Facebook Twitter

ბს-901-862(გ-06) 19 ივნისი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 20 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირმა _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა მოპასუხე შპს “ფ.-ს” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 536,25 ლარის ანაზღაურების დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:

2005 წლის 1 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს “ფ.-ს” შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, დაეცვა შპს “ფ.-ს” გენერალური დირექტორი, თავის მხრივ, მოპასუხე ვალდებულებას კისრულობდა, გადაეხადა დაცვის მომსახურების ღირებულება თვეში 300 აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით ლარებში. მოსარჩელე პირნათლად ასრულებდა ხელშეკრულებას, ხოლო მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და გადასახდელი აქვს დაცვის მომსახურების ღირებულება _ 536,25 ლარი. მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლზე (ს.ფ. 1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი მოპასუხე შპს “ფ.-ს” მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სასამართლოს განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენდა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებდა საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტი იყო ადმინისტრაციული ორგანო. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის ბრძანებით დამტკიცებული დებულებით, რომლის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებს შეადგენდა დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონების, კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. ამავე დებულების მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ ამოცანების შესრულების მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების საფუძველზე ახორციელებდა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დაცვას. შინაგან საქმეთა მინისტრის 1999 წლის 3 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული დებულების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანა იყო ურთიერთხელშეკრულების საფუძველზე დანაშაულებრივი ხელყოფისაგან საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, ერთობლივი საწარმოებისა და უცხოური ფირმების, სააქციო საზოგადოებების, ცალკეული ფიზიკური და იურიდიული პირების, სხვადასხვა სახის მატერიალურ ფასეულობათა, მოძრავი ტვირთების შეიარაღებული დაცვა, ფულადი სესხების ინკასაცია და კანონით ნებადართული სხვა სახის დაცვითი საქმიანობის შესრულება. ამდენად, დასახელებული დებულების თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანა იყო ხელშეკრულების ან სახელმწიფო შეკვეთის საფუძველზე ფიზიკური ან იურიდიული პირებისა და მათი ქონების დაცვა. მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს “ფ.-ს” შორის დადებულ 2005 წლის 1 მარტის ხელშეკრულებაზე, რომლითაც დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ვალდებულებას კისრულობდა, დაეცვა შპს “ფ.-ს” გენერალური დირექტორი. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკრულება განეკუთვნებოდა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, იგი დადებული იყო ადმინისტრაციული ორგანოს _ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ იურიდიულ პირთან საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლებოდა ყოფილიყო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელში დავის საგანი იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულება, იგი არ გამომდინარეობდა კერძოსამართლებრივი ურთიერთობიდან და სარჩელი განხილული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით (ს.ფ. 8-10).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი მოპასუხე შპს “ფ.-ს” მიმართ საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სასამართლოს აღნიშნული განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღნიშნული კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის წესს. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, აღნიშნული კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია ის სადავო სამართლებრივი ურთიერთობანი, რომელიც შეიძლება იყოს ადმინისტრაციული დავის საგანი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება. მოცემულ შემთხვევაში სადავო სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდება სამოქალაქო სამართლებრივი ნორმებით, კერძოდ, დავა გამომდინარეობს ვალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობებიდან. საჯარო სამართლის იურიდიული პირ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს “ფ.-ს” შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე კისრულობდა მოპასუხის დაცვის ვალდებულებას, ხოლო მოპასუხე ვალდებული იყო, გადაეხადა დაცვის მომსახურების ღირებულება თვეში 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში. ამდენად, აღნიშნული ხელშეკრულება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მმართველობითი ღონისძიების განხორციელების ვალდებულებას კი არ შეიცავდა, არამედ იგი კერძო სამართლის სუბიექტისათვის მომსახურების გაწევას ისახავდა მიზნად. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხის მიმართ მომსახურების გაწევის შესახებ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანს არ ემსახურებოდა, რაც აუცილებელ პირობას წარმოადგენდა ხელშეკრულების ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიჩნევისათვის. რამდენადაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება იყო კერძოსამართლებრივი, მის შესრულებასთან დაკავშირებული დავაც, შესაბამისად, განხილული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის თანახმად (ს.ფ. 14-16).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, განსჯადობის საკითხის გამორკვევის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი მოპასუხე შპს “ფ.-ს” მიმართ მიმართ განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დასკვნას მოცემული დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევის თაობაზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ამოსავალია სადავო სამართალურთიერთობის შინაარსი, რის გასარკვევადაც არსებითია დავის უშუალო მატერიალურსამართლებრივი საფუძველი _ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს. აღნიშნული ნორმის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება და შეწყვეტა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულ სამოქალაქოსამართლებრივ ხელშეკრულებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული და სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით. ხელშეკრულების მხარეების სამართლებრივ სტატუსს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო, არ არის ამოსავალი ადმინისტრაციულ ხელშეკრულების არსებობისათვის, რადგან შესაძლოა, ორ ადმინისტრაციულ ორგანოს შორის დაიდო სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება და პირიქით, ცალკეულ შემთხვევებში, სათანადო პირობების არსებობისას, კერძო სამართლის სუბიექტებს შორის შესაძლებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება.

კონკრეტულ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრულია სარჩელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ანაზღაურების თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ნაკისრი აქვს ვალდებულება, დაიცვას შპს “ფ.-ს” გენერალური დირექტორი, ხოლო მოპასუხე შპს “ფ.-ს” შემხვედრი ვალდებულებაა, გადაიხადოს დაცვის მომსახურეობის ღირებულება თვეში 300 აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით ლარებში. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დავის განსჯადობის საკითხის გასარკვევად გადამწყვეტია გარკვევა, დადებულია თუ არა ეს ხელშეკრულება სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მის უშუალო საჯარო კომპეტენციაში შემავალი ფუნქციის განხორციელების მიზნით, თუ დადებულია მოსარჩელის უშუალო კომპეტენციის განხორციელების დასახმარებლად.

ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას, დადებულია 2005 წლის 1 მარტს.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის ¹261 ბრძანებულებით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიცია და დამტკიცდა მისი წესდება. აღნიშნული წესდების მე-2 მუხლით განისაზღვრა, რომ დაცვის პოლიციის ამოცანებია დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან და ამ ამოცანების განხორციელების მიზნით დაცვის პოლიცია ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დაცვას. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 18 თებერვლის ¹90 ბრძანებულებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიცია რეორგანიზებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტად, ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის ¹261 ბრძანებულებით დამტკიცებული მისი წესდება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა დეპარტამენტის დებულების დამტკიცება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება, რომლის 1-ლი მუხლით განისაზღვრა, რომ დეპარტამენტი არის საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის ¹261 ბრძანებულებით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლე. ამავე დებულების მე-2 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან და ამ ამოცანების განხორციელების მიზნით დეპარტამენტი ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დაცვას.

ამდენად, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე კერძო პირების ხელშეკრულების საფუძველზე დაცვა ერთნაირად წარმოადგენს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საჯარო უფლებამოსილებას და მის უშუალო, პირდაპირ ფუნქციას, ანუ ამ შემთხვევაში დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, რის გამოც იგი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას განეკუთვნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საქმე, რის გამოც იგი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი მოპასუხე შპს “ფ.-ს” მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.