ბს-584-561(გ-08) 26 ნოემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. ჟ-ისა და სხვათა სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას Q შორის წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. ჟ-მა, თ. ღ-ემ, ნ. გ-მა, დ. ზ-ამ, ი. მ-მა, ს. მ-მა, ც. ნ-მა და ო. კ-ემ 2002 წელს სარჩელით მიმართეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს ჟ. ხ-ის, თბილისის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის, თბილისის არქიტექტურის სამსახურის, შპს ,,ა-ის” და ინდ. საწარმო ,,კ-ოს” მიმართ და თბილისის არქიტექტურის სამსახურის 26.09.2001წ. ¹დიზ-43 ბრძანების, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის – სახელმწიფო სანიტარული ზედამხედვეობის ინსპექციის 24.12.2001წ ¹20-1/05-2706 წერილის ბათილად ცნობა და ჟ. ხ-თვის ....... ქ. ¹6-ში მდებარე მის კუთვნილ ფართში სასურსათო მაღაზიის ფუნქციონირების შეწყვეტის, კანონდარღვევით გაჭრილი მაღაზიის კარების გაუქმების და ფანჯრის ღიობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის დავალება მოითხოვეს.
მოსარჩელეთა განმარტებით, თბილისის არქიტექტურის სამსახურის 26.09.2001წ. ¹დიზ-43 ბრძანებით შეთანხმდა თბილისში, ....... ქ. ¹6-ში მოქ. ჟ. ხ-ის კუთვნილ საცხოვრებელ ფართში ფანჯრის ღიობში კარების ჩაჭრის პროექტი, სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის 24.12.2001წ ¹20-1/05-2706 წერილით მოქ. ჟ. ხ-ეს ნება დაერთო თბილისში, ...... ქ. ¹6-ში გამოყოფილ ფართში სასურსათო მაღაზიის მოწყობაზე. ჟ. ხ-ის მიერ თბილისში, ...... ქ. ¹6-ში მდებარე მის კუთვნილ ფართში ფანჯრის ღიობის გადაკეთება, კარების გაჭრა მოხდა მოსარჩელეების (........ ქ. ¹6-ში მცხოვრები პირების) თანხმობის გარეშე. მოსარჩელეები თვლიან, რომ კედელი, რომელშიც ფანჯრის ნაცვლად მოწყობილ იქნა კარები, წარმოგადგენს საყრდენ კედელს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 112-ე მუხლის თანახმად, კორპუსში მცხოვრები სხვა მესაკუთრეების თანასაკუთრებაა. ფანჯრის ღიობის გადაკეთებით, შენობის გარეგნული სახის შეცვლით შეილახა სხვა მესაკუთრეების (მოსარჩელეების) საკუთრების უფლება. საყრდენი კედელი, რომელიც საგრძნობლად არის გადაწეული კიდევ მეტად ავარიული გახდა კარების გაჭრის გამო, არსებობს ხანძრის გაჩენის საშიშროება. მაღაზიის ფუნქციონირებით ირღვევა მოსარჩელეთა საყოფაცხოვრებო პირობები, არის საშინელი ხმაური, მაღაზია განთავსებულია საძინებელი ოთახების ქვემოთ.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 26.03.02წ განჩინებით საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის – თბილისის არქიტექტურის სამსახურის (თბილისის მთავარი არქიტექტორის) 26.09.01წ ¹დიზ-43 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე და გაგრძელდა მისი განხილვა.
იმავე სასამართლოს 26.03.02წ მეორე განჩინებით ქ. თბილისის მერიის ინსპექციის 24.12.01წ ¹20-1/05-2706 წერილის ბათილად ცნობის და თბილისში, ........ ქ. ¹6-ში მდებარე ჟ. ხ-ის კუთვნილ ფართში სასურსათო მაღაზიის ფუნქციონირების შეწყვეტისა და კანონდარღვევით გაჭრილი მაღაზიის კარების გაუქმების შესახებ სასარჩელო მოთხოვნების განხილვა შეჩერდა თბილისის არქიტექტურის სამსახურის (თბილისის მთავარი არქიტეტქტორის) 26.09.01წ ¹დი-43 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის განხილვამდე და გადაწვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 27.03.02წ გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის – თბილისის არქიტექტურის სამსახურის (თბილისის მთავარი არქიტექტორის) 26.09.01წ ¹დი-43 ბრძანება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინიტსრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 09.06.03წ ¹3ბ/334 განჩინებით ჟ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 27.03.02წ გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 03.12.03წ განჩინებით ჟ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის საოლქო სასამათლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 09.06.03წ ¹3ბ/334 განჩინება.
