ბს-901-867(გ-08) 13 ნოემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ,
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე , ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პალატებს შორის დავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და შპს ,,ს-ის” სააპელაციო საჩივრების განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე შპს ,,ს-ის” მიმართ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხე დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 24270.96 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, დაკმაყოფილდა მოპასუხისათვის 17100 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, ხოლო _ 7170,96 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩირეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა და შპს ,,ს-ამ”.
აპელანტი _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო განცხადება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
მეორე აპელანტი _ შპს ,,ს-ა” სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილების, მოსარჩელისათვის _ 17100 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განჩინებით საქმე განსჯადობით გადაეცა სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლით სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. 2.2 და 2.3 პუნქტების შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით განიხილება ასევე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და სხვა საქმეები იმ სამართლებრივ ურთიეთობებზე, რომელთა გადაწყვეტაც ადმინისტრაციული სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება.
ადმინისტრაციული პალატის მოსაზრებით, კონკრეტულ საქმეზე დავის საგანი ერთმნიშვნელოვნად არ არის დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელებასთან. გამომდინარე იქიდან, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებული ურთიერთობები, დავა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას და იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 11.1 ,,ა” მუხლის შესაბამისად განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამასთან, დავის იურიდიულ ბუნებას არ ცვლის ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, რადგან სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს, ასევე დავის საგანი არ არის დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელებასთან.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა არ დაეთანხმა ადმინისტრაციული კოლეგიის მოსაზრებას საქმის სამოქალაქო წესით განხილვის თაობაზე და მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 ,,ბ” მუხლის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ზ” პუნქტის მიხედვით ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, ასევე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულ სამოქალაქო სამართლებრივ ხელშეკრულებას. ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით. კონკრეტულ შემთხვევაში სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრულია სარჩელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ანაზღაურების თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ნაკისრი აქვს ვალდებულება, დაიცვას მოპასუხის კუთვნილი ობიექტები, ხოლო მოპასუხის შემხვედრი ვალდებულებაა, გადაიხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება. დავის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად, უნდა გაირკვეს დადებულია თუ არა ხელშეკრულება მოსარჩელის მიერ მის უშუალო, საჯარო კომპეტენციაში შემავალი ფუნქციის განხორციელების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის ¹261 ბრძანებულებით დამტკიცებული სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წესდების მე-2 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიცია ამოცანებია დადებული ხელშეკრულების ფარგლებში და იცავს მესაკუთრის ქონებასა და კანონიერ ინტერესებს მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან და ამ ამოცანების განხორციელების მიზნით ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დაცვას. იგივე დგინდება შსს მინისტრის 2005 წლის 23 მარტის ბრძანებით დამტკიცებული დეპარტამენტის დებულების მე-2 მუხლიდან. ამდენად, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე კერძო პირების ხელშეკრულების საფუძველზე დაცვა წარმოადგენს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საჯარო უფლებამოსილებას და მის უშუალო, პირდაპირ ფუნქციას, ანუ ამ შემთხვევაში დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხის ანაზღაურებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ურთიერთობა უნდა იქნეს მიჩნეული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან წარმოშობილ ურთიერთობად და შესაბამისად, საქმის განხილვა უნდა დაექვემდებაროს ადმინისტრაციულ სასამართლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 ,,ბ” მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 2 სექტემბრის განჩინებით საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელის განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატების განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობას, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასკვნას მოცემული დავის ადმინისტრაციული კატეგორიის დავად მიჩნევის თაობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ამოსავალია სადავო სამართალურთიერთობის შინაარსი, რის გასარკვევადაც არსებითია დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი _ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს სასამართლოში. აღნიშნული ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულ სამოქალაქოსამართლებრივ ხელშეკრულებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით. ხელშეკრულების მხარეების სამართლებრივ სტატუსს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო, არ არის ამოსავალი ადმინისტრაციული ხელშეკრულების არსებობისათვის, რადგან შესაძლოა, ორ ადმინისტრაციულ ორგანოს შორის დაიდოს სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება და პირიქით, ცალკეულ შემთხვევებში, სათანადო პირობების არსებობისას, კერძო სამართლის სუბიექტებს შორის შესაძლებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრულია სარჩელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ანაზღაურების თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულებით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ნაკისრი აქვს ვალდებულება, დაიცვას შპს ,,ს-ის”, სპორტული კოპლექსი, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, აანაზღაუროს მომსახურების ღირებულება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დავის განსჯადობის საკითხის გასარკვევად გადამწყვეტია იმის გარკვევა, დადებულია თუ არა ეს ხელშეკრულება საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მის უშუალო საჯარო კომპეტენციაში შემავალი ფუნქციის განხორციელების მიზნით თუ _ მოსარჩელის უშუალო კომპეტენციის განხორციელების დასახმარებლად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის ¹261 ბრძანებულებით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიცია და დამტკიცდა მისი წესდება. აღნიშნული წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრა დაცვის პოლიციის ამოცანები კერძოდ, დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. იმავე მუხლის მეორე პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ამ ამოცანების განხორციელების მიზნით, დაცვის პოლიცია ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დაცვას. “საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 18 თებერვლის ¹90 ბრძანებულებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიცია რეორგანიზებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტად, ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის ¹261 ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დაცვის პოლიციის წესდება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ამ დეპარტამენტის დებულების დამტკიცება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის ¹266 ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება, რომლის პირველი მუხლით განისაზღვრა, რომ აღნიშნული დეპარტამენტი არის საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის ¹261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლე. ამავე დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მეორე პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. ამ ამოცანების განხორციელების მიზნით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ხელშეკრულებების საფუძველზე ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დაცვას.
ამდენად, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე კერძო პირების ხელშეკრულებების საფუძველზე დაცვა, ერთნაირად წარმოადგენს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საჯარო უფლებამოსილებას და მის უშუალო, პირდაპირ ფუნქციას, ანუ ამ შემთხვევაში დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხის ანაზღაურებას, რის გამოც ხსენებული ხელშეკრულება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას განეკუთვნება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, ზემოაღნიშნული ხელშეკრულება უნდა განხილულიყო, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება, რომელთან დაკავშირებული დავებიც განიხილებოდა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი სადავო ურთიერთობაში არ ახორციელებდა კანონით მინიჭებულ საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის გამო შპს ,,ს-ის” მიმართ, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს და იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯადია, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და შპს ,,ს-ის” სააპელაციო საჩივრები განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.