ბს-612-582(გ-07) 26 ივლისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 31 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა თ. მ-მ მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სამუშაოდან გათავისუფლების არაკანონიერად აღიარება, მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2006 წლის 8 სექტემბრის ¹01-582/პ ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იგი 1975 წლიდან მუშაობდა მოპასუხე დაწესებულებაში. მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით 2006 წლის 4 სექტემბერს ჯერ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, შემდეგ კი იმავე დღეს დაინიშნა აღნიშნული ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის სამსახურის ... თანამდებობაზე. სამუშაოზე დანიშვნიდან ოთხ დღეში, ანუ 2006 წლის 8 სექტემბერს გამოიცა ბრძანება დაკავებული თანამდებობიდან თ. მ-ის გათავისუფლების შესახებ. ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლი. გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, უცნობია შრომის ხელშეკრულების მოშლის საფუძველი. ბრძანებაში არასწორადაა მითითებული შრომის კოდექსის ნორმა. მისი გამოცემისას დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან თ. მ-ს არ მიუღია რაიმე შეტყობინება ხელშეკრულების მოშლის თაობაზე. ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელობას დარღვეული აქვს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნაც, რომლის მიხედვით, გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება, რადგან 2006 წლის 4 სექტემბრიდან 8 სექტემბრამდე არავითარი გარემოება არ შეცვლილა, რაც გავლენას იქონიებდა თ. მ-ის გათავისუფლების საკითხზე. დარღვეულია ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რადგან თ. მ-ს გააჩნდა კანონიერი ინნტერესი იმისა, რომ სათანადო საფუძვლით ყოფილიყო შეწყვეტილი მასთან არსებული შრომის ხელშეკრულება (ს.ფ. 2-7).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 დეკემბრის სხდომაზე მოპასუხე სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გადაცემის შესახებ იმ მოტივით, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, მაგრამ ბიუროს თანამშრომლები არ წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს და მათთან შრომითი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს შრომის კოდექსით. ამდენად, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და მის თანამშრომლებს შორის შრომითი ურთიერთობა წარმოადგენდა კერძოსამართლებრივ ურთიერთობას (ს.ფ. 48).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, თ. მ-ის სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებით, მოსარჩელე თ. მ-ე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნული იყო და გათავისუფლდა საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად. კერძოდ, სადავო ბრძანებაში ქიმიური ექსპერტიზის სამსახურის ...ის თ. მ-ის გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის 38-ე მუხლი, ხოლო შრომის კოდექსი არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობას.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, რადგან ამისათვის სხვა საფუძვლებთან ერთად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის პირველი წინადადების თანახმად, აუცილებელია რომ სამართლებრივი აქტი გამოცემული იყოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით, ვინაიდან თ. მ-ის სარჩელის მოთხოვნები გამომდინარეობდა მხარეთა შორის არსებული კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებიდან, დავის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო შესაბამისი ურთიერთობების მარეგულირებელი სამოქალაქო ნორმები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმე განხილული უნდა ყოფილიყო უფლებამოსილი სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით (ს.ფ. 50-51).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 მარტის განჩინებით სარჩელი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგი საფუძვლებით:
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თ. მ-ე 2006 წლის 8 სექტემბრამდე მუშაობდა სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის სამსახურის ...ის თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის 2006 წლის 8 სექტემბრის ¹01-582/პ ბრძანებით. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს ¹70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების თანახმად, სამინისტროს მმართველობის სფეროს ერთ-ერთ ძირითად ამოცანას და კომპეტენციას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ორგანიზება წარმოადგენს. სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო კი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, კერძოდ, “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს ¹70 დადგენილებით დამტკიცებული დასახელებული დებულების პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სამთავრობო დაწესებულებაა, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ასრულებს კანონით განსაზღვრულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. ამავე დებულების მე-4 მუხლის “ჟ” პუნქტის მიხედვით, სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება სასამართლო ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ორგანიზება, ხოლო მე-5 მუხლის “ძ” პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს უფლებამოსილებას განეკუთვნება კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლო ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ორგანიზება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 4 სექტემბრის ¹705 ბრძანებით დამტკიცებულია ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულება, რომელშიც განსაზღვრულია ბიუროს მიზნები და ფუნქციები, აღნიშნული დებულებიდან ცხადია, რომ სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსაგან დელეგირებული აქვს მისი უფლებამოსილებანი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ორგანიზების სფეროში.