ბს-787-749(გ-07) 14 ნოემბერი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა განსჯადობის შესახებ დავა გორის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 30 ივლისს გორის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა გ. ბ-ემ მოპასუხე გორის რაიონის სოციალური დახმარების განყოფილების მიმართ საწარმოო ტრავმის გამო ხელფასსა და პენსიას შორის არსებული სხვაობის ანაზღაურების შესახებ, რაც შეადგენდა 1728 ლარს (ს.ფ. 1).
გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გორის რაიონის სოციალური დახმარების სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 2004 წლის 30 ივლისიდან, თვეში 57.80 ლარის ოდენობით (ს.ფ. 31).
რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 34-35, 79).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 26 დეკემბრის საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის ფილიალი შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ სსიპ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდით, ამასთან, მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (ს.ფ. 80).
2006 წლის 31 ივლისს გ. ბ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და სააპელაციო საჩივარზე უარი განაცხადა (ს.ფ. 104).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აგვისტოს განჩინებით გ. ბ-ის წარმომადგენელ ნ. ბ-ის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდა, გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე გ. ბ-ის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება (ს.ფ. 107-108).
2007 წლის 15 მარტს გორის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. ბ-ემ მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ. განმცხადებელმა მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მოპასუხე მხარის სწორად განსაზღვრის მიზნით ცვლილების შეტანა.
გ. ბ-ე მიუთითებდა, რომ მუშაობდა გორის პურპროდუქტების კომბინატში. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრავმა სხეულის და სახის დაზიანებით. დაენიშნა სხვაობა პენსიასა და ხელფასს შორის, რომელსაც იღებდა ყოველთვიურად 57.80 ლარის ოდენობით. უკანასკნელი 7 წლის მანძილზე აღარ მიუღია სხვაობა პენსიასა და ხელფასს შორის. 2004 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გორის რაიონულმა სასამართლომ გორის რაიონის სოციალური დახმარების სამსახურს დააკისრა მის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება, თუმცა მისი შესრულება ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მოპასუხედ ნაცვლად საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა, არასწორად დასახელდა გორის რაიონის სოციალური დახმარების სამსახური. “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 3 მაისის ბრძანებულებიდან გამომდინარე, გორის რაიონის სოციალური დახმარების სამსახურს მოცემულ საქმესთან შეხება არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა, რომ სასამართლოს მოპასუხესთან მიმართებაში შესაბამისი ცვლილება შეეტანა გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სააღსრულებო ფურცლის გამოწერა თანხის ანაზღაურებაზე რეალურად ვალდებული პირის მიმართ (ს.ფ. 120).
გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 აპრილის განჩინებით აღნიშნული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის მიხედვით, სარჩელი სასამართლოს წარედგინება მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით.
სასარჩელო განცხადებით და მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით დასტურდებოდა, რომ გ. ბ-ეს სარჩელი აღძრული ჰქონდა მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ, რომლის ადგილსამყოფელს წარმოადგენდა ქ. თბილისი, .......... ქ. ¹51. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ბ-ის სასარჩელო განცხადება სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ ექვემდებარებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას (ს.ფ. 126).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია 2007 წლის 1 აგვისტოს განჩინებით არ დაეთანხმა გორის რაიონული სასამართლოს მსჯელობას საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილვის შესახებ და გ. ბ-ის განცხადება განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ გ. ბ-ემ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს გორის რაიონის სოციალური დახმარების სამსახურის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოპასუხედ სარჩელში მითითებულია გორის რაიონის სოციალური დახმარების განყოფილება. 2004 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აღნიშნული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე გ. ბ-ის მიერ გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 26 დეკემბრის საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გორის ფილიალი Dშეიცვალა სათანადო მოპასუხით სსიპ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდით. 2006 წლის 17 აგვისტოს განჩინებით გ. ბ-ის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდა. 2007 წლის 15 მარტს გ. ბ-ემ განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა 2004 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა და სააღსრულებო ფურცელში მოპასუხედ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მითითება.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, მოსარჩელე თავად განსაზღვრავს დავის საგანს და იმ სუბიექტს, ვინც პასუხი უნდა აგოს მის მოთხოვნაზე, რის შესახებაც ვალდებულია მიუთითოს სასარჩელო განცხადებაში, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლისა. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელი წარდგენილია ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, სასამართლო ვალდებულია მოსარჩელეს მისცეს საპროცესო ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით განსაზღვრულია არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის წესი. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიმართ ვინც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, იგი უფლებამოსილია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. აღნიშნული ნორმის თანახმად, დაუშვებელია მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ, მისი თანხმობის გარეშე, სასამართლოს მიერ მოპასუხეთა წრის დადგენა.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში განსჯადობის განსაზღვრისას არასწორად იქნა გორის რაიონული სასამართლოს მიერ გამოყენებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საერთო განსჯადობის დაცვით სარჩელის წარდგენას. ამ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის ანალოგიით და განცხადება მიეჩნია განსჯადობით სწორად წარდგენილად, ვინაიდან მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით, ხოლო შემდგომში სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის მოთხოვნით განცხადებით მიმართა იმ სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება.
ამდენად, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლო წარმოადგენდა წინამდებარე საკითხის განხილვისათვის ტერიტორიულად განსჯად სასამართლოს და მის მიერ არასწორად იქნა გამოყენებული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, რომლებიც არაგანსჯად სასამართლოს ავალდებულებს განსჯადი სასამართლოსათვის საქმის გადაგზავნას (ს.ფ. 128).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საქმის განსჯადობის საკითხზე გორის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის განცხადება განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობას, რომ ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით მოცემული საქმე გორის რაიონული სასამართლოს განსჯადია.
საქმეზე დადგენილია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გორის რაიონის სოციალური დახმარების სამსახურს გ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 2004 წლის 30 ივლისიდან, თვეში 57.80 ლარის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში სადავოა განცხადების განსჯადობა, რომლის მოთხოვნას წარმოადგენს გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, რათა შესაძლებელი გახდეს სააღსრულებო ფურცლის გამოწერა თანხის ანაზღაურებაზე რეალურად ვალდებული პირის _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის (ამჟამად სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს) მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეცვლას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. სასამართლო გადაწყვეტილებაში ასევე შესაძლებელია დაშვებული უსწორობის ან აშკარა არითმეტიკული შეცდომის გასწორება ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-161-ე მუხლების საფუძველზე. ზემოაღნიშნულ შემთხვევებს კი მოცემულ საქმეზე ადგილი არ აქვს. ამიტომ განმცხადებელი არასწორად აყენებს საკითხს, როდესაც ითხოვს კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას.
კონკრეტულ შემთხვევაში განმცხადებლის მიზანია და ფაქტობრივად, იგი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას გორის რაიონის სოციალური დახმარების სამსახურის უფლებამონაცვლის მიმართ, რათა შესაძლებელი გახდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული განცხადება უნდა შეფასდეს მისი შინაარსის მიხედვით და განხილულ იქნეს, როგორც სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნა მოვალის უფლებამონაცვლე პირის მიმართ. აღნიშნული საკითხის კონკრეტულ მოწესრიგებას კი შეიცავს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ, ან მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ, ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტების საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა სარჩელი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა შეიტანოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონი ითვალისწინებს განცხადების შეტანას სააღსრულებო ფურცლის გაცემის კომპეტენციის მქონე სასამართლოში _ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. აქედან გამომდინარე, მოცემული სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ბ-ის განცხადება განსჯადობით განსახილველად გადაეცეს გორის რაიონულ სასამართლოს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.