¹ბს-82-82(გ-08) 26 თებერვალი, 2008 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ,
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის დავა განსჯადობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1997 წელს რ. გ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოში მოპასუხის _ საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ზარალის ანაზღაურება (იხ.ს.ფ. 2-3).
თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1997 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს რესპუბლიკის საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტს 1996 წლის იანვრიდან 1997 წლის ნოემბრის ჩათვლით დაეკისრა 4767 ლარისა და 53 თეთრის ერთდროულად, ხოლო 1997 წლის დეკემბრიდან მდგომარეობის შეცვლამდე ყოველთვიურად 292 ლარისა და 48 თეთრის რ. გ-ის სასარგებლოდ გადახდა /იხ.ს.ფ. 38-39/.
2007 წლის 8 მაისს რ. გ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა /იხ.ს.ფ. 58/.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 აგვისტოს განჩინებით რ. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1997 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა მოვალე საქართველოს რესპუბლიკის ტრანსპორტის დეპარტამენტის უფლებამონაცვლის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ /იხ.ს.ფ. 89-91/.
საქალაქო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და რ. გ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 95-96/.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის წესით განსახილველად გადაუგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 11.1. მუხლი და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული დავა არ გამომდინარეობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლში ჩამოთვლილი ურთიერთობიდან, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ზოგადი ადმინისტრაციული კოდიექსის 2.1. “ა” მუხლის თანახმად, წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. “გ” მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების შესახებ. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, განსახილველ შემთხვევაში თუ დაკმაყოფილდებოდა განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან დაკავშირებით, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრებოდა ადმინისტრაციულ ორგანოს _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რის გამოც დავა გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართალურთიერთობიდან (იხ.ს.ფ. 99-101).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა 2008 წლის 3 იანვრის განჩინებით არ დაეთანხმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მსჯელობას აღნიშნული საქმის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევის თაობაზე და წამოიწყო რა დავა განსჯადობის შესახებ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი თანდართულ მასალებთან ერთად განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ გაიზიარა სამოქალაქო პალატის მსჯელობა, რომ მოცემულ დავა არ გამომდინარეობდა სსსკ-ის მე-11 მუხლში ჩამოთვლილი ურთიერთობიდან და განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში განმცხადებელი სადავოდ არ ხდიდა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ზიანის ანაზღაურების საკითხს, არამედ განცხადებით ითხოვდა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხის უფლებამონაცვლის _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ სააღსრულებო ფურცლის გაცემას. ამასთან, ადმინისტრაციულმა სასამართლომ გამოიყენა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-20 და 24-ე მუხლები და განმარტა, რომ სააღსრულებო ფურცელს გასცემდა მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილი სასამართლო, ანუ რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში რ. გ-ის სარჩელი, რომელიც დაკმაყოფილდა კანონიერ ძალაში შესული საბურთალოს რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით, განხილულ იქნა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამდენად, საქმე ექვემდებარებოდა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვას /იხ.ს.ფ. 105-108/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯად სამოქალაქო დავას წარმოადგენს და შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ Yთბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევის თაობაზე სრულიად დაუსაბუთებელია, სასამართლომ არ იმსჯელა, თუ რა სამართალურთიერთობა იყო სახეზე და რა მოსაზრებით მივიდა ამგვარ დასკვნამდე, რის გამოც დარღვეულია სსსკ-ის 394. “ე” მუხლის მოთხოვნები.
კონკრეტულ შემთხვევაში რ. გ-ე განცხადებით მოითხოვდა ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1997 წლის 11 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემას თავდაპირველი მოპასუხის უფლებამონაცვლის _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ, რაც ექვემდებარება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვას, რამდენადაც, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს არ გააჩნდა მოთხოვნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს _ თავდაპირველი მოპასუხის უფლებამონაცვლის მიმართ, არამედ ის ითხოვს, სააღსრულებო ფურცლის გაცემას თავდაპირველი მოპასუხის უფლებამონაცვლის მიმართ. ანუ, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის დავა, კერძოდ, სასარჩელო წარმოება, არამედ სახეზეა საპროცესო მოქმედების შესრულების თაობაზე მოთხოვნა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა უფლებამონაცვლე ორგანიზაციის მიმართ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელსაც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა აწესრიგებს.
საკასაციო სასამართლოს სრულიად ალოგიკურად მიაჩნია სამოქალაქო სასამართლოს მსჯელობა, იმის თაობაზე, რომ დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების შესახებ, რაც განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობასთან დაკავშირებული დავა. მოსარჩელემ სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა განცხადების ფორმით, მაშინ, როცა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.3. მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალწარმოება აგებულია სასარჩელო წარმოებაზე, ამასთან ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას სარჩელი აღიძვრება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობასთან დაკავშირებული მოთხოვნით; რ. გ-ეს განცხადებაზე მოპასუხე არ ჰყავს მითითითებული შესაბამისი მოთხოვნის /სადავო საგნის/ არარსებობის გამო. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სასამართლომ განჩინება გამოიტანა რ. გ-ის განცხადებაზე იმ საფუძვლით, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემა განხორციელებულიყო უფლებამონაცვლე ორგანიზაციის მიმართ.
საკასაციო სასამართლო “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 2. “ა” პუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ კერძო სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას. ამავე კანონის მე-20 მუხლის თანხმად, სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაიცეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ, ან მოვალის უფლებამონაცვლე პირთა მიმართ.
საქმის მასალების თანახმად ქ. თბილისის საბურთლოს რაიონის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე მოვალეს წარმოადგენდა საქართველოს რესპუბლიკის საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტი, ხოლო სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2007 წლის 4 მაისის წეილის თანხამდ, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიის 2006 წლის 30.05 ¹16 შემაჯამებელი საოქმო გადაწყვეტილებით დადგენილია სამოქალაქო ავიაციის უფლებამონაცვლე ორგანიზაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
საკასაციო სასამართლო დასკვნის სახით განმარტავს, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემა უნდა განხორციელდეს იმავე წესით, რა წესითაც მიღებულ იქნა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ხოლო მოცემულ შემთხვევაში საბურთალოს რაიონის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მიღებულია 1997 წლის 11 დეკემბერს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მიღებულ იქნა 2000 წელს. შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.