Facebook Twitter

ბს-786-748(გ-07) 10 ოქტომბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელეები: ს. ნ-ი, ზ. კ-ი, ჰ. ნ-ი

მოპასუხეები: 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; 2. ახალციხის რაიონის სოფელ .... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო; 3. ახალციხის რაიონის სოფელ .... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბ. ო-ი

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 26 ივლისს ს. ნ-მა, ზ. კ კ-მა და ჰ. ნ-მა სარჩელი აღძრეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ახალციხის რაიონის სოფელ .... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსა და ახალციხის რაიონის სოფელ .... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ბ. ო-ის მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 29 ივნისის ¹480 ბრძანების დანართში ცვლილებების შეტანა, კერძოდ: ¹326 ჩანაწერის _ «ზ. კ-ი, პედაგოგი» _ ამოშლა; სამეურვეო საბჭოს მონაცემებიდან ლ. თ-ის ამოშლა და ჰ. ნ-ის ჩაწერა; ახალციხის რაიონის სოფელ ... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2007 წლის 7 ივლისის სხდომის ¹4 ოქმისა და დადგენილების ბათილად ცნობა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ივლისის განჩინებით ს. ნ-ის, ზ. კ-ისა და ჰ. ნ-ის სარჩელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ახალციხის რაიონის სოფელ .... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსა და ახალციხის რაიონის სოფელ .... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ბ. ო-ის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან მოპასუხეს წარმოადგენდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელსაც, მოსარჩელის მოსაზრებით, უნდა დავალებოდა ქმედების განხორციელება (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შესაბამის ბრძანებაში ცვლილებების შეტანა), მოცემული საქმე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 აგვისტოს განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ასევე იმავე კოდექსის მე-16 მუხლის (განსაკუთრებული განსჯადობა) პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, აგრეთვე, ხსენებული კოდექსის მე-20 მუხლზე (განსჯადობა მოსარჩელის არჩევით), რომლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 26 ივლისს ახალციხის რაიონულ სასამართლოში ს. ნ-მა, ზ. კ-მა და ჰ. ნ-მა სარჩელი აღძრეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ახალციხის რაიონის სოფელ ... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსა და ახალციხის რაიონის სოფელ .... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ბ. ო-ის მიმართ. ამდენად, მოსარჩელეებმა ისარგებლეს რა მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით, მათ მიერ დასახელებული სამი მოპასუხიდან ორი მოპასუხის (ახალციხის რაიონის სოფელ ... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო და ახალციხის რაიონის სოფელ .... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბ. ო-ი) ადგილსამყოფლის შესაბამისად გადაწყვიტეს იმ სასამართლოსათვის მიმართვა, რომელიც მათ სურდათ.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელი იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ივლისის განჩინებაში მოყვანილი მოსაზრება, რომ სარჩელი განხილული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და, ვინაიდან მოპასუხე იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაგზავნოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მართალია, მოსარჩელეების მიერ სარჩელში ერთ-ერთ მოპასუხედ მითითებული იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომლისგანაც მოსარჩელეები ითხოვდნენ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სარჩელის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადამწყვეტი იყო არა ის გარემოება, თუ რომელი სამართალწარმოების წესით უნდა ყოფილიყო განხილული სარჩელი, არამედ _ მოსარჩელეთა ნება და საპროცესო კანონით მათთვის მინიჭებული უფლება, თვითონ აერჩიათ განსჯადი სასამართლო.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში დაყენებული სასარჩელო მოთხოვნები მთლიანად ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით იყო განსახილველი თუ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და მათგან რომელი მიეკუთვნებოდა ადმინისტრაციული სამართლწარმოების წესით განსახილველ სასარჩელო მოთხოვნათა კატეგორიას და რომელ მოპასუხეთა მიმართ, აღნიშნული საკითხი ახალციხის რაიონულ სასამართლოს შეეძლო გადაეწყვიტა მას შემდეგ, რაც იგი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი განსჯადობის წესების დაცვით მიიღებდა სარჩელს წარმოებაში.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ს. ნ-ის, ზ. კ-ისა და ჰ. ნ-ის სარჩელი სწორად იქნა წარდგენილი უფლებამოსილ სასამართლოში _ ახალციხის რაიონულ სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ახალციხის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე ახალციხის რაიონული სასამართლოს განსჯადია.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ახალციხის რაიონული სასამართლოს მოტივაციას, რომ, ვინაიდან საქმეში მოპასუხეს წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მოცემული საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.

