¹ბს-850-812(გ-07) 25 სექტემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შორის დავა განსჯადობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ს. ბ.-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის _ სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ მიმართ, რომლითაც მოითხოვა 2005 წლის გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციის, იურიდიული კონსულტაციებისა და მომსახურების, ასევე სხვა ტიპის გაწეული და გასაწევი ხარჯების ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 1-2/.
სსიპ “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე _ ს. ბ.-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის დავალიანების ანაზღაურების დაკისრება /იხ.ს.ფ. 22-23/.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ს. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ “საზოგადოებრივ მაუწყებელს დაეკისრა მოსარჩელისათვის 2600 ლარის გადახდა გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციის სახით, ხოლო ს. ბ.-ის სარჩელი იურიდიული მომსახურების, სხვა ტიპის გაწეული და გასაწევი ხარჯების ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა /იხ. ს.ფ. 83-88/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება /იხ. ს.ფ. 100-104/.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 ივნისის განჩინებით საქმე განსჯადობით გადაეცა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ს. ბ.-ის საქმიანობა საჯარო დაწესებულებაში წარმოადგენს საჯარო სამსახურს, რამდენადაც “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით განსაზღვრულია რა საჯარო სამსახურის ორგანიზაციის საფუძვლები, მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები და დადგენილია საჯარო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსი, შეუძლებელია გაიმიჯნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი საჯარო ფუნქციების განხორციელებისას როდის მოქმედებს, როგორც საჯარო სამართლის სუბიექტი (მოსამსახურე) და როდის - კერძო სამართლის სუბიექტი.
სამოქალაქო სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახორციელებს რა პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას თავისი თანამშრომლების მეშვეობით, ეს თანამშრომლები, მიუხედავად იმისა, უკავიათ თუ არა ხელმძღვანელი თანამდებობა, ახორციელებენ საჯარო უფლებამოსილებებს, რა დროსაც მათი საქმიანობა ფუნქციურად უთანაბრდება საჯარო მოსამსახურის საქმიანობას. შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით შრომითი ურთიერთობები და მისგან გამომდინარე მოთხოვნები მოწესრიგებული უნდა იყოს “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო პალატის მოსაზრებით, სახეზეა ადმინისტრაციული დავისათვის დამახასიათებელი ნიშანი - დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
სასამართლოს დასკვნით, სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” შეგებებული სარჩელით გამომდინარეობდა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, რამდენადაც ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას, დადებული იყო ადმინისტრაციულ ორგანოსა და ფიზიკურ პირს შორის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასკვნით, განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა /იხ. ს.ფ. 143-146/.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ივლისის განჩინებით საქმე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის შესაბამისად განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 2.2 მუხლი განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომელში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად. აღნიშნულ ნუსხაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი მითითებული არ არის. საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მომუშავე თანამშრომელზე, როგორც საჯარო მოსამსახურეზე, მითითებას არ შეიცავს აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის ¹286 ბრძანებულებით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრი.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ს. ბ.-სა და სსიპ “საზოგადოებრივ მაუწყებელს” შორის დავის საგანს წარმოადგენდა გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციის და საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული და გასაწევი ხარჯების ანაზღაურება, ასევე, აპარატურის დაუბრუნებლობით გამოწვეული დავალიანების ანაზღაურება, რაც წარმოადგენდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ სამოქალაქო დავას და იგი განხილული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით /იხ. ს.ფ. 152-154/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ ს. ბ.-ის სარჩელი და სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის” შეგებებული სარჩელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯად სამოქალაქო დავას წარმოადგენს, შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:
კონკრეტულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციის და საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული და გასაწევი ხარჯების ანაზღაურება, ხოლო შეგებებული სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს აპარატურის დაუბრუნებლობით გამოწვეული დავალიანების ანაზღაურება, რაც არ წარმოადგენს ადმინისტრაციული კატეგორიის დავას, რამდენადაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე, სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რაც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.
საკასაციო სასამართლო “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას. ხოლო ამავე კანონის 9.1. მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ისეთი საჯარო მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად, რომელთა განხორციელება უშუალოდ არ შედის სახელმწიფო მმართველობის ორგანოების კომპეტენციაში.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. “ა” მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა, აღნიშნული გარემოება დავას არ განაკუთვნებს ადმინისტრაციულ კატეგორიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 1.1 მუხლის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო სამსახურის ცნებას, განმარტავს, რომ საჯარო სამსახური (შემდგომ სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლი ადგენს საჯარო მოსამსახურის ცნებას, რომლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში.
საკასაციო სასამართლო “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 2.1 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომ დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებზე შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითად ამოცანას საჯარო ხელისუფლების განხორციელება წარმოადგენს, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლი ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომელში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ “საზოგადოებრივ მაუწყებელში” საქმიანობა ვერ მიიჩნევა საჯარო სამსახურად, როგორც ამ ნუსხაში არმყოფი დაწესებულება.
