Facebook Twitter

ბს-583-560(გ-08) 10 ივლისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელეები: ვ. წ-ი, შ. ლ-ე, მ. ს-ი, ზ. ხ-ე, შ. მ-ე

მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ადგილობრივი საგადასახადო ინსპექცია

მესამე პირი _ შპს “....”

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 4 სექტემბერს ვ. წ-მა, კ. ბ-ემ, შ. ლ-ემ, მ. ს-მა, ზ. ხ-ემ და შ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს “....” (ხაშურის სალოკომოტივო სამმართველოს) მიმართ, ხოლო მესამე პირად მიუთითეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაზე.

მოსარჩელეთა განმარტებით, წლების მანძილზე მუშაობდნენ შპს “....” ხაშურის სალოკომოტივო დეპოში და იყვნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლების მონაწილეები, რის გამოც მათზე ვრცელდებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი და ამდენად, ხელფასიდან არ უნდა დაქვითოდათ საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვითებოდათ 1992 წლიდან. 2000 წლიდან სარჩელის აღძვრის დრომდე მოსარჩელეებს ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადის სახით დაექვითათ _ ვ. წ-ს _ 6304 ლარი, შ. ლ-ეს _ 5083,79 ლარი, ზ. ხ-ეს _ 4825,24 ლარი, მ. ს-ს _ 5933,26 ლარი, კ. ბ-ეს _ 4712,97 ლარი, შ. მ-ეს _ 5786,83 ლარი. აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელეებმა მიმართეს შპს “....” ხაშურის სალოკომოტივო სამმართველოს უფროსს, თუმცა უშედეგოდ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს საშემოსავლო გადასახადის სახით მათთვის უკანონოდ დაბეგრილი, ზემოთ მითითებული თანხების გადახდის მოპასუხისთვის დაკისრება.

