Facebook Twitter

ბს-877-839(გ-07) 14 ნოემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 19 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქმის გამარტივებული განხილვის და დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა ტ. კ-მა მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის 2003 წლის 10 ივნისის ¹290-პშ ბრძანებით გათავისუფლდა საგანგებო ლეგიონის ...... სამმართველოს ....... განყოფილების უფროსი ოპერატიული თანამშრომლის თანამდებობიდან. მისაღები დარჩა სახელფასო დავალიანება 506.72 ლარის ოდენობით. ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ლიკვიდაციის შემდეგ მისი უფლებამონაცვლე გახდა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელსაც არაერთხელ მიმართა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ. 2005 წლის 17 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მისი განცხადების განხილვის შემდგომ წერილობით აცნობა, რომ საბოლოო ანგარიშსწორების სახით მისაღები ჰქონდა 506.72 ლარი. არსებითად, ეს წერილი წარმოადგენდა მოპასუხის მიერ სახელფასო ვალდებულების აღიარებას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა ძირითადი თანხის 506.72 ლარის გადახდასთან ერთად მოპასუხეს დაკისრებოდა 2003 წლის 15 ოქტომბრიდან გადახდის დღემდე ძირითად ვალდებულებაზე პროცენტის სახით ყოველთვიურად 15.20 ლარის გადახდა (ს.ფ. 2-3).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ტ. კ-ის განცხადება მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, იმ მოტივით, რომ განცხადებაში მითითებული მოთხოვნა _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დავალიანების გადახდის დაკისრება ადმინისტრაციულ დავის საგანს არ წარმოადგენდა, იგი სამოქალაქო ხასიათის იყო და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, სარჩელი განსჯადობის წესის დაცვით უნდა გადაგზავნოდა უფლებამოსილ სასამართლოს _ Bთბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას (ს.ფ. 1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 30 დეკემბრის განჩინებით განმცხადებელს განესაზღვრა საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მას უნდა წარედგინა დასაბუთებული განცხადება და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარებოდა მისი დამატებითი მოთხოვნა პროცენტის ანაზღაურების თაობაზე (ს.ფ. 12-14).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 იანვრის განჩინებით ტ. კ-ის განცხადება დავალიანების გადახდის ვალდებულების შესახებ დამატებითი მოთხოვნის, კერძოდ, პროცენტის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დარჩა უმოძრაოდ (ს.ფ. 25-26).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 იანვრის გადახდის ბრძანებით ტ. კ-ის განცხადება სახელფასო დავალიანების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ტ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 506.72 ლარის ოდენობით გადახდა (ს.ფ. 27-30).

2006 წლის 16 თებერვალს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შესაგებელი წარადგინა, რომლითაც მოითხოვა მისი შესაგებლის წარმოებაში მიღება, აღნიშნული საქმის სასარჩელო წარმოების წესით განხილვა და განმცხადებლისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 35).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ტ. კ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ დაკმაყოფილდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ტ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 506.72 ლარის გადახდა (ს.ფ. 51-54).

საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გადაგზავნა (ს.ფ. 59-60).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქმეზე მოსარჩელე ტ. კ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ სახელფასო დავალიანების გადახდევინების თაობაზე დარჩა უცვლელად (ს.ფ. 68-72).

საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა მათი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 77-78).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2006 წლის 16 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ს.ფ. 92-95).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 აგვისტოს განჩინებით ტ. კ-ის სარჩელი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 30 აგვისტოს ¹271 ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის დებულება, რომლის პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი არის სპეციალური სამართალდაცვის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.

“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, მათ შორის არის საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა მხარეებს შორის უნდა გადაწყვეტილიყო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად კი სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქმე წარმოადგენდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯად დავას და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია _ განსჯად სასამართლოს (ს.ფ. 101-103).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, განსჯადობის საკითხის გამორკვევის შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. კ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წესით საქმის განსჯადობისათვის ამოსავალია, სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ ატარებდეს ადმინისტრაციულსამართლებრივ შინაარსს, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელშიც სამსახური ითვლება საჯარო სამსახურად. ამ ჩამონათვალში გათვალისწინებულია საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.

მოსარჩელე საჯაროსამსახურებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონთან, იგი სარჩელით ითხოვს სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, როგორც მასა და მოპასუხეს შორის არსებული საჯაროსამართლებრივი ურთიერთობის შედეგს. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლი ადგენს სახელმწიფო დაწესებულების ვალდებულებას მოხელისათვის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების თაობაზე. კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ” საჯაროსამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს და აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობას განეკუთვნება.

სარჩელის დავის საგანია ადმინისტრაციული ორგანოსათვის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დავალება ყოფილი საგანგებო ლეგიონის თანამშრომლისათვის, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დავა თავისი შინაარსით განეკუთვნება საჯარო სამართლებრივს. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება დავალიანების გადახდევინების შესახებ საქმის განხილვის გამარტივებული წესი, რასაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV თავი ითვალისწინებს. შესაბამისად, საჯაროსამართლებრივი შინაარსის დავები ვერ განიხილება გამარტივებული წარმოების წესით. ამიტომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას აღნიშნული დავა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის კი არ უნდა გადაეგზავნა, არამედ აღნიშნულის შესახებ უნდა განემარტა განმცხადებლისათვის და სასარჩელო წარმოების წესით სარჩელის წარდგენაზე მიეთითებინა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე განსჯადი სასამართლოა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია და ტ. კ-ის სარჩელი მას უნდა გადაეცეს განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ტ. კ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.