Facebook Twitter

ბს-648-620(გ-08) 24 ივლისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ ი. გ-ე

მოპასუხეები: 1. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია; 2. ბ. გ-ი; 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახური

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 9 დეკემბერს ი. გ-ემ სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების _ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის, ბ. გ-სა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, რუსთავის საქალაქო სასამართლო განიხილავდა საქმეს ი. გ-ის სარჩელის გამო, მოპასუხე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის _ მიწის ნაკვეთის გამოთხოვის შესახებ. მოპასუხემ წარადგინა შესაგებელი და თანდართული მტკიცებულებები, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულება, დადებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიასა და ბ. გ-ს შორის, ასევე ბ. გ-ის სახელზე შედგენილი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა. აღნიშნული მტკიცებულებებიდან ირკვეოდა, რომ ამ კომპანიამ შეიძინა ¹394 450 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილი _ 431,64 კვ.მ. წარმოდგენილ საკადასტრო რუკაზე დატანილი იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის სამშენებლო დერეფანი და იმის მიხედვით, თუ რა ფართობი ესაჭიროებოდა ხსენებულ კომპანიას სამშენებლო დერეფნისთვის, შეიძინა იგი. აღნიშნული საკადასტრო რუკის მიხედვით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი იმავე სამშენებლო დერეფანში საერთოდ არ მოჰყვა და თუნდაც გაევლო მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე ამ სამშენებლო დერეფანს, იგი სულ გადაკვეთდა დაახლოებით 1,3 კვ.მ ფართობს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული საკადასტრო რუკის საფუძველზე, დარეგისტრირდა 431,64 კვ.მ მიწის ნაკვეთი ხსენებული კომპანიის სახელზე, ხოლო ბ. გ-ს დაურეგისტრირდა დარჩენილი 18,36 კვ.მ მიწა, რაც არასწორი იყო, რადგან ზემოხსენებულ საქმეზე სასამართლოს მიერ ჩატარებული ადგილზე დათვალიერების დროს მოწვეულმა სპეციალისტმა _ გეოდეზისტ-ტოპოგრაფმა განახორციელა გადაზომვა საჯარო რეესტრში არსებული რუკით (შედგენილი 1994 წელს), რომლითაც მოხდა მიწების დანაწილება და რომელიც წარმოადგენდა საწყის რუკას (დედანს), რომლითაც გაირკვა მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობა და დადგინდა, რომ სამშენებლო დერეფანმა მოსარჩელის მიწის ნაკვეთი გადაკვეთა და შეადგინა 90 კვ.მ (მიწის ნაკვეთი ¹286, საკადასტრო რუკაზე _ ¹341). აღნიშნული იმას ნიშნავდა, რომ საჯარო რეესტრის მიერ გაცემულ საკადასტრო რუკაზე დაშვებული იყო უხეში შეცდომა, რადგან მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობა შეცვლილი იყო. რეალურად, ბ. გ-ს მოსარჩელის მიწის ნაკვეთის მეზობლად საკუთრებაში გააჩნდა 450 კვ.მ მიწის ნაკვეთი და იგი გადაკვეთა სამშენებლო დერეფანმა, მაგრამ იმავე საკადასტრო რუკაზე დაშვებული შეცდომის გამო, 90 კვ.მ ფართობი არასწორად იყო დატანილი ნახაზზე და გამოდიოდა, რომ ხსენებულმა კომპანიამ მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ნაწილი _ 71,64 კვ.მ ფართობით შეიძინა ბ. გ-ან, ხოლო ბ. გ-ს დარჩა 18,64 კვ.მ ფართობი, რომელიც ასევე მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენდა.

მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში საკადასტრო რუკაზე დაშვებული შეცდომის გამო, მისი მიწის ნაკვეთი განკარგა, გაასხვისა ბ. გ-მა და იგი შეიძინა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიამ, აღნიშნული გარიგება კი ეწინააღმდეგებოდა კანონს, რადგან დარღვეული იყო მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის, უფლებები. საჯარო რეესტრიდან შესაბამისი ამონაწერი და საკადასტრო რუკა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენდა ადმინისტრაციულ აქტებს, რომლებიც უშუალოდ ეხებოდა მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს და ზიანს აყენებდა მას, როგორც მესაკუთრეს _ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსს, რადგან ხელყოფდა მის საკუთრების უფლებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიასა და ბ. გ-ს შორის ¹394 მიწის ნაკვეთზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ _ 71,64 კვ.მ ფართობის ნაწილში ბათილად ცნობა; ¹394, ¹395 (¹342) მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრიდან 2004 წლის 23 იანვრის ამონაწერისა და ბ. გ-ის სახელზე გაცემული საკადასტრო რუკის ბათილად ცნობა; ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის სახელზე ¹394 (¹342) მიწის ნაკვეთზე გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერისა და საკადასტრო რუკის ბათილად ცნობა; ¹395 (¹342) მიწის ნაკვეთზე ბ. გ-ის სახელზე გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერისა და საკადასტრო რუკის ბათილად ცნობა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის, ი. გ-ის სარჩელის გამო, მოპასუხე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის _ მიწის ნაკვეთის უკან გამოთხოვის შესახებ და მოცემული სარჩელის გამო საქმის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის შესაბამისად, ერთ წარმოებად გაერთიანება, რადგან მათი გაერთიანებით დავა უფრო სწრაფად და სწორად გადაწყდებოდა.

ი. გ-ემ დაზუსტებული სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიასა და ბ. გ-ს შორის ¹394 მიწის ნაკვეთზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ _ 71,64 კვ.მ ფართობის ნაწილში ბათილად ცნობა; ¹394, ¹395 (¹342) მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრის ჩანაწერისა და ბ. გ-ის სახელზე გაცემული საკადასტრო რუკის ბათილად ცნობა; ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის სახელზე ¹394 (¹342) მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრის ჩანაწერისა და საკადასტრო რუკის ბათილად ცნობა; ¹395 (¹342) მიწის ნაკვეთზე ბ. გ-ის სახელზე საჯარო რეესტრის ჩანაწერისა და საკადასტრო რუკის ბათილად ცნობა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურისთვის ზუსტი ჩანაწერების ხელახლა რეგისტრაციისა და ზუსტი საკადასტრო რუკების შედგენის დავალება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 თებერვლის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი განსაზღვრავდა საერთო განსჯადობის წესს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინებოდა მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით. ძირითადი მოპასუხე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის იურიდიული მისამართი იყო ქ. თბილისი, .... ქუჩა ¹38, ასევე ქ. თბილისში იყო თანამოპასუხე ბ. გ-ის საცხოვრებელი ადგილიც.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 თებერვლის განჩინებით საქმე ი. გ-ის სარჩელის გამო, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის, ბ. გ-ისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ, განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლო იყო არაგანსჯადი სასამართლო, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთზე უფლებასთან დაკავშირებული დავები შეიძლებოდა შეტანილიყო სასამართლოში უძრავი ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით იქნა მიღებული სარჩელი წარმოებაში, ხოლო იმავე კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადი იყო, ეკუთვნოდა მოსარჩელეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 თებერვლის განჩინებით ი. გ-ის სასარჩელო განცხადება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის, ბ. გ-ისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინებოდა ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო იმავე კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ დავა ეხებოდა უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, სარჩელი შეიძლებოდა შეტანილიყო სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხეებს წარმოადგენდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია, ბ. გ-ი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახური, რის გამოც რუსთავის საქალაქო სასამართლო წარმოადგენდა განსჯად სასამართლოს, რამდენადაც სარჩელი წარდგენილ იქნა ერთ-ერთი მოპასუხის (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახური) იურიდიული მისამართის მიხედვით, მით უფრო, რომ სადავო მიწის ნაკვეთი (უძრავი ქონება) მდებარეობდა ქ. რუსთავში. შესაბამისად, რუსთავის საქალაქო სასამართლო წარმოადგენდა განსჯად სასამართლოს იმ შემთხვევაშიც, თუ მოსარჩელის მიერ სარჩელი წარდგენილ იქნა უძრავი ქონების ადგილსამყოფელის მიხედვით. ამასთან, ხსენებული კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადი იყო, ეკუთვნოდა მოსარჩელეს, რაც ამ შემთხვევაში განხორციელდა მოსარჩელე ი. გ-ის მიერ რუსთავის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით განიხილებოდა დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. რამდენადაც მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომელიც დადებული იყო კერძო სამართლის იურიდიულ და ფიზიკურ პირს შორის და წარმოადგენდა სამოქალაქო გარიგებას, საქმე ამ ნაწილში უნდა განხილულიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა რეგულირდებოდა სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობით და მასზე ვრცელდებოდა სამოქალაქო სამართლის შესაბამისი ნორმები, რის გამოც მითითებული მოთხოვნის მიმართ დაუშვებელი იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმების გამოყენება.