შპს “...” ხაშურის რაიონულ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომელშიც მიუთითა, რომ ზედმეტად გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნების ნაწილში შპს “....”, როგორც საგადასახადო აგენტი, იყო არასათანადო მოპასუხე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, იგი უნდა შეცვლილიყო სათანადო მოპასუხით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სამტრედიის საგადასახადო ინსპექციით, რადგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის მე-5 ნაწილი ნათლად განსაზღვრავდა, რომ საგადასახადო აგენტის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადი გადაიხდებოდა ადგილობრივ ბიუჯეტში. შესაგებლის ავტორის მტკიცებით, მოცემულ საქმეში შპს “....” იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა სადავო ურთიერთობაში, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა იყო შესაძლებელი.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. წ-ის, შ. ლ-ის, მ. ს-ის, ზ. ხ-ისა და შ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს “....” ვ. წ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 289,16 ლარი, შ. ლ-ის სასარგებლოდ _ 380,53 ლარი, მ. ს-ის სასარგებლოდ _ 584,11 ლარი, ზ. ხ-ის სასარგებლოდ _ 450,05 ლარი, შ. მ-ის სასარგებლოდ _ 410,88 ლარი, სულ _ 2114,73 ლარი. რაც შეეხება კუკური ბირკაძეს, მართალია, რაიონულმა სასამართლომ ხსენებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ მიუთითა მასზე, თუმცა იმავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნა, რომ მასზე ვერავითარი შეღავათი ვერ გავრცელდებოდა, დანარჩენი მოსარჩელეების მოთხოვნა კი, ფაქტობრივად, საფუძვლიანად მიიჩნია მხოლოდ 2005-2006 წლებში ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადის სახით დაქვითული თანხების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. წ-მა, კ. ბ-ემ, შ. ლ-ემ, მ. ს-მა, ზ. ხ-ემ და შ. მ-ემ, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა და შპს “...” მოსარჩელეთა სასარგებლოდ თანხების დამატებით დაკისრება, კერძოდ, თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ სულ შემდეგი ოდენობით: ვ. წ-ის _ 4242,86 ლარი, შ. ლ-ის _ 3093,28 ლარი, ზ. ხ-ის _ 3137,06 ლარი, მ. ს-ის _ 3687,23 ლარი, კ. ბ-ის _ 3413,71 ლარი, შ. მ-ის _4141,8 ლარი.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე შპს “.....”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება. აპელანტმა _ შპს “....” მიუთითა, რომ განსახილველი დავის საგანი იყო ხელფასის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის კანონიერება და ზედმეტად გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხების ანაზღაურება, სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად კი მოსარჩელეები მიუთითებდნენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე, რაც უნდა გადაწყვეტილიყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე. შპს “....” სააპელაციო საჩივარშიც მიუთითა, რომ ამ საქმეში შპს “....” იყო არასათანადო მოპასუხე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, შპს “....” უნდა შეცვლილიყო სათანადო მოპასუხით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი საგადასახადო ინსპექციით, ხოლო შპს “...” ამავე საქმეში იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 მარტის განჩინებით შპს “....” და ვ. წ-ის, კ. ბ-ის, შ. ლ-ის, მ. ს-ის, ზ. ხ-ის და შ. მ-ის სააპელაციო საჩივრები საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი იყო დაქვითული საშემოსავლო გადასახადის თანხის ანაზღაურება, რაც ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობდა და მის მოსაწესრიგებლად გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განჩინებით შპს “....” და ვ. წ-ის, კ. ბ-ის, შ. ლ-ის, მ. ს-ის, ზ. ხ-ის და შ. მ-ის სააპელაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ვ. წ-ის, კ. ბ-ის, შ. ლ-ის, მ. ს-ის, ზ. ხ-ისა და შ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს “...” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება და მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იდენტურ საქმეზე მიღებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის ¹ბს-834-799(გ-06) განჩინებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო ურთიერთობა მოსარჩელეებს, როგორც საშემოსავლო გადასახადის გადამხდელებსა და სახელმწიფო ბიუჯეტს შორის, ხოლო მოპასუხე შპს ....” წარმოადგენდა შუამავალს, ე.წ. საგადასახადო აგენტს, რომელსაც სახელმწიფოსაგან დაკისრებული ჰქონდა გადასახადის გამოანგარიშების, გადამხდელთათვის მისი დაკავებისა და შესაბამის ბიუჯეტში გადარიცხვის სპეციალური მოვალეობა (საქართველოს 1997 წლის საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლი). სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო აგენტის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადი გადაიხდებოდა ადგილობრივ ბიუჯეტში. ამდენად, ამ საქმის ხელახლა განმხილველ სასამართლოს ამ სასარჩელო მოთხოვნაზე უნდა ემსჯელა თავდაპირველი მოპასუხის _ შპს “...” ხაშურის სალოკომოტივო დეპოს სათანადო მოპასუხით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი (ადგილობრივი) საგადასახადო ინსპექციით შეცვლაზე, ასევე _ შპს “....” ამ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმაზე.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 თებერვლის საოქმო განჩინებებით კუკური ბირკაძის ნაწილში სარჩელი დარჩა განუხილველი; დანარჩენ მოსარჩელეთა მიმართ თავდაპირველი მოპასუხე შპს “...” მათივე თანხმობით შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ საგადასახადო ინსპექციით და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შპს “....” საქმეში ჩაება მესამე პირად. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 თებერვლის სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა დააზუსტა სარჩელში მითითებული თანხები.