Facebook Twitter

ბს-853-817(გ-06) 19 მარტი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატასა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შორის

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა სს “ს...მა” მოპასუხე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის, მესამე პირის _ ტყიბულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გ. ფ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 1156,8 ლარის ოდენობით შემდეგი საფუძვლებით:

ტყიბულის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ განიხილა საქმე, რომელზეც მოპასუხეს წარმოადგენდა სს “ს...ი”. აღნიშნულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით სს “ს...ს” ა. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა გარკვეული თანხის გადახდა. საქმის განხილვისას მოსამართლემ არსებითად დაარღვია სამოქალაქო კოდექსის მე-15 მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, საქმე განიხილა არაგანსჯადმა სასამართლომ. მოსამართლემ მხედველობაში არ მიიღო სს “ს...ის” მიერ წარდგენილი არც ერთი დოკუმენტაცია მისი არასათანადო მოპასუხედ ცნობის შესახებ. მითითებული დოკუმენტებით დასტურდებოდა, რომ სათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა მშენებლობის სამინისტროს ¹2 ტრესტის ¹7 სამშენებლო სამმართველო. ტყიბულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში გორის ¹9 სამშენებლო ტრესტი მოხსენიებული იყო, როგორც სს “ს...ის” სისტემაში შემავალი ორგანიზაცია, ხოლო სამოტივაციო ნაწილით ანაზღაურება დაეკისრა ¹7 სამშენებლო სამმართველოს. სასამართლო გადაწყვეტილებით აღნიშნული სამმართველო გაიგივებულ იქნა ¹7 “ს...თან”, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ამით საზოგადოებას მიადგა მატერიალური ზიანი 1156,8 ლარის ოდენობით, რასაც მოპასუხისაგან ითხოვდა (ს.ფ. 1-3).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 14 ნოემბრის განჩინებით სს “ს...ს” დაევალა სარჩელის ხარვეზის შევსება (ს.ფ. 28).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 ნოემბრის განჩინებით სს “ს...ის” სარჩელი დარჩა უმოძრაოდ, სასამართლოს მიერ დანიშნული ხარვეზის შეუვსებლობის გამო (ს.ფ. 30).

სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს “ს...ის” გენერალურმა დირექტორმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის წარმოებაში მიღება და არსებითად განხილვა (ს.ფ. 32).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 14 დეკემბრის განჩინებით სს “ს...ის” გენერალური დირექტორის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს (ს.ფ. 38).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 30 დეკემბრის განჩინებით სს “ს...ის” გენერალური დირექტორის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოებში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს და შესაბამისად, სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეთა ჩამონათვალს. აღნიშნული ნორმის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ სს “ს...ის” მიმართ ზიანის ანაზღაურება, რის გამოც საქმე ექვემდებარება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას (ს.ფ. 40-42).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით სს “ს...ის” გენერალური დირექტორის თ. ჭ-ის კერძო საჩივარი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის აღნიშნული განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეეძლო მხოლოდ სასამართლოს საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით. “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მართლმსაჯულება სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენდა და მას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით ახორციელებდნენ საერთო სასამართლოები. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 აპრილის ¹213 ბრძანებულებით შეტანილ იქნა ცვლილება “რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიებისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის ¹649 ბრძანებულების მე-60 პუნქტში, რომლის თანახმად ლიკვიდირებულ იქნა თბილისის რაიონული სასამართლოები და შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლო. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 ოქტომბრის ¹857 ბრძანებულებით “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის მე-19 და მე-20 მუხლების შესაბამისად, შეიქმნა თბილისის სააპელაციო სასამართლო და განისაზღვრა მისი სამოქმედო ტერიტორია. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განისაზღვრა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ იყო დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეათე კარის I თავით დადგენილი იყო კერძო საჩივრის დასაშვებობისა და განხილვის წესი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებდა შესაბამისად, ამ სასამართლოებისთვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა უფლებამოსილი იყო, განეხილა და გადაეწყვიტა ამავე კოდექსის მე-2 მუხლით სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეებზე შესაბამისი საჩივრის (სააპელაციო, კერძო) საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილული და გადაწყვეტილი დავა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო საკითხი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განიხილა და გადაწყვიტა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის დებულებიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, როგორც არაგანსჯადი სასამართლო, მოკლებული იყო უფლებამოსილებას, განეხილა და გადაეწყვიტა სს “ს...ის” გენერალური დირექტორის თ. ჭ-ის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, თუკი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევდა, რომ სს “ს...ის” გენერალური დირექტორის სასარჩელო მოთხოვნა და დავის საგანი მიეკუთვნებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას, მაშინ მას დავის საგანთან მიმართებაში უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტი, უნდა გაეუქმებინა სამოქალაქო კოლეგიის განჩინება და შესაბამისი მითითებებით სარჩელის განჯადობის შესახებ საქმე უნდა დაებრუნებინა პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის (ს.ფ. 46-48).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, განსჯადობის საკითხის გამორკვევის შედეგად მიიჩნევს, რომ საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სს “ს...ის” სარჩელი განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს, რამდენადაც სარჩელის დავის საგანია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტისა და ქ. ტყიბულის რაიონული სასამართლოს მოსამართლის დავალდებულება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამართლის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული კატეგორიის საქმედ უნდა იქნეს განხილული.

საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ რამდენადაც სადავო საკითხი განხილული და გადაწყვეტილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 ნოემბრის განჩინებით სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ამდენად, სს “ს...ის” გენერალური დირექტორის კერძო საჩივარიც ამავე განჩინებაზე ექვემდებარება სამოქალაქო სამართალწარმოებით განხილვას.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლოს უფლებას ანიჭებს, საქმე განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნოს უფლებამოსილ სასამართლოს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, განსჯადობის შესახებ დავის წამოწყება დასაშვებია საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის, კერძო საჩივრის განხილვის სტადიაზე. ამასთან, პროცესუალური ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია აღნიშნული საკითხის საქმის განხილვის რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე გარკვევა, რათა უზრუნველყოფილი იყოს გვარეობითი განსჯადობის მიხედვით მართლმსაჯულების სწრაფად და სწორად განხორციელება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სამოქალაქო საქმეთა პალატას და მიიჩნევს, რომ იგი არ არის უფლებამოსილი სასამართლო, განიხილოს აღნიშნული საქმე, რის გამოც საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმე სს “ს...ის” სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიმართ, სს “ს...ის” კერძო საჩივრით განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.