2005 წლის 22 თებერვალს ი. გ-ის წარმომადგენელმა ვასილ ტიტვინიძემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას და მოითხოვა საქმის, ი. გ-ის სასარჩელო განცხადების გამო, მოპასუხეების _ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის, ბ. გ-სა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ და საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობის შესახებ და საქმის, ი. გ-ის სასარჩელო განცხადების გამო, მოპასუხე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, ერთ წარმოებად გაერთიანება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 22 თებერვლის განჩინებით ი. გ-ის წარმომადგენელ ვ. ტ-ის ზემოაღნიშნული შუამდგომლობა განსჯადობის მიხედვით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 6 დეკემბრის განჩინებით დადგინდა მოცემული საქმის განხილვა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25-26 იანვრის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის, ბ. გ-ისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25-26 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. აპელანტმა ასევე მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 6 დეკემბრის განჩინების გაუქმება, რომლითაც დადგინდა ამ საქმის განხილვა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

აპელანტმა აღნიშნა, 2005 წლის 6 დეკემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიღებულ იქნა განჩინება, რომლითაც დადგინდა, რომ საქმე უნდა განხილულიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რაც უკანონო იყო, რადგან გასაჩივრებული იყო არა მარტო ნასყიდობის ხელშეკრულება, არამედ საჯარო რეესტრის ჩანაწერებიც, რომელთა რეგისტრაცია მოხდა მოპასუხე კომპანიისა და რაც მთავარი იყო, მოპასუხე სარეგისტრაციო სამსახურის შეცდომით, ანუ გასაჩივრებული იყო სარეგისტრაციო სამსახურის ქმედება და მისგან ითხოვდა რეგისტრაციის სწორად განხორციელებას, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქმე განიხილა არაგანსჯადმა სასამართლომ და მოცემული საქმე ამ ნაწილში უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

ი. გ-ის წარმომადგენელმა მ. პ-ამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა: ბ. გ-ის სახელზე საჯარო რეესტრის მიერ ¹394 და ¹395 მიწის ნაკვეთების საკუთრებად აღრიცხვის თაობაზე საჯარო რეესტრის ჩანაწერის და საკადასტრო რუკის ბათილად ცნობის, ამ თვალსაზრისით, ზუსტი ჩანაწერის რეგისტრაციისა და ზუსტი საკადასტრო რუკის შედგენის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის გამოყოფა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისადმი დაქვემდებარება; ბ. გ-სა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიას შორის დადებული 2006 წლის 26 იანვრის ხელშეკრულების ნაწილობრივ და მისგან გამომდინარე შედეგების ბათილად ცნობის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნებზე სამოქალაქო საქმის წარმოების შეჩერება ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმის გადაწყვეტამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა ი. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განხილვა.

საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მისი სარჩელი შედგებოდა 3 სასარჩელო მოთხოვნისაგან: რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 23 იანვრის ორი უზუსტო ჩანაწერისა და უზუსტო საკადასტრო რუკის ბათილად ცნობა; ¹394 მიწის ნაკვეთზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიასა და ბ. გ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა 71,64 კვ.მ-ს ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურისათვის შესაბამისი ზუსტი ჩანაწერების ხელახლა რეგისტრაციისა და ზუსტი საკადასტრო რუკების შედგენის დავალება. აღნიშნულ მოთხოვნათაგან პირველი მათგანის სამართლებრივი საფუძველი იყო მითითებული ჩანაწერების შეუსაბამობა ქ. რუსთავის მერიის ¹47-22/14.04.92 განკარგულებასა და ამ განკარგულების საფუძველზე შედგენილ ტოპოგრაფიულ რუკასთან, იგი მიმართული იყო მოპასუხეების _ რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურისა და ბ. გ-ის მიმართ, ანუ აღნიშნული მოთხოვნა წარმოადგენდა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე მოთხოვნას, რის გამოც მასზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა იყო საგნობრივად არაგანსჯადი სასამართლო. მოსარჩელის მესამე მოთხოვნაც, რომელიც უმეტესწილად გამომდინარეობდა მისი პირველი მოთხოვნიდან, მიმართული იყო რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ _ შეიცავდა ამ სამსახურისათვის საკადასტრო რუკების შედგენის დავალებას. ამ შემთხვევაში არ შეიძლებოდა იმავე სამსახურს ავტომატურ რეჟიმში დავალებოდა, ცვლილებები შეეტანა შესაბამის ჩანაწერში, თუ დადგინდებოდა, რომ რეგისტრირებული სანივთო უფლების საფუძველი _ ნივთზე დადებული ხელშეკრულება იყო უკანონო, უსწორო და ბათილი. რაც შეეხებოდა მოსარჩელის მესამე მოთხოვნას, მასზე გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო მისი სხვა მოთხოვნების ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის გარეშე.

