Facebook Twitter

¹ ბს-720-686(გ-07) 26 სექტემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ ფ. ჭ.-ა

მოპასუხე _ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობა

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 7 დეკემბერს ფ. ჭ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1994 წლის 22 სექტემბრის ¹21.34.446 და 1997 წლის 25 სექტემბრის ¹19.18.1130 დადგენილებების შესაბამისად, 1994 წლამდე მიტაცებული მიწის ნაკვეთები და მათზე უნებართვოდ აშენებული ინდივიდუალური სახლები ექვემდებარებოდა სამართლებრივ რეგისტრაციას. მოსარჩელემ აღნიშნულის თაობაზე ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობას მიმართა და ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹9-ში მდებარე, მის საკუთრებაში არსებულ ლიტერ “გ” საცხოვრებელ სახლზე 1990-1991 წლებში დაშენებული მეორე სართულის დაკანონება მოითხოვა, რაზეც თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ 2005 წლის 5 აგვისტოს ¹ვ-11362 წერილით უარი უთხრა იმ მოტივით, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ ფ. ჭ.-ს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული მეორე სართულის მიშენება აღრიცხული იყო 2000 წელს, რაც მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია და მოითხოვა ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹9-ში მდებარე, მის საკუთრებაში არსებული ლიტერ “გ” საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის დაკანონება და მის სახელზე რეგისტრაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ფ. ჭ.-ს სარჩელი მოპასუხე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ ფ. ჭ.-ს სარჩელთან დაკავშირებული საქმე დავის საგნის გამო, არ განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას, კერძოდ, ხსენებული სარჩელი არ იყო მიმართული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ, არ შეიცავდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათაგან რომელიმეს, სარჩელის მოთხოვნა იყო სამოქალაქო სამართლებრივი ხასიათის. ამასთან, აღნიშნული მოთხოვნა არ იყო მიმართული სარჩელში მოპასუხედ მითითებული თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიმართ, რის გამოც, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, ფ. ჭ.-ს სარჩელი განსჯადობის წესების დაცვით, განსახილველად უნდა გადაგზავნოდა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 ივნისის სასამართლო სხდომაზე ფ. ჭ.-ს წარმომადგენელმა მოითხოვა მოპასუხე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობისათვის ფ. ჭ.-ს საკუთრებაში არსებულ ნაგებობაზე უკანონოდ დაშენებული მეორე სართულის დაკანონების შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 ივნისის განჩინებით ფ. ჭ.-ს სარჩელი მოპასუხე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიმართ განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე და მიიჩნია, რომ იგი არ იყო უფლებამოსილი გადაეწყვიტა მოცემული დავა. სასამართლო კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ფ. ჭ.-ა მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1994 წლის 22 სექტემბრის ¹21.34.446 და 1997 წლის 25 სექტემბრის ¹19.18.1130 დადგენილებებზე და აღნიშნულის შესაბამისად, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობას სთხოვდა ადმინისტრაციული აქტის გამოცემას, რაზეც მას უარი ეთქვა 2005 წლის 5 აგვისტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. აღნიშნულის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ ფ. ჭ.-ს სარჩელის განხილვისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ადმინისტრაციული კანონმდებლობით, რის გამოც სამოქალაქო საქმეთა კოლეგია არ წარმოადგენდა უფლებამოსილ სასამართლოს აღნიშნული დავის გადასაწყვეტად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

კონკრეტულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას, რომელიც ფ. ჭ.-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 ივნისის სასამართლო სხდომაზე დააზუსტა, წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ უკანონო ნაგებობის დაკანონებაზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის უარის გაუქმება და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოხდება შესაბამისი უკანონო ნაგებობის დაკანონება (ს.ფ. 40). აღნიშნული წარმოადგენს ადმინისტრაციული კატეგორიის დავას, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი კი კიდევ უფრო აკონკრეტებს თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებული დავა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, ვინაიდან ფ. ჭ.-ს სასარჩელო მოთხოვნა დაფუძნებულია ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობაზე, კონკრეტულ საკანონმდებლო აქტებზე, კერძოდ, მოსარჩელე თავისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1994 წლის 22 სექტემბრის ¹21.34.446 და 1997 წლის 25 სექტემბრის ¹19.18.1130 დადგენილებებზე, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობას განეკუთვნება. ამასთან, მოსარჩელემ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოითხოვა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობისაგან, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ფ. ჭ.-ს მიერ გასაჩივრებულია ადმინისტრაციული ორგანოს _ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის უარი უკანონო ნაგებობის დაკანონების თაობაზე, რაც წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამასთან, ფ. ჭ.-ს სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დაკისრება, რომლითაც მოხდება უკანონო ნაგებობის დაკანონება, ხოლო აღნიშნული მოთხოვნა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს მოთხოვნას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, საქმე ფ. ჭ.-ს სარჩელის გამო თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიმართ უკანონო ნაგებობის დაკანონების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს და იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმე ფ. ჭ.-ს სარჩელის გამო თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიმართ უკანონო ნაგებობის დაკანონების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.