¹ბს-85-80(გ-07) 7 თებერვალი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ გ. ხ-ე
მოპასუხე _ მცხეთის რაიონის გამგეობა
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 15 იანვარს გ. ხ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე მცხეთის რაიონის გამგეობის მიმართ.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 1992 წლის 6 ოქტომბერს მცხეთის რაიონის სოფელ .........-ის საკრებულოს გამგეობის მიღება-ჩაბარების ¹..... აქტის საფუძველზე, მოსარჩელეს სარგებლობაში გადაეცა ..........-თან არსებული 0,15 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ხოლო 1996 წლის 25 დეკემბერს სოფელ .........-ის საკრებულოს გამგეობის გადაწყვეტილებით ნება დაერთო აღნიშნულ ნაკვეთზე აეშენებინა ავტოპროფილაქტორიუმი, რაზედაც გაკეთდა შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა, პროექტი და აღნიშნული შეთანხმებულ იქნა ყველა საჭირო სამსახურთან, მათ შორის, მცხეთის რაიონის მთავარ არქიტექტორთანაც. დასახელებული ობიექტის აშენების შემდეგ, 1997 წლის 12 მარტის ¹01 წერილით მოსარჩელეს მცხეთის რაიონის მთავარი არქიტექტორისაგან ეცნობა, რომ აღნიშნული ობიექტი მიღებული იყო ექსპლუატაციაში და შეეძლო ფუნქციონირება. ხსენებული წერილი, სათანადო დოკუმენტებთან ერთად, მოსარჩელემ წარადგინა მცხეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის, სადაც არ აღმოჩნდა ჩანაწერები მისი მიწისა და შენობა-ნაგებობების შესახებ, მაშინ, როდესაც ყოველივე აღნიშნული აღრიცხული ჰქონდათ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს. 2006 წლის 1 ნოემბერს მოსარჩელე მცხეთის რაიონის ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2006 წლის 6 ოქტომბრის ¹413 დადგენილებას კანონდარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების დანგრევის შესახებ პირველად გაეცნო ადგილზე, რომელშიც მითითებული იყო, რომ გ. ხ-ემ უკანონოდ აწარმოვა მშენებლობა მესაკუთრე გ. გ-ის კუთვნილ ტერიტორიაზე, მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტისა და მშენებლობის ნებართვის გარეშე, რითაც დაირღვა “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “კ” პუნქტის ,,კ.ა." და ,,კ..ბ." ქვეპუნქტების მოთხოვნები.
მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული უკანონო დადგენილება გაცნობიდან მესამე დღეს _ 3 ნოემბერს, მისი ბათილობის მოთხოვნით გაასაჩივრა ზემდგომ ორგანოში _ მცხეთის რაიონის გამგეობაში, საიდანაც 2006 წლის 15 დეკემბერს მიიღო 2006 წლის 10 ნოემბრით დათარიღებული ¹2724 წერილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ დასახელებული ორივე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის შესაბამისად, უნდა შეჩერებულიყო, ვინაიდან მათი აღსრულება არსებით ზიანს მიაყენებდა მას და შეუძლებელს გახდიდა მისი კანონიერი ინტერესების დაცვას.
მოსარჩელის მტკიცებით, არც ერთი ზემოთ დასახელებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ პასუხობდა მათი გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, მათში არ იყო მითითებული ორგანო, სადაც შეიძლებოდა მათი გასაჩივრება, მისი მისამართი და გასაჩივრების ვადა. მოსარჩელის განმარტებით, მცხეთის რაიონის ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2006 წლის 6 ოქტომბრის ¹413 დადგენილებაში მითითება იმ გარემოებაზე, რომ გ. ხ-ემ მშენებლობა აწარმოვა მესაკუთრე გ. გ-ის ტერიტორიაზე, შესაბამისი ნებართვისა და მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტის გარეშე, სინამდვილეს არ შეეფერებოდა.
მოსარჩელის მტკიცებით, მცხეთის რაიონის გამგეობამ და მცხეთის რაიონის ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა გამოიყენეს “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,თ" პუნქტის ,,თ.ა" და ,,თ.დ." ქვეპუნქტები, ასეთი ქვეპუნქტები კი ხსენებულ კანონში არ მოიპოვებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მცხეთის რაიონის გამგეობის 2006 წლის 10 ნოემბრის ¹2724 წერილისა და მცხეთის რაიონის ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2006 წლის 6 ოქტომბრის ¹413 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 იანვრის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. აღნიშნული კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით კი, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივად დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე, ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით.
