Facebook Twitter

ბს-591-565(გ-08) 24 ივლისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ ლ. ს-ე (წარმომადგენელი _ ზ. ი-ი)

მოპასუხე _ ნოტარიუსი ნ. ხ-ი

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 18 აპრილს ლ. ს-ემ (წარმომადგენელი _ ზ. ი-ი) სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ნოტარიუს ნ. ხ-ის მიმართ და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 23-ე და 24-ე მუხლების საფუძველზე, მოითხოვა ა. ა-ის სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის ნოტარიუს ნ. ხ-ის 2008 წლის 21 მარტის ¹21/03/08-02 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის ¹2359 ბრძანებით დამტკიცებული “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ა. ა-ის (ქორწინებამდე ფეოდოროვას) სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოპასუხისთვის დავალება.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენდა მის უფლებას, მისი დიდი ბებიის _ ა. ა-ის (ქორწინებამდე ფ-ას) სამკვიდროს გახსნის სანოტარო ორგანოში სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით მიემართა ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადებით და ამ განცხადების სამემკვიდრეო საქმეთა სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის გზით, მიეღო მისი დიდი ბებიის სამკვიდრო, რაშიც უნდა ყოფილიყო გამოხატული და სადაც უნდა ყოფილიყო იგი, რაც ადასტურებდა მის მიერ დიდი ბებიის სამკვიდროს მიღების ფაქტობრივ გარემოებას. ხსენებული კოდექსის 1499-ე მუხლი ადგენდა და იცავდა მოსარჩელის უფლებას, მოპასუხისაგან, როგორც მისი დიდი ბებიის სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოსაგან, მიეღო მისი დიდი ბებიის _ ა. ა-ის სამემკვიდრეო უფლების დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის ¹2359 ბრძანებით დამტკიცებული ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონით დადგენილ მტკიცებულებას და დაადასტურებდა მის უფლებებს მისი დიდი ბებიის _ ა. ა-ის სამკვიდროზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტების თანახმად, წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 2008 წლის 25 იანვარს მოსარჩელის წარმომადგენელმა მოპასუხის მოვალეობის შემსრულებელს წარუდგინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განცხადება და ამ განცხადების საფუძველზე მოითხოვა სანოტარო მოქმედების შესრულება. 2008 წლის 25 იანვარს მოპასუხის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზემოაღნიშნული ინსტრუქციის დებულებების დაცვით, შეასრულა მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მოთხოვნილი სანოტარო მოქმედება და სამემკვიდრეო საქმეთა სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციით, “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის თანახმად, მის განცხადებას მიანიჭა შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის ნომერი _ ¹2-15, რითაც იმავე ინსტრუქციის მე-2 მუხლისა და “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, ა. ა-ის სამკვიდროს მოსარჩელის მიერ მემკვიდრეობით მიღების ფაქტს მიანიჭა უდავო მტკიცებულებითი ხასიათი, რაც ადასტურებდა ა. ა-ის (ქორწინებამდე ფეოდოროვას) სამკვიდროს მოსარჩელის მიერ მემკვიდრეობით მიღების ფაქტობრივ გარემოებას და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის ¹2359 ბრძანებით დამტკიცებული ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამკვიდრო მოწმობის გაცემა წარმოადგენდა მოპასუხის ფუნქციასა და ვალდებულებას.

მოსარჩელის მტკიცებით, მიუხედავად უდავოდ დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა, მოპასუხემ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ზემოხსენებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტითა და მე-60 მუხლით გათვალისწინებულ სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უსაფუძვლოდ განაცხადა უარი, რითაც დაარღვია ზემოთ მოყვანილი სამართლებრივი აქტებით დაცული მისი უფლებები.

