ბს-687-655(გ-07) 24 ივლისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის დავა განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 2 აპრილს მ. ფ-მ სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მცხეთა-მთიანეთის შსს მთავარი სამმართველოს მიმართ, მესამე პირის _ გ. თ-ის მონაწილეობით და მოითხოვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანის _ 7410 ლარის, ასევე სახელმწიფო ბაჟის _ 222 ლარისა და დაცვის ხარჯების _ 300 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხისათვის შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელის მითითებით, 2006 წლის 26 ნოემბერს, დაახლოებით 17:25 საათზე, მოძრაობდა კუთვნილი ავტომანქანით ....ის საავტომობილო გზის 79-ე კმ-ზე, დასავლეთის მიმართულებით. გორის რაიონის სოფელ ...თან, თბილისის მიმართულებით მოძრავმა ავტომანქანამ, რომელსაც მართავდა მძღოლი გ. თ-ი, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და შეეჯახა მოსარჩელის კუთვნილ ავტომანქანას.
მოსარჩელის მითითებით, დაჯახების შედეგად მან მიიღო მსუბუქი დაზიანება _ მარჯვენა მუხლის დაჟეჟილობა, ასევე დაზიანდა მისი ავტომანქანა. გ. თ-ი მართავდა მცხეთა-მთიანეთის კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს კუთვნილ ავტომანქანას, როგორც დაწესებულების მძღოლი, რომელიც იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში მითითებულ ორგანიზაციასთან. ავტომანქანა კი იმყოფებოდა მცხეთა-მთიანეთის კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს საკუთრებაში და ირიცხებოდა მის ბალანსზე.
ამდენად, მოსარჩელის მითითებით, მას მიადგა ზარალი 7410 ლარის ოდენობით და მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 997-ე, 1005-ე მუხლების შესაბამისად, მცხეთა-მთიანეთის კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველო ვალდებული იყო აენაზღაურებინა ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, შრომითი მოვალეობის შესრულების დროს (იხ. ს.ფ. 2).
მ. ფ-ის სარჩელი არ ცნო მესამე პირმა გ. თ-მა და შესაგებლით მოითხოვა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 20).
2007 წლის 16 მაისს მოპასუხე მცხეთა-მთიანეთის შსს მთავარმა სამმართველომ შეგებებული სარჩელი წარადგინა მცხეთის რაიონულ სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება გ. თ-ისათვის.
შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებით, გ. თ-ი მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის შსს მთავარ სამმართველოში საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების დამხმარე მოსამსახურედ – ...ად, მასზე გაპიროვნებული იყო მცხეთა-მთიანეთის შსს მთავარ სამმართველოზე რიცხული ავტომანქანა და პასუხისმგებელი იყო გ. თ-ი მუშაობის პერიოდში, კერძოდ, 2006 წლის ნოემბერში მცხეთა-მთიანეთის შსს მთავარ სამმართველოში გამოწერილი იყო საგზური ¹118 მითითებული ავტომანქანის გ. თ-ზე მიმაგრების შესახებ.
შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გ. თ-მა ჩაიდინა შს სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების 2.2 მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა და იმსახურებდა მითითებული წესდების მე-3 მუხლის “ა” პუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ სასჯელს – საყვედურს, მაგრამ იმის გამო, რომ გ. თ-ი მცხეთა-მთიანეთის შსს მთავარი სამმართველოს 2007 წლის 25 იანვრის ¹8 პ/შ ბრძანებით, პირადი პატაკით დათხოვნილ იქნა შს ორგანოებიდან, შს გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა, რომ გ. თ-ს საკუთარი სახსრებით აღედგინა სამმართველოს სახელზე რიცხული ავტომანქანა (იხ. ს.ფ. 21-23).
მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 ივლისის განჩინებით მ. ფ-ის სარჩელი განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რის გამოც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოცემული სარჩელი ექვემდებარებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას (იხ. ს.ფ. 55-56).
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მსჯელობას, 2007 წლის 9 ივლისის განჩინებით წამოიწყო დავა განსჯადობის თაობაზე და საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოუგზავნა საკასაციო სასამართლოს, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, განმსაზღვრელია დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის და მხოლოდ მოპასუხე მხარედ ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა არ არის საკმარისი საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვისათვის.
სასამართლო კოლეგიის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 997-ე, 1005-ე მუხლების საფუძველზე. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია მოკლებული იქნება შესაძლებლობას, გამოიყენოს ადმინისტრაციული კანონმდებლობა და უნდა იხელმძღვანელოს სამოქალაქო კანონმდებლობით, რაც ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის იმპერატიულ მოთხოვნას.
ამდენად, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ არასწორად განიმარტა მითითებული ნორმა იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის “ა” პუნქტის თანახმად, სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს საქმეებს, რომლებიც გამომდინარეობს სამოქალაქო ურთიერთობებიდან (იხ. ს.ფ. 58-59).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიების მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ მ. ფ-ის სარჩელი მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს, შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მართებულიაYმცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დასკვნა დავის ადმინისტრაციულად მიჩნევის თაობაზე და გაზიარებულ უნდა იქნეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. ადმინისტრაციული კოდექსის 2.2. მუხლი აკონკრეტებს თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს, კერძოდ, მითითებული ნორმის შესაბამისად განისაზღვრა, რომ სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ მოცემული დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას განეკუთვნება, რადგან დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს – მცხეთა-მთიანეთის შსს მთავარი სამმართველოს დავალდებულება ზიანის ანაზღაურების შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით, ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას დავის სამოქალაქოდ მიჩნევის შესახებ იმ მოტივით, რომ დავა გამომდინარეობს სამოქალაქო კანონმდებლობიდან.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით, იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული /ასე, მაგალითად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 47-ე მუხლი/.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავი ადგენს განსაკუთრებულ წესს მმართველობის სფეროში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე და მხოლოდ ის გარემოება, რომ ზიანის ანაზღაურების მარეგულირებელი ცალკეული ნორმები სამოქალაქო კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, არ წარმოადგენს დავის სამოქალაქო კატეგორიას მიკუთვნების განმსაზღვრელ კრიტერიუმს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ზიანის ანაზღაურების საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე მითითება არ წარმოადგენს დავის სამოქალაქო კატეგორიად მიჩნევის საფუძველს, რადგან მ. ფ-ე სასარჩელო განცხადებით ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულებას, მისი მუშაკის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. თ-ი მუშაობდა საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების დამხმარე მოსამსახურის _ ...ის თანამდებობაზე. მასზე გაპიროვნებული იყო შსს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს კუთვნილი “ფოლკსვაგენ პასატის” მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ... . შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის 2007 წლის 6 თებერვლის დადგენილების თანახმად, გ. თ-ი 2006 წლის 26 ნოემბერს, 17:25 საათზე, ანუ სამუშაო საათებში, მოძრაობდა შსს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს კუთვნილი ავტომანქანით, ...-ის საავტომობილო გზის 79-ე კმ-ზე, გორის რაიონის სოფელ ...თან გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომანქანას, რომელსაც მართავდა მ. ფ-ე.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2 მუხლის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დავა _ ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება ზიანის ანაზღაურების შესახებ და იგი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მართებულად მიაკუთვნა ადმინისტრაციულ კატეგორიას.
შესაბამისად, სამოქალაქო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას, მართებულად იმსჯელა, რომ მოცემული დავა დაკავშირებულია იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და იგი მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ფ-ის სარჩელი მოპასუხის – საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.