¹ბს-706-672(გ-07) 25 სექტემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პალატებს შორის დავა განსჯადობის თაობაზე, საქმეზე ც. ბ.-ის სარჩელის გამო, მოპასუხის _ სსიპ ქ. ბათუმის ¹... საჯარო სკოლის მიმართ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 12 თებერვალს ც. ბ.-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სსიპ ქ. ბათუმის ¹... საჯარო სკოლის მიმართ და მოითხოვა მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სსიპ ქ. ბათუმის ¹... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 10 იანვრის ¹74 ბრძანების არარად აღიარება და სამუშაოზე აღდგენა შემდეგი საფუძვლით:
ც. ბ.-ე 1954 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, გავლილი აქვს საკვალიფიკაციო გამოცდები და 1990 წელს მიენიჭა უფროსი მასწავლებლის წოდება, ხოლო 1999 წელს ატესტაციის შედეგად _ უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის წოდება. სსიპ ქ. ბათუმის ¹... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 10 იანვრის ¹74 ბრძანებით გათავისუფლდა სამსახურიდან.
მოსარჩელის მითითებით, გასაჩივრებული ბრძანებით მასთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება, რომელიც არ დადებულა სკოლის არც ერთ პედაგოგთან და რომესაც საფუძვლად დაედო მე-9 კლასის ოპტიმიზაცია და კვირეული საათების შემცირება მათემატიკაში, ასევე შრომის კოდექსის 37-ე მუხლის “გ” და “დ” პუნქტები.
მოსარჩელის მითითებით, სადავო ბრძანება გამოიცა 2007 წლის 10 იანვარს, გაფრთხილებას მოსარჩელე გაეცნო 2007 წლის 9 იანვარს, ხოლო ბრძანება დათარიღებულია 2007 წლის 4 იანვრით. ამდენად, მოსარჩელის მოსაზრებით, დაირღვა შრომის კოდექსის 422.1 მუხლი.
მოსარჩელის მითითებით, სკოლაში მიმდინარე დარღვევების გამო, 2006 წლის 11 ოქტომბერს პედაგოგებმა განცხადებით მიმართეს აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს. ბათუმის რესურსცენტრის უფროსის 2006 წლის 8 ნოემბრის ბრძანებით შეიქმნა კომისია ქ. ბათუმის ¹... საჯარო სკოლის თემატური შემოწმების მიზნით. 2006 წლის 16 ნოემბრის თემატური შემოწმების აქტში მიეთითა სკოლაში არსებული დარღვევების შესახებ, კერძოდ, სკოლაში არ იყო შემუშავებული საშტატო განრიგი, სასწავლო გეგმა, პედაგოგებთან არ იყო დადებული შრომითი ხელშეკრულებები, რის გამოც სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს დაევალა დარღვევების აღმოფხვრა. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელის მითითებით, თემატური შემოწმების ოქმში აღინიშნა, რომ ქ. ბათუმის ¹... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არ იყო დანიშნული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 59.2 მუხლით დადგენილი წესით. ამდენად, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ. შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გასაჩივრებული ბრძანების არარად აღიარება (იხ. ს.ფ. 1-2).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ც. ბ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სსიპ ქ. ბათუმის ¹... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 10 იანვრის ¹74 გასაჩივრებული ბრძანება სკოლის მასწავლებლის _ ც. ბ.-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რადგან არ აკმაყოფილებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ელემენტებს და არ არის გამოცემული ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. გასაჩივრებული ბრძანება გამოცემულია კერძო სამართლებრივი კანონმდებლობის საფუძველზე და მისი მართლზომიერების შემოწმებისას დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, შრომის კოდექსის 19.2 მუხლის მიხედვით, სამუშაოზე მიღება ფორმდება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის ბრძანებით, მაგრამ ადმინისტრაციის ბრძანების ფორმა არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ გადაწყვეტილების მიღების ამ ფორმას კანონმდებელი განაკუთვნებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება შრომის კოდექსის მოთხოვნების დარღვევის შესახებ და მიიჩნია, რომ ც. ბ.-ის გათავისუფლების დროს მოპასუხეს კანონის მოთხოვნა არ დაურღვევია (იხ. ს.ფ. 48-50).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. ბ.-მ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის საფუძველზე ქ. ბათუმის ¹... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 10 იანვრის ¹74 გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა, ასევე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 53-54).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინებით ც. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სასამართლო კოლეგიის განმარტებით, გათავისუფლებული პირი ც. ბ.-ე არ წარმოადგენს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 4.1 მუხლით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეს და არ არის შეყვანილი საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ¹286 ბრძანებულებით დამტკიცებული საჯარო მოსამსახურეთა რეესტრის ჩამონათვალში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ც. ბ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით შრომის კოდექსის დებულებათა საფუძველზე (იხ. ს.ფ. 56-59).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ივლისის განჩინებით ც. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რაც სასამართლო კოლეგიამ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სასამართლო კოლეგიის მოსაზრებით, მოცემული დავა უნდა გადაწყდეს არა მარტო შრომის კოდექსის, არამედ “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე. შესაბამისად, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, რის გამოც დავა განეკუთვნება ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯად საქმეს (იხ. ს.ფ. 62-64).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პალატების მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ ც. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯად სამოქალაქო დავას წარმოადგენს, შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მართებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის დასკვნა დავის სამოქალაქოდ მიჩნევის თაობაზე და გაზიარებულ უნდა იქნეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. ადმინისტრაციული კოდექსის 2.2. მუხლი აკონკრეტებს თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსაზრებას, რომ მოცემული დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას განეკუთვნება, რადგან დავის საგანს წარმოადგენს სკოლის მასწავლებლის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სსიპ ქ. ბათუმის ¹... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 10 იანვრის ¹74 ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა, ანუ დავა კერძოსამართლებრივი ხასიათის შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარეობს.
