¹ბს-677-645(გ-07) 19 სექტემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის დავა განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 20 აპრილს თამაზ ბ.-მ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს დაბადების მოწმობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მისი მშობლები დედა – ბ.-ი ა., ხოლო მამა – ბ.-ი უ., ეროვნებით იეზიდები, ამიერკავკასიაში ქურთი-იეზიდების გადმოსახლებისას (1918-1920 წლებში) დასახლდნენ საქართველოში. საქართველოში დამკვიდრებულ ქურთებს მათი მამებისა და ბაბუების სახელებს უმატებდნენ რუსულ დაბოლოებებს ოვ-ს ან ევ-ს, ხოლო სომხეთში - იანს. ასეთი სახით მიღებული გვარები იყო უცხო და ქურთების ეროვნული ტრადიციებისათვის შეუსაბამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის განმარტებით, მან განცხადებით მიმართა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს, რომლებმაც შეისწავლეს მისი განცხადება და ოფიციალური წერილობითი პასუხით აცნობეს, რომ ქურთ-იეზიდებს კონსტიტუციურ უფლებათა ეროვნული ტრადიციებისა და რელიგიურ შეხედულებათა შესაბამისად, გვარის საფუძვლად შეუძლიათ აიღონ მამის ან ბაბუის სახელი, პატრონიმი ანდა ტომობრივი ანთროპონიმი, რომელიც აუცილებლად ,,ი”-ზე მთავრდება.
მოსარჩელის აღნიშვნით, გამოკვლევებისა და მეცნიერული შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ იგი ეკუთვნის დ.-ის პატრონიმიულ გაერთიანებას და მისი წინაპრების გვარი იყო დ.-ი და არა ბ.-ი. მამა-პაპის გვარის დაბრუნების მოთხოვნით მიმართა ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹3 განყოფილებას, საიდანაც უსაფუძვლოდ მიიღო უარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან თ. ბ.-ს სურს დაიბრუნოს მამა-პაპის გვარი, იგი ითხოვდა 1973 წლის 3 იანვრის ¹10 დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილებების შეტანას, კერძოდ, ბ.-ის ნაცვლად დ.-ის მითითებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 აგვისტოს განჩინებით, თ. ბ.-ის სარჩელი მოპასუხე ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹3 განყოფილების მიმართ გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას იმ მოტივით, რომ თ. ბ.-ის სარჩელით განსაზღვრული დავა არ განეკუთვნებოდა იმ დავათა კატეგორიას, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით და, შესაბამისად, არ ექვემდებარებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ივნისის განჩინებით თ. ბ.-ის სარჩელი განსჯადობის დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. განსახილველ შემთხვევაში, დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, ვინაიდან ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შეცვლის წესს, ამავე კანონით გათვალისწინებულია სახელის, მამის სახელისა და გვარის შეცვლის საფუძვლები და წესი.
აქვე სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლოს აღნიშვნით, სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განხორციელება წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ბ.-ის სარჩელი მოპასუხე ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹3 განყოფილების მიმართ დაბადების მოწმობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიეკუთვნებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას, რის გამოც დავა განსჯადობის თაობაზე უნდა გადაეწყვიტა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ბ.-ის სარჩელი წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავას, რის გამოც საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა სასამართლოთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის შინაარს და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის საფუძველზე კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რაც გამომდინარეობს საჯარო, კონკრეტულად კი ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების მიერ გაცემული დადგენილება, კერძოდ კი დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანასა და შესაბამისად, გვარის შესწორებაზე უარის თქმა. საკასაციო სასამართლო არსებით მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გვარის შესწორებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების დაუცველობა. ამდენად, დავის საგანი _ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების გამგის მიერ გვარის შესწორებაზე უარის თქმა _ ემყარება საჯარო კანონმდებლობის, კერძოდ კი ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” კანონის მე-20 მუხლის დებულებებს და იგი ვერ ჩაითვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით განსახილველ დავად.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების გამგის დადგენილება გვარის შესწორებაზე უარის თქმის შესახებ, შეიცავს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ელემენტს, რისი გათვალისწინებითაც მოცემული დავა განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ბ.-ის სარჩელი მოპასუხე ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹3 განყოფილების მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას; საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს; წინამდებარე განჩინება გაეგზავნათ მხარეებს; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.