ბს-694-661(გ-07) 18 ოქტომბერი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. ნ-მა 2005 წლის 28 ოქტომბერს სარჩელით, მოგვიანებით კი _ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:
ა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹202 ბრძანების ბათილად ცნობა მისი გათავისუფლების ნაწილში;
ბ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 6 ივლისის ¹111 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც დამტკიცდა ..... ფაკულტეტზე პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობებზე გადაყვანის წესი და საკონკურსო კომისიის შემადგენლობა;
გ. გათავისუფლებამდე დაკავებული .... თანამდებობის ტოლფას _ ..... თანამდებობაზე აღდგენა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიალოგიის, კომუნიკატივისტიკისა და საერთაშორისო ჟურნალისტიკის კათედრის .... თანამდებობაზე. 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹202 ბრძანებით მოხდა მისი სამუშაოდან გათავისუფლება, რის საფუძვლად დასახელებული იყო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია. 2005 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება იყო კანონსაწინააღმდეგო. მისი მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მ. ნ-ს ჰყავდა მცირეწლოვანი ბავშვი.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 164-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ორსული ქალების და იმ ქალების, რომლებსაც სამ წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ (მარტოხელა დედებისა _ თოთხმეტ წლამდე ასაკის ბავშვის ან თექვსმეტ წლამდე ინვალიდი ბავშვის ყოლისას) დათხოვნა ადმინისტრაციის ინიციატივით, გარდა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სრული ლიკვიდაციისა, როდესაც დათხოვნა დასაშვებია სავალდებულო შრომითი მოწყობით.
მოსარჩელე ასევე უკანონოდ მიიჩნევდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 6 ივლისის ¹111 ბრძანებას, რომლითაც დამტკიცდა ..... ფაკულტეტზე პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობებზე გადაყვანის წესი და საკონკურსო კომისიის შემადგენლობა. მისი აზრით, აღნიშნული ბრძანება ეწინააღმდეგებოდა «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონს და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებულებას (ს.ფ. 3, 37-38).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 30 ნოემბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ..... ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულებით შექმნილი საკონკურსო კომისია (ს.ფ. 31-32).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹202 ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც მ. ნ-ი გათავისუფლდა სამსახურიდან, მოპასუხეს დაევალა ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 6 ივნისის ¹111 ბრძანების ბათილად ცნობისა და მ. ნ-ის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული დაბადების მოწმობით დასტურდებოდა, რომ მ. ნ-ს შვილი შეეძინა 2005 წლის 27 ივლისს. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 164-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუშვებელი იყო ორსული ქალების და იმ ქალების, რომლებსაც სამ წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ, დათხოვნა ადმინისტრაციის ინციატივით, გარდა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სრული ლიკვიდაციის შემთხვევებისა, როდესაც დათხოვნა დაშვებული იყო სავალდებულო შრომითი მოწყობით.
საქლაქო სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ასევე ამავე კოდექსის 53-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, რომელიც წინ უნდა უძღოდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს და მიიჩნია, რომ 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹202 ბრძანება გასაჩივრებულ ნაწილში გამოცემული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმათა დარღვევით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
რაც შეეხებოდა მოსარჩელის მოთხოვნას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 6 ივნისის ¹111 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, სასამართლომ იგი უსაფუძვლოდ მიიჩნია, რამდენადაც მოსარჩელემ აღნიშნული ბრძანების კანონსაწინააღმდეგობა და მისი ბათილად ცნობის საფუძვლები ვერ დაასაბუთა.
საქალაქო სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა მ. ნ-ის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის თაობაზე, ვინაიდან 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹202 ბრძანების ბათილად ცნობით მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის საკითხი სასამართლოს არ გადაუწყვეტია (ს.ფ. 56-60).
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მითითებულ ნაწილში საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტის განმარტებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹202 ბრძანება შეეხებოდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის პირების დანიშვნას და ძველი საშტატო ერთეულების გაუქმებას. ბრძანებაში კონკრეტულად არ იყო მითითებული მ. ნ-ის საკითხი.
ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველს წარმოადგენდა «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონი (მუხლი 89) და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებულება (პუნქტი 2). ბრძანების მიღების წინაპირობას წარმოადგენდა აგრეთვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 6 ივლისის ¹111 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა .... ფაკულტეტზე პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობებზე გადაყვანის წესი და საკონკურსო კომისიის შემადგენლობა.
აპელანტის მითითებით, მ. ნ-ი 2005 წლის 20 სექტემბრამდე იმყოფებოდა ფასიან დეკრეტულ შვებულებაში. 20 სექტემბრის შემდეგ მას არ მიუმართავს ადმინისტრაციისათვის უხელფასო დეკრეტული შვებულებით სარგებლობის თხოვნით. აღნიშნულ პერიოდში მოსარჩელემ მიმართა შესაბამის საკონკურსო კომისიას იმის თაობაზე, რომ მონაწილეობა მიეღო კონკურსში. უნივერსიტეტში მიმდინარე რეფორმის შესახებ ცნობილი იყო ყველა კონკურსანტისათვის (ს.ფ. 66-67).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ს.ფ. 110-113).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 მარტის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
სასარჩელო განცხადების თანახმად, მოსარჩელე სადავოდ ხდის და ასაჩივრებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹202 ბრძანების იმ ნაწილს, რომლითაც მ. ნ-ი გათავისუფლდა სამსახურიდან. აღნიშნული ბრძანება, მოპასუხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის წარმომადგენლის განმარტებით, გამოცემულია 2006 წლის 4 ივლისამდე მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის საფუძველზე. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული ბრძანება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ვერ მიიჩნეოდა, რამდენადაც იგი გამოცემული არ იყო ადმინისტრაციული კანონმდებლობის _ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის საფუძველზე, მას საფუძვლად ედო საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაუფლებამოსილ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის უფლებამოსილ სასამართლოს. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქმე მოსარჩელე მ. ნ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მესამე პირის _ .... ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულებით შექმნილი საკონკურსო კომისიის მიმართ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე უნდა გადაგზავნოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას (ს.ფ. 143-144).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 ივლისის განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის არანაირი შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული არ ყოფილა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემისა და სათანადო უფლებამოსილების განხორციელება გამომდინარეობს საჯარო კანონმდებლობიდან, კერძოდ, «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონიდან, ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 6 ივნისის ¹473 ბრძანებულებიდან. აღნიშნული პირი შესაბამისი ბრძანების გამოცემისას მოქმედებს როგორც საჯარო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი.
