გახდეს საქმის წარმოების გაჭიანურების საფუძველი (იხ.ს.ფ. 106-112).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოსა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებების გაცნობის შედეგად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ მ. ბ-ის სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განსჯად დავას წარმოადგენს და შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ Yქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება სრულიად დაუსაბუთებელია, სასამართლომ არ იმსჯელა თუ რა სამართალურთიერთობა იყო სახეზე და რა მოსაზრებით მივიდა ამგვარ დასკვნამდე, რის გამოც დარღვეულია სსსკ-ის 394. “ე” მუხლის მოთხოვნები.

კონკრეტულ შემთხვევაში მ. ბ-ის სარჩელზე თავდაპირველ მოპასუხეს წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ზესტაფონის სამმართველო. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 12 იანვრის ბრძანებით, ლიკვიდირებულ იქნა ზესტაფონის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო და მის ნაცვლად ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველო, რომლის იურიდიული მისამართია ქ. ქუთაისი, ... ქ. ¹9, შესაბამისად ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის განჩინებით არასათანდო მოპასუხე _ ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო შეიცვალა სათანადო მოპასუხით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოთი, მდებარე ქ. ქუთაიში, ... ქ. ¹9-ში და შესაბამისად, საქმე ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით, განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს _ მოპასუხის ადგილსამყოფილის მიხედვით, თუმცა, საკასაციო სასამართლო დასძენს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა არა სსსკ-ის 85-ე მუხლით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებას, არამედ სსსკ-ის 92.1. მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, მიიჩნია რომ ტერიტორიული განსჯადობის წესების დაცვით წარმოებაში მიღებული საქმე უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს სასამართლომ, რომელმაც იგი წარმოებში მიიღო, თუნდაც შემდგომში ეს საქმე სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად.

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 15.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამავე კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ განსჯადობის წესების დაცვით თავის წარმოებაში მიღებული საქმე უნდა განიხილოს და არსებითად გადაწყვიტოს, თუნდაც ეს საქმე შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს _ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახვას პოულობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში /მუხლი 26/, კერძოდ, დავის განხილვის და გადაწყვეტის აუცილებლობაში უფლებამოსილი სასამართლოს მიერ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმის გამოყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საჭიროებს ამ სამართალწარმოების თავისებურების აუცილებელ გათვალისწინებას, კერძოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ანუ კანონმდებელი ნეგატიური დათქმის პრინციპზე აგებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების გამოყენების შესაძლებლობას, შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების ამ კონტექსტში განუმარტავად გამოყენება აუცილებლად გამოიწვევს მხარეთა საპროცესო უფლებების შეზღუდვას.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.1. მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სარჩელის განსაჯად სასამართლოში წარდგენის ვალდებულებას იმპერატიული შინაარსის ნორმაა, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან და მათი გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის გამოყენება ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლით დადგენილ უფლებამოსილი სასამართლოს პრინციპს, რამდენადაც იმ მომენტიდან, როცა სასამართლო არაგანსჯადი ხდება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს საქმე გადაუგზავნოს განსაჯად სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394 “ა” მუხლის თანახმად. ადმინისტრაციული სასამართლო განსხვავებით სამოქალაქო სასამართლოსაგან საქმის განსჯადობას ამოწმებს მოპასუხის მოთხოვნის გარეშეც, რამდენადაც როგორც აღინიშნა სასამართლო ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად შეამოწმოს განიხილა თუ არა საქმე უფლებამოსილმა სასამართლომ.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ არსებითად სწორად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2. მუხლი, როცა საქმე განსაჯადობით განსახილველად გადაუგზავნა ტერიტორიული განსაჯდობის შესაბამისად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სსსკ-ის 15.1. მუხლის საფუძველზე, რამდენადაც ეს უკანასკნელი სასამართლო, ვინაიდან სახეზეა იურიდიული პირის რეორგანიზაციის გამო სამართალმემკვიდრეობა, რაც საპროცესო სამართალში ასახვას ჰპოვებს საპროცესო უფლებამონაცვლეობით, (ხოლო უფლებამონაცვლის იურიდიული პირის მისამართია ქ. ქუთაისი), არაუფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენდა განეხილა მოცემული დავა, როგორც ტერიტორიულად არაგანსჯად სასამართლოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ბ-ის სარჩელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის საფუძველზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განსჯად საქმეს წარმოადგენს და განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს ტერიტორიული განსაჯდობის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ბ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს; საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს; წინამდებარე განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.