საკასაციო სასამართლო “საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 21.07.01წ. ბრძანებულების შესაბამისად /რომლითაც დამტკიცდა რანგირების მიხედვით საჯარო სამსახურის თანამდებობათა თანდართული რეესტრი/, განმარტავს, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მომუშავე თანამშრომელი, როგორც საჯარო მოსამსახურე, აღნიშნულ რეესტრში არ ფიქსირდება, შესაბამისად, მითითებული თანამდებობა ვერ იქნება განხილული საჯარო სამსახურად.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ს. ბ.-ის, როგორც სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” თანამშრომლისათვის, კუთვნილი შვებულების ანაზღაურების კანონიერების შეფასებისას არ გამოიყენება “საჯარო სამსახურის შესახებ”'კანონის დებულებები, რამდენადაც ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს მითითებული კანონის სუბიექტს, ხოლო “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 14.2 მუხლის თანახმად, საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით, მოცემულ შემთხვევაში _ “შრომის კოდექსით".
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო დაწესებულებები რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობით არ მიიჩნევა საჯარო სამსახურად, შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებს ამყარებს კერძოსამართლებრივი საკანონმდებლო აქტის _ შრომის კოდექსის საფუძველზე, ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო და საჯარო სამართლის დოქტრინის შესაბამისად, შრომის კანონთა კოდექსი არ განეკუთვნება საჯაროსამართლებრივ საკანონმდებლო აქტს, შესაბამისად, იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ კანონმდებლობას.
საკასაციო სასამართლო დასძენს, რომ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კერძოსამართლებრივ ურთიერთობას წარმოადგენს, მაგრამ იმავდროულად, კანონმდებლის მიერ საჯარო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება უზრუნველყოფილ იქნა საჯარო სამართლებრივი ნორმატიული აქტით _ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით, რომლის საფუძველზეც ხდება საჯარო მოხელისათვის საჯაროსამართლებრივი კომპეტენციის გადაცემა და შესაბამისად, იმ შეღავათების მინიჭება და გარანტიებით აღჭურვა, რაც კანონით გათვალისწინებულია საჯარო მოხელისათვის, რასაც მოცემულ შემთხვევაში ვერ ექნება ადგილი, ვინაიდან სადავო სამართალურთიერთობა კერძოსამართლებრივი კანონმდებლობიდან გამომდინარე დავას წარმოადგენს და მისი საფუძვლიანობის შემოწმებისას უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს სამოქალაქო სასამართლო, სსსკ-ის მე-11 მუხლის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებას, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით განსაზღვრულია რა საჯარო სამსახურის ორგანიზაციის საფუძვლები, მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები და დადგენილია საჯარო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსი, შეუძლებელია გაიმიჯნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი როდის მოქმედებს, როგორც საჯარო სამართლის სუბიექტი (მოსამსახურე) და როდის - კერძო სამართლის სუბიექტი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელმა განსაზღვრა რა საჯარო მოხელის სტატუსი, ზუსტად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა ის საფუძვლები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში, ეს უკანასკნელი იძენს ამგვარ სტატუსს. საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი ნებისმიერ შემთხვევაში ასრულებს არა საჯარო მოსამსახურის უფლებამოსილებას, არამედ ის ყველა შემთხვევაში განიხილება როგორც კერძო სამართლის სუბიექტი, რამდენადაც კანონმდებელმა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრა საჯარო მოსამსახურის ცნება, რომლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში. ამდენად, კანონმდებლობით განისაზღვრა ის პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში პირი იძენს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, რა დროსაც ის ნებისმიერ შემთხვევაში ასრულებს საჯარო უფლებამოსილებას, ხოლო იმ პირობებში, როცა პირი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით რეგლამენტირებულ ამგვარ სტატუსს, ის განიხილება როგორც კერძო სამართლის სუბიექტი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ყველა შემთხვევაში, რამდენადაც პირის მიერ დაკავებული თანამდებობის, საქმიანობის სპეციფიკისა და თვისობრივი დატვირთვის გამო საჯარო მოხელესთან გაიგივება, იმ პირობებში, როცა ის “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-2 მუხლში რეგლამენტირებულ საჯარო სამსახურის განმარტების ლეგალურ დეფინიციაში არ თავსდება, დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მიმართ არ ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოქმედება, რამდენადაც ის გარემოება, რომ “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის თანახმად საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას, ავტომატურად არ აქცევს მის თანამშრომელს საჯარო მოსამსახურედ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” შეგებებული სარჩელი კერძო შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს, რამდენადაც შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ითხოვს აპარატურის დაუბრუნებლობის გამო კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი მოსამსახურისათვის კომპენსაციის დაკისრებას, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სამართალურთიერთობას არ გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტი _ დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რის გამოც არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან, რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა წარმოადგენს განსჯად სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ბ.-ის სარჩელი მოპასუხის _ სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ მიმართ და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ შეგებებული სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.