მოსარჩელის განმარტებით, მოცემული სასარჩელო განცხადება შეტანილი იყო უფლებამოსილ სასამართლოში, რადგან მოპასუხე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, იყო ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება, თავისი შინაარსით _ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის ¹2359 ბრძანებით დამტკიცებული ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებას _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რის გამოც აღნიშნული სასარჩელო განცხადება იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადი, სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოს ადგილსამყოფელის გათვალისწინებით. ამდენად, მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ დაარღვია “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის ¹2359 ბრძანებით დამტკიცებული ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციით დაცული მისი უფლებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 მაისის განჩინებით ლ. ს-ის წარმომადგენელ ზ. ი-ის სასარჩელო განცხადება ა. ა-ის სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის ნოტარიუს ნ. ხ-ის 2008 წლის 21 მარტის ¹21/03/08-02 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ა. ა-ის (ქორწინებამდე ფ-ას) სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალდებულების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებული იყო სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიებს, კერძოდ, ადგენდა, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი,¸ანუ რომელი საქმეები შეიძლებოდა განხილულიყო ადმინისტრაციული იურისდიქციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში. ამასთან, ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისათვის არსებითი და გადამწყვეტი იყო ისეთი ნორმატიული ელემენტი, როგორიც იყო დავის გამომდინარეობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ ნოტარიუსის მიერ შესასრულებელი სანოტარო მოქმედების შინაარსის სამართლებრივი საფუძველი მოცემულ შემთხვევაში იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კერძო-სამართლებრივი ნორმები მემკვიდრეობის შესახებ. ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის გზით, ნოტარიუსის მიერ სრულდებოდა სანოტარო მოქმედება, რომლის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები. შინაარსობრივად, ნოტარიუსის მოქმედება სწორედ აღნიშნული ნორმებით იყო დეტერმინირებული, რაც გადამწყვეტი იყო დავის საგნობრივი განსჯადობის განსასაზღვრად, თუმცა, ფორმალური თვალსაზრისით, სანოტარო მოქმედების მეშვეობით, ნოტარიუსი ყოველთვის ახორციელებდა სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ნოტარიუსის დადგენილებას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ, განიხილავდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რომლის კანონიერება შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო სასამართლოში ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც არ განაპირობებდა მოცემული დავის ადმინისტრაციული კატეგორიის დავად მიჩნევას. აუცილებელი იყო აღნიშნული ნორმის სწორი ინტერპრეტაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტთან ერთობლიობაში, რომელიც იძლეოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნებას. ხსენებული ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნეოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. ამდენად, ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუსის მხოლოდ ის დადგენილება ჩაითვლებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რომელიც გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. განსახილველ შემთხვევაში კი, სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუსის დადგენილება ემყარებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებს და აქედან გამომდინარე, მისი კანონიერების შემოწმება უნდა მომხდარიყო სამოქალაქო სამართალწარმოების საფუძველზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 მაისის განჩინებით ლ. ს-ის წარმომადგენელ ზ. ი-ის სარჩელი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საკასაციო სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ნოტარიუსის 2008 წლის 21 მარტის ¹21/03/08-02 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, აგრეთვე, ა. ა-ის სამკვიდრო მოწმობის გაცემისა და მისი მოსარჩელისათვის გადაცემის შესახებ ნოტარიუსის დავალდებულება, ანუ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ნოტარიუსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მისთვის ქმედების განხორციელების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემული დავა არ გამომდინარეობდა სამოქალაქო კანონმდებლობიდან, რადგან მოსარჩელე არ ითხოვდა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებას, იგი არ იყო დავა სამკვიდროს გაყოფაზე და დავა არ შეიძლებოდა განხილულიყო სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად. ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიატი იყო საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანა იყო პირებს შორის სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში სამართლებრივ ურთიერთობათა და იურიდიული ფაქტების დადასტურება. იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალი იყო და სანოტარო მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებდა სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. ამდენად, ნოტარიუსის საქმიანობა სახელმწიფოებრივი, ანუ საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებად მიიჩნეოდა და შესაბამისად, მისი საქმიანობა ადმინისტრაციული კანონმდებლობით რეგულირებას ექვემდებარებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებდა, ცვლიდა, წყვეტდა ან ადასტურებდა პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლებოდა, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა სამართლებრივი შედეგები. “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ, წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონიერება შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო სასამართლოში სანოტარო ბიუროს ადგილსამყოფელის მიხედვით, ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლებოდა ყოფილიყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლებოდა ყოფილიყო ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განხორციელება წარმოადგენდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ს-ის წარმომადგენელ ზ. ი-ის სასარჩელო განცხადება ა. ა-ის სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის ნოტარიუს ნ. ხ-ის 2008 წლის 21 მარტის ¹21/03/08-02 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ა. ა-ის (ქორწინებამდე ფეოდოროვას) სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალდებულების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯად დავას წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ლ. ს-ის წარმომადგენელ ზ. ი-ის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს ა. ა-ის სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის ნოტარიუს ნ. ხ-ის 2008 წლის 21 მარტის ¹21/03/08-02 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ა. ა-ის (ქორწინებამდე ფეოდოროვას) სამკვიდრო მოწმობის გაცემის ქ. თბილისის ნოტარიუს ნ. ხ-ის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტში მოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, ანუ თუ სამართლებრივი აქტი გამოცემულია კერძო სამართლის საფუძველზე, აღნიშნული აქტი არ ჩაითვლება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს აღნიშნული ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო _ ადმინისტრაციული აქტის ავტორი; სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან; ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ელემენტები არა ალტერნატიული, არამედ კუმულაციური სახით არის რეგლამენტირებული. