ბს-662-634(გ-08) 22 ივლისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პალატებს შორის დავა განსჯადობის თაობაზე, /საქმეზე რ. ს-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის _ სსიპ ახალციხის ინსტიტუტის მიმართ/.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
რ. ს-მა სარჩელი აღძრა ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე _ სსიპ ახალციხის ინსტიტუტის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ ახალციხის ინსტიტუტის რექტორის მ/შ 2007 წლის 21 სექტემბრის ¹01/7 ბრძანების ბათილად ცნობა, თსუ ..... ფილიალის ადმინისტრაციისა და დამხმარე პერსონალის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მისი გათავისუფლების ნაწილში, მიუღებელი ხელფასისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სახელფასო დონეზე ბრძანების გამოცემიდან სამართლებრივი და ფაქტობრივი მდგომარეობის აღდგენამდე (სამსახურში აღდგენა), ინსტიტუტის საწვავის შეძენისათვის კომპენსაციის ანაზღაურება, მივლინების, რეგისტრაციის ხარჯების ანაზღაურება, შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ ახალციხის ინსტიტუტის რექტორის მ/შ-ის 2007 წლის 21 სექტემბრის ¹01/7 ბრძანებით, “თსუ ..... ფილიალის ადმინისტრაციულ დამხმარე პერსონალთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ”, ერთდროულად გათავისუფლდა 115 მოსამსახურე, მათ შორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რ. ს-ი. ბრძანების მიხედვით, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 ივლისის ¹161 დადგენილების საფუძველზე განხორციელდა სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, გამოეყო ..... ფილიალი და მის ბაზაზე ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ სსიპ ახალციხის ინსტიტუტი. მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო ბრძანება მიღებულია შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისი ნორმების დარღვევით, კერძოდ, გასაჩივრებული ბრძანებით არ დგინდება, კონკრეტულად, რა გახდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი /იხ.ს.ფ. 2-3; 37-44/.
სსიპ ახალციხის ინსტიტუტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ზედგენიძემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელე _ რ. ს-ის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადებასა და საჯარო სამართლის ადმინისტრაციული ორგანოსათვის გარკვეული მოქმედების დაკისრების მოთხოვნის შესახებ უარის თქმა და რ. ს-ის მიერ ახალციხის ინსტიტუტის კუთვნილი ქონების უკან დაბრუნება /იხ.ს.ფ. 152-155/.
რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სსიპ ახალციხის ინსტიტუტის შეგებებული სარჩელი წარმოებაში არ იქნა მიღებული /იხ.ს.ფ. 160-161/
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელეს უარი ეთქვა სსიპ თსუ ..... ფილიალში სამართლებრივი და ფაქტობრივი მდგომარეობის აღდგენაზე (სამსახურში აღდგენაზე) აღნიშნული ორგანიზაციის არარსებობის გამო; არ დაკმაყოფილდა რ. ს-ის მოთხოვნა მიუღებელი ხელფასისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სახელფასო დონეზე ბრძანების გამოცემიდან სამართლებრივი და ფაქტობრივი მდგომარეობის აღდგენამდე, ინსტიტუტის საწვავის შეძენისათვის კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში; მოპასუხეს - სსიპ ახალციხის ინსტიტუტს დაევალა, მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის - 2007 წლის 1 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, აგრეთვე, 2007 წლის 20 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით შრომის უუნარობის ფურცელზე ყოფნისას, განაცდურის გაცემის დადგენილი წესით ანაზღაურება; ასევე მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრაციისათვის საკომპენსაციო თანხა - 60 ლარის ოდენობით /იხ.ს.ფ. 271-284/.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ს-მა, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
რაიონულმა სასამართლომ გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 13.1, 15.1 მუხლები, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის 3.2, მე-5 მუხლები, ზაკ-ის 1-ლი მუხლი, 2.1 მუხლის “ა”, “ბ”, “დ” და “ლ” ქვეპუნქტები, 3.1, მე-4, მე-7, 51-ე, 53-ე, 92-ე და 93-ე მუხლები, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 2.1, 5.1, მე-7, 24-ე, 26-ე, 31.3, 32.1, 35.1.4, 44-ე მუხლები; “საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-10 და მე-17 მუხლები; სსკ-ის 316-ე, 317-ე, 319-ე და სხვა მუხლები; სსსკ-ის 92-ე, 102.2, 103.1.2 მუხლები და ასკ-ის 29-ე და 30-ე მუხლები /იხ.ს.ფ. 295-299/.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე სსიპ ახალციხის ინსტიტუტმა, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელე - რ. ს-ის შრომისუუნარობის გამო საავადმყოფო ფურცელზე ყოფნისას განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, უკანონო და დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი ექვემდებარება გაუქმებას. რაიონულმა სასამართლომ არ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის ¹281/ნ ბრძანების მიხედვით, რაც არეგულირებდა დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარებისა და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესს /იხ.ს.ფ. 311-319/.