საკასაციო სასამართლო “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას. ხოლო ამავე კანონის 9.1. მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ისეთი საჯარო მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად, რომელთა განხორციელება უშუალოდ არ შედის სახელმწიფო მმართველობის ორგანოების კომპეტენციაში.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. “ა” მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, სსიპ ქ. ბათუმის ¹... საჯარო სკოლა წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა, ეს არ გულისხმობს, რომ სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ყველა ბრძანება _ წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.2. დ) მუხლით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 1.1 მუხლის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო სამსახურის ცნებას, განმარტავს, რომ საჯარო სამსახური (შემდგომ სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლი ადგენს საჯარო მოსამსახურის ცნებას, რომლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში.
საკასაციო სასამართლო “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 2.1 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომ დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებზე შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითად ამოცანას საჯარო ხელისუფლების განხორციელება წარმოადგენს, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლი ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომელში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირის ქ. ბათუმის ¹... საჯარო სკოლაში საქმიანობა ვერ მიიჩნევა საჯარო სამსახურად, როგორც ამ ნუსხაში არმყოფი დაწესებულება.
საკასაციო სასამართლო “საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 21.07.01წ ბრძანებულების შესაბამისად /რომლითაც დამტკიცდა რანგირების მიხედვით საჯარო სამსახურის თანამდებობათა თანდართული რეესტრი/, განმარტავს, რომ სკოლის მასწავლებელი, როგორც საჯარო მოსამსახურე, აღნიშნულ რეესტრში არ ფიქსირდება, შესაბამისად, მითითებული თანამდებობა ვერ იქნება განხილული საჯარო სამსახურად.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ც. ბ.-ის, როგორც სსიპ ქ. ბათუმის ¹... საჯარო სკოლის მასწავლებლის გათავისუფლების კანონიერების შეფასებისას არ გამოიყენება “საჯარო სამსახურის შესახებ”'კანონის დებულებები, რამდენადაც ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს მითითებული კანონის სუბიექტს, ხოლო “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 14.2 მუხლის თანახმად, საჯარო სამსახურიდან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით, მოცემულ შემთხვევაში _ შრომის კოდექსით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ ქ. ბათუმის ¹... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 10 იანვრის ¹74 ბრძანება არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, და ის ფაქტი, რომ დავის საგანს წარმოადგენს დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანება, არ ნიშნავს, რომ გასაჩივრებულია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. მუხლის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, ასეთად მიიჩნევისათვის აუცილებელია ოთხი ელემენტის არსებობა.
საკასაციო სასამართლო ეყრდნობა, რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2005 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით (ადმინისტრაციულ საქმეზე ¹ბს-713-300(კ-05), ნ. ხ.-ის საკასაციო საჩივრისა გამო, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 მარტის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარე თელავის რაიონის გამგეობის მიმართ, განკარგულების გაუქმების, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ) მოხდენილ განმარტებას შემდეგზე, რომ:
“ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების ადმინისტრაციულ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, ის ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. მუხლის “დ” პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, კერძოდ:
1. სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო _ ადმინისტრაციული აქტის ავტორი;
2. სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული /საჯარო/ სამართლის კანონმდებლობიდან;
3. ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართულია კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისაკენ.
4. ადმინისტრაციული ორგანოს ეს ღონისძიება /იგულისხმება შემდეგი ელემენტი: “აწესებს, წყვეტს ან ადასტურებს” / მიმართულია სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ე.ი. ის აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი პრინციპის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს საქმიანობის სამართლებრივი ფორმის არჩევანის თავისუფლება. ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია კონკრეტული სამართალურთიერთობა მოაწესრიგოს იმ სამართლებრივი ფორმის გამოყენების გზით, რომელიც, მისივე აზრით, უფრო ეფექტურია კონკრეტულ შემთხვევაში. ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის თავისუფლების ფარგლები მთავრდება იქ და მხოლოდ მაშინ, როდესაც კანონი ზუსტად უთითებს მოცემული ურთიერთობისათვის ამა თუ იმ სამართლებრივი ფორმის გამოყენების აუცილებლობას ან ეს გამომდინარეობს კანონით მოწესრიგებული ურთიერთობის თავისებურებიდან.”
