Facebook Twitter

¹ბს-834-799(გ-06) 20 თებერვალი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატასა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შორის

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 27 თებერვალს ხაშურის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ი. მ-მა, ა. ღ-ემ, რ. შ-ემ, ზ. ხ-ემ, ზ. ბ-ემ, ნ. ბ-მა, ნ. და რ. გ-ებმა მოპასუხე შპს “ს-ის” მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ხელფასიდან უკანონოდ დაქვითული საშემოსავლო გადასახადის თანხების უკან დაბრუნება.

მოსარჩელეთა მითითებით, ისინი მუშაობდნენ შპს “ს-ის” ელექტრომომარაგების ხაშურის დისტანციაში სხვადასხვა თანამდებობებზე. ვინაიდან ცხოვრობდნენ მაღალმთიან რეგიონში, “მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” კანონისა და საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრისას სარგებლობდნენ შეღავათებით 50%-ის ოდენობით. მოპასუხემ არ გაითვალისწინა კანონით მათთვის მინიჭებული აღნიშნული შეღავათი და 2003 წლის იანვრიდან დაუქვითა საშემოსავლო გადასახადი. მოსარჩელეებმა მოითხოვეს აღნიშნული თანხების უკან დაბრუნება (ს.ფ. 2-3).

ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ საქმე განხილულ იქნა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და 2006 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. გ-ისა და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს “ს-ას” და ელექტრომომარაგების ხაშურის დისტანციას დაეკისრათ 2003 წლის იანვრიდან 2005 წლის ივნისამდე პერიოდის ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადის სახით ზედმეტად დაქვითული თანხების მოსარჩელეებისათვის დაბრუნება შემდეგი ოდენობით: ნ. გ-ე _ 703-69 ლარი; რ. გ-ე _ 711.89 ლარი; ი. მ-ი _ 582.87 ლარი; ა. ღ-ე _ 617-64 ლარი; რ. შ-ე _ 1280-12 ლარი; ზ. ხ-ე _ 1193-77 ლარი; ზ. ბ-ე _ 1303-38 ლარი; ნ. ბ-ი _ 538-25 ლარი. ამავე გადაწყვეტილებით შპს “ს-ას” დაევალა მოსარჩელეების სასარგებლოდ დაკისრებული თანხების გადახდის პროცესში სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორება მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში თანხის გაქვითვის მიზნით (ს.ფ. 35-37).

რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს-ამ”. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

აპელანტის მოსაზრებით, საქმე განხილულ იქნა განსჯადობის წესების დარღვევით, კერძოდ, მოცემული საქმე განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს, მაშინ როდესაც იგი განხილულ იქნა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. აღნიშნული დავა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო საქმე იქნებოდა იმ შემთხვევაში, მოსარჩელე ფიზიკური პირების სარჩელის მოთხოვნა რომ ყოფილიყო მოპასუხე კერძო სამართლის იურიდიული პირისაგან ხელფასის გადახდისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნა. მოსარჩელეები კი სადავოდ ხდიდნენ შპს “ს-ის” მიერ გაცემული ხელფასის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის კანონიერებას და ითხოვდნენ ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხების უკან დაბრუნებას.

აპელანტის მითითებით, რამდენადაც განსახილველი დავის საგანი იყო ხელფასის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის კანონშესაბამისობა და ზედმეტად გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხების ანაზღაურება, ამდენად, დავა უნდა გადაწყვეტილიყო საგადასახადო კოდექსის საფუძველზე. საგადასახადო კოდექსი განეკუთვნებოდა ადმინისტრაციულ კანონმდებლობას, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, ამ კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოში განიხილებოდა დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

ვინაიდან მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ შპს “ს-ის” მიერ გაცემული ხელფასის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის კანონიერებას და ითხოვდნენ ზედმეტად გადახდილი საშემოსავლო გადახდის დაბრუნებას, რაც უნდა გადაწყვეტილიყო საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, პროცესუალურად, სახეზე იყო საგადასახადო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე ადმინისტრაციული დავა, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

აპელანტის მოსაზრებით, შპს “ს-ა” საქმეზე წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე უნდა შეცვლილიყო სათანადო მოპასუხით. შპს “ს-ა”, როგორც დამქირავებელი, 2005 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 23-ე, ასევე ახალი საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლების თანახმად, წარმოადგენდა საგადასახადო აგენტს, რომელიც ახდენდა საშემოსავლო გადასახადის გამოანგარიშებას, გადამხდელთათვის, კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეთათვის თანხების დაკავებას და გადასახადის თანხის ბიუჯეტში გადარიცხვას. საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავდა, რომ საგადასახადო აგენტის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება ადგილობრივ ბიუჯეტში, ანუ მოსარჩელეთათვის ზედმეტად დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადის თანხა შპს “ს-ის” ანგარიშზე კი არ ჩარიცხულა და რკინიგზას რაიმე ფინანსური სარგებელი კი არ მიუღია, არამედ საშემოსავლო გადასახადის მთლიანი სადავო თანხა, კანონმდებლობის თანახმად, ჩაირიცხა ადგილობრივ ბიუჯეტში. შესაბამისად, მოსარჩელეებს ზედმეტად დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადის თანხა უნდა დაბრუნებოდათ ადგილობრივი ბიუჯეტიდან. აქედან გამომდინარე, საქმეზე სათანადო მოპასუხე იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი საგადასახადო ინსპექცია.