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის საოქმო განჩინებით აპელანტ რ. ს-ის სააპელაციო საჩივარზე, კერძოდ, ინსტიტუტის საწვავის შეძენისათვის კომპენსაციის ანაზღაურების, მივლინების, რეგისტრაციის დოკუმენტების მიღებაზე გადახდილი თანხისა და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში უარის თქმის გამო, შეწყდა საქმის წარმოება; ამავე საოქმო განჩინებით რ. ს-ისა და სსიპ ახალციხის ინსტიტუტის სააპელაციო საჩივრები საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით გადაეცა უფლებამოსილ სასამართლოს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ასკ-ის 2.1. მუხლი და განმარტა, რომ ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოებში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. “ა” მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. კონკრეტულ შემთხვევაში, სსიპ ახალციხის ინსტიტუტი წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოს და კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებდა საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს. მოსარჩელეს მოთხოვნას წარმოადგენდა ამ უკანასკნელის მიერ გამოცემული ბრძანების ბათილად ცნობა, რომელიც წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი გამომდინარეობდა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, მოცემული სამართალურთიერთობა განეკუთვნებოდა იმ დავათა კატეგორიას, რომელთა განხილვაც უნდა მომხდარიყო ადმინისტრაციული საპროცესო ნორმებით დადგენილი წესით /იხ. სხდომის ოქმი, ს.ფ. 446-453/.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ივნისის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის შესაბამისად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლი და განმარტა, რომ მითითებული ნორმის თანახმად, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ამავე კოდექსის 2.2. მუხლი აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, დავას არ განაკუთვნებს ადმინისტრაციულ კატეგორიას, რამდენადაც დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის განმსაზღვრელია სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
სასამართლოს დასკვნით, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას. იმავდროულად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ზაკ-ის 2.1.”ა” მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ მისი ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ყველა ბრძანება, მათ შორის ბრძანება მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, წარმოადგენს ზაკ-ის 2.2. “დ” მუხლით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის პრეამბულაში განსაზღვრულია კანონის რეგულირების სფერო, კერძოდ, აღნიშნული კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამავე კანონის 2.2. მუხლით განსაზღვრულია სახელმწიფო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელში სამსახურიც ითვლება საჯარო სამსახურად. ამ ჩამონათვალში საჯარო სამართლის იურიდიული პირი გათვალისწინებული არ არის. ამდენად, მოსარჩელის თანამდებობა, როგორც საჯარო მოხელისა, არ არის გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ბრძანებულებით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში /იხ.ს.ფ. 460-464/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პალატების მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ რ. ს-ის სარჩელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯად სამოქალაქო დავას წარმოადგენს, შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განსჯადობის მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მართებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის დასკვნა დავის სამოქალაქოდ მიჩნევის თაობაზე და იგი გაზიარებულ უნდა იქნეს.
კონკრეტულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელება, რაც არ წარმოადგენს ადმინისტრაციული კატეგორიის დავას, რამდენადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის მიხედვით სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე კოდექსის 2.3 მუხლის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ამდენად, მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1, 2.2 მუხლებში დაკონკრეტებული დავები, აგრეთვე სხვა დავები, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე, სამართლებრივი ურთიერთობიდან არის წარმოშობილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.
საკასაციო სასამართლო “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას. ხოლო ამავე კანონის 9.1. მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ისეთი საჯარო მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად, რომელთა განხორციელება უშუალოდ არ შედის სახელმწიფო მმართველობის ორგანოების კომპეტენციაში.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. “ა” მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, ამ კოდექსის მიზნებისთვის სსიპ ახალციხის ინსტიტუტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რაც არ გულისხმობს, რომ სსიპ ახალციხის ინსტიტუტის რექტორის მიერ გამოცემული ყველა ბრძანება _ წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.2. “დ” მუხლით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 1.1 მუხლის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო სამსახურის ცნებას, განმარტავს, რომ საჯარო სამსახური (შემდგომ სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლი ადგენს საჯარო მოსამსახურის ცნებას, რომლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში.
