ბს-610-580(გ-07) 24 ივლისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის დავა განსჯადობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
... საზოგადოებამ (GEშAP) სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე რესტორან “კ...ის” მიმართ და მოითხოვა საავტორო ჰონორარების შეგროვებისა და განაწილებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის კანონისმიერი ვალდებულების შესრულების დავალება და მუსიკალური ნაწარმოებების ტექსტით ან ტექსტის გარეშე უნებართვოდ საჯარო შესრულების, როგორც ცოცხლად, ისე მექანიკური ჩანაწერების გამოყენებით, რადიოს, ტელევიზიის მეშვეობით, აკრძალვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 10 აგვისტოს განჩინებით ... საზოგადოების სარჩელი რესტორან “კ...ის” მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეცა რაიონულ სასამართლოს მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
... საზოგადოება, რომელიც კავშირის სახით რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით იგი უფლებამოსილია ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლებების ობოექტის მოსარგებლეებისაგან მოითხოვოს ყველა იმ დოკუმენტის წარდგენა, რომელიც შეიცავს ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლებების ობიექტის გამოყენების შესახებ ზუსტ ცნობებს, რაც აუცილებელია ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემული სარჩელი წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ დავას და განხილულ უნდა იყოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით (იხ. ს.ფ. 4-6).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 მაისის განჩინებით საქმე სასამართლოთა შორის განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის _ ... საზოგადოების სარჩელისა გამო, დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაცული კანონმდებლობიდან. ვინაიდან, სარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც განეკუთვნება კერძო სამართლის სფეროში მოქმედი საკანონმდებლო აქტების წრეს, კერძოდ, კანონი აწესრიგებს მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს შორის თანასწორობასა და ავტონომიურობაზე დაფუძნებულ კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებს.
სასამართლომ არ გაიზიარა მსჯელობას იმის შესახებ, რომ რადგან მოსარჩელე ახორციელებს “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ უფლებამოსილებას, იგი აღნიშნულით იმავდროულად ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას, შესაბამისად, მოსარჩელე წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს.
ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ... საზოგადოება, იქმნება და ფუნქციონირებს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებს შორის ერთმანეთთან დადებული კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების საფუძველზე, კერძოდ, აღნიშნული პირები აკისრებენ და ანიჭებენ რა ერთმანეთს შემხვედრ უფლებებსა და ვალდებულებებს, თანხმდებიან, როგორ დაიცვან და განახორციელონ ერთმანეთის უფელებები სხვა, მესამე პირებთან ურთიერთობაში. ამ სახელშეკრულებო ურთიერთობაში სახელმწიფოს როლი იმით ამოიწურება, რომ მან “საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ" საქართველოს კანონის შემოღებით კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტებს შესთ-ოს ურთიერთობის რეგულირების სპეციფიური წესი, რომლის გამოყენებაც დამოკიდებულია საავტორო ან/და მომიჯნავე უფლების მფლობელი ინდივიდების ნებაზე. შესაბამისად, ... საზოგადოების შექმნა და ფუნქციონირება არ ნიშნავს მისთვის სახელმწიფოს რომელიმე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით საჯარო უფლებამოსილების დელიგირებას.
შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განმარტებით, ... საზოგადოება არც ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით და არც საქმიანობის შინაარსით არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, მოსარჩელე თავისი წევრების საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დასაცავად არ იყენებს სახელმწიფოს მხრიდან დალეგირებულ საჯარო უფლებამოსილებას. მოსარჩელეს “საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოქმედებათა განხორციელების უფლება მინიჭებული აქვს კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების საფუძველზე თავად კავშირის წევრების და არა სახელმწიფოს მიერ. მოსარჩელესა და რესტორან “კ...ს" შორის დავა არ გამომდინარებს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ... საზოგადოების სარჩელიდან გამომდინარე დავა, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა" პუნქტისა, უნდა გადაწყდეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, კერძო სამართლის ნორმებზე დაყრდნობით (იხ. ს.ფ. 23-25).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განსჯადობის თაობაზე თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიისა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მოსაზრებების გაცნობის შედეგად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, როგორც ზემდგომი სასამართლო, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ... საზოგადოების სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯად სამოქალაქო დავას წარმოადგენს, შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიის მსჯელობას და დასკვნას მოცემული დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევის თაობაზე, რამდენადაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს, აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით მოწესრიგებულია.
ამავე კოდექსის 2.2. მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს მითითებულს და განსაზღვრავს თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს.
ყველა აღნიშნულ დავაში პროცესის ერთ-ერთ სუბიექტს აუცილებლად წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე მოპასუხედ დასახელებულია რესტორანი “კ...ი”, რომელიც წარმოადგენს ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის შესაბამისად დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს. მოცემულ დავაში, ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოადგენს არც მოსარჩელე - ,,... საზოგადოება", რომელიც რეგისტრირებულია კავშირის სახით და მისი საქმიანობის მიზანს წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა რეალიზაცია და დაცვა, ვერ იქნება გაზიარებული სამოქალაქო კოლეგიის მსჯელობა რომ მხარეები არ არიან კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთთან, და რომ მათი ურთიერთობა არ არის პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის და მოსარჩელე თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საჯარო-სამართლებრივად.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" კანონის 64.4. მუხლის საფუძველზე იმ დოკუმენტაციის წარდგენის დავალდებულება, რაც საჭიროა საავტორო ჰონორარების შეგროვებისა და განაწილებისათვის. საავტორო უფლებების დასაცავად მოსარგებლისაგან ჰონორარების შეგროვებისა და განაწილებისათვის დოკუმენტის წარმოდგენის მოთხოვნის უფლება არ არის საჯარო-სამართლებრივი ხასიათის, განსახილველ შემთხვევაში კანონმდებლობის მიერ სადავო სამართალურთიერთობების მხარეების გარკვეული უფლება-მოვალეობებით აღჭურვა ემსახურება ავტორთა ქონებრივი უფლებების დაცვას და არ ადასტურებს ურთიერთდაქვემდებარებაზე დამყარებული ურთიერთობების არსებობას. “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონით მოწესრიგებული ურთიერთობების სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათი დასტურდება აგრეთვე სამოქალაქო კოდექსის მე-4 წიგნის (“ინტელექტუალური საკუთრობის სამართალი) 1017-ე მუხლით, რომლის მიხედვით საავტორო სამართლით მოწესრიგებული საავტორო ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების, აგრეთვე ზოგიერთი მათი მომიჯნავე უფლებების დაცვა ხორცილდება “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სამართალურთიერთობას არ გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი არცერთი ელემენტი, რის გამოც არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლით განსაზღვრული წინაპირობა, დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ორგანული კანონის “საერთო სასამართლოების შესახებ” მე-15 მუხლის მიხედვით საოლქო სასამართლოებში I ინსტანციით საქმის განმხილველ ადმინისტრაციულ და სამოქალაქო კოლეგიების განსჯადი საქმეები განსახილველად დაექვემდებარა შესაბამის რაიონულ /საქალაქო/ სასამართლოებს სსსკ-ის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ საერთო განსჯადობის მიხედვით. შესაბამისად, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადი სამოქალაქო საქმეები განსახილველად გადაეცა შესაბამის რაიონულ /საქალაქო/ სასამართლოებს, რის გამოც საქმე განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ამდენად, განსახილველი დავა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო სარჩელს და იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
... საზოგადოების სარჩელი რესტორან “კ...ის” მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას; საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს; წინამდებარე განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.