ბს-680-648(გ-07) 18 ოქტომბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
ზეპირი განხილვის გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა ნ. ს-ას სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
26.01.07წ. ნ. ს-ამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრისა და ს. თ-ის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის განათლების განყოფილების 17.12.02წ. გადაწყვეტილებით განთავსუფლებული იქნა მზრუნველის მოვალეობისაგან და დადგინდა, რომ არასრულწლოვანი ი. თ-ე აღსაზრდელად მამას დაჰბრუნებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არაერთხელ მიმართა მეურვეობისა და მზრუნველობის ოგანოს მზრუნველობის აღსადგენად, თუმცა უშედეგოდ. მოსარჩელის აზრით, უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი საქართველოს გაანთლებისა და მეცნიერების სამინისტროს ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 29.12.06წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ს-ას უარი ეთქვა მზრუნველად დანიშვნის მოთხოვნაზე. მოსარჩელის განცხადებით, 3 წლის ასაკიდან დღემდე ი. თ-ე იზრდება მასთან, ბავშვს მისი ყურადღება და მზრუნველობა არ მოჰკლებია. ს. თ-ე ბავშვის მიმართ არანაირ ყურადღებას არ იჩენდა. 05.12.05წ. განჩინებით ს. თ-ეს მიეცა უფლება შაბათ-კვირას დღის საათებში ურთიერთობა ჰქონოდა შვილთან, თუმცა ბავშვი წინააღმდეგი იყო ამის, რის გამოც მითითებული განჩინება ვერ აღსრულდა. ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლდებლო რესურს-ცენტრის ბავშვზე ზრუნვის სპეციალისტი თავად შეეცადა ი. თ-ე მამასთან შეეხვედრებინა, თუმცა მოზარდმა უარი განაცხადა მშობელთან შეხვედრაზე. მოსარჩელის აზრით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ისანი-სამგორის რაიონული საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის 29.12.06წ. გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება 14 წლის ბავშვის ინტერესებს. კანონმდებლობის შესაბამისად, 10 წლის შესრულების შემდეგ ბავშვს უფლება აქვს თავად აირჩიოს საცხოვრებელი გარემო. მოსარჩელემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1204-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლომ შეიძლება არ დააკმაყოფილოს მშობლის ასეთი მოთხოვნა, თუ იგი ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს. მოსარჩელემ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ისანი-სამგორის რაიონული საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის 29.12.06წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და არასრულწლოვანის მზრუნველად მისი დანიშვნა მოითხოვა.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე საქმის განსჯად სასამართლოში გადაცემის შესახებ. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა ადმინისტრაციული აქტის გაუქმებისა და ახალი აქტის გამოცემის შესახებ განეკუთვნება ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიას. აღნიშნულ მოსაზრებას დაეთანხმა მოპასუხე ს. თ-ე. მოსარჩელე არ დაეთანხმა შუამდგომლობას და აღნიშნა, რომ სარჩელი წარმოადგენს სამოქალაქო დავის საგანს, წარმოშობილს მამასა და შვილს შორის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.05.07წ. განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს განსაზღვრავდა საპროცესო კანონი, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილებოდა დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით, რომელიც გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. სასამართლო კოლეგიის განმარტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ტიპიური დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო" ქვეპუნქტის თანახმად, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში რესურს-ცენტრი ასრულებდა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განმარტებით რესურს-ცენტრის უფროსის მიერ კანონით მინიჭებული საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გამოცემული გადაწყვეტილება მზრუნველად დანიშვნის ან მასზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენდა ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. მოსარჩელე უკანონოდ მიიჩნევდა ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის 29.12.06წ. გადაწყვეტილებას, რომლითაც მას უარი ეთქვა ი. თ-ის მზრუნველად დანიშვნაზე. ნ. ს-ა აღნიშნული აქტის გაუქმებასა და ი. თ-ის მზრუნველად მის დანიშვნას მოითხოვდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1281-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მეურვის ან მზრუნველის დანიშვნა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნებოდა, რაც დაკავშირებული იყო ამავე ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განმარტებით სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება ყოფილიყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან ან ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.07.07წ. განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 