საკასაციო სასამართლო “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 2.1 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომ დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებზე შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითად ამოცანას საჯარო ხელისუფლების განხორციელება წარმოადგენს, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლი ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომელში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის ახალციხის ინსტიტუტის საქმიანობა ვერ მიიჩნევა საჯარო სამსახურად, როგორც ამ ნუსხაში არმყოფი დაწესებულება.
საკასაციო სასამართლო “საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 21.07.01წ. ბრძანებულების შესაბამისად /რომლითაც დამტკიცდა რანგირების მიხედვით საჯარო სამსახურის თანამდებობათა თანდართული რეესტრი/, განმარტავს, რომ მოსარჩელის თანამდებობა, როგორც საჯარო მოსამსახურე, აღნიშნულ რეესტრში არ ფიქსირდება, შესაბამისად, იგი ვერ იქნება განხილული საჯარო სამსახურად.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რ. ს-ის სსიპ ახალციხის ინსტიტუტიდან გათავისუფლების კანონიერების შეფასებისას არ გამოიყენება “საჯარო სამსახურის შესახებ”' კანონის დებულებები, რამდენადაც ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს მითითებული კანონის სუბიექტს, ხოლო “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 14.2 მუხლის თანახმად, საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით, მოცემულ შემთხვევაში _ “შრომის კანონთა კოდექსით".
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელმა განსაზღვრა რა საჯარო მოხელის სტატუსი, ზუსტად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა ის საფუძვლები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში, ეს უკანასკნელი იძენს ამგვარ სტატუსს. საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი ნებისმიერ შემთხვევაში ასრულებს არა საჯარო მოსამსახურის უფლებამოსილებას, არამედ ის ყველა შემთხვევაში განიხილება როგორც კერძო სამართლის სუბიექტი, რამდენადაც კანონმდებელმა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრა საჯარო მოსამსახურის ცნება, რომლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში. ამდენად, კანონმდებლობით განისაზღვრა ის პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში პირი იძენს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, რა დროსაც ის ნებისმიერ შემთხვევაში ასრულებს საჯარო უფლებამოსილებას, ხოლო იმ პირობებში, როცა პირი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით რეგლამენტირებულ ამგვარ სტატუსს, ის განიხილება როგორც კერძო სამართლის სუბიექტი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ყველა შემთხვევაში, რამდენადაც პირის მიერ დაკავებული თანამდებობის, საქმიანობის სპეციფიკისა და თვისობრივი დატვირთვის გამო საჯარო მოხელესთან გაიგივება, იმ პირობებში, როცა ის “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-2 მუხლში რეგლამენტირებულ საჯარო სამსახურის განმარტების ლეგალურ დეფინიციაში არ თავსდება, დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, რ. ს-ის სამსახურიდან გათავისუფლების დროს შეწყდა კერძოსამართლებრივი, შრომითი ურთიერთობა ერთი მხრივ, სსიპ ადმინისტრაციასა და მეორე მხრივ - ფიზიკურ პირებს შორის, რომლის კანონიერების შეფასების უფლებამოსილება გააჩნია სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს, რამდენადაც სწორედ მითითებული კერძო სამართლის კანონმდებლობა არეგულირებს საქართველოში მცხოვრებ მუშაკთა შრომით ურთიერთობებს საწარმოსთან, დაწესებულებასთან და ორგანიზაციასთან (მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) შრომის კანონთა კოდექსის 1.1. მუხლის თანახმად.
აღსანიშნავია, რომ თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაც საქმეთა განსაზღვრის პრინციპად აღიარებს არა დავის სუბიექტებს, არამედ, სამართლებრივ ურთიერთობას, კერძოდ, სსს კოდექსის 11.1. “ა” მუხლის მიხედვით: სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე, იურიდიულ პირებს შორის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავა სწორედ სამოქალაქო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავაა და მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, დავას არ განაკუთვნებს ადმინისტრაციულ კატეგორიას, რამდენადაც ერთ-ერთ განმსაზღვრელ ელემენტს დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობა წარმოადგენს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
ამდენად, ის გარემოება, რომ სარჩელი აღძრულია მოპასუხე _ სსიპ ახალციხის ინსტიტუტის მიმართ, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიიჩნევა საქმის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიკუთვნების წინაპირობად, ხოლო ის ფაქტი, რომ დავის საგანს წარმოადგენს დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანება, არ ნიშნავს, რომ გასაჩივრებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. მუხლის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, ასეთად მიჩნევისათვის აუცილებელია ოთხი ელემენტის არსებობა.