საჩივრის ავტორის _ ი. გ-ის წარმომადგენელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის სხდომაზეც მიუთითა ზემოაღნიშნულ სამ სასარჩელო მოთხოვნასა და განსჯადობასთან დაკავშირებულ მოსაზრებაზე. იმავე სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის _ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის წარმომადგენელი არ დაეთანხმა საჩივრის ავტორის წარმომადგენლის ხსენებულ მოსაზრებას განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინებით ¹2ბ-1212-06 სამოქალაქო საქმეზე აპელანტის (მოსარჩელის) მოთხოვნა საჯარო რეესტრის ჩანაწერისა და საკადასტრო რუკის ბათილად ცნობის ნაწილში განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005 წლის 21 თებერვლის განჩინებით განიხილა დავა განსჯადობის შესახებ ი. გ-ის სარჩელის გამო, მოპასუხეების _ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურისა და ბ. გ-ის მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, ადმინისტრაციული აქტების (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა) ბათილად ცნობის შესახებ და იგი განსჯადობის შესაბამისად, გადაუგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, ამასთან, მიუთითა, რომ მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომელიც დადებული იყო კერძო სამართლის იურიდიულ და ფიზიკურ პირს შორის და წარმოადგენდა სამოქალაქო გარიგებას, რომელიც რეგულირდებოდა სამოქალაქო კანონმდებლობით და მასზე ვრცელდებოდა სამოქალაქო სამართლის შესაბამისი ნორმები, რის გამოც ამ ნაწილში დაუშვებელი იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმების გამოყენება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლსა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ აპელანტის (მოსარჩელე) მოთხოვნა, ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობასთან ერთად, შეეხებოდა, აგრეთვე, საჯარო რეესტრის ჩანაწერებისა და საკადასტრო რუკის ბათილად ცნობას, იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრმა ჩანაწერების რეგისტრაცია განახორციელა შეცდომით, ანუ იგი ასაჩივრებდა საჯარო რეესტრის ქმედებას და მისგან ითხოვდა სწორი რეგისტრაციის განხორციელებას. აპელანტის (მოსარჩელე) აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობდა არა პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ურთიერთობებიდან, არამედ წარმოადგენდა საჯარო-სამართლებრივ დავას ფიზიკურ პირსა და ადმინისტრაციულ ორგანოს (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახური) შორის, იგი გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და მიმართული იყო განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახური) ქმედებისკენ, სწორი რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნით. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგანი იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება, კერძოდ, მის მიერ განხორციელებული ჩანაწერების შეუსაბამობა ქ. რუსთავის მერიის ¹47-22/14.04.92 განკარგულებასა და ამ განკარგულების საფუძველზე შედგენილ ტოპოგრაფიულ რუკასთან, რასაც პროცესუალურად პასუხობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული სამართალურთიერთობის ერთ-ერთ სუბიექტს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც გააჩნდა მმართველობითი ღონისძიებების განხორციელების შემდეგი სახეები _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რეალაქტი და ადმინისტრაციული ხელშეკრულება. მოცემულ შემთხვევაში მხარე ასაჩივრებდა რეალაქტს, ანუ ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებას, რომლის შეფასებისასაც სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების მაკვალიფიცირებელი ნორმების გამოყენება იქნებოდა კანონსაწინააღმდეგო, ვინაიდან სასამართლოს საქმის განხილვისას ყურადღება უნდა მიექცია იმისათვის, თუ რამდენად ლეგიტიმური იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის ქმედება. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტის (მოსარჩელე) მოთხოვნა წარმოადგენდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის “გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ დავას და იმის მხედველობაში მიღებით, რომ აღნიშნული დავის განსჯადობაზე უკვე იმსჯელა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005 წლის 21 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე უნდა გადაგზავნოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, მიუთითებს, რომ 2004 წლის 9 დეკემბერს ი. გ-ის მიერ რუსთავის საქალაქო სასამართლოში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის, ბ. გ-სა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ აღძრული სარჩელი არის კომბინირებული ხასიათის _ შეიცავს სამ სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნებია: რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2004 წლის 23 იანვრის უზუსტო ჩანაწერებისა და უზუსტო საკადასტრო რუკის ბათილად ცნობა; ამ თვალსაზრისით, ზუსტი ჩანაწერის რეგისტრაციისა და ზუსტი საკადასტრო რუკის შედგენის დავალება; ¹394 მიწის ნაკვეთზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიასა და ბ. გ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა 71,64 კვ.