Facebook Twitter

ბს-846-814(გ-08) 23 სექტემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატებს შორის დავა განსჯადობის თაობაზე, საქმეზე რ. პ.-ის, თ. კ.-ის, ა. გ.-ისა და სხვათა (სულ 9 პირი) სარჩელის გამო, მოპასუხეების _ შპს “ბ.-ისა” და ქ. ბათუმის მერიის მიმართ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 5 სექტემბერს რ. პ.-მა, თ. კ.-მ, ა. გ.-მ და სხვებმა (სულ 9 პირი) სარჩელი აღძრეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში შპს “ბ.-ისა” და ქ. ბათუმის მერიის მიმართ და მოითხოვეს სამომავლო უფლების აღიარება ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩაზე მშენებარე სახლის ბინებზე, შემდეგი საფუძვლით:

მოსარჩელეთა მითითებით, 1990 წელს ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩაზე ყოფილმა ს.-მა, რომლის სამართალმემკვიდრეა შპს “ბ.-ი”, დაიწყო 9-სართულიანი, 104-ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. გარკვეული სამუშაოების შესრულების შემდეგ, 1993 წელს, საფინანსო სახსრების უქონლობის გამო, შეჩერდა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები. 1994 წლის წერილით ს.-ის ადმინისტრაციამ თხოვნით მიმართა აჭარის მინისტრთა საბჭოს და ბათუმის მერიას დაწყებული საცხოვრებელი სახლის საკუთარი სახსრებით მშენებლობის გაგრძელების თაობაზე. ქ. ბათუმის მერიის 1994 წლის 8 ივლისის ¹292 გადაწყვეტილებით ბათუმის ს.-ს გადაეცა მშენებარე 104-ბინიანი სახლის ერთი ბლოკი, 52 ბინა, იმ პირობით, რომ მშენებლობის დამთავრების შემდეგ, ქ. ბათუმის მერიას გადაეცემოდა საცხოვრებელი ფართის 36%, დანარჩენი ბინის ნაწილი კი განაწილდებოდა ს.-ში არსებული ბინების მიღების რიგში მყოფ თანამშრომლებზე. მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარჩელეებზე გაიცა საგარანტიო წერილები.

მოსარჩელეთა მითითებით, სახლი არის მშენებარე, რომლის მიმართაც მათ გააჩნიათ კანონიერი ინტერესი, სამომავლოდ სურთ მშენებლობის გაგრძელება ამხანაგობის ბაზაზე (იხ. ს.ფ. 1-5).