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 მარტის განჩინებით ვ. წ-ის, შ. ლ-ის, მ. ს-ის, ზ. ხ-ისა და შ. მ-ის სარჩელი (მესამე პირი _ შპს “....”) მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიმართ, ხელფასიდან ზედმეტად დაქვითული საშემოსავლო გადასახადის თანხის უკან დაბრუნების შესახებ, საქმის მასალებთან ერთად, განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიულ განსჯადობაზე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლით დადგენილ სარჩელის უფლებამოსილი სასამართლოსთვის წარდგენაზე და მიიჩნია, რომ მოცემული საქმე განსახილველად უნდა დაქვემდებარებოდა განსჯად სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციამ ვ. წ-ის, შ. ლ-ის, მ. ს-ის, ზ. ხ-ისა და შ. მ-ის სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია მოცემულ საქმეში ვერანაირად ვერ იქნებოდა მოპასუხე მხარე და ვერ შეძლებდა მოსარჩელე ფიზიკური პირებისათვის დაებრუნებინა ზედმეტად გადახდილი თუ უკანონოდ დაკავებული საშემოსავლო გადასახადის თანხა, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაკავებული საშემოსავლო გადასახადი გადაიხდებოდა დაქირავებულის ფაქტობრივი საქმიანობის შესაბამის ადგილობრივ ბიუჯეტში, ხოლო მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია უფლებამოსილი იყო, ზედმეტად გადახდილი თანხები დაებრუნებინა მხოლოდ ამ ინსპექციაში აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელებისათვის და არა გადასახადის გადამხდელის მიერ დაქირავებული იმ პირებისათვის, რომელთაც საგადასახადო აგენტმა უკანონოდ დაუკავა საშემოსავლო გადასახადი. ამიტომ, თუ საგადასახადო აგენტი _ შპს “....” საქართველოს საგადასახადო კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამის საგადასახადო ინსპექციაში დროულად წარადგენდა სათანადოდ კორექტირებულ “ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხების და დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური გაანგარიშების ფორმას”, მოსარჩელეებიც დროულად მიიღებდნენ სადავო თანხებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 მაისის საოქმო განჩინებით, მოსარჩელეთა თანხმობით, არასათანადო მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ადგილობრივი საგადასახადო ინსპექციით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 მაისის განჩინებით ვ. წ-ის, შ. ლ-ის, მ. ს-ის, ზ. ხ-ისა და შ. მ-ის სარჩელის გამო, მოცემული ადმინისტრაციული საქმე მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ადგილობრივი საგადასახადო ინსპექციის მიმართ, მესამე პირი _ შპს “...”, ხელფასიდან ზედმეტად დაქვითული საშემოსავლო გადასახადის თანხის უკან დაბრუნების თაობაზე, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინებოდა მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ _ იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში არასათანადო მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ადგილობრივი საგადასახადო ინსპექციით, ხოლო მოსარჩელეები მუშაობდნენ შპს “....” ხაშურის სალოკომოტივო დეპოში და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირებისათვის დაკავებული საშემოსავლო გადასახადი გადაიხდებოდა დაქირავებულის ფაქტობრივი საქმიანობის შესაბამის ადგილობრივ ბიუჯეტში, ამდენად, მოცემული საქმე განსახილველად უნდა დაქვემდებარებოდა ხაშურის რაიონულ სასამართლოს და განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაგზავნოდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ხაშურის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს ხაშურის რაიონული სასამართლო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, ხსენებული ნაწილი შეიცავს სარჩელის ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, ორგანოს მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით და შესაბამისად, სარჩელის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს სწორედ ის სასამართლო, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება მოპასუხე იურიდიული პირის ადგილსამყოფელზე.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე სარჩელის საგანია ხელფასის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის კანონიერება და ზედმეტად გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხების ანაზღაურება, ანუ, როგორც მოსარჩელეთა ხელფასების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის უკანონოდ მიჩნევა და შემდგომში ამ გადასახადით მათი არდაბეგვრა, ისე უკვე დაბეგრილი თანხების დაბრუნება. ამდენად, კონკრეტული სარჩელის საგანი თავის თავში მოიცავს ორ სასარჩელო მოთხოვნას, პირველი მათგანი _ მომავალში მოსარჩელეთა ხელფასების საშემოსავლო გადასახადით არდაბეგვრა მიმართულია შპს “....”, ხოლო მეორე მათგანი _ მანამდე დაბეგრილი თანხების დაბრუნება _ შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიმართ, რის გამოც, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უნდა დაეხმაროს მოსარჩელეს აღნიშნულის შესაბამისად მოთხოვნის ტრანსფორმირებაში.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოცემული სარჩელის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს 2004 წლის საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 მაისის საოქმო განჩინებით, მოსარჩელეთა თანხმობით, არასათანადო მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, მართებულად შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ადგილობრივი საგადასახადო ინსპექციით, რამაც განსაზღვრა მოცემული საქმის განსჯადი სასამართლოც.

საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში არასათანადო მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ადგილობრივი საგადასახადო ინსპექციით, მოცემული საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ხაშურის რაიონულ სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს 2004 წლის საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც ამ კოდექსის 174-ე მუხლით გათვალისწინებულ ხელფასს უხდის დაქირავებულს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო აგენტის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება დაქირავებულის ფაქტობრივი საქმიანობის შესაბამის ადგილობრივ ბიუჯეტში. ამდენად, ვინაიდან მოსარჩელეები მუშაობდნენ შპს “....” ხაშურის სალოკომოტივო დეპოში, შესაბამისად, მათთვის დაკავებული საშემოსავლო გადასახადიც გადაიხდებოდა მათი ფაქტობრივი საქმიანობის შესაბამის ადგილობრივ ბიუჯეტში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს ხაშურის რაიონული სასამართლო, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ვ. წ-ის, შ. ლ-ის, მ. ს-ის, ზ. ხ-ისა და შ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ხაშურის რაიონულ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. წ-ის, შ. ლ-ის, მ. ს-ის, ზ. ხ-ისა და შ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ხაშურის რაიონულ სასამართლოს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.