¹ბს-651-623(გ-08) 26 ივნისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე
ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე – ნ. ბ.-ე
მოპასუხე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი
სატრანსპორტო ადმინისტრაცია
დავის საგანი – სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ბ.-მ 2007 წლის 19 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 2007 წლის 13 აპრილის ¹კ-1/127 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების – 5720 ლარის, სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდისათვის ხელფასის – 12400 ლარის და უკანონოდ გათავისუფლებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება, დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ სადავო ბრძანება უკანონო იყო, რადგან გამოცემული იყო საქართველოს შრომის კოდექსის ნორმების საფუძველზე, მაშინ, როცა იგი წარმოადგებდა საჯარო მოსამსახურეს და მისი გათავისუფლებაც უნდა მომხდარიყო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამასთან, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი არ იყო უფლებამოსილი გაეთავისუფლებინა ნ. ბ.-ე არარსებული დაწესებულებიდან – სსიპ საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისიიდან. 2006 წლის 1 ივნისიდან 13 ოქტომბრამდე (სსიპ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სსიპ საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელ კომისიად რეორგანიზაციამდე) სსიპ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფროსის სიტყვიერი მითითებით აგრძელებდა მასზე დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას, რაც საქართველოს შრომის კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შრომის ხელშეკრულების დადებას წარმოადგენს, რადგან იგი დაშვებული იყო სამუშაოდ იმ თანამდებობის პირის მიერ, ვისაც ამ სამუშაოზე მიღებისა და გათავისუფლების უფლება ჰქონდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ნ. ბ.-ის სარჩელიდან მოპასუხე საქართველოსეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების არაკანონიერად აღიარების და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ ცალკე წარმოებად გამოიყო სასარჩელო მოთხოვნა სამსახურში აღდგენის თაობაზე და სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების არაკანონიერად აღიარების და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას; შეჩერდა ადმინისტრაციული საქმე ¹3/1714-ს წარმოება მოსარჩელე ნ. ბ.-ის სარჩელის გამო მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიმართ სამსახურში აღდგენის თაობაზე მოსარჩელე ნ. ბ.-ის სარჩელის გამო მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების არაკანონიერად აღიარების და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში საქმის განხილვა – გადაწყვეტასა და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ¹286 ბრძანებულებით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის ჩამონათვალში არ შედიან სსიპ საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მოსამსახურენი. შესაბამისად, ნ. ბ.-ე, რომელიც აღნიშნული კომისიის სამდივნოს მთავარი სპეციალისტი (კანცელარიის უფროსი) გახლდათ 2006 წლის 13 ოქტომბრიდან 2007 წლის 13 აპრილამდე, არ წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს. ამდენად, მასა და მოპასუხეს შორის არსებული შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე დავა უნდა გადაწყდეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 მაისის განჩინებით ნ. ბ.-ის სარჩელი მოპასუხე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ საქართველოს ტრანსპორტის ერთიანი ადმინისტრაციის მიმართ, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, სარჩელის განმხილველი უფლებამოსილი სასამართლოს განსაზღვრისა და განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად, გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
სასამართლოს მოსაზრებით, ნ. ბ.-ის სასარჩელო მოთხოვნები მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიმართ და დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან: მოსარჩელე ერთის მხრივ ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების – სახელფასო დავალიანების გადახდის დავალებას, მეორეს მხრივ _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 13 აპრილის ¹კ-1/127 ბრძანების ბათილად ცნობას, რაც – წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნას, რომლითაც გათავისუფლდა მოსარჩელე – საჯარო მოსამსახურის სამსახურიდან. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს იმ სახელმწიფო დაწსებულებას, სადაც საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები იხილება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის გათავისუფლება, მიუხედავად გასაჩივრებული 2007 წლის 13 აპრილის ¹კ-1/127 ბრძანების ტექსტისა, მოხდა არა სსიპ საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან, არამედ - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციიდან, რადგან სსიპ საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისია გათავისუფლების მომანტისათვის აღარ არსებობდა. ის თანამშრომლები, რომლებიც არ იქნენ გათავისუფლებულნი აღნიშნული კომისიის რეორგანიზაციის პერიოდში კომისიის ხელმძღვანელობის მიერ, უნდა ჩაითვალონ ახალი (რეორგანიზებული) ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის თანამშრომლებად, რომელთა გათავისუფლების კანონიერებაც განხილულ უნდა იქნეს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის ნორმათა საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის სამართლებრივი საფუძვლებისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ.-ის სარჩელი წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯად დავას, რის გამოც საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ამოსავალია სადავო სამართალურთიერთობის შინაარსი, რის გასარკვევადაც არსებითია დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი _ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილი
აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს სასამართლოში. აღნიშნული ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, ხოლო იმავე ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად – ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 13 აპრილის ¹კ-1/127 ბრძანების ბათილად ცნობა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ბრძანება არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, უნდა ჩაითვალოს, რომ ესა თუ ის აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მაშინ, თუ იგი პასუხობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,დ” პუნქტით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, აქტი გამოცემული უნდა იყოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული აქტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, თუნდაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, ყველა შემთხვევაში, ვერ ჩაითვლება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად. დავების გადაწყვეტისას არსებითი ყურადღება უნდა მიექცეს დავის საგანს, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი ემყარება კერძო სამართლის შესაბამის ნორმებს, თუ დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დავის საგანი _ ნ. ბ.-ის სსიპ საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სამდივნოს მთავარი სპეციალისტის (კანცელარიის უფროსი) თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2007 წლის 13 აპრილის ¹კ-1/127 ბრძანება ემყარება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე და 38-ე მუხლებს და იგი ვერ განიხილება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით დეფინირებულ, ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომელშიც მოცემულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის ცნება. აღნიშნული მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას. იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ისეთი საჯარო მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად, რომელთა განხორციელება უშუალოდ არ შედის სახელმწიფო მმართველობის ორგანოების კომპეტენციაში. ხსენებული კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მართავს ხელმძღვანელი, რომელიც შესაბამისი კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტის), წესდების (დებულების) და წევრთა გადაწყვეტილებების (თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი წევრობაზეა დაფუძნებული) ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად, მასვე ეკისრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე. აღნიშნული კანონის მე-11 მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ხოლო მე-12 მუხლში ჩამოთვლილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის შემადგენელი ის ქმედებები, რომელთა განხორციელება საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან თანხმობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულ საკანონმდებლო ნორმებში ორგანულადაა ჩადებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მისი ხელმძღვანელის საქმიანობის მმართველობითი ხასიათი, ასევე _ სახელმწიფო კონტროლისა და შესაბამისი სახის საქმიანობაზე ხელმძღვანელის სახელისუფლებო შეზღუდვის ელემენტი. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, რომელიც “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ერთპიროვნულად უძღვება მის საქმიანობას და განსაზღვრულ ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს, აღნიშნული ნიშნით განსხვავდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის რიგითი თანამშრომლისაგან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 და მე-41 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი ან კანონით (პრეზიდენტის ბრძანებულებით) განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის ორგანო. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით, ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად) შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო.
ამდენად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხდება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო აქტით, ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის სამუშაოზე აღდგენის შესახებ დავა წარმოადგენს ადმინისტრაციული კატეგორიის დავას, რომელიც განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულების ცნება და მოცემულია იმ სახელმწიფო დაწესებულებათა ამომწურავი ჩამონათვალი, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, აღნიშნულ ჩამონათვალში საერთოდ არ არის ნახსენები საჯარო სამართლის იურიდიული პირი. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ¹286 ბრძანებულებით დამტკიცებულ “საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში” რანგირების მიხედვით მოცემულ ჩამონათვალში არ არის მითითება საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელზე, როგორც საჯარო სამსახურის ფარგლებში საჯარო სამსახურის განმახორციელებელ სუბიექტზე.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ბ.-ე მუშაობდა რა სსიპ საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სამდივნოს მთავარი სპეციალისტის (კანცელარიის უფროსი) თანამდებობაზე, არ წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და, შესაბამისად, მასა და დამსაქმებელს შორის არსებულ შრომით ურთიერთობებზე ვრცელდებოდა არა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, არამედ საქართველოს შრომის კოდექსი.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მითითებული დასკვნები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინებით (საქმე ¹ბს-132-123(კ-07)) განხორციელებულ განმარტებებთან.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 მაისის განჩინების მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ნ. ბ.-ე სსიპ საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის რეორგანიზაციის მიმდინარეობისას არ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, იგი უნდა ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის თანამშრომლად და შესაბამისად, საჯარო მოსამსახურედ. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად თანამდებობაზე დანიშვნა ფორმდება ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით. საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ნ. ბ.-ე, უფლებამოსილი პირის მიერ, დანიშნული იყო რაიმე სამართლებრივი აქტით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციაში რაიმე თანამდებობაზე. ამდენად, იგი ვერ იქნება მიჩნეული საჯარო მოსამსახურედ. საკასაციო სასამართლოს ასევე არამართებულად მიაჩნია სარჩელის განსჯადობის საკითხზე მსჯელობისას სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დასკვნა სადავო ბრძანების არაკანონიერების შესახებ, რაც შეიძლება დადგინდეს საქმის მხოლოდ არსებითად განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დავა გამომდინარეობს კერძო სამართლის კანონმდებლობიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის შესაბამისად იგი განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე, მუხლებით და
დაადგინა:
1. ნ. ბ.-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.