თბილისის საოლქო სასამრათლოს ადმინისრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 23.04.03წ ¹3ბ/334-03 განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება ს. მ-ის სარჩელზე, მისი გარდაცვალების გამო, აგრეთვე ო. კ-ის სარჩელზე, მის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
ჟ. ხ-ემ 21.01.04წ განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის არქიტექტურის სამსახურის (თბილისის მთავარი არქიტექტორის) 26.09.01წ ¹დიზ-43 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე დასრულებული საქმის წარმოების განახლება.
,,რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 14.11.1997წ ¹649 ბრძანებულებაში საქართველოს პრეზიდენტის 12.04.05წ ¹213 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, ჟ. ხ-ის 21.01.04წ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.06.07წ ¹2/5727 განჩინებით განახლდა თ. ჟ-ის და სხვათა სარჩელის გამო, მოპასუხეების ჟ. ხ-ის, თბილისის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის, შპს ,,ა-ის” და ინდ. საწარმო ,,კ-ოს” მიმართ, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის – სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის 24.12.01წ ¹20-1/05-2706 წერილის ბათილად ცნობისა და ჟ. ხ-ის კუთვნილ ფართში მაღაზიის ფუნქციონირების შეწყვეტისა და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ აღძრული საქმის წარმოება და განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. ჟ. ხ-ის განცხადება ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილიის საქალაქო სასამართლოს ადმინიტსრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.06.07წ ¹2/5727 განჩინებით ჟ. ხ-ის 21.01.04წ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, განსჯადობის წესის დაცვით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.02.08წ ¹3/2628-07 განჩინებით არ დაკმაყოფილდა ჟ. ხ-ის განცხადება თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 27.03.02წ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე. ამავე სასამართლოს 28.03.08წ. გადაწყვეტილებით ბთილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის _ სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ 24.12.01წ. წერილი, რომლითაც ჟ. ხ-ეს ნება დაერთო ქ. თბილისში, ...... ქ. ¹6-ში გამოყოფილ ფართში სასურსათო მაღაზიის მოწყობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.08წ განჩინებით ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის, მაღაზიის ფუნქციონირების შეწყვეტის, კანონდარღვევით გაჭრილი მაღაზიის კარების გაუქმების და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ აღძრულ ¹3/2628-07 ადმინისტრაციულ საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო მოსარჩელეების მოთხოვნა ჟ. ხ-ის მიმართ ქ. თბილისში, ...... ქ. ¹6-ში მდებარე ფართში სასურსათო მაღაზიის ფუნქციონირების შეწყვეტისა და კანონდარღვევით გაჭრილი მაღაზიის კარების გაუქმების, ფანჯრის ღიობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ და გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სასამართლოებს შორის სარჩელის განსჯადობის გამო დავის გადასაწყვეტად.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნები სასურსათო მაღაზიის ფუნქციონირების შეწყვეტისა და კანონდარღვევით გაჭრილი მაღაზიის კარების გაუქმების, ფანჯრის ღიობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივი შინაარსის დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნებს. სარჩელი მოტივირებულია იმით, რომ თბილისში ....... ქ. ¹6-ში მდებარე ფართში სასურსათო მაღაზიის ფუნქციონირებით ირღვევა მათი საბინაო და საყოფაცხოვრებო პირობები, მაღაზიის ფუნქციონირება იწვევს ხმაურს, ანტისანიტარიას, ფანჯრის ღიობის კარებად გადაკეთება საფრთხეს უქმნის შენობის საყრდენ კედელს, მთლიანი შენობის მდგრადობას. სასამართლოს აზრით, უდავოა, რომ ეს სასარჩელო მოთხოვნები ემსახურება მოსარჩელეების, როგორც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრეების, სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების (საკუთრების უფლების, ჯანმრთელობისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების) დაცვას, ეს სასარჩელო მოთხოვნები მიმართულია მოპასუხე ფიზიკური პირის – ჟ. ხ-ის და არა რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ. სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან მოსარჩელე ფიზიკური პირების სასარჩელო მოთხოვნები თავისი არსით სამოქალაქო-სამართლებრივია და ამ მოთხოვნათა სუბიექტია ფიზიკური პირი, დავა განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. კერძოდ, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ბინის მესაკუთრის მიერ მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული, აგრეთვე ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამოყენების წესები და პირობები, ასეთ მრავალბინიან სახლებში თანამესაკუთრეთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტების _ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის ნორმებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დავა გამომდიარეობს კერძო სამართლის კანონმდებლოლბიდან, სასარჩელო მოთხოვნათა საფუძვლიანობა უნდა შემოწმდეს და დავა უნდა გადაწყდეს კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტების ნორმებზე დაყრდნობით, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
საქართევლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დადგენილია, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, მათ შორის _ სამოქალაქო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს შორის.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამრთლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების მოსაზრებების შესწავლის შედეგად თვლის, რომ სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.03.08წ განჩინებით ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის, მაღაზიის ფუნქციონირების შეწყვეტის, კანონდარღვევით გაჭრილი მაღაზიის კარების გაუქმების და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ ადმინისტრაციულ საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო მოსარჩელეების მოთხოვნა ჟ. ხ-ის მიმართ, თბილისში, ....... ქ. ¹6-ში მდებარე ფართში სასურსათო მაღაზიის ფუნქციონირების შეწყვეტისა და კანონდარღვევით გაჭრილი მაღაზიის კარების გაუქმების, ფანჯრის ღიობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ. ადმინისტრაციულმა კოლეგიამ მიიჩნია, რომ დავა სამოქალაქო კოლეგიის განსჯადი იყო, ვინაიდან დავა არ გამომდინარეობდა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობები, წარმოქმნილი თბილისის არქიტექტურის სამსახურის 26.09.01წ. ბრძანების, აგრეთვე სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის 24.12.01წ. ¹20-1/05-2706 წრილის ბათილად ცნობის მოთხოვნებთან დაკავშირებით განხილულია დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 27.03.02წ. გადაწყვეტილებით, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 09.06.03წ. განჩინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 03.12.03წ. განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.03.08წ. გადაწყვეტილებით. საკასაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნების დანარჩენი მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება სასურსათო მაღაზიის ფუნქციონირების შეწყვეტას და მაღაზიის კარების გაუქმებას, ფანჯრის ღიობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანას არ განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დადგენილი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მედ-11 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დადგენილია, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, მათ შორის – სამოქალაქო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს შორის.
სასარჩელო მოთხოვნები ემსახურება მოსარჩელეების, როგორც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრეების, სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების (საკუთრების უფლების, ჯანმრთელობისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების) დაცვას, სასარჩელო მოთხოვნები მიმართულია მოპასუხე ფიზიკური პირის – ჟ. ხ-ის მიმართ. საქმეში მხარედ არ გამოდის რომელიმე ადმინისტრაციული ორგანო. შესაბამისად, რადგან მოსარჩელე ფიზიკური პირების სასარჩელო მოთხოვნები თავისი არსით სამოქალაქო-სამართლებრივია, მოთხოვნები წაყენებული აქვს ფიზიკურ პირს, დავა განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
მრავალბინიან სახლებში ქონების გამოყენების წესები და პირობები, თანამესაკუთრეთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტების _ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის ნორმებით, რომალთა გამოყენებით უნდა იქნას შემოწმებული სასარჩელო მოთხოვნათა საფუძვლიანობა და განისაზღვროს სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დავა განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შესაბამისად დავის დარჩენილი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს. ამდენად საქმე განსჯადობის წესების დაცვით უნდა დაექვემდებაროს და განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ჟ-ის და სხვათა სასარჩელო განცხადება სასურსათო მაღაზიის ფუნქციონიების შეწყვეტისა და მაღაზიის კარების გაუქმების, ფანჯრის ღიობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ განსჯადობით დაექვემდებაროს და განსახილველად გადაეცეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.