სასამართლომ მოსაზრებით, აკადემიურ პერსონალთან შრომითი ურთიერთობისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლება მოხდა არა მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტით, არამედ სადავო 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹202 ბრძანების _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის აზრით, აღნიშნული საქმე დავის საგნისა და არსის, სადავო ურთიერთობის მიხედვით, აგრეთვე ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არ ექვემდებარება განხილვას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, არამედ ექვემდებარება განხილვას ადმინისტრაციული წესით (ს.ფ. 177-181).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის, განსჯადობის საკითხის გამორკვევის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ნ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ამოსავალია სადავო სამართალურთიერთობის შინაარსი და შესაბამისად, ამ სამართალურთიერთობის სამართლებრივი საფუძველი _ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელის დავის საგანია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹202 ბრძანების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კათედრაზე ჟურნალისტიკის მიმართულებით ... თანამდებობაზე მოსარჩელის ნაცვლად დაინიშნენ სხვა პირები, აგრეთვე გათავისუფლებამდე დაკავებული .... თანამდებობის ტოლფას _ .... თანამდებობაზე აღდგენა. სადავო ბრძანებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის .... ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულებით .... თანამდებობაზე დაინიშნენ კონკურსში გამარჯვებული პირები. ამავე ბრძანებით კადრების სამსახურს დაევალა, დაუყოვნებლივ გაეფრთხილებინა ფაკულტეტის ძირითად შტატში აღნიშნულ თანამდებობებზე დასაქმებული პირები (კონკურსში გამარჯვებულების გარდა) მათი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტისა და მათთვის არსებული საბიუჯეტო ხელფასის ოდენობის ანაზღაურების 2008 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით შენარჩუნების შესახებ (ს.ფ. 13-16). აღნიშნული ბრძანების საფუძველს წარმოადგენს «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-11 პუნქტი, რომლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს _ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა უზრუნველეყოთ დაწესებულებაში დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლებისა და მეცნიერ-თანამშრომლების გადაყვანა ამ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის აკადემიურ თანამდებობებზე და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებულების მე-2 პუნქტი, რომელშიც საუბარია საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლებებზე. აღნიშნული ბრძანების სამართლებრივი საფუძველი არ არის საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სადავო ბრძანების მიღების წინაპირობას წარმოადგენდა აგრეთვე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 6 ივლისის ¹111 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა ..... ფაკულტეტზე პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობებზე გადაყვანის წესი და საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, რისი შედეგიც იყო 2005 წლის 5 ოქტომბერს ... ფაკულტეტზე კონკურსში გამარჯვებულ პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნა (ს.ფ. 67; 97). მოსარჩელე აღნიშნავს, რომ თანამდებობიდან მისი გათავისუფლება მოხდა უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში ვერგამარჯვებისა და დოცენტის აკადემიური თანამდებობის გაუქმების გამო განხორციელებულ შტატების შემცირებასთან დაკავშირებით (ს.ფ. 155). ამდენად, მ. ნ-ი სადავოდ ხდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული კონკურსის საფუძველზე მის გათავისუფლებას, რომლის შედეგებიც დამტკიცდა ზემოაღნიშნული ბრძანებით.
«საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ» კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას. იმავდროულად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის «დ» ქვეპუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. ამდენად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მხოლოდ ის ბრძანება, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და იწვევს სამართლებრივ შედეგს.
ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მსჯელობას, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹202 ბრძანება გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და სადავო ურთიერთობა თავისი შინაარსით წარმოადგენს ადმინისტრაციულსამართლებრივს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 6 ივლისის ¹111 ბრძანებით დამტკიცდა .... ფაკულტეტზე პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობებზე გადაყვანის წესი და საკონკურსო კომისიის შემადგენლობა. კონკურსის წესის პირველი ნაწილით განისაზღვრა, რომ აკადემიური თანამდებობების დაკავება უნდა მომხდარიყო კონკურსის საფუძველზე. «საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების განსაზღვრისა და საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებულების მე-2 პუნქტის «ღ» ქვეპუნქტის (რექტორის მოვალეობის შემსრულებელი «უმაღლესი განათლების შესახებ» კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ამტკიცებს პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობებზე გადაყვანის წესს) და «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-11 პუნქტის (საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა _ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყონ დაწესებულებაში დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლებისა და მეცნიერ-თანამშრომლების გადაყვანა ამ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობებზე) საფუძველზე დამტკიცდა ..... ფაკულტეტზე პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობებზე გადაყვანის წესი და საკონკურსო კომისიის შემადგენლობა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹202 ბრძანებით ჩატარებული კონკურსის შესაბამისად .... თანამდებობაზე დაინიშნენ კონკურსში გამარჯვებული პირები. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კონკურსის ჩატარების წესს და პირობებს არეგულირებს «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონი, რომელიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობას განეკუთვნება. მოცემული საქმე წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განსახილველ დავას და საქმეზე განსჯადი სასამართლოა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, რის გამოც მ. ნ-ის სარჩელი მას უნდა გადაეცეს განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ნ-ის სარჩელი მოპასუხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.