Facebook Twitter

ბს-616-586(გ-07) 25 ივლისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ლაზარაშვილი

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შორის დავა განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 29 ივლისს ი. კ-მ, ც. ხ-მ, ს. ხ-მა, ნ. ა-მ, კ. თ-მ, ლ. შ-მა, ე. მ-მ, გ. მ-მა, ნ. წ-მა, ბ. მ-მა, ნ. ქ-მ, მ. ს-მ, ნ. ც-მ, თ. ბ-მ, ნ. კ-მ, ლ. ჯ-მ, ლ. ხ-მ, ი. ქ-მა და ვ. ა-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ “საქტელერადიომაუწყებლობის” მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდნენ, რომ იყვნენ სსიპ “საქტელერადიომაუწყებლობის” თანაშრომლები. სამსახურში აყვანილი იყვნენ განუსაზღვრელი ვადით და შესაბამისად, მათი სამსახურიდან გათავისუფლებისას ადმინისტრაციას უნდა ეხელმძღვანელა შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლით, ვინაიდან მითითებული ნორმა განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს და მასში ჩამოთვლილია მთელი რიგი პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ადმინისტრაციის ინიცატივით შრომითი ხელშეკრულების - კონტრაქტის მოშლა. 2004 წლის 5 ივლისიდან გათავისუფლდნენ სამსახურიდან შრომის კანონთა კოდექსის 30.1. მუხლის “ვ” პუნქტის შესაბამისად. შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების საფუძვლად მითითებულია 2004 წლის 29 ივნისის აქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სსიპ “საქტელერადიომაუწყებლობის” მუშაკებს გადაეცათ წერილი ახალ პირობებში მუშაობის გაგრძელების თაობაზე და შრომის ხელშეკრულება ხელმოსაწერად, რასაც არ დაეთანხმნენ და უარი განაცხადეს ხელმოწერაზე.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 მარტის ¹236 განკარგულებით შეიქმნა საქტელერადიომაუწყებლობის დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებლობად გარდაქმნის უზრუნველსაყოფად საზოგადოებრივი მონიტორინგის დროებითი კომისია, რომელსაც უნდა შეემუშავებინა შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები მართვის სრულყოფისა და საკადრო ოპტიმიზაციის, ინსტიტუციური და ფუნქციონალური რეფორმების თაობაზე. ამავე განკარგულების მე-4 პუნქტის თანახმად, კომისიას უნდა მოეხდინა საქართველოს მოსახლეობის სისტემატური ინფორმირება სსიპ “საქტელერადიომაწყებლობის” რეფორმის მიმდინარეობის შესახებ. განკარგულების უზრუნველსაყოფად “მაუწყებლის” თავმჯდომარის მიერ მიღებულ იქნა ბრძანება. აღნიშნული ბრძანება, მოსარჩელეთა განმარტებით, სრულად შეესაბამება კანონმდებლობით და განკარგულებით დადგენილ მოთხოვნებს და მუშაკთა სამსახურიდან გათავისუფლება სწორედ ამ ბრძანების შესაბამისად მოხდა, მაგრამ რეორგანიზაციის ბრძანება საკადრო ოპტიმიზაციის გარდა ითვალისწინებდა “საქტელერადიომაუწყებლობის” მართვის სრულყოფას, რეფორმების განხორციელებას, რისი რეკომენდაციები და პროექტები ტელევიზიის თანამშრომლებს, მიუხედავად მათი მოთხოვნისა, ადმინისტრაციამ არ გააცნო.

მოსარჩელეთა განმარტებით, მათ წერილი ახალ პირობებში მუშაობის გაგრძელების შესახებ არ გადასცემიათ, ამასთან არც ხელშეკრულება გადაეცათ ხელმოსაწერად. მათი გათავისუფლება მოხდა შრომის კანონთა კოდექსის 30.1. “ვ” პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან აღნიშნული ნორმა არ შეცავს ტერმინს “შრომის ახალი პირობები”, ასევე განუსაზღვრელი ვადით აყვანილი მუშაკების გადაყვანა განსაზღვრულ ვადიან კონტრაქტზე არ გულისხმობს სხვა სამუშაოზე გადაყვანას, რამდენადაც სხვა სამუშაოზე გადაყვანა ნიშნავს სხვა საქმიანობის შესრულებას და არა ვადიან ხელშეკრულებაზე გადაყვანას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვდნენ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.

