Facebook Twitter

ბს-703-669(გ-06) 5 მარტი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ქობულეთის რაიონულ სასამართლოს შორის

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 10 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ე. ხ-მა მოპასუხეების _ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის რაიონული სამსახურისა და ი. მ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:

ა. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 სექტემბრის ¹750 ბრძანებულების ბათილად ცნობა;

ბ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹1-1036 ბრძანების ბათილად ცნობა;

გ. აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹529 ბრძანების ბათილად ცნობა;

დ. საჯარო რეესტრის იმ ჩანაწერის ბათილად ცნობა, რომელიც სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ, ქ. ქობულეთში, ... ქ. ¹102-ში მდებარე, დაუზუსტებელი მონაცემებით, 50000 კვ.მ ¹20/12/05/046 მიწის ნაკვეთს ეხება;

ე. აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 30 ნოემბრის ¹625 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც დამტკიცდა ქ. ქობულეთში, .... ქ. ¹102-ში მდებარე ... სახლის დაუმთავრებელი მშენებლობისა და მასზე დამაგრებული მიწის ფართის 2006 წლის 29 ნოემბრის კონკურსის შედეგები;

ვ. აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ი. მ-ს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

ზ. საჯარო რეესტრის ¹20/12/05/046 ჩანაწერის ბათილად ცნობა, რომლის მიხედვით, ქ. ქობულეთში, .... ქ. ¹102-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და დაუმთავრებელი შენობის მესაკუთრეს წარმოადგენდა ი. მ-ი.

მოსარჩელე ზემომითითებული ადმინისტრაციული აქტების ბათილობას ითხოვდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლზე დაყრდნობით, იმ მოტივით, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს და საქართველოს კანონებს, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენდა ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის საფუძველს. დავის საგნის _ ქ. ქობულეთში, ... ქ. ¹102-ში მდებარე უძრავი ქონების გამო გამოცემული ადმინისტრაციული აქტების, იმავე ქონების გამო დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების, აგრეთვე საჯარო რეესტრში ჩანაწერების ბათილობისადმი მოსარჩელის სამართლებრივი ინტერესი იმაში გამოიხატებოდა, რომ მას სარჩელი ჰქონდა აღძრული სასამართლოში და ითხოვდა ქ. ქობულეთში, .... ქ. ¹102-ში მდებარე უძრავი ნივთის მისთვის (აგრეთვე სხვა თანამოსარჩელეებისათვის) საკუთრებაში დაბრუნებას, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ქონება წარმოადგენდა მისი პაპის _ თ. ხ-ის საკუთრებას და რომ მითითებული ქონება, თანახმად საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლისა, როგორც ჩამორთმეული, უნდა დაბრუნებოდა თ. ხ-ის მემკვიდრეებს, მათ შორის, ე. ხ-ს საკუთრებაში (ს.ფ. 1-12).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 აგვისტოს განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ე. ხ-ის სასარჩელო განცხადება მოპასუხეების _ საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 სექტემბრის ¹750 ბრძანებულებისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹1-1/1036 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნათა ნაწილში; ე. ხ-ის სარჩელი მოპასუხეების _ აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ი. მ-ის მიმართ, 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹529 და 2005 წლის 30 ნოემბრის ¹625 ბრძანებების, 2005 წლის 30 ნოემბრის ბრძანებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების _ 2005 წლის 30 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ განსჯადობის წესის დაცვით გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს; ე. ხ-ის სარჩელი მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ქ. ქობულეთში, ... ქ. ¹102-ში მდებარე უძრავი ქონების თაობაზე ჩანაწერების ბათილად ცნობის ნაწილში, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს _ ქობულეთის რაიონულ სასამართლოს.

საქალაქო სასამართლომ ე. ხ-ის სარჩელის ქობულეთის რაიონულ სასამართლოში გადაგზავნის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ამ შემთხვევაში საქმეზე მოპასუხედ დასახელებული ადმინისტრაციული ორგანო _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახური მდებარეობდა ქ. ქობულეთში, ... ¹141-ში. შესაბამისად, ე. ხ-ს თავისი სასარჩელო განცხადება ამ მოპასუხის მიმართ უნდა წარედგინა განსჯად _ ქობულეთის რაიონულ სასამართლოში (ს.ფ. 58-59).

