Facebook Twitter

¹ბს-692-659(გ-06) 24 იანვარი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ნინო ქადაგიძე

საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსჯადობით გადმოგზავნილი დ. გ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 22 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 31 მაისის ახალი გადაწყვეტილებით დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება და ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს რაიონის გამგეობის 2000 წლის 7 მარტის ¹16 დადგენილება თ. შ-ის 390 ჰა მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 9 მარტის განჩინებით თ. შ-ისა და დ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

2005 წლის 24 მარტს დ. გ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 9 მარტის განჩინების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 4 აპრილის განჩინებით დ. გ-ის განცხადება 2005 წლის 9 მარტის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და განმცხადებელს მის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა.

2005 წლის 4 მაისს დ. გ-მა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას კვლავ წარუდგინა განცხადება საკასაციო პალატის 2005 წლის 9 მარტის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე და მიუთითა, რომ სასამართლოს მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე უნდა ემსჯელა. განმცხადებლის თქმით, მოწინააღმდეგე მხარეს მისი საკასაციო საჩივრის საწინააღმდეგო არგუმენტები არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლოში არ წამოუყენებია, შესაბამისად, მისი მოთხოვნის უსაფუძვლობის მტკიცება თავად სასამართლოს მიერ უკანონო იყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 1 ივნისის განჩინებით დ. გ-ის განცხადება საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე, უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა, ხოლო ამავე თარიღის განჩინებით წარმოდგენილი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2005 წლის 9 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განსჯადობით განსახილველად საქმეზე გადაწყვეტილების გამომტან თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას გადაეგზავნა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 22 სექტემბრის განჩინებით დ. გ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად უთითებდა ისეთ გარემოებებზე, რომლებიც, როგორც თავად განცხადებაშივე განმარტავდა, საკასაციო საჩივარში უკვე აღნიშნული ჰქონდა, შესაბამისად, ხსენებული საქმის წარმოების განახლების წანამძღვრად ვერ იქნებოდა მიჩნეული.

დ. გ-მა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 22 სექტემბრის განჩინებაზე სასამართლოში კერძო საჩივარი წარადგინა და მიუთითა, რომ სასამართლოებს მის კანონიერ მოთხოვნაზე არც ერთ გადაწყვეტილებაში არ უმსჯელიათ. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარეებს მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა მოტივირებული არგუმენტებით არ უარუყვიათ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 სექტემბრის განჩინებით წარმოდგენილი კერძო საჩივარი განსჯადობით განსახილველად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა თვლის, რომ დ. გ-ის კერძო საჩივარი მისი განსჯადია, ამასთან, იგი მიჩნეულ უნდა იქნეს საკასაციო საჩივრად და არ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ საქმის განხილვის შემდეგ აღმოჩნდება, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე, რაც შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სასამართლოში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლით კი დადგენილია, რომ კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ამრიგად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 22 სექტემბრის განჩინებით დ. გ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, მასზე განმცხადებელს სასამართლოში საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნაცვლად კერძო საჩივრისა, საკასაციო საჩივარი უნდა წარედგინა. ამასთან, საგულისხმოა, რომ დ. გ-ის კერძო საჩივარი, მიუხედავად მისი დასახელებისა, შინაარსობრივად საკასაციო საჩივარს ესადაგება.

საკასაციო სასამართლო, ამასთან, გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას (“ვ” ქვეპუნქტი). დ. გ-ი კი წარმოდგენილ განცხადებაში თავადვე მიუთითებს, რომ მის მიერ ახლად აღმოჩენილად მიჩნეულ გარემოებებზე საკასაციო საჩივარში აღნიშნული ჰქონდა, მაგრამ სასამართლომ მოპასუხეთა საწინააღმდეგო არგუმენტების გარეშე, თავადვე შეაფასა ისინი და მისი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, საპროცესო კანონმდებლობა ახლად აღმოჩენილად აღიარებს ისეთ გარემოებას, რომელიც განმცხადებლისათვის საქმის განხილვის დროს ცნობილი არ იყო და მის შესახებ მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გახდა ცნობილი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დ. გ-ის მიერ განცხადებაში აღნიშნული გარემოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საქმის წარმოების განახლების წანამძღვრად ვერ იქნება მიჩნეული.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დ. გ-ის კერძო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს განსჯადია, ამასთან, იგი მიჩნეულ უნდა იქნეს საკასაციო საჩივრად და არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 22 სექტემბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. გ-ის კერძო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს განსჯადია;

2. დ. გ-ის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნეს საკასაციო საჩივრად და არ დაკმაყოფილდეს;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 22 სექტემბრის განჩინება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.