2004 წლის 28 დეკემბერს რაიონულ სასამართლოში წარდგენილ დაზუსტებულ სარჩელში მოსარჩელეებმა მოითხოვეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, მოსარჩელეების წინანდელ თანამდებობაზე აღდგენა, ხოლო ასეთის არარსებობის პირობებში მათი ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომის კანონთა კოდექსის 207-ე, 208-ე, 209-ე და 314-ე მუხლების თანახმად, ვინაიდან მოპასუხის მიერ მათი სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაირღვა ამავე კოდექსის მე-19, 26-ე, 30-ე, 37-ე, 37I.1. და 422-ე მუხლების მოთხოვნები. მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს ხელფასის ანაზღაურება 4930 ლარის, ჰონორარის _ 11100 ლარის, სულ - 16030 ლარის ოდენობით.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. კ-ის, ც. ხ-ს, ს. ხ-ის, ნ. ა-ის, კ. თ-ის, ლ. შ-ის, ე. მ-ის, გ. მ-ის, ნ. წ-ის, ბ. მ-ის, ნ. ქ-ის, მ. ს-ის, ნ. ც-ის, თ. ბ-ის, ნ. კ-ის, ლ. ჯ-ის, ლ. ხ-ს, და ვ. ა-ს სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. კ-ემ, ც. ხ-მ, ს. ხ-მა, ნ. ა-მ, კ. თ-მ, ლ. შ-მა, ე. მ-მ, გ. მ-მა, ნ. წ-მა, ბ. მ-მა, ნ. ქ-მ, მ. ს-მ, ნ. ც-მ, თ. ბ-მ, ნ. კ-მ, ლ. ჯ-მ, ლ. ხ-მ და ვ. ა-მ, რომლებმაც მოითხოვეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 5 მაისის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1. მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ტურიზმის პროფესიული კავშირი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით ი. კ-ის, ც. ხ-ს, ს. ხ-ის, ნ. ა-ის, კ. თ-ის, ლ. შ-ის, ე. მ-ის, გ. მ-ის, ნ. წ-ის, ბ. მ-ის, ნ. ქ-ის, მ. ს-ის, ნ. ც-ის, თ. ბ-ის, ნ. კ-ის, ლ. ჯ-ის, ლ. ხ-ს და ვ. ა-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. კ-ის, ც. ხ-ს, ს. ხ-ის, ნ. ა-ის, კ. თ-ის, ლ. შ-ის, ე. მ-ის, გ. მ-ის, ნ. წ-ის, ბ. მ-ის, ნ. ქ-ის, მ. ს-ის, ნ. ც-ის, თ. ბ-ის, ნ. კ-ის, ლ. ჯ-ის, ლ. ხ-ს და ვ. ა-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. კ-მ, ც. ხ-მ, ს. ხ-მა, ნ. ა-მ, კ. თ-მ, ლ. შ-მა, ე. მ-მ, გ. მ-მა, ნ. წ-მა, ბ. მ-მა, ნ. ქ-მ, მ. ს-მ, ნ. ც-მ, თ. ბ-მ, ნ. კ-მ, ლ. ჯ-მ, ლ. ხ-მ და ვ. ა-მ, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 1 აგვისტოს განჩინებით ი. კ-ის, ც. ხ-ს, ს. ხ-ის, ნ. ა-ის, კ. თ-ის, ლ. შ-ის, ე. მ-ის, გ. მ-ის, ნ. წ-ის, ბ. მ-ის, ნ. ქ-ის, მ. ს-ის, ნ. ც-ის, თ. ბ-ის, ნ. კ-ის, ლ. ჯ-ის, ლ. ხ-ს და ვ. ა-ს წარმომადგენლის გ. მ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განჩინებით ი. კ-ის, ც. ხ-ს, ს. ხ-ის, ნ. ა-ის, კ. თ-ის, ლ. შ-ის, ე. მ-ის, გ. მ-ის, ნ. წ-ის, ბ. მ-ის, ნ. ქ-ის, მ. ს-ის, ნ. ც-ის, თ. ბ-ის, ნ. კ-ის, ლ. ჯ-ის, ლ. ხ-ს და ვ. ა-ს სააპელაციო საჩივარი განსახილველად გადეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა განჩინებაში მიუთითებდა: მიუხედავად იმისა, რომ სსიპ ,,საქტელერადიომაუწყებლობა" ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, მისი ხელმძღვანელობის მიერ გამოცემული ყველა ბრძანება არ განეკუთვნება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით რეგლამენტირებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კატეგორიას, ვინაიდან, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში; ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში.