მ-ს ნაწილში, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის სასამართლოებს შორის დავა განსჯადობის შესახებ, კერძოდ, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ იმსჯელა და 2005 წლის 22 თებერვლის განჩინებით გადაწყვიტა ი. გ-ის სასარჩელო განცხადების, როგორც ტერიტორიული, ისე საგნობრივი განსჯადობა _ ი. გ-ის სასარჩელო განცხადება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის, ბ. გ-ისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს. ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ იმავე განჩინებაში მიუთითა, რომ, რამდენადაც მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომელიც დადებული იყო კერძო სამართლის იურიდიულ და ფიზიკურ პირს შორის და წარმოადგენდა სამოქალაქო გარიგებას, საქმე ამ ნაწილში უნდა განხილულიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა რეგულირდებოდა სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობით და მასზე ვრცელდებოდა სამოქალაქო სამართლის შესაბამისი ნორმები, რის გამოც მითითებული მოთხოვნის მიმართ დაუშვებელი იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმების გამოყენება. ამდენად, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005 წლის 22 თებერვლის განჩინებით მიიჩნია, რომ მოსარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა _ ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა _ უნდა განხილულიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ განსჯადობის თაობაზე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული სავალდებულო მითითების მიუხედავად, რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2005 წლის 6 დეკემბრის განჩინებით დაადგინა მოცემული საქმის განხილვა ყველა სასარჩელო მოთხოვნაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. რუსთავის საქალაქო სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 22 თებერვლის განჩინების მოტივაცია, რომლის თანახმადაც, მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში იყო საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველი (ტ. 1, ს.ფ. 28).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე ი. გ-ემ მოცემული დავის განსჯადობა სადავოდ გახადა სააპელაციო საჩივარშიც და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული იყო არა მარტო ნასყიდობის ხელშეკრულება, არამედ საჯარო რეესტრის ჩანაწერებიც, რომელთა რეგისტრაცია განხორციელდა მოპასუხე კომპანიისა და რაც მთავარია, მოპასუხე სარეგისტრაციო სამსახურის მიერ შეცდომით, ანუ გასაჩივრებული იყო სარეგისტრაციო სამსახურის ქმედება და მისგან ითხოვდა რეგისტრაციის სწორად განხორციელებას, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოცემული საქმე ამ ნაწილში უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ი. გ-ის წარმომადგენელმა მალხაზ პატარაიამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა: ბ. გ-ის სახელზე საჯარო რეესტრის მიერ ¹394 და ¹395 მიწის ნაკვეთების საკუთრებად აღრიცხვის თაობაზე საჯარო რეესტრის ჩანაწერის და საკადასტრო რუკის ბათილად ცნობის, ამ თვალსაზრისით, ზუსტი ჩანაწერის რეგისტრაციისა და ზუსტი საკადასტრო რუკის შედგენის დავალების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის გამოყოფა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისადმი დაქვემდებარება; ბ. გ-სა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიას შორის დადებული 2006 წლის 26 იანვრის ხელშეკრულების ნაწილობრივ და მისგან გამომდინარე შედეგების ბათილად ცნობის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნებზე სამოქალაქო საქმის წარმოების შეჩერება ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმის გადაწყვეტამდე. ამდენად, ი. გ-ის წარმომადგენელმა მ. პ-ამ სააპელაციო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მისი მარწმუნებლის _ ი. გ-ის სასარჩელო მოთხოვნების დიფერენცირება მათი საგნობრივი განსჯადობის მიხედვით, ანუ ადმინისტრაციული კატეგორიის სასარჩელო მოთხოვნების ცალკე წარმოებად გამოყოფა და მათი უფლებამოსილი სასამართლოსათვის _ ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის განსახილველად გადაცემა, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სამოქალაქო საქმის წარმოების შეჩერება ხსენებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხასიათის სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებული საქმის გადაწყვეტამდე.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ მიუხედავად ი. გ-ის წარმომადგენელ მ. პ-ას ზემოხსენებული შუამდგომლობისა, რომელიც შეესაბამება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 22 თებერვლის განჩინების მოტივაციას საგნობრივი განსჯადობის თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ისე გამოიტანა 2008 წლის 18 მარტს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო და უცვლელად დატოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება, რომ არ განიხილა ი. გ-ის წარმომადგენელ მ. პ-ას აღნიშნული შუამდგომლობა.

