ბს-654-623(გ-07) 24 ივლისი, 2007 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ, შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის დავა განსჯადობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ს. ხ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ ... ქ. ¹10-ში მდებარე ლიტ “ბ” სახლსა და მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის მოპასუხისათვის დავალება (იხ.ს.ფ. 2-5).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2005 წლის 7 ნოემბრის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის წესით განსახილველად გადაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მეორე მუხლები და განმარტა, რომ ს. ხ-ის სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა თბილისში, ... ქ. ¹10-ში მდებარე “ლიტ 10”ის საკუთრების უფლებით აღრიცხვა მის სახელზე, აღნიშნულს კი აწესრიგებდა სამოქალაქო კოდექსის ნორმები, ამდენად მასზე ვერ გავრცელდებოდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები, რის გამოც სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად ს. ხ-ის სარჩელი განსჯადობის მიხედვით გადაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას (იხ.ს.ფ 27-28).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია 2007 წლის 11 მაისის განჩინებით არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობას აღნიშნული საქმის სამოქალაქო კატეგორიად მიჩნევის თაობაზე, წამოიწყო რა დავა განსჯადობის თაობაზე და ს. ხ-ის სარჩელი მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სასამსახურის მიმართ თანდართულ მასალებთან ერთად განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რაც სასამართლომ დაააბუთა შემდეგნაირად:
სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მეორე მუხლები და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო დავა ფიზიკურ პირსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის, რომელიც გამომდინარეობდა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვდა ადმინისტრაციული ორგანოსაგან უძრავი ნივთის მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციას.
საქალაქო სასამართლომ გამოიყენა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულება და “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” კანონი და განმარტა, რომ ის გარემოება, რომ მოსარჩელის რეგისტრაციის საფუძვლად წარმოდგენილ საკადასტრო რუკაზე ასახული მონაცემები განსხვავდება ტექაღრიცხვის სამსახურში არსებული მონაცემებისგან, არ წარმოადგენდა იმის საფუძველს, რომ მოსარჩელე მოითხოვდა საკუთრების უფლების დადგენას აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, რამდენადაც სასარჩელო განცხადებაში მოთხოვნა ჩამოყალიბებული იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე, ქმედების განხორციელების მოთხოვნით, კერძოდ, მოსარჩელეს არც სარჩელში და არც შემდგომ არ მოუთხოვია მის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობა /იხ.ს.ფ. 37-40/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ ს. ხ-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს და შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ Yთბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინება დავის სამოქალაქო კატეგორიად მიჩნევის თაობაზე სრულიად დაუსაბუთებელია, სასამართლომ არ იმსჯელა თუ რა სამართალურთიერთობა იყო სახეზე და რა მოსაზრებით მივიდა ამგვარ დასკვნამდე, რის გამოც დარღვეულია სსსკ-ის 394. “ე” მუხლის მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი /დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების მატერიალურ-სამართლებრივი დაცვის საშუალება/ შედგება ორი ელემენტისაგან _ სარჩელის საგნისა და საფუძვლისაგან. სარჩელის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა მოპასუხის მიმართ, ანუ სარჩელის საგანია სადავო სამართალურთიერთობა, მოსარჩელის უფლება, რომლის შესახებაც ის მოითხოვს გადაწყვეტილების გამოტანას სასამართლოს მიერ. შესაბამისად, სარჩელის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი და არა ამ მოთხოვნის მატერიალური ობიექტი. სარჩელის საფუძველი თავის მხრივ ორი ელემენტისაგან შედგება, სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლისაგან, ამასთან, სარჩელის საფუძველი არის ის ფაქტები, რომელთა არსებობა განაპირობებს მოთხოვნის საფუძვლიანობას და რომლებსაც მატერიალური სამართლის ნორმა უკავშირებს სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტების უფლება-მოვალებების წარმოშობას, შეცვლას და შეწყვეტას.
კონკრეტულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეს _ ადმინისტრაციულ ორგანოს _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს ქმედების განხორციელება, კერძოდ, მოსარჩელის სახელზე აღრიცხოს მის საკუთრებაში არსებული სახლი და მიწის ნაკვეთი, კერძოდ სარჩელის ობიექტს წარმოადგენს არა საკუთრების აღიარება, არამედ სარჩელის საგანია სწორედ საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ხოლო მოთხოვნას საფუძვლად უდევს, სწორედ საკუთრების უფლება, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული კატეგორიის დავას, რამდენადაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელსაც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა აწესრიგებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. “ა” ქვეპუნქტის დეფინიციიდან გამომდინარე, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რამდენადაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹835 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში _ ეროვნული სააგენტო) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია “სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონით, ხოლო მისი საქმიანობა ამავე დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, “სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონებით, სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეალაქტი (დე ფაქტო მოქმედება, რეალური მოქმედება) არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯაროსამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგების დადგომისაკენ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული რეალური მოქმედებისაგან პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ქმედების განხორციელების მოთხოვნით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეალაქტის ცნების ქვეშ იგულისხმება ყველა ის მმართველობითი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ (წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ). სწორედ ეს ნიშანი განასხვავებს ამ ინსტიტუტს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სხვა სამართლებრივი ფორმებისაგან, ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმის სწორი კვალიფიკაცია, პროცესუალური თვალსაზრისით, წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას სარჩელის სწორი ფორმის განსაზღვრისთვის, ხოლო ადმინისტრაციული სასამართლოს მეშვეობით უფლების დაცვა არ შემოიფარგლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, არამედ ის, ასევე მოიცავს ადმინისტრაციულ რეალაქტსაც.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ს. ხ-ის მიერ გასაჩივრებულია ადმინისტრაციული ორგანოსათვის _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობისა და მიწის ნაკვეთის სამართლებრივი რეგისტრაციის დავალება, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. “გ” პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს მოთხოვნას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განხოციელების თაობაზე, სარჩელი კი აღძრულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, ქმედების განხორციელების მოთხოვნით.
აღსანიშნავია, რომ თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაც საქმეთა განსაზღვრის პრინციპად აღიარებს არა დავის სუბიექტებს, არამედ სამართლებრივ ურთიერთობას, ასე მაგალითად, სსს კოდექსის 11.1. “ა” მუხლის მიხედვით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული უფლების, ასევე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე, იურიდიულ პირებს შორის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სამართალურთიერთობას გააჩნია საჯაროსამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი ყველა ელემენტი, კერძოდ, დავა დაკავშირებულია იმ სამართლებრივ ურთიერთობასთან, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ასევე სარჩელი აღძრულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, რის გამოც არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლით განსაზღვრული პირობები, დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან და რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.
საკასაციო სასამართლო კანონშესაბამისად მიიჩნევს სამოქალაქო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებას _ განსჯადობის შესახებ დავის წამოწყებას, რამდენადაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მხოლოდ ადმინისტრაციული დავების განხილვაა დაშვებული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2 “გ” მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ ადმინისტრაციულ დავას და იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ხ-ის სარჩელი მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს; წინამდებარე განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.