Facebook Twitter

¹ბს-76-76(გ-08) 19 მარტი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავა ხ. კ.-ის სარჩელთან დაკავშირებით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 23 აპრილს ხ. კ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის ნოტარიუსის – ვ. ჭ.-ისა და მესამე პირის – ი. ს.-ის მიმართ პრივატიზაციისა და ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ნოტარიუს ვ. ჭ.-ის მიერ 1999 წლის 1 სექტემბერს დამოწმებული პრივატიზაციისა და 1999 წლის 11 ნოემბრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების ბათილად ცნობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება მ. კ.-ე.

2007 წლის 23 ივლისის მოსამზადებელ სხდომაზე, მესამე პირის – ი. ს.-ის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს საქმის განსჯადობით სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გადაგზავნის თაობაზე, ვინაიდან მოსარჩელე ხ. კ.-თვის არანაირი ზიანი არ მიუყენებია და ვერც შეიძლებოდა მიეყენებინა ადმინისტრაციულ ორგანოს, არც ამხანაგობა ¹... და არც ნოტარიუსი არ იყო საჯარო მოხელე, ანუ ადმინისტრაციული ორგანო, რის გამოც მსგავსი სახელშეკრულებო ქონებრივი დავები უნდა განხილულიყო არა ადმინისტრაციული, არამედ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებით ხ. კ.-ის სარჩელი მოპასუხე ქ. თბილისის ნოტარიუსის - ბ. ჭ.-ისა და მესამე პირის – ი. ს.-ის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

საქალაქო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების კანონიერება.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვდა პრივატიზაციისა და ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების გაუქმებას. "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მეორე პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ სახელმწიფო დაწესებულებებს, რომელთა საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად. ამასთან, ამავე კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმართველობის დაწესებულებაში. კანონი ასევე იძლევა კონკრეტულ ჩამონათვალს, თუ რომელ სახელმწიფო დაწესებულებაში საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა წარმოადგენდა კერძო სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის თანახმად, განხილული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ ხ. კ.-ის სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 იანვრის განჩინებით წინამდებარე საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო ხ. კ.-ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ქ. თბილისის ნოტარიუსის ვ. ჭ.-ის, მესამე პირების – ი. ს.-ისა და მ. კ.-ის მიმართ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში და მას მიენიჭა შესაბამისი ნომერი.'

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობას პრივატიზაციის ნაწილში დავის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვის თაობაზე და მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საერთო სასამართლოებში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული დავები, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, კერძოდ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულება დადებულ იქნა 1999 წლის 1 სექტემბერს, იმ პერიოდისათვის მოქმედი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად კი ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენდა ყველა ის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო, ან დაწესებულება, აგრეთვე ნებისმიერი ფიზიკური, ან იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებდა საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას.

სასამართლო აგრეთვე მიუთითებდა, რომ ეს სამართლებრივი აქტები, რომელთა საფუძველზედაც მოხდა ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების დადება ამხანაგობა ¹...-ის თავმჯდომარესა და ი. ს.-ს შორის, იყო ნორმატიული აქტები, რომლებიც მიეკუთვნება ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობას.

სასამართლომ ჩათვალა, რომ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ¹...-ის თავმჯდომარე ა. ზ.-ი პრივატიზაციის ხელშეკრულების დადებისას, ახორციელებდა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ ფუნქციას, რის გამოც ზემოხსენებული ხელშეკრულება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რადგან სახეზე იყო ამ ხელშეკრულებისათვის სზაკ-ის მე-2 მუხლის "ზ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული აუცილებელი ელემენტები და სასკ-ის 251.2 მუხლის თანახმად, ვინაიდან ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით, განსახილველი საქმე განხილული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 იანვრის განჩინებით, ხ. კ.-ის სარჩელი პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების მოსაზრებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. კ.-ის სარჩელი წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯად დავას და საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.

ამავე კოდექსის 2.1 მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს მითითებულს და განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს, კერძოდ, მითითებული ნორმის ,,ბ’’ პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ზ’’ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულ სამოქალაქო-სამართლებრივ ხელშეკრულებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულება და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ხასიათის განმსაზღვრელ ძირითად ელემენტს წარმოადგენს როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი, ისე სამართლებრივ ურთიერთობაში მისი, როგორც სუბიექტის, სამართლებრივი სტატუსი, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65I.1. მუხლის შესაბამისად, ცალსახად განისაზღვრა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი და ამ პირობებში მასზე არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2. მუხლით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ისე სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა კატეგორიას, ვინაიდან, როგორც წინამდებარე საქმის მასალებით დასტურდება, სადავო ბინა მიეკუთვნება საბინაო სამშენებლო კოოპერატივის საკუთრებას, რომელიც პაის გადახდის შემდეგ გადავიდა კერძო პირის საკუთრებაში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთათვის სახელმწიფო საბინაო ფონდში ამ უკანასკნელთა მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობით შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, სადავო ხელშეკრულების ობიექტი _ ბინა არ მიეკუთვნებოდა სახელმწიფო საბინაო ფონდის კატეგორიას, რაც ნიშნავს იმას, რომ გამგეობა მას ვერ განკარგავდა როგორც სახელმწიფო საკუთრებას, რაც გამორიცხავს სადავო ხელშეკრულების ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა კატეგორიისადმი მიკუთვნების შესაძლებლობას და რაც, თავის მხრივ, იძლევა საფუძველს, სადავო სამართალურთიერთობა მიეკუთვნოს სამოქალაქო წესით განსახილველ დავათა კატეგორიას და საქმე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ. კ.-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.