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო დაწესებულებები რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობით არ მიიჩნევა საჯარო სამსახურად, შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებს ამყარებენ კერძოსამართლებრივი საკანონმდებლო აქტის _ შრომის კოდექსის საფუძველზე, ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტება, რომ მოცემული დავა უნდა გადაწყდეს არა მარტო შრომის კოდექსის, არამედ “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაბამისად, დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონდმებლობიდან. აღნიშნულის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დავა მიაკუთვნა ადმინისტრაციულ კატეგორიას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “ზოგადი განათლების შესახებ” კანონი არ შეიცავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას _ სკოლასა და მასწავლებელს შორის შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელ კონკრეტულ ნორმებს და ამგვარი ურთიერთობის წარმოშობა-შეწყვეტა რეგულირდება შრომის კოდექსით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ამგვარი დასკვნის გაკეთების საფუძველს არ აძლევდა მოსარჩელის მიერ სასარჩელო განცხადებაში “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 59.2 მუხლის დარღვევაზე, კერძოდ, მითითება იმ გარემოებაზე, რომ სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებისას არ იყო დანიშნული მითითებული ნორმის მოთხოვნის დაცვით, რაც მას ხდიდა არაუფლებამოსილს შრომითი ურთიერთობა შეეწყვიტა მოსარჩელესთან.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 59.2 მუხლი განსაზღვრავს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისათვის კომპეტენციის მინიჭების წესს, ხოლო კომპეტენციის ფარგლებს განსაზღვრავს სხვადასხვა კანონმდებლობა, კერძოდ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში – შრომის კანონთა კოდექსი, რომელიც არეგულირებს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობა-შეწყვეტის პირობებსა და წესს. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით საქმის განხილვისას სასამართლო არ არის შეზღუდული იხელმძღვანელოს საჯარო კანონმდებლობითაც და აღნიშნული არ შეიძლება გახდეს დავის ადმინისტრაციულ კატეგორიას მიკუთვნებისათვის განმსაზღვრელი, რადგან არსებითია თავად სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს კერძო სამართლებრივი კანონმდებლობიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა და იგი უნდა გადაწყდეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 11.1 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას.
აღსანიშნავია, რომ თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაც საქმეთა განსაზღვრის პრინციპად აღიარებს არა დავის სუბიექტებს, არამედ, სამართლებრივ ურთიერთობას, კერძოდ, სსს კოდექსის 11.1. “ა” მუხლის მიხედვით: სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე, იურიდიულ პირებს შორის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავა სწორედ სამოქალაქო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავაა, რამდენადაც ერთ-ერთ განმსაზღვრელ ელემენტს დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობა წარმოადგენს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო და საჯარო სამართლის დოქტრინის შესაბამისად, შრომის კოდექსი არ განეკუთვნება საჯაროსამართლებრივ საკანონმდებლო აქტს, შესაბამისად, იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ კანონმდებლობას და მის საფუძველზე გამოცემული ბრძანება არ შეიცავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთ-ერთ აუცილებელ ელემენტს _ ბრძანება არ არის გამოცემული ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო დასძენს, რომ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კერძოსამართლებრივ ურთიერთობას წარმოადგენს, მაგრამ იმავდროულად, კანონმდებლის მიერ საჯარო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება უზრუნველყოფილ იქნა საჯარო სამართლებრივი ნორმატიული აქტით _ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით, რომლის მიხედვით საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობის მოწესრიგებისათვის ადმინისტრაციულ ორგანოს მკაფიოდ განესაზღვრა საქმიანობის ფორმები, როგორც სამართლებრივი აქტის, ასევე ხელშეკრულების /იხ. მუხლის 7/ სახით, საჯარო სამსახურში ბრძანების გამოცემით ხდება საჯარო მოხელისათვის საჯაროსამართლებრივი კომპეტენციის გადაცემა და შესაბამისად, იმ შეღავათების მინიჭება და გარანტიებით აღჭურვა, რაც კანონით გათვალისწინებულია საჯარო მოხელისათვის, ხოლო დავის წარმოშობის პირობებში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის დანაწესის მიხედვით, როგორც ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი დავა ექვემდებარება ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განხილვას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ვერ ექნება ადგილი, ვინაიდან სადავო ბრძანება გამოცემულია კერძოსამართლებრივი კანონმდებლობის საფუძველზე და მისი მართლზომიერების შემოწმებისას უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს სამოქალაქო სასამართლო, სსსკ-ის მე-11 მუხლის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაწესებულების ადმინისტრაცია (როგორც საჯარო, ისე კერძო სამართლის იურიდიული პირები) ადმინისტრირებისას, ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგებისას არცთუ იშვიათად იყენებენ ბრძანებას, როგორც გადაწყვეტილების ფორმას, რაც არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას გაგებული, როგორც ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ვინაიდან ამგვარი იურისდიქცია მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოებს გააჩნიათ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სამართალურთიერთობას არ გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტი _ დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რის გამოც არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან, რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.
ამდენად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასკვნა მოცემული დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევის შესახებ, შესაბამისად, ც. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯად სამოქალაქო დავას წარმოადგენს, რის გამოც საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ც. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.