ბს-760-732(გ-08) 10 სექტემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ,
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პალატებს შორის დავა გ. ი.-ის კერძო საჩივრის განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 1 ივნისს გ. ი.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ _ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა სსიპ _ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორის 2007 წლის 8 მაისის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასა და ამ აქტის გამოცემით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას სსიპ _ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” რეჟისორის საშუალო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით 2005 წლის 1 იანვრიდან სამსახურში დაშვებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 ივნისის განჩინებით, დაუშვებლობის მოტივით შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება გ. ი.-ის სარჩელის გამო, მოპასუხე სსიპ _ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიმართ, სსიპ _ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორის 2007 წლის 8 მაისის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
საქალაქო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ სსიპ _ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის 2007 წლის 8 მაისის წერილი არ წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რადგან მას არ მოჰყოლია სამართლებრივი შედეგი. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელსაც მოჰყვა სამართლებრივი შედეგი _ გ. ი.-ის სამსახურიდან გათავისუფლება, წარმოადგენდა სსიპ _ “საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის” თავმჯდომარის 2005 წლის 25 იანვრის ¹11-კ ბრძანება, რომელიც მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა კანონით დადგენილი წესით და განსახილველი საქმის დავის საგანს არ წარმოადგენდა.
სასამართლოს განმარტებით, სადავო წერილს არ მოჰყოლია რაიმე სამართლებრივი შედეგი და, შესაბამისად, ამ წერილით მოსარჩელის კანონიერ უფლებას არ მისდგომია პირდაპირი და უშუალო ზიანი.
აღნიშნულის გამო, სასამართლოს მითითებით, გ. ი.-ის სარჩელი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ი.-მ.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 ივნისის განჩინების გაუქმებასა და მისი სარჩელის დასაშვებად ცნობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით გ. ი.-ის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით გადაეცა უფლებამოსილ – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე, სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, დავა არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ კატეგორიას, რამდენადაც დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის განმსაზღვრელია სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც მოცემულ შემთხევაში სახეზე არ არის.
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას. იმავდროულად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ზოგადი ადმინისტრციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ მისი ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ყველა ბრძანება, მათ შორის, ბრძანება მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრციული კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
მართალია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტია და იმავდროულად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, მაგრამ მისი თანამშრომლის მიმართ ყოველთვის ვერ გავრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ნორმები. მითითებული კანონის პრეამბულაში განსაზღვრულია კანონის რეგულირების სფერო, კერძოდ, აღნიშნული კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სამართლებრივ მდომარეობას. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია სახელმწიფო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელში სამსახურიც ითვლება საჯარო სამსახურად. ამ ჩამონათვალში საჯარო სამართლის იურიდიული პირი გათვალისწინებული არ არის.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საჯარო დაწესებულებები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობით არ მიიჩნევა საჯარო სამსახურად, შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებს ამყარებს კერძო სამართლებრივი საკანონმდებლო აქტის – შრომის კანონთა კოდექსის საფუძველზე, ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაწყებლის” გენარელური დირექტორის 2007 წლის 8 მაისის წერილი ემყარება კერძო სამართლის კანონმდებლობას და სარჩელის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში, მისი კანონიერება უნდა შემოწმდეს სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში და გამოყენებულ იქნეს სწორედ კერძო სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო აქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 მაისის განჩინებით გ. ი.-ის კერძო საჩივრი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და განსჯადობის თაობაზე სასამართლოთა მოსაზრებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ი.-ის კერძო საჩივარი წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯად სამოქალაქო დავას, რის გამოც, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: გ. ი.-ი მუშაობდა სსიპ _ “საქართველოს ტელევიზიასა და რადიომაუწყებლობაში” რეჟისორის თანამდებობაზე. სსიპ _ “საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის” თავმჯდომარის 2005 წლის 25 იანვრის ¹11-კ ბრძანების საფუძველზე გ. ი.-ი გათავისუფლდა სამსახურიდან. 2007 წლის 4 მაისს გ. ი.-მ განცხადებით მიმართა სსიპ _ “საზოგადოებრივ მაუწყებელს” და მოითხოვა მისი სამსახურიდან გათავისუფლების არასწორი და არაკანონიერი ფორმულირების დადასტურება, რაზედაც სსიპ _ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორის 2007 წლის 8 მაისის წერილით მას ეცნობა, რომ სსიპ _ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მხრიდან მისი სამსახურიდან გათავისუფლებისას კანონი არ დარღვეულა. გ. ი.-ის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს: 1. სსიპ _ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორის 2007 წლის 8 მაისის ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის” ბათილად ცნობა და 2. სსიპ _ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორის 2007 წლის 8 მაისის ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის” გამოცემით მიყენებული ზიანის ანაზღაურება სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” რეჟისორის საშუალო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით 2005 წლის 1 იანვრიდან სამსახურში დაშვებამდე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 ივნისის განჩინებით დაუშვებლობის მოტივით, შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება გ. ი.-ის სარჩელის გამო მოპასუხე სსიპ _ საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიმართ, სსიპ _ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორის 2007 წლის 8 მაისის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით ამ მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა განიხილება იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საქმეები, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამდენად, ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისათვის არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მითითებული ნორმატიული ელემენტის არსებობას, კერძოდ, დავა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. მოცემულ შემთხვევაში გ. ი.-სა და სსიპ “საზოგადოებრივ მაუწყებელს” შორის დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ვინაიდან დაკავებული თანამდებობიდან გ. ი.-ის გათავისუფლების შესახებ სსიპ “საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის” თავმჯდომარის 2005 წლის 25 იანვრის ¹11-კ ბრძანების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტი, მით უფრო 2007 წლის 8 მაისის სადავო წერილს საფუძვლად არ უდევს ადმინისტრაციული კანონმდებლობა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლითაც რეგლამენტირებულია სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულების ცნება და მოცემულია იმ სახელმწიფო დაწესებულებათა ამომწურავი ჩამონათვალი, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად. აღნიშნულ ჩამონათვალში საჯარო სამართლის იურიდიული პირი ნახსენები არ არის. საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელზე, როგორც საჯარო სამსახურის ფარგლებში საჯარო სამსახურის განმახორციელებელ სუბიექტზე, მითითებას არ შეიცავს ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ¹286 ბრძანებულებით დამტკიცებული “საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრი”.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორი არ წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდება არა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, არამედ იმჟამად მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული დოკუმენტი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული აქტისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, რის გამოც მისი კანონიერების შემოწმება ვერ მოექცევა ადმინისტრაციული სამართლაწარმოების ფარგლებში, ამასთან, გ. ი.-თვის ზიანის ანაზღაურების საკითხი უნდა შემოწმდეს სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში და გამოყენებულ იქნეს სწორედ კერძო სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო აქტები.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას, რის გამოც გ. ი.-ის კერძო საჩივარი განსახილველად უნდა გადაეცეს განსჯად სასამართლოს _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ი.-ის კერძო საჩივრი მოპასუხის _ სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.