მცხეთის რაონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ, მართალია, გასაჩივრებული იყო მცხეთის რაიონის გამგეობისა და მცხეთის რაიონის ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მაგრამ, ვინაიდან ,,ქალაქ თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ" საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე, რომელიც ამოქმედდა 2007 წლის 10 იანვრიდან, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე მდებარე სადავო 0,15 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შესული იყო ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა აღარ წარმოადგენდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს. ,,საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად კი, ხსენებული მიწის ნაკვეთის განკარგვის ექსკლუზიური უფლებამოსილება გააჩნდა ქ. თბილისის მერიას, როგორც თვითმმართველობის განმახორციელებელ აღმასრულებელ ორგანოს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ხ-ის სარჩელი არ იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს განსჯადი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2007 წლის 18 იანვრის განჩინებაში მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლზე და აღნიშნა, რომ ტერიტორიული განსჯადობის საერთო წესის თანახმად, სარჩელი სასამართლოს წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირებისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ _ მათი ადგილსამყოფელის მიხედვით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ კონკრეტულ შემთხვევაში განსჯადობის საკითხის განხილვა-გადაწყვეტისას არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლი, ვინაიდან აღნიშნული მუხლის ნორმა შეიცავს იმ სარჩელების ამომწურავ ჩამონათვალს, რომლებიც ექვემდებარება ნივთობრივი განსჯადობით სასამართლოში წარდგენას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ, როგორც გ. ხ-ის სარჩელიდან და მასზე თანდართული მასალიდან ირკვეოდა, კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა არა მიწის ნაკვეთზე უფლება, როგორც ეს მითითებული იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 იანვრის განჩინებაში, არამედ ადმინისტრაციული ორგანოების _ მცხეთის რაიონის გამგეობისა და მცხეთის რაიონის ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, რაც არანაირად არ განეკუთვნებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრულ სანივთო სამართლებრივ დავათა კატეგორიას, მით უმეტეს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შეეხებოდა უნებართვოდ, უპროექტოდ აშენებული ნაგებობის დემონტაჟს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უძრავ ნივთზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლების შესახებაც რომ ყოფილიყო გამოცემული, როგორც ეს იყო მითითებული მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 იანვრის განჩინებაში, ასეთი აქტების თაობაზე სარჩელის მიმართ მაინც არ შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესები, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა საქართველოს ადმინისტრაციული სააპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების საკითხი, რა დროსაც სარჩელი კონკრეტულ და ყველა მსგავს შემთხვევაში სასამართლოში წარდგენილი უნდა ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით დადგენილი წესით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების ადგილმდებარეობის მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში _ მცხეთის რაიონულ სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 იანვრის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა მცხეთის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე ამ ეტაპზე მცხეთის რაიონულ სასამართლოს უნდა გადაეგზავნოს.
საკასაციო სასამართლო დადგენილად თვლის, რომ მოსარჩელე გ. ხ-ემ მცხეთის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ სასარჩელო განცხადებაში მოპასუხედ დაასახელა მცხეთის რაიონის გამგეობა და მცხეთის რაიონის გამგეობის 2006 წლის 10 ნოემბრის ¹2724 წერილისა და მცხეთის რაიონის ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2006 წლის 6 ოქტომბრის ¹413 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა, რის გამოც მოსარჩელეს მოპასუხედ მცხეთის რაიონის ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურიც უნდა დაესახელებინა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით რეგლამენტირებულია საერთო განსჯადობის შესახებ წესები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილი თავისი ხასიათით, შინაარსითა და იურიდიული ბუნებით არის ზოგადი და ამავე დროს იმპერატიული ნორმა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად ადგენს განსჯად საერთო სასამართლოს ტერიტორიული ნიშნის, ანუ მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით რეგლამენტირებულია ნივთობრივი განსჯადობის შესახებ სპეციალური წესები. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების შესახებ, თუ დავა ეხება უძრავ ნივთზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის ანალიზი ნათლად გვიჩვენებს, რომ დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს სპეციალურ განსჯადობას და იძლევა შესაძლებლობას, შესაბამისი სუბიექტური და ობიექტური გარემოებების არსებობისას, განსჯადი სასამართლო განისაზღვროს უძრავი ნივთის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ დავასთან მიმართებაში გამოყენებულ უნდა იქნეს ის საპროცესო ნორმები, რომლებიც სპეციალური და ნიშანდობლივია ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობისათვის, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული პირების გარდა, ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განსჯად სასამართლოს განსაზღვრავს იმ ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობა, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მქონე რაიმე ქმედება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მცხეთის რაიონული სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს შემდეგ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს:
“ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა საკუთარი ინიციატივით, თვითმმართველი ერთეულების საკრებულოებთან ან მოსახლეობასთან კონსულტაციის ან თვითმმართველი ერთეულების საკრებულოების წარდგინების საფუძველზე მიმართავს საქართველოს პარლამენტს თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ წარდგინებით, ხოლო თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი.
“საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ქალაქ თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი ორგანოს _ ქალაქ თბილისის საკრებულოს და აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის _ ქალაქ თბილისის მერიის მეშვეობით. აღნიშნული კანონის მე-91 მუხლის მე-2 პუნქტის “ა” და “თ” ქვეპუნქტების თანახმად, ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს განეკუთვნება ქალაქ თბილისის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა, აგრეთვე, ზედამხედველობა დედაქალაქის ტერიტორიის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა 2006 წლის 27 დეკემბერს მიიღო დადგენილება “ქალაქ თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ”, რომლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ქალაქ თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები შეიცვალა “ქალაქ თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის განხილვის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის ¹574 განკარგულებით მოწონებული ქალაქ თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის მიხედვით და დამტკიცდა ქალაქ თბილისის ახალი ადმინისტრაციული საზღვრები. ხსენებული დადგენილების მე-3 პუნქტის მიხედვით, გარდაბნისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრები შეიცვალა ამ დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ცვლილებების შესაბამისად.
“ქალაქ თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილების მე-5 პუნქტის მიხედვით, ქალაქ თბილისის მერიამ უნდა განახორციელოს ქალაქ თბილისის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორიების ადმინისტრირება და საბიუჯეტო დაფინანსება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ხსენებული დადგენილების მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობამ ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად 2007 წლის 31 მარტამდე უნდა უზრუნველყოს ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა. ამასთან, აღნიშნული დადგენილება ამოქმედდა 2007 წლის 10 იანვარს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის ზემოაღნიშნული დადგენილების მიღებამ ზეგავლენა მოახდინა იმ ტერიტორიების ადმინისტრირებასთან და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოებთან მიმართებაში საქართველოს შესაბამისი საერთო სასამართლოების განსჯადობაზე, რომლებიც ხსენებული დადგენილების ამოქმედებიდან მოექცა ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში და, შესაბამისად, ითვლება ქ. თბილისის ტერიტორიად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოში განსჯადობით განსახილველად გაგზავნამდე მცხეთის რაიონულ სასამართლოს, ზემოთ დასახელებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე, არ უმსჯელია, ხომ არ წარმოადგენდა ქ. თბილისის მერია და ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური, შესაბამისად, მცხეთის რაიონის გამგეობისა და მცხეთის რაიონის ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფლებამონაცვლეს. აღნიშნული საკითხის გარკვევამდე იგი არ იყო უფლებამოსილი საქმე განსჯადობით განსახილველად სხვა სასამართლოსათვის გადაეგზავნა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველს წარმოადგენს უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის შესაბამისი ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივი ურთიერთობის უფლება-მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, ანუ როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ იღებს თავის თავზე თავისი წინამორბედის უფლება-მოვალეობებს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლისა და ზემოთ დასახელებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე უნდა იმსჯელოს და დაადგინოს მცხეთის რაიონის გამგეობისა და მცხეთის რაიონის ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფლებამონაცვლეები და ამის შემდეგ განსაზღვროს უფლებამოსილი სასამართლო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე ამ ეტაპზე მცხეთის რაიონულ სასამართლოს უნდა გადაეგზავნოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ხ-ის ადმინისტრაციული სარჩელი მცხეთის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნოს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.