საკასაციო სასამართლო ეყრდნობა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2005 წლის 7 ოქტომბრის განჩინებას (ადმინისტრაციულ საქმეზე ¹ბს-713-300(კ-05), ნ. ხ-ის საკასაციო საჩივრის გამო, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 მარტის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარე თელავის რაიონის გამგეობის მიმართ, განკარგულების გაუქმების, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, რომელშიც განიმარტა, რომ:
“ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების ადმინისტრაციულ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, ის ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. მუხლის “დ” პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, კერძოდ:
1. სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო _ ადმინისტრაციული აქტის ავტორი;
2. სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული /საჯარო/ სამართლის კანონმდებლობიდან;
3. ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართულია კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისაკენ.
4. ადმინისტრაციული ორგანოს ეს ღონისძიება /იგულისხმება შემდეგი ელემენტი: “აწესებს, წყვეტს ან ადასტურებს” / მიმართულია სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ე.ი. ის აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი პრინციპის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს საქმიანობის სამართლებრივი ფორმის არჩევანის თავისუფლება. ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია კონკრეტული სამართალურთიერთობა მოაწესრიგოს იმ სამართლებრივი ფორმის გამოყენების გზით, რომელიც, მისივე აზრით, უფრო ეფექტურია კონკრეტულ შემთხვევაში. ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის თავისუფლების ფარგლები მთავრდება იქ და მხოლოდ მაშინ, როდესაც კანონი ზუსტად უთითებს მოცემული ურთიერთობისათვის ამა თუ იმ სამართლებრივი ფორმის გამოყენების აუცილებლობას ან ეს გამომდინარეობს კანონით მოწესრიგებული ურთიერთობის თავისებურებიდან”.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო დაწესებულებები რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობით არ მიიჩნევა საჯარო სამსახურად, შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებს ამყარებენ კერძოსამართლებრივი საკანონმდებლო აქტის _ შრომის კანონთა კოდექსის საფუძველზე, ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები.
შრომის კანონთა კოდექსის ზემომითითებული ნორმით სამუშაოზე მიღების ადმინისტრაციის ბრძანების ფორმის დადგენა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ გადაწყვეტილების მიღების ამ ფორმას კანონმდებელი განაკუთვნებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო და საჯარო სამართლის დოქტრინის შესაბამისად, შრომის კანონთა კოდექსი არ განეკუთვნება საჯაროსამართლებრივ საკანონმდებლო აქტს, შესაბამისად, იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ კანონმდებლობას და მის საფუძველზე გამოცემული აქტები არ შეიცავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთ-ერთ აუცილებელ ელემენტს _ აქტი არ არის გამოცემული ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო დასძენს, რომ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კერძოსამართლებრივ ურთიერთობას წარმოადგენს, მაგრამ იმავდროულად, კანონმდებლის მიერ საჯარო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება უზრუნველყოფილ იქნა საჯარო სამართლებრივი ნორმატიული აქტით _ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით, რომლის მიხედვით საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობის მოწესრიგებისათვის ადმინისტრაციულ ორგანოს მკაფიოდ განესაზღვრა საქმიანობის ფორმები, როგორც სამართლებრივი აქტის, ასევე ხელშეკრულების /იხ. მუხლი 7/ სახით, საჯარო სამსახურში ბრძანების გამოცემით ხდება საჯარო მოხელისათვის საჯაროსამართლებრივი კომპეტენციის გადაცემა და შესაბამისად, იმ შეღავათების მინიჭება და გარანტიებით აღჭურვა, რაც კანონით გათვალისწინებულია საჯარო მოხელისათვის, ხოლო დავის წარმოშობის პირობებში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის დანაწესის მიხედვით, როგორც ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი დავა ექვემდებარება ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განხილვას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ვერ ექნება ადგილი, ვინაიდან სადავო ბრძანება გამოცემულია კერძოსამართლებრივი კანონმდებლობის საფუძველზე და მისი მართლზომიერების შემოწმების უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს სამოქალაქო სასამართლო, სსსკ-ის მე-11 მუხლის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაწესებულების ადმინისტრაცია (როგორც საჯარო, ისე კერძო სამართლის იურიდიული პირები) ადმინისტრირებისას, ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგებისას არცთუ იშვიათად იყენებს ბრძანებას, როგორც გადაწყვეტილების