,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახაზინო დაწესებულება არის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებზე შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითად ამოცანას საჯარო ხელისუფლების განხორციელება წარმოადგენს. ამავე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომელში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,საქტელერადიომაუწყებლობა" კი, აღნიშნულ ნუსხაში არ იმყოფება. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების დროს შეწყდა კერძო სამართლებრივი, შრომითი ურთიერთობა ერთის მხრივ, ადმინისტრაციულ ორგანოსა და მეორე მხრივ - ფიზიკურ პირებს შორის, რომლის კანონიერების შეფასების უფლებამოსილება გააჩნია სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს, რამდენადაც სწორედ მითითებული კერძო სამართლის კანონმდებლობა არეგულირებს საქართველოში მცხოვრებ მუშაკთა შრომით ურთიერთობებს საწარმოსთან, დაწესებულებასთან და ორგანიზაციასთან (მიუხედავად მისი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) შრომით კანონთა კოდექსის პირველი მუხლის შესაბამისად.

თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაც საქმეთა განსაზღვრის პრინციპად აღიარებს არა დავის სუბიექტებს, არამედ, სამართლებრივ ურთიერთობას, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგერთვე, იურიდიულ პირებს შორის.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კონკრეტული დავა სწორედ სამოქალაქო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავაა და მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, დავას არ განაკუთვნებს ადმინისტრაციულ კატეგორიას, რამდენადაც ერთ-ერთ განმსაზღვრელ ელემენტს დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობა წარმოადგენს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-19 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამუშაოზე მიღება ფორმდება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის ბრძანებით (განკარგულებით).

ადმინისტრაციულმა პალატამ განმარტა, რომ საჯარო დაწესებულებები რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობით არ მიიჩნევა საჯარო სამსახურად, შრომით სამართლებრივ ურთიერთობებს ამყარებენ კერძოსამართლებრივი საკანონმდებლო აქტის - შრომის კანონთა კოდექსის საფუძველზე, ისევე როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები.