17.01.06წ. ¹31 ბრძანებით განსაზღვრული იქნა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციის ფარგლები, ორგანიზაციული ფორმა, საქმიანობის წესი. კოლეგიის განცხადებით, ადმინისტრაციული კოლეგიისათვის საქმის დაქვემდებარება მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხეს ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენდა არ შეესაბამებოდა ადმინისტრაციულ საპროცესო კანონმდებლობას. მართალია მოსარჩელე მხარე ითხოვდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ისანი-სამგორის რაონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის 29.12.06წ. გადაწყვეტილების გაუქმებას, მაგრამ მოთხოვნა არ გამომდინარეობდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის დადგენის მიზნიდან. მოსარჩელე სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველზე ითხოვდა ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით ი. თ-ის მზრუნველად მის დანიშვნას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწაორმოების წესით განიხილებოდა დავა, რომელიც გამომდინარეობდა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ ნ. ს-ას სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა არ იზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ განსახილველი დავა არ გამომდნარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. დავის საგანს განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს 29.12.06წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ი. თ-ის მზრუნველად ნ. ს-ას დანიშვნა, მოპასუხეებად საქმეზე ჩართულნი არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და ს. თ-ე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 17.01.06წ. ¹31 ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ტიპიური დებულების" 1.3 მუხლის თანახმად რესურს-ცენტრი მის კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანების გადაწყვეტისა და განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს, დებულების მიხედვით რესურს-ცენტრი ასრულებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციებს კანონმდებლობით დადგენილი წესით (2.2 მუხლის ,,ო" ქვეპუნქტი), რესურს-ცენტრის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს(მე-3 მუხლის «კ» ქვეპუნქტი). სკ-ის 1278-ე მუხლის მიხედვით არასრულწლოვანი პირის მეურვეობა და მზრუნველობა ეკისრება განათლების ადგილობრივ ორგანოს, სკ-ის 1281 მუხლის თანახმად, მეურვის ან მზრუნველის მოვალეობათა განსახორციელებლად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები ნიშნავენ მეურვეს ან მზრუნველს. მეურვის და მზრუნველის დაწესება, აგრეთვე მეურვის ან მზრუნველის დანიშვნა სახელმწიფოებრივი ხელისუფლების აქტია, ასეთი აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელთანაც დაკავშირებულია განსაზღვრული უფელება-მოვალეობების წარმოშობა. რაც შეეხება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დანიშნული მეურვის ან მზრუნველის მიერ თავისი ფუნქციების განხორციელებას, აღნიშნული წარმოადგენს არა სახელმწიფო ფუნქციას, არამედ უმეტესად ბავშვთა აღზრდის სფეროში ოჯახური ფუნქციის განხორციელებას, რის გამოც, მეურვეობა და მზრუნველობა უპირველესად საოჯახო-სამართლებრივ ინსტიტუტად ითვლება. მიუხედავად ამისა, მეურვის ან მზრუნველის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, გადაყენების, გათავისუფლების აქტი პასუხობს ზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ აქტის დეფინიციის ნიშნებს და წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელთანაც დაკავშირებულია განსაზღვრული უფლება-მოვალეობების წარმოშობა, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ადმინისტრაციული სამართლის ერთგვარ ინტეგრირებას სამოქალაქო სფეროში. ამდენად, ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 29.12.06წ. ¹14 გადაწყვეტილება, რომლითაც მოქ. ნ. ს-ას უარი ეთქვა დისშვილის კანონიერ მზრუნველად დანიშვნაზე, ასევე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმეების განმხილველი სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებს სცილდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომელსაც ითხოვს მოსარჩელე. სამოქალაქო კატეგორიის დავების განმხილველი სასამართლო არ არის უფლებამოსილი გამოაცხადოს რომელიმე ადმინისტრაციული აქტი ბათილად, აღნიშნული ადმინისტრაციული კატეგორიის იურისდიქციას განეკუთვნება. ადმინისტრაციული საქმის განხილვისას კერძოსამართლებრივი კანონების გამოყენების საჭიროება არ ქმნის განსჯადობის შეცვლის საკითხის საფუძველს, მართლმსაჯულების ნებისმიერი განშტოების სასამართლო დაწესებულება უფლებამოსილია განმარტოს კანონი ან კანონქვემდებარე აქტი, მათი რეგულირების საგნის მიუხედავად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა განმხილველი სასამართლოს წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინიტსრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ს-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.