¹ბს-657-626(გ-07) 5 დეკემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
ნინო ქადაგიძე
ზეპირი განხილვის გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა ნ. პ.-ის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს შორის წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
23.03.07წ. ნ. პ.-მა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...-ის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ შედგენილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათA ოქმი მის გვერდით მჯდომი პირის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის გამო. მოსარჩელის აზრით, პატრულ-ინსპექტორის ქმედება არ შეესაბამებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის მოთხოვნებს. საპირისპირო მხრიდან ავტომანქანით მოძრავმა პატრულ-ინსპექტორმა ვერ შეამჩნია მის გვერდით მჯდომი პირის მიერ ღვედის გამოყენების ფაქტი. მოსარჩელის განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათაA კოდექსის 2341 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვა უნდა ემყარებოდეს გარემოებათა სრულ და ობიექტურ გამორკვევას, რაც პატრულ-ინსპექტორის მიერ არ იქნა დაცული, გადაწყვეტილება ვარაუდის საფუძველზეა მიღებული. მოსარჩელემ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...-ის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის 18.03.07წ. ¹ბა 152164 ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.03.07წ. განჩინებით ნ. პ.-ის სარჩელი გასჯადობით განსახილველად გადაეცა საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს. სასამართლომ აღნიშნა, რომ დავის საგანს შეადგენდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...-ის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის 18.03.07წ. ¹ბა 152164 ოქმი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ნ. პ.-ის სარჩელი საგარეჯოს რაიონული სასამართლოს განსჯად საქმეს წარმოადგენდა.
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 04.06.07წ. განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ მოპასუხედ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი დაასახელა, რომლის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ...-ის ქ. ¹. მოსარჩელემ განსჯადობის წესების დაცვით სარჩელი წარადგინა საქმის განხილვისათვის უფლებამოსილ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ ნ. პ.-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 209-ე მუხლის მიხედვით, 1181 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა (მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის მიერ ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა) შინაგან საქმეთა ორგანოების განსახილველ საქმეთა რიგს განეკუთვნება. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობას საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალადარღვევის საქმეს და დამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 2341 მუხლი ითვალისწინებს ადგილზე ადმინისტრაციული სახდელის დადებას და საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას დამრღვევისათვის. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. პ.-მ მოპასუხე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...-ის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის 18.03.07წ. ¹ბა 152164 ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია მხოლოდ სარჩელის საგნობრივი განსჯადობა და შესაბამისად, ნ. პ.-ის სარჩელის ტერიტორიული განსჯადობის საკითხი განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში ნ. პ.-მ მოპასუხედ მიუთითა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომლის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ...-ის ქ. ¹. ამდენად, ნ. პ.-ის სასარჩელო განცხადება წარდგენილი იქნა მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში.
ის გარემოება, რომ დავის საგანს შეადგენს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...-ის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის 18.03.07წ. ¹ბა 152164 ოქმის ბათილად ცნობა, არ ქმნის ნ. პ.-ის სასარჩელო განცხადების აქტის გამომცემი ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით არსებული სასამართლოსათვის გადაცემის საფუძველს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის არასათანადო მოპასუხედ ცნობის საკითხი არ განუხილავს, აღნიშნული სადავოდ არც მხარეებს გაუხდიათ. სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ არ დაასახელა სათანადო მოპასუხე, არ ქმნის საქმის განსჯადობით იმ სასამართლოსათვის გადაგზავნის საფუძველს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც მდებარეობს, სასამართლოს აზრით, სათანადო მოპასუხე. ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეზე სასამართლოებს შორის განსჯადობაზე დავის დასაშვებობა არ ათავისუფლებს სასამართლოს სსკ-ის 85-ე მუხლის მოთხოვნების დაცვისაგან, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით და არა თავისი ინიციატივით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. პ.-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადია და საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. პ.-ის სარჩელი შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.