Facebook Twitter

ბს-587-563(გ-08) 12 ივნისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე

ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ ლ. ს.-ე (წარმომადგენელი – ზ. ი.-ი)

მოპასუხე – ნოტარიუსი ნ. ხ.-ი

დავის საგანი – სასამართლოთა შორის განსჯადობა

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ს.-მ 2008 წლის 31 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ნოტარიუს ნ. ხ.-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 2008 წლის 21 მარტის ¹21/03/08-01 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე – მოპასუხის დავალდებულება – გამოსცეს პ. კ.-ს (ქორწინებამდე ფ.-ს) სამემკვიდრეო მოწმობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 მაისის განჩინებით ლ. ს.-ის სასარჩელო განცხადება განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას იმ მოტივით, რომ მოცემული დავის საგანს წარმოადგენდა ნოტარიუსის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომელიც არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სასამართლომ მიუთითა, რომ ნოტარიუსის მიერ შესასრულებელი სანოტარო მოქმედების შინაარსის სამართლებრივი საფუძველი მოცემულ შემთხვევაში არის სამოქალაქო სამართლის ნორმები მემკვიდრეობის შესახებ. ფორმალური თვალსაზრისით ნოტარიუსი ყოველთვის ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში ნოტარიუსის ქმედება სამოქალაქო სამართლის ნორმებითაა დეტერმინირებული, რაც დავის საგნობრივ განსჯადობის განსასაზღვრად გადამწყვეტი გარემოებაა. სასამართლომ მიუთითა, რომ “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილი ნოტარიუსის დადგენილებას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის თაობაზე განიხილავს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, მაგრამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტის მოთხოვნაც უნდა იქნეს გათვალისწინეული, რომლის თანახმად ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი. სასამართლომ ჩათვალა, რომ, ნოტარიუსის მხოლოდ ის გადაწყვეტილება (დადგენილება) ჩაითვლება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 მაისის განჩინებით აღიძრა დავა განსჯადობასთან დაკავშირებით. კოლეგიამ მიიჩნია, რომ სარჩელი განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რადგან მოსარჩელე არ ითხოვდა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებას და არ არის დავა სამკვიდროს გაყოფაზე. ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნოტარიატი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა პირებს შორის სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში სამართლებრივ ურთიერთობათა და იურიდიული ფაქტების დადასტურება. იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. სასამართლოს მოსაზრებით, ნოტარიუსის საქმიანობა სახელმწიფოებრივი, ანუ საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებაა და შესაბამისად, მისი საქმიანობა ადმინისტრაციული კანონმდებლობით რეგულირებას ექვემდებარება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტია, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის Yთქმის შესახებ; ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ნოტარიუსის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონიერება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში სანოტარო ბიუროს ადგილსამყოფლის მიხედვით, ადმინისტრაციული საპროცესო კანანომდებლობით დადგენილი წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ს.-ის წარმომადგენლის სარჩელი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაეს სასამართლოს უნდა გადაეგზავნოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ს.-ის სარჩელი წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯად დავას, რის გამოც საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა სასამართლოების ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც გამომდინარეობს საჯარო, კონკრეტულად კი, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

განსახილველ შემთხვევაში სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ნოტარიუსის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ნოტარიუსის დავალდებულება, გასცეს სამკვიდრო მოწმობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნოტარიუსის მიერ მის უფლებამოსილებაში შემავალი საკითხის გადაწყვეტაზე უარი არ წარმოადგენს დავის ცალსახად ადმინისტრაციული სამართალწარმოებისადმი დაქვემდებარების საფუძველს. ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის ¹2359 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ნოტარიუსის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ მართალია, მიჩნეულია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და მისი კანონიერების თაობაზე წარდგენილი სარჩელი ექვემდებარება ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრებას, მაგრამ, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაუშვებელია, წარმოდგენილი მუხლის ცალსახა განმარტება და უნდა ჩაითვალოს, რომ ესა თუ ის აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მაშინ, თუ იგი პასუხობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,დ” პუნქტით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, აქტი გამოცემული უნდა იყოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული აქტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ნოტარიუსის უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, ვერ ჩაითვლება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად.

ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს განმარტოს, რომ მსგავსი კატეგორიის დავების გადაწყვეტისას არსებითი ყურადღება უნდა მიექცეს დავის საგანს, კერძოდ, ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმა ემყარება სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებს, თუ დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დავის საგანი _ ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარი _ ემყარება სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებს და იგი ვერ განიხილება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით დეფინირებულ, ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნოტარიუსის გადაწყვეტილება (დადგენილება) სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ არ შეიცავს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ზემომითითებულ ელემენტს, რის გამოც, დავა ფიზიკურ პირსა და ნოტარიუსს შორის, როგორც სამოქალაქო, კერძოდ, სამემკვიდრეო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე, არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით განსახილველ დავათა კატეგორიას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დავა განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე, მუხლებით და

დაადგინა:

1. ლ. ს.-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.