Facebook Twitter

¹ბს-565-538(გ-07) 10 დეკემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გ. ი.-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2007 წლის 30 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გ. ი.-მ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის განჩინების გაუქმება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება და საქმის განსჯადობით განსახილველად გადაცემა უფლებამოსილი სასამართლოსათვის შემდეგ გარემოებათა გამო:

განმცხადებლის მითითებით, 2004 წლის 27 აპრილიდან 2005 წლის 1 იანვრამდე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, როდესაც სსიპ «საქტელერადიომაუწყებლობის» თავმჯდომარის 2004 წლის 15 სექტემბრის ¹727-კ ბრძანების შესაბამისად მოხდა მისი გადანაცვლება ...-ის განყოფილებაში, რის საფუძვლადაც მიეთითა შრომის ხელშეკრულება. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2006 წლის 13 ნოემბერს სსიპ «საზოგადოებრივმა მაუწყებელის» მიერ განემარტა, რომ 2004 წლისათვის გ. ი.-ი არ იყო გადასული სახელშეკრულებო ურთიერთობაზე და გადანაცვლება განხორციელდა მხოლოდ ¹727-კ ბრძანების საფუძველზე.

განმცხადებლის მითითებით, 2005 წლის 1 იანვრიდან 25 იანვრამდე ადმინისტრაციას არ განუმარტავს, რომ გ. ი.-ი გადანაცვლებული იყო ...-ის განყოფილებაში. 25 იანვარს ადმინისტრაციამ შესთავაზა ერთთვიან სახელშეკრულებო ურთიერთობაზე გადასვლა, რაზეც მან უარი განაცხადა. აღნიშნულზე 2006 წლის 21 ნოემბერს სსიპ «საზოგადოებრივ მაუწყებლის» მიერ განემარტა, რომ გ. ი.-მ უარი განაცხადა კონტრაქტის საფუძველზე მუშაობის გაგრძელებაზე და ხელი არ მოაწერა შეთავაზებულ კონტრაქტს, რაც საფუძვლად დაედო სამსახურიდან გათავისუფლებას, შესაბამისად, იგი არ გადასულა საკონტრაქტო ურთიერთობაზე.

ამდენად, განმცხადებელმა მიიჩნია, რომ საკასაციო სასამართლომ არასწორად გაადწყვიტა დავის განსჯადობის საკითხი და 2007 წლის 24 ივლისის განჩინებით საქმე განსახილველად დაუქვემდებარა სამოქალაქო სასამართლოს ნაცვლად ადმინისტრაციულისა, რადგან არ მიიჩნია საჯარო მოსამსახურედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მომუშავე მუშაკი. სსიპ «საზოგადოებრივი მაუწყებლიდან» მიღებული ინფორმაციის თანახმად, გ. ი.-ი იმყოფებოდა არა სახელშეკრულებო _ კერძო, არამედ საჯარო შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში, შესაბამისად, იგი იყო საჯარო მოსამსახურე (იხ. ს.ფ. 2-6).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობისა დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ი.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისა და საქმის განსახილველად უფლებამოსილი სასამართლოსათვის დაქვემდებარების შესახებ დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას და იმპერატიულად განსაზღვრავს დამთავრებული საქმის წარმოების განახლების წინაპირობებს. კერძოდ, სსსკ-ის 421.1 მუხლის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა უშვებს მხოლოდ დასრულებული საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას, შესაბამისად, განახლების ობიექტი შესაძლოა იყოს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმე და არა ცალკეული საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების შესახებ მიღებულია კანონიერ ძალაში შესული განჩინებები.

კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ 2007 წლის 24 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის შესაბამისად, გადაწყვიტა საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სასამართლოთა შორის დავა საქმის განსჯადობის შესახებ. საკასაციო სასამართლოს მითითებული კანონიერ ძალაში შესული განჩინებით არ დასრულებულა საქმის წარმოება, საკასაციო სასამართლომ გადაწყვიტა მხოლოდ მის იურისდიქციას მიკუთვნებული საკითხი – დავის განსჯადობა, რითაც კონკრეტული დავა არსებითად არ გადაუწყვეტია და ამასთან, მითითებული განჩინებით საქმის წარმოება არ დასრულებულა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ვერ იარსებებს საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რადგან წარმოება არ დასრულებულა საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 24 ივლისის განჩინებით, ამასთან მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მითითებული განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ი.-ის განცხადება უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დასაშვებად ცნობის პროცესუალური წინაპირობა, რის გამოც გ. ი.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისა და საქმის განსახილველად უფლებამოსილი სასამართლოსათვის დაქვემდებარების შესახებ დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ი.-ის განცხადება დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.