ფორმას, რაც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას გაგებული, როგორც ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ვინაიდან ამგვარი იურისდიქცია მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოებს გააჩნიათ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ არასწორად არის გაგებული ტერმინ “ადმინისტრაციულ ორგანოს” ცნება, შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. “ა” მუხლის საფუძველზე მოცემულ შემთხვევაში არასწორად არის მიჩნეული ადმინისტრაციულ ორგანოდ, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. მუხლი განსაზღვრავს ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს და მათ დეფინიციას, რაც ნიშნავს, რომ ამ ნორმატიულ აქტში გამოყენებულ იურიდიულ ტერმინებს გააჩნიათ კონკრეტული განსაზღვრება და მნიშვნელობა ნორმატიული აქტით მოწესრიგებული კონკრეტული სამართალურთიერთობის კონტექსტში.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1.1. მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და აღსრულებას, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების და შესრულების წესს, რაც სწორედ იმას გულისხმობს, რომ ეს ნორმატიული აქტი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრირების ფუნქციის შესასრულებლად მისაღები, მიღებული, გასაჩივრებული სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელების წესებს.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. “ა” მუხლში მოცემული ტერმინი ადმინისტრაციული ორგანო სწორედ ამ კოდქსით განსაზღვრული მიზნების შესასრულებლად მოიაზრებს ასეთად ყველა იმ სუბიექტს, როელიც ამ კოდექსით გათვალისწინებულ სამართლებრივ სივრცეში მოქმედებს, ანუ ადმინისტრირებას ეწევა, რა მომენტშიც ყველა ეს სუბიექტი შებოჭილია ადმინისტრაციული სამართლის პრინციპებით და დადგენილი წესებით.
მოცემულ ვითარებაში სსიპ ახალციხის ინსტიტუტი არის არა ადმინისტრაციული სამართალურთიერთობის სუბიექტი ანუ ადმინისტრაციული ორგანო, არამედ კერძოსამართლებრივი _ შრომით-სამართლებრივი ურთიეთიერთობის მონაწილე, შესაბამისად, კერძოსამართლებრივი _ შრომის კანონთა კოდექსის ნორმებით მოწესრიგებულ სამართლებრივ სივრცეში მყოფი ადმინისტრაცია.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ ადმინისტრაციულ ორგანოდ განიხილება იმ შემთხვევაში, როცა იგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ სივრცეში მოქმედებს და ამ ნორმებითაა განპირობებული მისი მოქმედება თუ გადაწყვეტილება, რა დროსაც მიღებული სამართლებრივი ღონისძიებების ფორმები ექვემდებარება სასამართლო კონტროლს ადმინისტრაციული სამართალწარმოების მეშვეობით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ცნების ლეგალური დეფინიცია ორი ნაწილისაგან შედგება. I ნაწილი მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ორგანიზაციულ-სამართლებრივ ცნებას: სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა ორგანოს და დაწესებულებას; დეფინიციის II ნაწილში მოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციონალური გაგება, რომელიც აერთიანებს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა სისტემის სუბიექტები, მაგრამ კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და ამ მიზნით გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ფუნქციონალური გაგებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რაც ნიშნავს, რომ სწორედ ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელების მომენტში ექცევა იგი ადმინისტრაციული ორგანოს ცნების ლეგალური დეფინიციის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. “ა” მუხლით განსაზღვრული ტერმინის “ადმინისტრაციული ორგანოს” დეფინიცია მოიცავს უმნიშვნელოვანეს ელემენტს, რომ თვით ორგანიზაციულ-სამართლებრივი თვალსაზრისით ჩამოყალიბებული ადმინისტრაციული ორგანოები ასეთად განიხილებიან მაშინ, როცა ისინი ფუნქციონალური გაგებითაც წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ასე, მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციულ ორგანოდ განიხილება მაშინ, როცა იგი ფუნქციონალური თვალსაზრისით ახორციელებს ადმინისტრაციულ უფლებამოსილებას, ვინაიდან იგი შეიძლება გვევლინება არამხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ პოლიტიკურ-კონსტიტუციურ სამართლებრივი ფუნქციის განმხორციელებელ ორგანოდ. ასევე, საქართველოს მთავრობა და ა.შ.
ამდენად, საჯარო დაწესებულება თუ კერძო პირი, მიუხედავად იმისა წარმოადგენს თუ არა იგი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ნიშნით ადმინისტრაციულ ორგანოს, ასეთად მიჩნევისათვის მთავარია ფუნქციონალური გაგებითაც ახორციელებდეს ადმინისტრაციულ უფლებამოსილებას, რა დროსაც მიღებული გადაწყვეტილებები და განხორციელებული მოქმედებები თავსდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კანონმდებლობის სივრცეში.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან, რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ს-ის სარჩელი მოპასუხე _ სსიპ ახალციხის ინსტიტუტის მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.