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტი მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, როდესაც იგი სრულად შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სავალდებულო რეკვიზიტებს, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა, სამართლებრივად, გამორიცხავს კონკრეტული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ ნოტარიუსის მიერ შესასრულებელი სანოტარო მოქმედების შინაარსის სამართლებრივი საფუძველი მოცემულ შემთხვევაში არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კერძო-სამართლებრივი ნორმები მემკვიდრეობის შესახებ და ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის გზით, ნოტარიუსის მიერ სრულდება სანოტარო მოქმედება, რომლის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რაც გადამწყვეტია დავის საგნობრივი განსჯადობის განსასაზღვრად, თუმცა, ფორმალური თვალსაზრისით, სანოტარო მოქმედების მეშვეობით, ნოტარიუსი ყოველთვის ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოტივაციას, რომ ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ნოტარიუსის დადგენილებას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ, განიხილავს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რომლის კანონიერება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც არ განაპირობებს მოცემული დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევას, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი და ამდენად, ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუსის მხოლოდ ის დადგენილება ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. აღნიშნული მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილია, თუ რა შეიძლება იყოს სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისათვის არსებითი და გადამწყვეტია სწორედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული ნორმატიული ელემენტი _ დავის გამომდინარეობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. კონკრეტულ დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა მის სამართლებრივ ბუნებას არ განსაზღვრავს, არამედ გადამწვეტი მნიშვნელობა სადავო სამართალურთიერთობის ხასიათსა და დავის საგანს ენიჭება. კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ა-ის სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის ნოტარიუს ნ. ხ-ის 2008 წლის 21 მარტის ¹21/03/08-02 გადაწყვეტილება არ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რადგან იგი გამომდინარეობს არა ადმინისტრაციული სამართლის, არამედ სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობიდან. განსახილველ შემთხვევაში, სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, ანუ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუს ნ. ხ-ის 2008 წლის 21 მარტის ¹21/03/08-02 გადაწყვეტილება ემყარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებს და აქედან გამომდინარე, მისი კანონიერების შემოწმება უნდა მოხდეს სამოქალაქო სამართალწარმოების საფუძველზე. სამემკვიდრეო ურთიერთობები რეგულირებულია სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობით და შესაბამისად, ისინი წესრიდგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეექვსე წიგნი მთლიანად ეთმობა მემკვიდრეობის სამართალს. ამ კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1499-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოსაგან მოითხოვონ სამკვიდროს მოწმობა. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამკვიდრო მოწმობის მიღება სავალდებულოა. ამ შემთხვევაში მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში სამართლებრივ საფუძვლად სწორედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლზე მიუთითა. შესაბამისად, მოცემული დავა ფიზიკურ პირსა და ნოტარიუსს შორის დაკავშირებულია სამოქალაქო, კერძოდ, სამემკვიდრეო სამართალურთიერთობასთან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “ნოტარიატის შესახებ” კანონი ნოტარიუსის სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, განსაზღვრავს ნოტარიუსის უფლებამოსილებას, უარი თქვას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, კერძოდ, ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს ის გარემოება, რომ სანოტარო მოქმედების შესრულება ეწინააღმდეგება კანონს ან სხვა სამართლებრივ აქტებს. შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ მის უფლებამოსილებაში შემავალი საკითხის გადაწყვეტაზე უარი არ განაპირობებს მოცემული დავის ადმინისტრაციული კატეგორიის დავად მიჩნევას. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის ნოტარიუსმა ნ. ხ-მა 2008 წლის 21 მარტის ¹21/03/08-02 გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა სწორედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1320-ე მუხლითა და “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლი განსაზღვრავს, თუ ვინ შეიძლება იყვნენ მემკვიდრეები, ხოლო ამავე კოდექსის 1320-ე მუხლი ადგენს, თუ რა ითვლება სამკვიდროს გახსნის დროდ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაც სასამართლოებისადმი სამოქალაქო საქმეთა უწყებრივი დაქვემდებარების განსაზღვრის პრინციპად დავის შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობას აღიარებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავა სწორედ სამოქალაქო ურთიერთობიდან წარმოშობილი და შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დავაა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ. ს-ის წარმომადგენელ ზ. ი-ის სასარჩელო განცხადება ა. ა-ის სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის ნოტარიუს ნ. ხ-ის 2008 წლის 21 მარტის ¹21/03/08-02 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ა. ა-ის (ქორწინებამდე ფ-ას) სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალდებულების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ს-ის წარმომადგენელ ზ. ი-ის სასარჩელო განცხადება ა. ა-ის სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის ნოტარიუს ნ. ხ-ის 2008 წლის 21 მარტის ¹21/03/08-02 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ა. ა-ის (ქორწინებამდე ფ-ას) სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალდებულების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.