¹ბს-742-708(გ-07) 19 დეკემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მიხეილ ჩინჩალაძე, ნინო ქადაგიძე
ზეპირი განხილვის გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება მთავარი არქმშენინსპექციის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ მთავარმა არქმშენინსპექციამ 13.05.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ნ. ზ.-ს მიმართ და მოპასუხისთვის თავისი ხარჯებით უკანონო ნაგებობის დანგრევის განხორციელების დავალება მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹11-ში, ნ. ზ.-ს მიერ, სათანადო მშენებლობის ნებართვის გარეშე, განხორციელდა სათავსის მიშენება, რომელშიც განთავსებული იყო სველი წერტილები, რითაც განხორციელდა «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის «კ» პუნქტის «კ.ა.» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა. აღნიშნულის თაობაზე მთავარი არქმშენინსპექციის მიერ 08.12.04წ. შედგა ოქმი და ნ. ზ.-ს 17.12.04წ. გაეგზავნა ¹მი-566/11 შეტყობინება დარღვევის გამოსწორების მოთხოვნით. 14.03.05წ. ¹მი-05/10 დადგენილებით მოპასუხეს აღნიშნული სათავასის დემონტაჟი დაევალა, მაგრამ დადგენილ ვადაში მაინც არ მოხდა დარღვევის გამოსწორება, რის გამოც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მთავარმა არქმშენინსპექციამ, როგორც არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანომ, მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოსარჩელისათვის მისივე ხარჯებით ნაგებობის დანგრევის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.08.05წ. განჩინებით საქმე მოსარჩელე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის სარჩელის გამო, მოპასუხე ნ. ზ.-ს მიმართ უკანონო ნაგებობის დანგრევის თაობაზე, განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განმარტა, რომ «რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 14.11.97წ. ¹649 ბრძანებულებაში 12.04.05წ. ¹213 საქართველოს პრეზიდენტის ¹213 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილებების თანახმად, ლიკვიდირებულ იქნა თბილისის რაიონული სასამართლოები და შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომელშიც შეიქმნა – ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეთა სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები. აღნიშნული საქმე განსახილველად გადაეცა საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. «საერთო სასამართლოების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს განსაზღვრავს საპროცესო კანონი. სასამართლო კოლეგიის მოსაზრებით, მოსარჩელეს აღძრული ჰქონდა დავა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმების საფუძველზე და ითხოვდა უკანონო ნაგებობის დანგრევას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად აღნიშნული კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის წესს. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღნიშნული კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო აღნიშნული დავა განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. ამასთან, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე, რის გამოც საქმე გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.07.07წ. განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის სარჩელი მოპასუხე ნ. ზ.-ს მიმართ უკანონო ნაგებობის დანგრევის თაობაზე სარჩელის განმხილველი უფლებამოსილი სასამართლოს განსაზღვრისა და განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსაზრებით, იგი არ იყო უფლებამოსილი, განეხილა აღნიშნული დავა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი განსაზღვრავს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ საქმეებს, ხოლო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი საქმეები განსაზღვრულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო მე-2 ნაწილის «ა» და «გ» ქვეპუნქტების თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. აღნიშნული მუხლი იძლევა სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების რეგლამენტაციას, რომლის მიხედვით დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის საჭიროა შემდეგ პირობათა არსებობა: ა) სადავო სამართალურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან; ბ) სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო ან ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას განეკუთვნება სარჩელები, რომლებიც აღძრულია ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნით სხვა პირთა მიმართ ზიანის ანაზღაურების ან ქმედების განხორციელების თაობაზე, რაც საჯარო უფლებამოსილებებს უკავშირდება. სამოქალაქო კოლეგიის მოსაზრებით, მოსარჩელე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის სარჩელი გამომდინარეობს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ საქართველოს 14.11.97წ. კანონის მოთხოვნებიდან. აღნიშნული კანონი არეგულირებს საჯაროსამართლებრივ ურთიერთობებს და მოცემული სფერო ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. მართალია, კონკრეტული დავა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ჩამონათვალში არ არის, მაგრამ იგი ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, რაც გამორიცხავს მის კერძო-სამართლებრივ დავად მიჩნევის შესაძლებლობას და მას ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას მიაკუთვნებს. ამასთან, სამოქალაქო კოლეგიამ განმარტა, რომ «საერთო სასამართლოების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. მართალია, უწყებრივად დავა სასამართლოს ქვემდებარეა, მაგრამ დავა არის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის სარჩელი საქმესთან ერთად უნდა დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე არის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექცია _ მოსარჩელე, რომელიც «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 25.07.06წ. ¹1-1/672 ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ» დებულების თანახმად არის საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებით აღჭურვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ადმინისტრაციული ორგანო.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება, თუ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობლობიდან. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს უკანონო ნაგებობის დემონტაჟი. მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონის ნორმებზე. აღნიშნული კანონი საჯაროსამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს და მოცემული სამართალურთიერთობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ამდენად, მართალია, კონკრეტული დავა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ჩამონათვალში არ გვხვდება, მაგრამ იგი ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, რაც ადასტურებს ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიისადმი მის კუთვნილებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად საქმეთა რიგს განეკუთვნება. ამდენად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის სარჩელი განსახილველად განსჯად სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას უნდა გადაეცეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის სარჩელი განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.