Facebook Twitter

¹ბს-718-690(გ-08) 18 სექტემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ ქ. ლ.-ე

მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 29 ოქტომბერს ქ. ლ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს “...-ის” მიმართ.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის 2005 წლის 14 ივლისის განჩინებით ქ. ლ.-ის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე და მოსარჩელე აღდგენილ იქნა თანამდებობაზე.

მოსარჩელის განმარტებით, თანამდებობაზე დარუნებისას მან 2002 წლის 15 ნოემბრიდან 2005 წლის 14 ივლისამდე იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა. შპს “...-ის” ფილიალის სანიტარული ინსპექციისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგზაო ცენტრის ბუღალტერიამ მოსარჩელეს აუნაზღაურა იძულებითი განაცდური 840 ლარის ოდენობით, თუმცა მოსარჩელის მტკიცებით, მას მიუღებელი დარჩა კუთვნილი ხელფასიდან დანაკლისი 294 ლარი, ვინაიდან მისი ხელფასი შეადგენდა 30 ლარს, ხოლო მას ხელფასი 20 ლარის ოდენობით გამოეწერა, რაც მოსარჩელემ უკანონო მიიჩნია და განმარტა, რომ არ არსებობდა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მოხდებოდა მისი ხელფასის შემცირება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას დამატებითი შემოსავლის სახით ასევე მიუღებელი ჰქონდა 1120 ლარი, რომელიც წარმოადგენდა მის დისლოკაციაში არსებულ საზედამხედველო ობიექტებიდან სანიტარული ინსპექციის სალაროში ნაღდ ანგარიშზე გადახდილ თანხას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ კუთვნილი ხელფასიდან დანაკლისის _ 294 ლარის, დამატებითი შემოსავლის სახით 1120 ლარისა და დაკავებული თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლების შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის _ 2440,60 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 თებერვლის საოქმო განჩინებით სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში არასათანადო მოპასუხე შპს “...-ა” შეიცვალა სათანადო მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 თებერვლის განჩინებით ქ. ლ.-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შრომითი ანაზღაურების ნაწილში გამოიყო ცალკე წარმოებად და განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მსჯავრდებულს, ან ბრალდებულს უნდა აღუდგეს უფლებები (რეაბილიტირებულ უნდა იქნეს), თუ დადგინდება მისი უდანაშაულობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ლ.-ე მუშაობდა შპს “...-ის” ფილიალის კომუნალური განყოფილების სანიტარული ექიმის თანამდებობაზე. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წლის 22 ნოემბრის განაჩენით, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა ჯარიმა 100 დღიური ანაზღაურებით 200 ლარის ოდენობით, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით ერთი წლით, ჯარიმა 50 დღიური ანაზღაურებით 100 ლარის ოდენობით. სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოოდ, ქ. ლ.-ს განესაზღვრა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით ერთი წლით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 14 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ქ. ლ.-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მის მიმართ შეწყვეტილ იქნა სისხლის სამართლის საქმე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებულისათვის უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შდეგად მიყენებული ქონებრივი ზიანი სრული მოცულობით ანაზღაურდებოდა, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, უნდა ანაზღაურებულიყო ხელფასი ან სხვა შემოსავალი, რომელიც სარეაბილიტაციო პირს მოაკლდა, მათ შორის, ანაცდენი სარგებელი. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად კი, ხელფასი ან სხვა შემოსავალი, რომელიც სარეაბილიტაციო პირს მოაკლდა ანაზღაურდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საფინანსო ორგანოების მიერ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდებოდა სახელმწიფოს მიერ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ ქ. ლ.-ის განმარტებით, რამდენადაც მის მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, მან ვერ მიიღო კუთვნილი შრომითი ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო სასამართლოებში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილებოდა დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომელიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობდა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად კი, ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანს ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ, რამდენადაც ქ. ლ.-ის სასარჩელო მოთხოვნის საგანს წარმოადგენდა იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოიხატებოდა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გამო მიუღებელ შრომით ანაზღაურებაში, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 223-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ანაზღაურებული უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს მიერ, ამდენად, ქ. ლ.-ის სარჩელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე განხილული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 მარტის საოქმო განჩინებით საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დამატებითი შემოსავლის სახით 1120 ლარის ანაზღაურების ნაწილში წარმოადგენდა დამატებით შემოსავალს ხელფასის სახით, ქ. ლ.-ის სასარჩელო მოთხოვნა 1120 ლარის ანაზღაურების ნაწილში განხილული უნდა ყოფილიყო სახელფასო დავალიანებასთან ერთად ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. შესაბამისად, საქმე ხსენებულ ნაწილშიც განსჯადობით განსახილველად გადააგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 ივნისის განჩინებით ქ. ლ.-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 14 ივლისის განჩინებით ქ. ლ.