შრომით კანონთა კოდექსის ზემოთმითითებული ნორმით სამუშაოზე მიღებისას ადმინისტრაციის ბრძანების ფორმის დადგენა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგავარად, რომ გადაწყვეტილების მიღების ამ ფორმას კანონმდებელი განაკუთვნებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კერძო და საჯარო სამართლის დოქტრინის შესაბამისად, შრომის კანონთა კოდექსი არ განეკუთვნება საჯაროსამართლებრივ საკანონმდებლო აქტს, შესაბამისად, იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ კანონმდებლობას და მის საფუძველზე გამოცემული აქტები არ შეიცავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთ-ერთ აუცილებელ ელემენტს - არ არის გამოცემული ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და 2007 წლის 22 მაისის განჩინებით ი. კ-ის, ც. ხ-ს, ს. ხ-ის, ნ. ა-ის, კ. თ-ის, ლ. შ-ის, ე. მ-ის, გ. მ-ის, ნ. წ-ის, ბ. მ-ის, ნ. ქ-ის, მ. ს-ის, ნ. ც-ის, თ. ბ-ის, ნ. კ-ის, ლ. ჯ-ის, ლ. ხ-ს და ვ. ა-ს სააპელაციო საჩივარი სსიპ ,,საქტელერადიომაუწყებლობის” მიმართ განსჯადობის დავის გადასაწყვეტად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ ი. კ-ის, ც. ხ-ს, ნ. ა-ისა და სხვათა სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯად სამოქალაქო დავას წარმოადგენს, შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელმა განსაზღვრა რა საჯარო მოხელის სტატუსი, ზუსტად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა ის საფუძვლები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში იძენს ეს უკანასკნელი ამგვარ სტატუსს. საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი განიხილება როგორც კერძო სამართლის სუბიექტი, რამდენადაც კანონმდებელმა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრა საჯარო მოსამსახურის ცნება, რომლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში. ამდენად, კანონმდებლობით განისაზღვრა ის პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში პირი იძენს საჯარო მოსამსახურის სტატუსს. ამდენად, დაუშვებელია იმ პირის საჯარო მოსამსახურედ მიჩნევა, რომელიც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-2 მუხლში რეგლამენტირებულ საჯარო სამსახურის განმარტების ლეგალურ დეფინიციაში არ თავსდება.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებას, იმის თაობაზე, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არ შედის რა “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ იმ სახელმწიფო დაწესებულებების ჩამონათვალში, რომლებში სამსახურიც ითვლება საჯარო სამსახურად, ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელის თანამდებობა არ არის რეგისტრირებული საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში, არ არის განმსაზღვრელი იმის, რომ პირის საქმიანობა ადმინისტრაციულ ორგანოში (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) არ ჩაითვალოს საჯარო სამსახურად, ხოლო ასეთი საქმიანობის განმახორციელებელი პირი საჯარო მოსამსახურედ.

შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კერძოსამართლებრივ ურთიერთობას წარმოადგენს, მაგრამ იმავდროულად, კანონმდებლის მიერ საჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება უზრუნველყოფილ იქნა საჯარო შრომით-სამართლებრივი ნორმატიული აქტით _ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით. სწორედ მითითებული კანონმდებლობით ხდება საჯარო მოხელისათვის საჯაროსამართლებრივი კომპეტენციის გადაცემა და შესაბამისად, იმ შეღავათების მინიჭება და გარანტიებით აღჭურვა, რაც კანონით გათვალისწინებულია საჯარო მოხელისათვის.

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრი განსაზღვრავს საჯარო თანამდებობათა ნუსხას, რანგირებას ახდენს საჯარო მოხელეების, რაც კიდევ ერთი საკანონმდებლო დადასტურებაა საჯარო მოხელეთათვის სტატუსთან მიმართებაში. სასამართლოს განმარტება, რომ რეესტრი არ არის ამომწურავი არ ნიშნავს, რომ საკანონმდებლო სივრცის არასრულობის გამო შესაძლებელია სასამართლომ შეავსოს განმარტების საფუძველზე ეს სივრცე და სსიპ-ის რიგით თანამშრომლებს მიანიჭოს ამგვარი სტატუსი, რამდენადაც სასამართლო აღჭურვილი ნორმის განმარტების და არა ნორმაშემოქმედების უფლებამოსილებით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, ის გარემოება, რომ სსიპ “საქტელერადიომაუწყებლობა” ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. “ა” მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, მოცემულ სამართალურთიერთობას არ განაკუთვნებს ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას, რამდენადაც კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სამართალურთიერთობას არ გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტი _ დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რის გამოც არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან, რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას, რომლის განხილვის კომპეტენციაც გააჩნია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. კ-ის, ც. ხ-ს, ნ. ა-ისა და სხვათა სააპელაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ ,,საქტელერადიომაუწყებლობის’’ მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.