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი, აღიარებულ იქნა მოსარჩელეების სამომავლო უფლება ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩაზე მდებარე მშენებარე სახლის ბინებზე (იხ. ს.ფ. 70-75).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ბათუმის მერიამ და შპს “ბ.-მა” (იხ. ს.ფ. 90-101).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ივნისის განჩინებით ქ. ბათუმის მერიისა და შპს “ბ.-ის” სააპელაციო საჩივრები საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” კანონიდან, რის გამოც დავა განეკუთვნება ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას (იხ. ს.ფ. 116-119).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის განჩინებით ქ. ბათუმის მერიისა და შპს “ბ.-ის” სააპელაციო საჩივრები განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საკასაციო სასამართლოს, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1994 წლის 8 ივლისის ¹292 გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის ს.-ს გადაეცა მშენებარე 104-ბინიანი სახლის ერთი ბლოკი, იმ პირობით, რომ მშენებლობის დამთავრების შემდეგ ქ. ბათუმის მერიას გადაეცემოდა საცხოვრებელი ფართის 36%; ქ. ბათუმის ს.-ის ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტის 1995 წლის 8 თებერვლის ¹23 ოქმით დადგინდა, რომ ს.-ის ადმინისტრაციასა და პროფკომიტეტს უზრუნველეყოთ ...-ის ქუჩაზე მშენებარე 52-ბინიანი, 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის გაგრძელება, ასევე დადგინდა გაცემული საგარანტიო წერილების მიხედვით რიგითობის სიაში მყოფ თანამშრომლებზე საცხოვრებელი ბინების განაწილება; აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2007 წლის 11 ივნისს მიმართა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ. ბათუმში, ...-ის ქუჩაზე მშენებარე 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლისა და მასზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირება. შპს “ბ.-ის” წესდებით იგი დაფუძნებულია აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ, რომელიც სახელმწიფო საწარმო ბათუმის ს.-ის სამართალმემკვიდრეა და წარმოადგენს სახელმწიფოს 100%-იან საკუთრებას. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული შპს “ბ.-ის” 100%-იანი წილი და მესაკუთრე გახდა შპს “გ.-ა”.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარებითი სარჩელები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან დავის საგნით. კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების სამომავლო აღიარება. ამდენად, მოცემული დავა კერძო-სამართლებრივი ხასიათისაა და განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ის გარემოება, რომ მოპასუხედ დასახელებულია ქ. ბათუმის მერია, არ განაპირობებს დავის ადმინისტრაციულ ხასიათს. ამასთან, მოსარჩელეთა წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ მათი მოთხოვნა ქ. ბათუმის მერიის მიმართ არ არის მიმართული, ხოლო მერიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მერიას 36% უნდა გადასცემოდა, რის გამოც ამ უკანასკნელს მოსარჩელეთა წინაშე არანაირი ვალდებულება არ გააჩნია (იხ. ს.ფ. 222-226).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატების მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიისა და შპს “ბ.-ის” სააპელაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს, შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის მიხედვით სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე კოდექსის 2.3 მუხლის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

ამდენად, მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1, 2.2 მუხლებში დაკონკრეტებული დავები, აგრეთვე სხვა დავები, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან არის წარმოშობილი. აღნიშნულის შესაბამისად, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისათვის აუცილებელ ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1, 2.2 და 2.3 მუხლებში, ამასთან აღნიშნული დავები წარმოშობილი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობებიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასკვნას, რომ მოცემული დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას განეკუთვნება. სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას ამგვარი დასკვნის გაკეთებისათვის და სასამართლოს მსჯელობა მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან - “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” კანონიდან, რის გამოც იგი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულია. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარი დასკვნა არ გამომდინარეობს დავის არსიდან, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანია მშენებარე საცხოვრებელ ფართზე სამომავლო უფლების აღიარება, რის კანონიერ ინტერესს მოსარჩელეები ასაბუთებენ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ქ. ბათუმის მერის 1994 წლის 8 ივლისის ¹292 გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე გაცემული საგარანტიო წერილების შესაბამისად, მოსარჩელეებს მშენებლობის დამთავრების შემდეგ წარმოეშობოდათ ბინებზე უფლება და აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, გააჩნდათ სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ უფლების არსებობის აღიარების ინტერესი. ამდენად, მოსარჩელეები უფლების აღიარებას ითხოვდნენ მათ სახელზე გაცემული საგარანტიო წერილების საფუძველზე, რომლებიც გაცემული იყო ს.-ის და არა ქუთაისის მერიის მიერ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის დასკვნას დავის სამოქალაქოდ მიჩნევის შესახებ, რადგან მოსარჩელეთა მოთხოვნა მიმართულია არა ადმინისტრაციული ორგანოს, არამედ კერძო სამართლის სუბიექტის _ შპს “ბ.-ის” მიმართ. მით უფრო, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათი სასარჩელო მოთხოვნა არ არის მიმართული ქ. ბათუმის მერიისადმი, ხოლო მერიის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მას მოსარჩელეთა მიმართ არანაირი ვალდებულება არ გააჩნია.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან, რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.

ამდენად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის დასკვნა მოცემული დავის სამოქალაქო კატეგორიად მიჩნევის შესახებ, შესაბამისად, გ. კ.-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს, რის გამოც საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 390-ე, 399-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ბათუმის მერიისა და შპს “ბ.-ის” სააპელაციო საჩივრები განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.