საქმის მასალებიდან, კერძოდ, წარმოდგენილი სარჩელიდან (ს.ფ. 1-5) ირკვევა, რომ ს. ნ-მა, ზ. კ-მა და ჰ. ნ-მა სარჩელი აღძრეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ახალციხის რაიონის სოფელ .... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსა და ახალციხის რაიონის სოფელ .... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ბ. ო-ის მიმართ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სასამართლოთა შორის დავა ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე, კერძოდ, განსჯადობა ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და არ არსებობს დავა საგნობრივი (დარგობრივი) განსჯადობის შესახებ. რაც შეეხება საკითხს იმის თაობაზე, სარჩელში დაყენებული სასარჩელო მოთხოვნები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული თუ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და რა თანმიმდევრობით უნდა მოხდეს მათი განხილვა, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს და მასზე გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი მიიღებს სარჩელს წარმოებაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით, ასევე _ იმავე კოდექსის მე-16 მუხლის (განსაკუთრებული განსჯადობა) პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, აგრეთვე _ ხსენებული კოდექსის მე-20 მუხლზე (განსჯადობა მოსარჩელის არჩევით), რომლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თუ სარჩელში დასახელებულია სხვადასხვა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მოპასუხე, განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივა და ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა, რასაც იგი განსაზღვრავს სარჩელის წარდგენის დროს, ანუ ირჩევს იმ სასამართლოს, სადაც წარადგენს სარჩელს. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი დაუშვებელია, როგორც მოპასუხის მოთხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატივით. სასამართლოს არ გააჩნია უფლებამოსილება, ჩაერიოს მოსარჩელის მიერ აღნიშნული უფლების რეალიზებაში. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის (განსჯადობა მოსარჩელის არჩევით) ნორმა უზრუნველყოფს მოსარჩელის ინტერესების დაცვას _ იმავე კოდექსის მე-16 მუხლით რეგლამენტირებული განსაკუთრებული განსჯადობისას სარჩელი წარადგინოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეებმა სარჩელში მითითებული ორი მოპასუხის _ ახალციხის რაიონის სოფელ .... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსა და ახალციხის რაიონის სოფელ .... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ბ. ო-ის, შესაბამისად, ადგილსამყოფლისა და საცხოვრებელი ადგილის (ახალციხის რაიონი, სოფელი ....) მიხედვით, აირჩიეს ახალციხის რაიონული სასამართლო, სადაც წარადგინეს კიდეც სარჩელი, მით უმეტეს, რომ მოსარჩელეების საცხოვრებელი ადგილიც არის ახალციხის რაიონი, სოფელი ..... ამდენად, ახალციხის რაიონულ სასამართლოს არ გააჩნდა მოცემული საქმის სხვა სასამართლოში, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნის საპროცესო უფლებამოსილება იმ მოტივით, რომ მოპასუხეს წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის (სარჩელის წარდგენა განსჯად სასამართლოში) მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე ს. ნ-ის, ზ. კ-ისა და ჰ. ნ-ის სარჩელის გამო მოპასუხეების _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ახალციხის რაიონის სოფელ .... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსა და ახალციხის რაიონის სოფელ .... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ბ. ო-ის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ახალციხის რაიონულ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმე ს. ნ-ის, ზ. კ-ისა და ჰ. ნ-ის სარჩელის გამო მოპასუხეების _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ახალციხის რაიონის სოფელ .... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსა და ახალციხის რაიონის სოფელ .... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ბ. ო-ის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ახალციხის რაიონულ სასამართლოს;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.