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, ადმინისტრაციულ ორგანოდ ჩაითვლება ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამდენად, თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე, უდავოა, რომ სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო არის ადმინისტრაციული ორგანო.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელის განსჯადობის განსაზღვრისას ყურადღება უნდა მიექცეს არა გასაჩივრებულ ბრძანებაში მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული კანონმდებლობის სახეობას, არამედ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის კანონმდებლობა, რის საფუძველზეც შეიძლებოდა გასაჩივრებული ბრძანების გამოცემა. ზემოთ დასახელებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ბიუროს უფროსი უფლებამოსილია სამუშაოზე მიიღოს და გაათავისუფლოს ბიუროს თანამშრომლები, გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მხედველობაშია მისაღები ამავე დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ბიუროს უფროსის მოადგილეს, ბიუროს უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე თ. მ-ე გათავისუფლდა ქიმიური ექსპერტიზის სამსახურის ...ის თანამდებობიდან. ბიუროს უფროსის მიერ გასაჩივრებული ბრძანების საფუძველს წარმოადგენს ის ნორმატიული აქტი, რომელსაც ეყრდნობა, როგორც ბიუროს, ასევე მისი უფროსის უფლებამოსილება და საქმიანობა. ბიუროს უფროსი გასაჩივრებული ბრძანების გამოცემისას ხელმძღვანელობდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი ნორმებით, ვინაიდან დასახელებული კოდექსი სახელმძღვანელოა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის (განსხვავებით კერძო სამართლის იურიდიული პირისაგან), როგორც ადმინისტრაციული ორგანოსათვის (ს.ფ. 76-81).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. მ-ის სარჩელი განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
სარჩელის დავის საგანია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლის _ ქიმიური ექსპერტიზის სამსახურის ...ის სამუშაოდან გათავისუფლების არაკანონიერად აღიარება, მისი აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა. სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული კატეგორიის დავას.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, დავას არ განაკუთვნებს ადმინისტრაციულსამართლებრივს, რამდენადაც ამისათვის განმსაზღვრელია სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას. იმავდროულად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ მისი ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ყველა ბრძანება, მათ შორის, ბრძანება მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი. ამდენად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მხოლოდ ის ბრძანება, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და იწვევს სამართლებრივ შედეგს. ამ შემთხვევაში თ. მ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის ბრძანება არ არის გამოცემული ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და არც სადავო ურთიერთობა წარმოადგენს თავისი შინაარსით ადმინისტრაციულ სამართლებრივს.
ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობას, რომ თ. მ-სა და მის დამქირავებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შორის შრომითი ურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, ამ შემთხვევაში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონიდან და ამ ურთიერთობიდან გამომდინარე დავაც ვერ გადაწყდება აღნიშნული კანონის საფუძველზე.
მართალია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის შესაბამისად, საჯაროსამართლებრივი ინსტიტუტია და, იმავდროულად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე განეკუთვნება ადმინისტრაციულ ორგანოს, მაგრამ მისი თანამშრომლის მიმართ ყოველთვის ვერ გავრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ნორმები. მითითებული კანონის პრეამბულაში განსაზღვრულია კანონის რეგულირების სფერო, კერძოდ, აღნიშნული კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია იმ სახელმწიფო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელშიც სამსახური ითვლება საჯარო სამსახურად. ამ ჩამონათვალში საჯარო სამართლის იურიდიული პირი გათვალისწინებული არ არის. მოსარჩელის თანამდებობა, როგორც საჯარო მოხელისა, არ არის მითითებული არც საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში. ამასთან, მოსარჩელის თანამდებობა, რომელიც არ განეკუთვნება უშუალოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელ თანამდებობას, არც ფუნქციურად შეიძლება გაუთანაბრდეს საჯარო მოსამსახურეს. ამდენად, მოსარჩელე ვერ ჩაითვლება საჯარო მოსამსახურედ და, შესაბამისად, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის სუბიექტად. ვერც მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანება მიიჩნევა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლში მითითებულ ადმინისტრაციულ აქტად.
საკასაციო სასამართლო შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ თ. მ-ის სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერების შეფასებისას გამოყენებულ უნდა იქნეს კერძო სამართლის კანონმდებლობა _ შრომის კოდექსი, რომელიც არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ წესრიგდება სხვა სპეციალური კანონით. თ. მ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების სამართლებრივი საფუძველიც სწორედ შრომის კოდექსის ნორმებია. სადავო აქტით შეწყვეტილია კერძოსამართლებრივი შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობა, ერთი მხრივ, ადმინისტრაციულ ორგანოსა და, მეორე მხრივ, ფიზიკურ პირს შორის და ამ ურთიერთობაში, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. მ-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართ განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.