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 სექტემბრის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს აღნიშნული განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მიხედვით, სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამავე კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. აღნიშნული ნორმა მოსარჩელეს უფლებას ანიჭებს, თვითონ აირჩიოს, რომელ სასამართლოში შეიტანოს სარჩელი. ამ შემთხვევაში ე. ხ-მა არჩევანი თბილისის საქალაქო სასამართლოზე გააკეთა. აქედან გამომდინარე, რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ განსჯადობით არასწორად გადაუგზავნა მითითებული საქმე (ს.ფ. 61-62).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, განსჯადობის საკითხის გამორკვევის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ხ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ ე. ხ-ის სარჩელის ქობულეთის რაიონული სასამართლოსათვის განსჯადობით განსახილველად გადაგზავნის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ საქმეზე მოპასუხედ მითითებული ადმინისტრაციული ორგანო _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახური მდებარეობდა ქ. ქობულეთში, შესაბამისად, სარჩელი ამ მოპასუხის მიმართ მოსარჩელეს უნდა წარედგინა ქობულეთის რაიონულ სასამართლოში. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებულ მსჯელობას და განმარტავს შემდეგს:

ტერიტორიული განსჯადობის საერთო წესის თანახმად, სარჩელი სასამართლოს წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი, მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოში საქმის წარმოების გაადვილების მიზნით, ანიჭებს მას შესაძლებლობას, სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარუდგინოს სასამართლოს ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამავე კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. ამდენად, სარჩელზე რამდენიმე მოპასუხის არსებობის პირობებში, მათ შორის, ურთიერთდაკავშირებულ სასარჩელო მოთხოვნებზე სხვადასხვა საცხოვრებელი ადგილის (ადგილსამყოფლის) მქონე მოპასუხეთა არსებობისას, განსჯადი სასამართლოს არჩევის უფლება აქვს მოსარჩელეს ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის (ადგილსამყოფლის) მიხედვით. სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს მოსარჩელის აღნიშნული არჩევანის თავისუფლებაში.

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლომ თავის წარმოებაში დაიტოვა ე. ხ-ის სარჩელი მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 სექტემბრის ¹750 ბრძანებულებისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹1-1/1036 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში. ე. ხ-ის სარჩელი ქ. ქობულეთში, ... ქ.¹102-ში მდებარე უძრავი ქონების თაობაზე ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს. აღნიშნული სადავო საჯარო რეესტრის ჩანაწერის განხორციელების საფუძველი, საქმის მასალების მიხედვით, არის საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 სექტემბრის ¹750 ბრძანებულება და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹1-1/1036 ბრძანება (ს.ფ.48). ამდენად, საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნა ორგანულადაა დაკავშირებული საქართველოს პრეზიდენტისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრის ზემოაღნიშნული აქტების ბათილობის მოთხოვნასთან, რომელიც მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ადგილსამყოფლის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლოს განსჯადია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ე. ხ-ს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 სექტემბრის ¹750 ბრძანებულების, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹1-1/1036 ბრძანების, აგრეთვე, საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული ჰქონდა ურთიერთდაკავშირებული მოთხოვნები სხვადასხვა მოპასუხეთა მიმართ და ერთ-ერთი მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით აღნიშნული სარჩელის განმხილველი განსჯადი სასამართლოს არჩევის უფლებამოსილება გააჩნდა მოსარჩელეს. საქალაქო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ჩარეულიყო მოსარჩელის აღნიშნულ არჩევანში და შეეცვალა იგი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე. ხ-ის სარჩელი ქ. ქობულეთში, ... ქ. ¹102-ში მდებარე მიწის ნაკვეთის თაობაზე საჯარო რესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში ექვემდებარება განსჯადობით განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ხ-ის სარჩელი ქ. ქობულეთში, ... ქ. ¹102-ში მდებარე მიწის ნაკვეთის თაობაზე საჯარო რესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.