აპელანტის აზრით, განსახილველ დავაში შპს “ს-ა”, როგორც საგადასახადო აგენტი, წარმოადგენდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა სადავო საგადასახადო ურთიერთობაში, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა იყო შესაძლებელი (ს.ფ. 49-52).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 სექტემბრის განჩინებით შპს “ს-ის” სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა შპს “ს-ის” მიერ მოსარჩელეებზე გაცემული ხელფასის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის კანონიერება და ზედმეტად გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხების დაბრუნება. აღნიშნული დავის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო საგადასახადო კოდექსის ნორმები. აქედან გამომდინარე, მოცემული დავა საგადასახადო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენდა, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განხილული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული საპროცესო ნორმებით დადგენილი წესების მიხედვით (ს.ფ. 56-57).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 სექტემბრის განჩინებით შპს “ს-ის” სააპელაციო საჩივარი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალტის განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სასამართლოებში განიხილებოდა დავა იმ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით, რომელიც გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. დასახელებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის აუცილებელი იყო სამართალურთიერთობის დაფუძნება ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობაზე. შესაბამისად, ადმინისტრაციული დავის ერთ-ერთი მონაწილე უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული ორგანო. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან საქმეზე მოდავე მხარეებს წარმოადგენდნენ კერძო სამართლის სუბიექტებს, მხოლოდ ის გარემოება, რომ დავა ეფუძნებოდა საგადასახადო კანონმდებლობას, არ იყო საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ ის მიჩნეული ყოფილიყო ადმინისტრაციულ დავად (ს.ფ. 60-61).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებების საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ს-ის” სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ სწორი შეფასება მისცა დავის შინაარსს და მართებულად მიიჩნია იგი ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განსახილველ საქმედ.

მოცემულ შემთხვევაში ნ. გ-ის, რ. გ-ის და სხვათა სარჩელის დავის საგანია საშემოსავლო გადასახადით ხელფასის დაბეგვრის კანონშესაბამისობა და ზედმეტად გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხების ანაზღაურება.

სარჩელის მატერიალურსამართლებრივი საფუძველია ადმინისტრაციული კანონმდებლობა _ საგადასახადო კოდექსის ნორმები საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისას შესაბამისი საგადასახადო შეღავათების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით, თავისი შინაარსით, დავა საჯაროსამართლებრივია _ გადასახადებით დაბეგვრისა და საგადასახადო შეღავათების სფერო არ განეკუთვნება კერძო სამართალს, იგი სამართალურთიერთობაში მონაწილე პირთა თანასწორობასა და ნების ავტონომიას კი არ ეფუძნება, არამედ სახელმწიფო ხელისუფლების დამაქვემდებარებელი ნების არსებობით განმსაზღვრელი სამართალურთიერთობის შემადგენელი ნაწილია. მოცემულ შემთხვევაში ეს არის ურთიერთობა მოსარჩელეებს, როგორც საშემოსავლო გადასახადის გადამხდელებსა და სახელმწიფო ბიუჯეტს შორის, ხოლო მოპასუხე შპს “ს-ა” მათ შორის ურთიერთობაში წარმოადგენს შუამავალს, ე.წ. საგადასახადო აგენტს, რომელსაც სახელმწიფოსაგან დაკისრებული აქვს გადასახადის გამოანგარიშების, გადამხდელთათვის მისი დაკავებისა და სათანადო ბიუჯეტში გადარიცხვის სპეციალური მოვალეობა (1997 წლის საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლი).

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მოცემული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსჯადობას უკავშირებს ასევე იმ გარემოებას, რომ მასში არ მონაწილეობს ადმინისტრაციული ორგანო. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განსჯადობისათვის ამოსავალია სამართალურთიერთობის ადმინისტრაციულსამართლებრივი შინაარსი, რომლის განმსაზღვრელია დავის მატერიალურსამართლებრივი საფუძველი. ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეზე შპს “ს-ის” სათანადო მოპასუხეობა საჭიროებს გადახედვას სააპელაციო სასამართლოს მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე განეკუთვნება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განსახილველ დავას, რის გამოც იგი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ს-ის” სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.