ი. გ-ემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარშიც გახადა სადავოდ მისი სასარჩელო მოთხოვნების განსჯადობა. მიუხედავად ი. გ-ისა და მისი წარმომადგენლის ზემოაღნიშნული მოსაზრებებისა და შუამდგომლობისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2008 წლის 27 მაისის განჩინებით ისე გადააგზავნა აპელანტის (მოსარჩელის) მოთხოვნა საჯარო რეესტრის ჩანაწერისა და საკადასტრო რუკის ბათილად ცნობის, ამ თვალსაზრისით, ზუსტი ჩანაწერის რეგისტრაციისა და ზუსტი საკადასტრო რუკის შედგენის დავალების ნაწილში განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში, რომ არ განუხილავს ხსენებული შუამდგომლობა და შესაბამისად, არც უმსჯელია ამ შუამდგომლობაში მითითებული სასარჩელო მოთხოვნების ცალკე გამოყოფასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისადმი მათ დაქვემდებარებაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. აღნიშნული მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილია, თუ რა შეიძლება იყოს სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისათვის არსებითი და გადამწყვეტია სწორედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული ნორმატიული ელემენტი _ დავის გამომდინარეობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ გადამწვეტი მნიშვნელობა სადავო სამართალურთიერთობის ხასიათსა და დავის საგანს ენიჭება. კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაც სასამართლოებისადმი სამოქალაქო საქმეთა უწყებრივი დაქვემდებარების განსაზღვრის პრინციპად დავის შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობას აღიარებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2008 წლის 18 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას არსებითად არ განუხილავს ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად, მოცემული საქმე და ხსენებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დააფუძნა მხოლოდ აპელანტის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგის განმსაზღვრელ საპროცესო საფუძველზე, რის გამოც საჩივრის ავტორმა _ ი. გ-ემ მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა, მათ შორის, რაც მთავარია, იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე მის შესაბამის სასარჩელო მოთხოვნებზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა იყო საგნობრივად არაგანსჯადი სასამართლო. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, პირველ რიგში, უნდა იმსჯელოს ამავე პალატის 2008 წლის 18 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებაზე ი. გ-ის საჩივარში ამ ნაწილში განსჯადი სასამართლოს შესახებ მოყვანილი საფუძვლების მიხედვით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დღეისათვის სასამართლოთა შორის დავა განსჯადობის შესახებ არ არსებობს, რის გამოც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის, ბ. გ-ისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ი. გ-ის სარჩელისა გამო საქმე საჯარო რეესტრის ჩანაწერებისა და საკადასტრო რუკის ბათილად ცნობის, ამ თვალსაზრისით, ზუსტი ჩანაწერის რეგისტრაციისა და ზუსტი საკადასტრო რუკის შედგენის დავალების ნაწილში ამ ეტაპზე უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შესაბამისი საპროცესო მოქმედებების შესასრულებლად და შემდგომში საქმის ამ ნაწილში განსჯადი _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის გადასაგზავნად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის, ბ. გ-ისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ი. გ-ის სარჩელისა გამო საქმე საჯარო რეესტრის ჩანაწერებისა და საკადასტრო რუკის ბათილად ცნობის, ამ თვალსაზრისით, ზუსტი ჩანაწერის რეგისტრაციისა და ზუსტი საკადასტრო რუკის შედგენის დავალების ნაწილში ამ ეტაპზე დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შესაბამისი საპროცესო მოქმედებების შესასრულებლად და შემდგომში საქმის ამ ნაწილში განსჯადი _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის გადასაგზავნად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.