-ის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 223-ე მუხლის თანახმად, რეაბილიტირებულისათვის უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანი ანაზღაურდებოდა სრული მოცულობით, მათ შორის ხელფასი ან სხვა შემოსავალი, რომელიც სარეაბილიტაციო პირს მოაკლდა, აგრეთვე ანაცდენი სარგებელი, რაც საფინანსო ორგანოების მიერ ანაზღაურდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ, მართალია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტი ითვალისწინებდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას ზიანის ანაზღაურების თაობაზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 223-ე მუხლის შესაბამისად ასეთად კანონის მიერ მიჩნეული იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, თუმცა მხოლოდ ხსენებული ნორმები არ ქმნიდა რეაბილიტირებულისათვის უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის საფუძველს, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით კონკრეტულად იყო განსაზღვრული სახელმწიფოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობისას, მაშინ, როდესაც ზიანი მიყენებული იყო სახელმწოფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას, რასაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ, როგორც თავად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, დავის განხილვისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებული იყო რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და მხოლოდ ის გარემოება, რომ პასუხისმგებლობა ზიანის ანაზღაურებაზე უნდა დაკისრებოდა ადმინისტრაციულ ორგანოს, არ შეიძლება მიჩნეულიყო დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის საფუძვლად. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 221-ე, 222-ე, 223-ე, 227-ე მუხლები, რომლებიც რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და დარღვეული უფლების აღდგენის წესსა და პროცედურას ადგენდა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და რეაბილიტაციის გამო ზიანის ანაზღაურების შესახებ ქ. ლ.-ის მოთხოვნა არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავად, ვინაიდან მას არ გააჩნდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტი, კერძოდ, დავა არ გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქ. ლ.-ის სარჩელი არის კომბინირებული ხასიათის _ შეიცავს სამ სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, კუთვნილი ხელფასიდან დანაკლისის _ 294 ლარის, დამატებითი შემოსავლის სახით 1120 ლარისა და დაკავებული თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლების შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის _ 2440,60 ლარის ანაზღაურება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 თებერვლის განჩინებით ქ. ლ.-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შრომითი ანაზღაურების ნაწილში გამოეყო ცალკე წარმოებად და განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ხოლო იმავე სასამართლოს 2008 წლის 17 მარტის საოქმო განჩინებით საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დამატებითი შემოსავლის სახით 1120 ლარის ანაზღაურების ნაწილში წარმოადგენდა დამატებით შემოსავალს ხელფასის სახით, ქ. ლ.-ის სასარჩელო მოთხოვნა 1120 ლარის ანაზღაურების ნაწილში განხილული უნდა ყოფილიყო სახელფასო დავალიანებასთან ერთად ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. შესაბამისად, საქმე ხსენებულ ნაწილშიც განსჯადობით განსახილველად გადააგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქ. ლ.-თვის კუთვნილი ხელფასიდან დანაკლისისა და დამატებითი შემოსავლის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ. აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 223-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებულისათვის უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანი სრული მოცულობით ანაზღაურდება. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, უნდა ანაზაღაურდეს ხელფასი ან სხვა შემოსავალი, რომელიც სარეაბილიტაციო პირს მოაკლდა, მათ შორის, ანაცდენი სარგებელი, ხოლო ხსენებული მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს, რომ ხელფასი ან სხვა შემოსავალი, რომელიც სარეაბილიტაციო პირს მოაკლდა ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საფინანსო ორგანოების მიერ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომლის დაკონკრეტება ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

საკასაციო სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც მითითებითი ხასითისაა და ადგენს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დედგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედევად.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და რეაბილიტაციის გამო ზიანის ანაზღაურების შესახებ ქ. ლ.-ის სასარჩელო მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავად, ვინაიდან მას არ გააჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტი, კერძოდ, დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. ლ.-ის სასარჩელო მოთხოვნის ძირითად სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობა, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლები და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 223-ე მუხლი, რომლებითაც ასევე განსაზღვრულია ხსენებული დავის სუბიექტი _ სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახით.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენს ადმინისტრაციული კატეგორიის დავას, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანს ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, საქმე ქ. ლ.-ის სარჩელის გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ კუთვნილი ხელფასიდან დანაკლისისა და დამატებითი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს და იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმე ქ. ლ.-ის სარჩელის გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ კუთვნილი ხელფასიდან დანაკლისისა და დამატებითი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.